ანტივაქსერთა კავშირი და ბრიტანელი არალიცენზირებული ექიმი კონსპირაციებს ავრცელებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.6k
VIEWS

9 მაისს, ფეისბუკ მომხმარებელმა ქეთევან გეჯაძემ “საქართველოს მედიკოსთა კავშირის” მიმართვა გამოაქვეყნა. მიმართვაში საუბარია იმაზე, რომ ექსპერიმენტული ვაქცინები სახიფათოა, შესაძლოა მათ მილიონობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვიონ, ხოლო ვაქცინირებული ადამიანები  საფრთხეს ქმნიან როგორც საკუთარი, ასევე აუცრელი ადამიანების ჯანმრთელობითვის, რამდენადაც მათი იმუნური სისტემა დაუცველი ხდება. პოსტის ავტორს მოსაზრებების არგუმენტად დოქტორ ვერნონ კოლმენის კვლევები მოჰყავს.
;
ვერნონ კოლმენის ვიდეო, რომელშიც იგი ეჭვს გამოთქვამს, რომ  შესაძლოა ვაქცინებმა უფრო მეტი ადამიანი მოკლას, ვიდრე კოვიდ-19-მა, 7 მაისს ფეისბუკის მომხმარებელმა  “სამყარო სამყარო” გაავრცელა.  ვიდეოში კოლმენი აღნიშნავს, რომ ვაქცინები ექსპერიმენტული გენური თერაპიის ნაწილია, კორონავირუსის პანდემიას კი ბოროტი ელიტების მართულ – “პროგრამა 21”-სა და “დიდ გადატვირთვას” უკავშირებს, რაც თითქოს მსოფლიოს მოსახლეობის შემცირებას ისახავს მიზნად.
;
ანტივაქსერის მიერ გავრცელებული მიმართვა  და ვერნონ კოლმენის ვიდეო ვაქცინების შესახებ შეთქმულების თეორიებსა და რამდენიმე დეზინფორმაციას შეიცავს.

კონსპირაცია #1: “დიდი გადატვირთვა”  და “პროგრამა 21” “ბოროტი ელიტების” მიერ მსოფლიო მოსახლეობის შემცირებისა და ტოტალური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად გაწერილი სცენარია.
კოლმენის მტკიცებით, კორონავირუსის პანდემია გლობალისტური ელიტების მიზანს, კაცობრიობაზე ტოტალური კონტროლის მოპოვებასა და მსოფლიოს მოსახლეობის შემცირებას წარმოადგენს. სინამდვილეში, “დიდი გადატვირთვა” არა წინასწარ, საიდუმლოდ შემუშავებული გეგმა, არამედ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2020 წელს შემუშავებული ინიციატივაა, რომლის მიზანიც COVID-19-ით გამოწვეული საერთაშორისო კრიზისის მართვის და წარმოქმნილი პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრების გზების მოძიებაა.

“პროგრამა 21”, რომლის შესახებაც კოლმენი საუბრობს, 1992 წელს გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხისთვის მიძღვნილმა რიო-დეჟანეიროს კონფერენციამ შეიმუშავა. დოკუმენტში გლობალური სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები არის გაწერილი და მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული. დოკუმენტი არ არის გასაიდუმლოებული და  კაცობრიობის განადგურებას არ ითხოვს.
ვრცლად “დიდი გადატვირთვისა” და “პროგრამა 21”-ის შესახებ იხილეთ მითების დეტექტორის მასალები:
რა საერთო აქვთ katyusha.org-ს, Geworld-სა და tvm.ge-ს?
“არსებობს თუ არა გაეროს საიდუმლო დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ?”

კოლმენი ვიდეოში ბილ გეიტსს, როგორც გლობალური ელიტის წარმომადგენელს, ახსენებს და აღნიშნავს, რომ  Microsoft-ის დამფუძნებლი იძულებით ვაქცინაციით მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ცდილობს, რაც ასევე სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, ვაქცინაციის მიზანია განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება, რაც ბილ გეიტსის თანახმად, ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. ბილ გეიტსის ციტატას ვაქცინების შესახებ ხსირად კონსპიროლოგები კონტექსტიდან ამოვარდნილი სახით ავრცელებენ.
უფრო ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი მასალები:
რას გულისხმობს გეიტსის გეგმა და საიდან მოდის დეზინფორმაცია რნმ ვაქცინის საფრთხის შესახებ?
გვპირდება თუ არა ბილ გეიტსი დეპოპულაციას და ჩიპიზაციას?

დეზინფორმაცია N1:  კორონავირუსის ვაქცინა სინამდვილეში საშიში, ექსპერიმენტული გენური თერაპიაა.
ფაქტი N1: კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისა და გენური თერაპიის მუშაობის მექანიზმები ერთმანეთისგან განსხვავებულია.

ვიდეოში კოლმენი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ექსპერიმენტული გენური თერაპიაა. სინამდვილეში, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი რნმ ვაქცინები გენურ თერაპიას არ განეკუთვნება, რადგანაც ისინი გენების რაიმე ფორმით შეცვლას ან ჩანაცვლებას არ იწვევენ.

კოლმენის მსგავსი განცხადება Lead Stories-ის ფაქტჩეკერებმაც გადაამოწმეს. მათთან საუბრისას ოკლაჰომას უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ცენტრის ინფექციური დაავადებების ხელმძღვანელის, დუგლას დრევეტსის განცხადებით mRNA ვაქცინაცია არც ერთ გენსა და დნმ-ს არ ცვლის. “იგი უბრალოდ ჩვენს იმუნურ უჯრედებს ავალებს, ტოქსინის წინააღმდეგ რეაგირება მოახდინონ”.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
სტივენ ჰოტსის დეზინფორმაციას ქართველი ანტივაქსერები ავრცელებენ

დეზინფორმაცია N 3: კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები დაავადების გადაცემის თავიდან ასაცილებლად არ შექმნილა, ხოლო ვაქცინირებული ადამიანები აუცრელებს საფრთხეს უქმნიან, რადგან ვაქცინა ვირუსის გადაცემას არ ზღუდავს. 
ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ჯანდაცვის მოსფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრის შემდეგ ადამიანი ვირუსის მატარებელი არ ხდება და შესაბამისად, არც ვირუსს ავრცელებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა Reuters-თან საუბარში აღნიშნა, რომ ვაქცინირებული პაციენტი არავაქცინირებულ პირს ვირუსის გადადების საფრთხეს არ უქმნის. ”კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები ასწავლის ჩვენს უჯრედებს, თუ როგორ უნდა შექმნან ცილა – ან თუნდაც მხოლოდ ცილის ნაწილი, რომელიც ჩვენს სხეულში იმუნურ რეაქციას იწვევს. იმუნური რეაქცია, რომელიც ანტისხეულებს გამოიმუშავებს, გვიცავს ინფიცირებისგან, თუ ნამდვილი ვირუსი შემოდის ჩვენს ორგანიზმში.”

ინფორმაცია, რომ ვაქცინები ვირუსის გადაცემას არ ზღუდავენ, მტკიცებულების გარეშეა.  AstraZeneca-ზე ჩატარებული ბრიტანული კვლევები აჩვენებდა, რომ ვაქცინამ უსიმპტომო ინფიცირების შემთხვევები 49.3%-ით შეამცირა. ჟურნალ Nature-ს მიხედვით, მაშინაც კი, თუ ვაქცინები უსიმპტომოდ ინფიცირებას სრულად ვერ გამორიცხავენ, ისრაელში მიმდინარე კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინირებულები (Pfizer-ით და AstraZeneca-თი) ინფიცირების შემთხვევაში ნაკლებად გადამდებები არიან. ისრაელის მთავრობისა და Pfizer-ის თანამშრომლობით ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაცია როგორც სიმპტომურ (93.7%-ით), ისე ასიმპტომურ (89.4%-ით) ინფიცირებებს ამცირებს.

2021 წლის მარტის დასაწყისში გამოჩნდა ამერიკული კვლევაც, რომლის ფარგლებშიც ვაქცინირებულ ჯანდაცვის მუშაკებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვაქცინის მიღებიდან 12 დღის შემდეგ ვაქცინირებულ მედიკოსებში ასიმპტომური კოვიდის განვითარების რისკი ოთხჯერ შემცირდა. ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინის ერთი დოზა ტრანსმისიის რისკს 61%-ით ამცირებს. 2021 წლის 29 მარტს გამოქვეყნებული კიდევ ერთი ამერიკული კვლევის თანახმად, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებმა ჯანდაცვის მუშაკებში, მეხანძრეებში, პოლიციელებსა და მასწავლებლებში ინფიცირების (როგორც სიმპტომური, ისე ასიმპტომური) რისკი 90%-ით შეამცირეს.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
რას გულისხმობს რუსი აკადემიკოსი – Sputnik-V-ს თუ ჯანმოს მიერ ავტორიზებულ სხვა ვაქცინებს?
რას აჩვენებს უახლესი კვლევები AstraZeneca-ს, Johnson&Johnson-ის და სხვა ვაქცინების ეფექტიანობასა და გვერდით ეფექტებზე?

ვინ არის ვერნონ კოლმენი?

ვერნონ კოლმენი ბრიტანელი ექიმი და მწერალია, თუმცა მას სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია არ აქვს.  2019 წელს კოლმენმა დაწერა წიგნი, რომელშიც შიდსის ვირუსის არსებობა უარყო და ვაქცინების მიმართ უნდობლობა გამოხატა. საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება კოლმენს საერთაშორისო ღია უნივერსიტეტში მიენიჭა, რომელიც Independent-ის ცნობით საბჭოთა კავშირში დაარსდა, ამჟამად კი შრი-ლანკაში მდებარეობს. ვერნონ კოლმენის მიერ გავრცელებული ანტივაქსერული მოსაზრებებისა და კონსპირაციების შესახებ არაერთხელ დაიწერა უცხოურ მედიაში (Reuters, Politifact, Guardian, Scientificamerican).


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist