2022 წლის 8 ნოემბერს, Facebook მომხმარებელმა “Katerina Kvaliashvili” ერთ-ერთი ევროპული ქალაქის მოედნის ვინტაჟური სტილის ფოტო გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის თანახმად, ფოტოზე არ ჩანს დენის მავთულები და ვხედავთ მხოლოდ ანტენას, რომელიც ელექტროენერგიის სადენების გარეშე გადასაცემად გამოიყენება. ავტორი ამტკიცებს, რომ ადამიანებს იმის საფასურის გადახდას ავალდებულებენ, რაც ისედაც უფასოა.
2022 წლის განმავლობაში რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა მსგავსი შინაარსის 2 ვიდეო გაავრცელეს (1, 2, 3, 4, 5, 6), რომლებშიც უკაბელო ანტენებია ნაჩვენები. ავტორები ამტკიცებდნენ, რომ უფასო ელექტროენერგია ყველგან იყო ხელმისაწვდომი. მსგავს მტკიცებებს უფასო ატმოსფერული ენერგიის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებლები 2021 წელსაც ავრცელებდნენ (1, 2).
გავრცელებული ინფორმაცია უფასო ელექტროენერგიის შესახებ, მცდარია. პოსტებში გამოყენებული ფოტო და ვიდეო მასალები მე-19 საუკუნის და 1900-იანი წლების დასაწყისით თარიღდება. ქართულენოვანი Facebook პოსტის შემთხვევაში, თანდართული ფოტო გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში მდებარე შადრევანს ასახავს და მას ელექტროენერგიასთან კავშირი არ აქვს.
ქართულენოვან პოსტში გავრცელებული ფოტო გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, ქალაქის მთავარ ბაზრობასთან მდებარე მე-14 საუკუნის შადრევანს – შონერ ბრუნენს ასახავს. შადრევანს გოთიკური კოშკის ფორმა აქვს, რომლის მსგავს დიზაინს გოთიკურ ეკლესიებში ვხვდებით.
შადრევანს ელექტროენერგიასთან კავშირი არ აქვს. ფოტო 1900-1905 წლების შუალედშია გადაღებული, აგრეთვე, როგორც ზემოთ მოცემულ ფოტოზე ვხედავთ, ელექტროენერგიის სადენები არც ახლანდელ ფოტოებზეა შესამჩნევი, ვინაიდან ისინი უმეტესად მიწისქვეშ თავსდება. ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ სეგმენტებში მიწისქვეშა გაყვანილობის არსებობა საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა, ვინაიდან იგი ესთეტიკურადაც მეტად სახარბიელოა და ნაკლებ ადგილს საჭიროებს. თუმცა, ორივე შემთხვევაში გაყვანილობის არსებობა ელექტროენერგიის გადაცემისთვის აუცილებელია. სადენებს მაღალი ძაბვის ელექტროენერგია შორ მანძილზე გადააქვთ და ელექტროგენერატორებს მომხმარებლებთან აკავშირებენ.
მე-19 საუკუნის ტრამვაის შემთხვევაში ელექტროენერგია ხშირად რელსების საშუალებით გადაიცემოდა და ელექტროსადენებს ნაკლებად საჭიროებდა, შესაბამისად, საჰაერო სადენების არარსებობა, როგორც ვიდეოებშია ნაჩვენები, სწორედ ამით აიხსნება. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, ესთეტიკური მიზეზების გამო, ტრამვაების არაერთი კომპანია სწორედ ამ მეთოდის გამოყენებას ამჯობინებდა. კერძოდ, ისინი ელექტრო კაბელებს სარკინიგზო ლიანდაგების ქვეშ მარხავდნენ, რაც საშუალებას იძლეოდა მატარებელს ელექტროენერგია უწყვეტად მიწოდებოდა და ქვეითებიც უსაფრთხოდ გადაადგილებულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მსგავსად, მოცემული მეთოდი მაინც საჭიროებს ელექტროენერგიის სხვაგან გამომუშავებას და არ ნიშნავს, რომ ტრამვაი „თავისუფალი“ ან „ატმოსფერული“ ელექტროენერგიის საშუალებით მუშაობდა. თუმცა, ეს ვარიანტი ყველგან არ გამოიყენებოდა და ხშირად უფრო ძვირიც ღირდა; შესაბამისად ბევრი კომპანია კვლავ მიწისზედა გაყვანილობას იყენებდა.
მეორე ვიდეოში, რომელიც YouTube-ის კლიპის ნაწილია, თავისუფალი ენერგიის კონცეპტი განიხილება. ვიდეო ჯგუფის მიერაა შექმნილი, რომელიც კლიმატთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიების გავრცელებითაა ცნობილი. ის უსადენო ტრამვაის შესახებ მოგვითხრობს და მას 1880 წლამდე თავისუფალი ენერგიის არსებობის მტკიცებულებად წარმოაჩენს. შემდეგ დასახელებულია რამდენიმე მეცნიერი, რომლებსაც მფრინავი თეფშების მსგავსი მოწყობილობების გამოყენებით გადაადგილების ფუტურისტული იდეები ჰქონდათ. მათ შორისაა ნიკოლა ტესლა, რომელმაც შექმნა ძრავა საფრენი აპარატისთვის; ოტის ტ. კარი, რომელმაც მფრინავი თეფში დააპატენტა და ამტკიცებდა, რომ სრული ზომის ვერსიაზე მუშაობდა, რომელსაც მთვარეზე გაფრენა შეეძლო; და ალექსანდრ ვეიგარსი, რომელსაც ისეთი სან-ფრანცისკოს შექმნის გეგმა ჰქონდა, სადაც ყველა ადამიანი მფრინავი თეფშების მსგავსი წრიული თვითმფრინავით გადაადგილდებოდა. ვეიგარსმა მისი “დისკოპტერისთვის” დიზაინი 1944 წელს დააპატენტა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიზაინები დაპატენტებული იყო, უმეტესობა ვერ განხორციელდა, ვინაიდან მათ დიზაინის მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდათ.
ვიდეო ასევე განიხილავს სხვადასხვა მეცნიერების მიერ შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე შემუშავებულ სხვადასხვა კონცეფციებს, მათ შორის რენე დეკარტისა და ისააკ ნიუტონის დიზაინებს, რომლებიც სწავლობდნენ “ეთერს”, რომელიც, მათი აზრით, მეხუთე ელემენტი იყო და მიწიერი სფეროს მიღმა არსებულ სამყაროს ავსებდა. ითვლებოდა, რომ ამ ელემენტს თავისუფალი ენერგიის წარმოქმნა შეეძლო. ვიდეო ასევე ყურადღებას ამახვილებს რუსი მეცნიერი დიმიტრი მენდელეევის ნამუშევრებზე, რომელიც ეთერის ქიმიურ ელემენტად კლასიფიკაციას ცდილობდა და ამტკიცებდა, რომ ის ყველა პლანეტისა და გალაქტიკის ქიმიური საფუძველი იყო. ვიდეო მთავრდება მტკიცებით, რომ ეთერთან და თავისუფალ ენერგიასთან დაკავშირებული კვლევები და ტექნოლოგიები მოულოდნელად ამოიღეს გამოყენებისგან მე-20 საუკუნის დასაწყისში და რომ ეთერის თეორია მიზანმიმართულად განადგურდა. სინამდვილეში, ა.ა. მაიკლსონმა და ედვარდ ვ. მორლიმ მე-19 საუკუნის ბოლოს დაამტკიცეს, რომ ასეთი ელემენტი არ არსებობს.
ალექსანდრა კუენინგი
ერასმუსის CEERES პროგრამის სტუდენტი, “მითების დეტექტორის” სტაჟიორი
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.