ანტივაქსერის მტკიცება ჯანმოს მიერ “შეცდომის აღიარებაზე” დეზინფორმაციაა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

16
VIEWS

2021 წლის 20 მაისს ანტივაქსერმა ჰომეოპათმა თინა თოფურიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავისი შეცდომა ოფიციალურად აღიარა, როცა განაცხადა, რომ ვირუსი ღია სივრცეში სახიფათო არ არის და ქუჩაში არ ვრცელდება. თოფურიას თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წარსულში საპირისპიროს იმიტომ ამტკიცებდა, რომ “რაღაც კვლევის დასკვნა” ჯანმოს წარმომადგენლებმა არასწორად გაიგეს. პოსტში ავტორი არ აკონკრეტებს, როდის ან რა ფორმით მოხდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საკუთარი შეცდომის “აღიარება”. მიუხედავად იმისა, რომ პოსტის კომენტარებში ინფორმაციის დამადასტურებელი ოფიციალური განცხადების ან კვლევის ბმულის მითითება რამდენიმე მომხმარებელმა მოითხოვა, თინა თოფურიას ინფორმაციის წყარო არც კომენტარებში დაუკონკრეტებია. პოსტზე ზოგიერთი მომხმარებლის კომენტარის მიხედვით კი თინა თოფურიას პოსტი სამეცნიერო ჟურნალ “Lancet”-ში 2021 წლის 15 აპრილს გამოქვეყნებულ კვლევას ეფუძნებოდა.

 

2021 წლის 26 მაისის მდგომარეობით თინა თოფურიას პოსტს 2200-ზე მეტი გაზიარება აქვს.

;

მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ღია სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავისი შეცდომები აღიარა, დეზინფორმაციაა. ბოლო პერიოდში ვირუსის ტრანსმისიასთან დაკავშირებით ჯანმოს თავისი ოფიციალური პოზიციის რადიკალური ცვლილება არც ოფიციალურ ვებ-გვერდზე და არც რომელიმე სამეცნიერო ჟურნალში არ დაუფიქსირებია. ამასთანავე, პანდემიის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი პირველ რიგში დახურულ სივრცესთანაა დაკავშირებული, თუმცა ვირუსის ტრანსმისია შესაძლებელია ღია სივრცეშიც, როდესაც სოციალური დისტანციის წესები დაცული არ არის.

გაურკვეველია, კონკრეტულად რას გულისხმობს თინა თოფურია, როდესაც იგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვირუსის ღია სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებით “შეცდომის აღიარებაზე” საუბრობს. ჯანმოს ოფიციალური განცხადებები და კორონავირუსთან დაკავშირებული სიახლეები ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდის  განცხადებებისა და ახალი ამბების სექციებში ღიადაა ხელმისაწვდომი, თუმცა 2021 წლის განმავლობაში ორგანიზაციას SARS-cov-2-ის ღია სივრცეში ტრანსმისიასთან დაკავშირებით ახალი და პანდემიის პერიოდში ორგანიზაციის პროტოკოლით გათვალისწინებული პოზიციისგან პრინციპულად განსხვავებული განცხადება არ გაუკეთებია.

კორონავირუსის ტრანსმისიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებული კითხვა-პასუხის სექციის მიხედვით, კორონავირუსი ინფიცირებული ადამიანის ხველების, დაცემინების, საუბრის, სიმღერის ან სუნთქვის დროს გამოტყორცნილი წვეთების საშუალებით ვრცელდება და ამჟამად არსებული მეცნიერული მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელება ძირითადად ადამიანების ახლო კონტაქტისას (1 მეტრის ან ნაკლები სიგრძის დისტანციისას) ხდება. ვირუსის გავრცელების შესახებ ამ ზოგად განმარტებაში დაკონკრეტებული არაა ინფიცირებულთან მოკლე დისტანციაზე მჭიდრო კონტაქტისას არსებობს თუ არა პრინციპული განსხვავება ღია და დახურულ სივრცეში ყოფნას შორის, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ინფიცირების რისკი დახურულ და ხალხით გადატვირთულ სივრცეში, სადაც ადამიანები ერთად დიდ დროს ატარებენ, უფრო მაღალია. ჯანმოს ოფიციალურ რეკომენდაციაში არსადაა ნათქვამი, რომ ღია სივრცეში ვირუსი სრულად უსაფრთხოა და ინფიცირება გამორიცხულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გადაცემასთან დაკავშირებით პირველი სისტემური მეცნიერული კვლევა 2020 წლის 9 ივლისს გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ვირუსის ტრანსმისიის მთავარი მიზეზი ინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი და ახლო კონტაქტია, რისი ალბათობაც განსაკუთრებით მაღალია არასათანადო ვენტილაციის მქონე დახურულ სივრცეებში, სადაც ადამიანები ერთმანეთის გვერდით დიდ დროს ატარებენ. იმავე კვლევის თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სამედიცინო და ქსოვილისგან დამზადებული პირბადეების გამოყენებას საჯარო სივრცეებში რეკომენდაციას უწევდა მაშინ, როდესაც ფიზიკური დისტანცია შესაძლებლი არ არის. ამასთანავე, 2020 წლის ივნისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირბადეების დამცავ საშუალებად გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შეცვალა და განაცხადა, რომ დატვირთულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის ღია სივრცეებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია და ადამიანებს ერთმანეთთან ახლო კონტაქტი აქვთ, ვირუსის გადაცემის შესაჩერებლად დამცავი პირბადის ტარება რეკომენდებულია. 2020 წლის ივნისის შემდეგ ჯანმოს რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია.

ასევე არ შეესაბამება სიმართლეს პოსტის კომენტარებში ზოგიერთი ფეისბუქ მომხმარებლის მტკიცება, რომ ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2021 წლის 15 აპრილს სამეცნიერო ჟურნალ “Lancet”-ში გააკეთა. რეალურად 15 აპრილს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით “Lancet”-ში მართლაც გამოქვეყნდა სტატია: “10 მეცნიერული არგუმენტი SARS-CoV-2-ის ჰაერწვეთოვანი გავრცელების მხარდასაჭერად”. აღნიშნული სტატია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებით ჩატარებულ კვლევას ეხება, თუმცა “Lancet”-ის სტატიაც და ჯანმოს კვლევაც კონცენტრირებულია კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით შესაძლო გავრცელებაზე. არცერთ მათგანში არ გვხვდება კატეგორიული მტკიცება, რომ ღია სივრცეებში ვირუსი აბსოლუტურად უსაფრთხოა. “Lancet”-ის სტატიაში ნათქვამია, რომ მართალია, ვირუსის გავრცელების რისკი ღია სივრცესთან შედარებით დახურულ სივრცეში მკვეთრად მაღალია, თუმცა ვირუსის ტრანსმისიის შეზღუდვასთან დაკავშირებული უსაფრთოების ზომები ღია სივრცეებშიც დაცული უნდა იყოს, რადგან ორივე შემთხვევაში ვირუსის გავრცელების მექანიზმი მსგავსია.

აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსის ტრანსმისაზე დღემდე ჩატარებული კვლევების თანახმად, ღია სივრცეში ვირუსით ინფიცირების რისკი მკვეთრად მცირდება, თუმცა არცერთი სამეცნიერო კვლევა არ ამტკიცებს, რომ ღია სივრცეებში ვირუსი სრულიად უსაფრთხოა და პრევენციული ზომების, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანციის დაცვა, საჭირო არ არის. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მინიმალური დისტანციის დაცვის შემთხვევაში ღია სივრცეში ვირუსით ინფიცირების რისკები ძალიან მცირეა, თუმცა, მიუხედვად ამისა, სოციალური დისტანციის დარღვევით დიდი ჯგუფების ხანგრძლივი შეკრება ღია სივრცეებშიც ინფიცირების გაზრდილ რისკებთან ასოცირდება, რის გამოც ხალხმრავალი შეკრებებისას პირბადის ტარება ღია სივრცეშიც რეკომენდებულია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist