13 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Caterine Maraneli გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ქუჩაში მოძრავი რამდენიმე რობოტი ჩანს. ვიდეოს აღწერის მიხედვით, ვიდეოში “ანტენებით მართული” ქუჩაში გამოსული ანტიქრისტეა გამოსახული, ხოლო მაშინ როცა მათი რაოდენობა ადამიანების რაოდენობას გადააჭარბებს, საშინელება დაიწყება.
ვიდეოს აღწერა კონსპირაციულია. რეალურად, ვიდეოში ასახულია არა ანტიქრისტე რობოტები, არამედ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის გამოგონება Spot-ი, რომელსაც სხვადასხვა მძიმე ინდუსტრიაში ადამიანებისთვის საფრთხის შესამცირებლად აქტიურად იყენებენ.
ვიდეოში აღბეჭდილი ოთხფეხა რობოტები ამერიკულმა კომპანია Boston Dynamics-მა შექმნა და მათ არა ანტიქრისტე, არამედ Spot-ი ჰქვიათ. კომპანიამ ამ ტიპის რობოტები საზოგადოების წინაშე 2016 წელს წარადგინა, 2019 წლიდან კი Spot-ის გამოყენება Boston Dynamics-ის სხვადასხვა პარტნიორებმა დაიწყეს.
Spot-ი დისტანციური მართვის, მძლავრი, ინდუსტრიული რობოტია, რომელსაც ისეთ ინდუსტრიებში იყენებენ, როგორებიცაა, მაგალითად, მშნებლობა და ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება. Spot-ის გამოყენებით ადამიანებს შეუძლიათ გვირაბის ან გზის გაყვანისას ის ადგილები დაათვალიერონ, რომელთა დოკუმენტირებაც რადიაციის ან სხვა მიზეზების გამო ადამიანებისთვის საფრთხის შემცველია. Spot-ის საშუალებით სხვადასხვა ტიპის სადგურზე პრობლემების, მაგალითად, რადიაციის ან სხვა ტიპის გაჟონვის, იდენტიფიცირება და ადგილმდებარეობის დადგენაც შესაძლებელია. მძიმე ინდუსტრიების გარდა, პანდემიის პირობებში Spot-ების გამოყენება რამდენიმე კლინიკამ ტელემედიცინისთვის, ანუ დისტანციური სამედიცინო სერვისების გასაცემად და პაციენტების ვირტუალური კონსულტაციების ჩასატარებლად, დაიწყო.
ფოტო: Boston Dynamics
ამ დროისთვის არსებული Spot-ის მოდელი სახლში გამოყენებაზე გათვლილი არ არის და მას ძირითადად დიდი კომპანიები თავიანთ საქმიანობაში გამოსაყენებლად ყიდულობენ. თუმცა, კომპანია გეგმავს, რომ სამომავლოდ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის Spot-ის ნაკლებად მძლავრი მოდელი შექმნას.
“მითების დეტექტორიმა” Caterine Maraneli-ის მიერ გავრცელებული კონსპირაციული და დეზინფორმაციული მტკიცებები არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:
- რა კავშირი აქვს Cala-ს ახალ მაისურებს ვაქცინაციასთან?
- მშობლების ნებართვის გარეშე აიდაჰოში მოზარდების აცრაზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
- ავსტრიელი პარლამენტარის გულის წასვლას ვაქცინაციას მანიპულაციურად უკავშირებენ
- დეზინფორმაცია, თითქოს ვაქცინის მიღებიდან 3 დღეში 45 000 ადამიანი გარდაიცვალა
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.