9 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდმა “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, აშშ-ის დროშის გამოსახულებიან მანქანას სპეციალური დანადგარით აბრუნებენ. პოსტის აღწერის მიხედვით, ვიდეო მოლდოვაში ანტისამთავრობო აქციაზეა გადაღებული, სადაც მოლდოველები გაზრდილ ფასებს, პრეზიდენტ მაია სანდუს და ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებდნენ და აშშ-ის დროშიანი მანქანას “მაყალზე შეწვეს”. იგივე ინფორმაცია და ვიდეო რუსულმა პროპაგანდისტურლმა მედიამ ТV Zvezda-მ გაავრცელა. ТV Zvezda-ს მიხედვით, კიშინიოვში ოპოზიციის მარშის მონაწილეებმა აშშ-ის დროშიანი მანქანა “შებრაწეს”.
ვიდეო არასწორი აღწერით ვრცელდება და მას მოლდოვაში გამართულ საპროტესტო აქციებთან კავშირი არ აქვს. სპეციალურ მოწყობილობაზე დამაგრებული მანქანა კიშინიოვში საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ერთ-ერთი ავტოსკოლის პრეზენტაციის ნაწილი იყო. პრეზენტაციის მიზანი უსაფრთხოების ღვედის ეფექტიანობის დემონსტრირება იყო.
გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ის სოციალურ მედია Тik-Tok-ზე ანგარიშმა scoalaautoarturcecan გამოაქვეყნა.
ეს Тik-Tok-ანგარიში “არტურ ჩეკანის ავტოსკოლას” (Școala auto ARTUR CECAN) ეკუთვნის. 9 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ ავტოსკოლამ სპეციალური სიმულატორი საგზაო უსაფრთხოების დღეზე უსაფრთხოების ღვედის ეფექტიანობის დემონსტრირებისთვის მოამზადა. სიმულატორის ნახვა კიშინიოვში, დიდი ეროვნული ასამბლეის მოედანზე იყო შესაძლებელი.
მსგავს სიმულატორს ავტოსკოლა ექსტრემალურ სიტუაციებში ავტოუსაფრთხოების კურსის ფარგლებში იყენებს.
2022 წლის შემოდგომაზე მოლდოვაში რამდენიმე ანტისამთავრობო აქცია გაიმართა (1,2) 25 სექტემბერს პრო-რუსული პარტია “შორის” მხარდამჭერებმა პრეზიდენტის რეზიდენციის წინ აქცია მოაწყვეს და კარვები გაშალეს. პარტია “შორი” ოლიგარქ ილან შორს ეკუთვნის. (macarthurmc.com) აქციის მონაწილეები ფასების ზრდას აპროტესტებდნენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. დემონსტრანტებმა კარვებით პრეზიდენტის სასახლესა და პარლამენტის შენობას შორის გამავალი კიშინოვის ყველაზე დატვირთული გზა, სტეფანე დიდის ბულვარი, გადაკეტეს. ეს ლოკაცია დიდი ეროვნული ასამბლეის მოედანიდან, სადაც ავტოსკოლის სიმულატორი იყო განთავსებული, 600-700 მეტრით არის დაშორებული.
10 ოქტომბერს პოლიციამ დემონსტრანტების კარვები ის ნაწილი აიღო, რომელიც გზას კეტავდა. მოლდოვური მედიის თანახმად, დემონსტრანტები საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ფულს იღებდნენ.
პარტია “შორის” ლიდერი, ილან შორი 2017 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ 2012-2014 წლებში სამი კერძო ბანკიდან თაღლითურად მილარდი დოლარის მითვისების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 7.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2019 წელს შორი ისრაელში გაიქცა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.