ამერიკის ხმის 2016 წლის ვიდეო კრემლისტურ მედიაში ფრაგმენტულად და კოორდინირებულად ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

111
VIEWS

რიგაში დაგეგმილი ნატოს მინისტერიალის წინ კრემლისტურ გამოცემებში გზავნილები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ გააქტიურდა.  ნატოს მიმართ სკეპტიციზმის გაღვივების მიზნით, პრორუსული აქტორები კოორდინირებულად ციტირებდნენ ამერიკელი პოლიტოროლიგის კომენტარს, რომელიც მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში 2016 წელს გააკეთა. ეს უკანასკნელი  აშშ-ს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პრიორიტეტად ჩინეთს მიიჩნევს და არა რუსეთს.

26 ნოემბერს ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” გადაცემის “ალტ-ანალიტიკის” ეთერში წამყვანებმა “ამერიკის ხმის” სიუჟეტის ფრაგმენტი აჩვენეს, რომელშიც ამერიკელი პოლიტოლოგი ჯონ მირშაიმერი საქართველოს, ნატოსა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ კომენტარს აკეთებს. მირშაიმერი ამბობს, რომ საქართველო ნატოში შესვლაზე ფიქრს უნდა შეეშვას და ურთიერთობები რუსეთთან უნდა დაალაგოს. ამ განცხადების შესახებ “ალტ-ინფოს” წამყვანებმა კომენტარები გააკეთეს. ზურა მახარაძემ აღნიშნა, რომ “ამერიკის ხმა” აშშ-ს მთავრობის ღიად პროპაგანდისტული მედიაა, თუმცა ის ახლა ქართველ ხალხს სიმართლეს უყვება.

გადაცემის წამყვანები მირშაიმერის კომენტარის ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებენ.

ჯონ მირშაიმერი, პოლიტოლოგი: საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილი უნდა დაივიწყოს, რუსეთთან რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა დაამყაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ევროპასთან ინტეგრაცია, ისიც მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით.”

შოთა მარტინენკო, წამყვანი: „არის ესეთი საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი, ჯონ მირშაიმერი, ერთ-ერთი ავტორიტეტული ანალიტიკოსია, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკაში, თეორეტიკოსი და ძალიან საინტერესო სიტყვები ვნახე მისი, „ამერიკის ხმაზე“  გააჟღერეს, არ ვიცი როდის არის გადაღებული, მე მგონი ძველი ჩანაწერია… მოდი, მოვუსმინოთ და ვნახოთ, იქნებ მართლა პუტინმა იყიდა ეგ, მაგის ანალიზი გავაკეთოთ”.

ზურა მახარაძე, წამყვანი: “პატივცემულო ამერიკის საელჩო, თქვენი მთავრობა კოლოსალურ თანხებს ხარჯავს იმ ღიად პროპაგანდისტული მედია საშუალების შენახვაში, რომელსაც ჰქვია „ამერიკის ხმა“ და ან თქვენ მაგარი არეული გაქვთ იქ იმიტომ, რომ „ამერიკის ხმა“ უყვება უკვე სიმართლეს ქართველ ხალხს რაც ძალიან კარგია მარა, აგიტაცია-პროპაგანდის ამბავში უცნაურია ან, როგორც ჩანს, თქვენ აქედან მიდიხართ”.

27 ნოემბერს “ამერიკის ხმისთვის” მიცემული ჯონ მირშაიმერის აღნიშნული კომენტარი კრემლისტური გამოცემა News-front-ის ვებ-გვერდზე კომენტარის და თარიღის მითითების გარეშე გამოქვეყნდა, 27 ნოემბერს აღნიშნული ინფორმაცია  ფეისბუქ მომხმარებელმა Константин Чиквиладзе-მ, News-front-ის ბმულის მითითებით, საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც გამოაქვეყნა. 27-28 ნოემბერს News-front-ისა და კოსტანტინე ჩიკვილაძის მასალები სხვადასხვა ფეისბუქ მომხმარებელმა 5 საჯარო ფეისბუქ ჯგუფში

(ლევან ვასაძის მხარდამჭრები, “სიმართლის გზა,” ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმიპროტესტი! Protest! Протестდავიცვათ ჩვენი ერი, მამული და სარწმუნოება) გააზიარა.
"
“ამერიკის ხმასთან” ჯონ მირშაიმერმა აღნიშნული კომენტარი  2016 წელს გააკეთა. მირშაიმერმა მისი ექსპერტული პოზიცია გამოხატა, რაც არც  ამერიკის ოფიციალურ პოზიციას ასახავს და არც სხვა ამერიკელი ექსპერტების, რომლებიც “ამერიკის ხმის” სიუჟეტში იყო წარმოდგენილი. სიუჟეტიდან ამოჭრილი მირშაიმერის განცხადება ფრაგმენტულად 2017 წლიდან სხვადასხვა ანტიდასავლური ჯგუფების მიერ ვრცელდება. 

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ქრონიკისთვის” მომზადებული “ამერიკის ხმის” სიუჟეტი ეთერში 2016 წლის 13 ივნისს გავიდა.  სიუჟეტი ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებს ეხება და სხვადასხვა სპეციალისტის, მათ შორის ჯონ მირშაიმერის, მოსაზრებასაც მიმოიხილავს. სიუჟეტში მოყვანილია, როგორც ნატოში საქართველოს გაწევრიანების მომხრეების, ისე სკეპტიკოსების კომენტარებიც. 2018 წელს სავარაუდოდ ყალბმა ანგარიშმა ტიტე ნატუტარმა (ამჟამად ანგარიში ხელმისაწვდომი არ არის) აღნიშნული სიუჟეტიდან მხოლოდ ჯონ მირშაიმერის კომენტარი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ჯონ მირშაიმერი: ამერიკელი ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში: ამერიკა უფრო აგრესიული ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი.”, მაშინ სიუჟეტის კონტექსტის დამახინჯების შესახებ კომენტარი “ამერიკის ხმის” რედაქციამაც გააკეთა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლამდე მირშაიმერის კომენტარის ნაწყვეტი 2017 წელს პრორუსულ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოში” კოსტანტინე ჩიკვილაძის ავტორობით გამოქვეყნდა.

 "
“საქართველო და მსოფლიოს” მასალის ბოლოს Youtube არხის Tbilisi 24-ის 1:50 წუთიანი ვიდეო სახელწოდებით “ჯონ მირშაიმერი, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში” არის გამოყენებული. იდენტური ვიდეო 2021 წლის 27 ნოემბრის მასალაში News-Front-მაც გამოიყენა.

"

Youtube არხი Tbilisi 24 საინფორმაციო სააგენტო შპს. “თბილისი 24-ის” ნაწილია, სააგენტოს მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური მტკიცებები “მითების დეტექტორმა” გასულ წლებში არაერთხელ გადაამოწმა.

რაც შეეხება ჯონ მირშაიმერის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ ბოლოს გაკეთებულ განცხადებებს, ბოლო წლებში ის განსაკუთრებულ აქცენტს აშშ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების მხრიდან ჩინეთზე ყურადღების გამახვილების მნიშვნელობაზე აკეთებდა. მან 2020 წლის ივლისში ატლანტიკური საბჭოს დებატში “Is NATO still relevant” მონაწილეობა მიიღო. შეხვედრის განმავლობაში მირშაიმერი აღნიშნავდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პრიორიტეტი ჩინეთი უნდა გამხდარიყო.

ჯონ მირშაიემრი, პოლიტოლოგი: “ნატოს მიმართ უარყოფითად განწყობილი არ ვარ, მაგრამ ამჟამად ჩვენ სრულიად განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილის განმავლობაში ევროპა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი არეალი იყო, მაგრამ ეს ასე უკვე აღარ არის. ძალაუფლების გადანაწილება შეიცვალა, დღეს აზია არის ის ტერიტორია, რომელიც ამერიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.”

მირშაიმერი ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეებზე 2019 წელსაც საუბრობდა, ხოლო ნატოს მომავალს აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებდა.

ჯონ მირშაიმერი, პოლიტოლოგი: “საიდუმლო არავისთვისაა, რომ ნატოს სერიოზული პრობლემები აქვს და ეს მგონია, რომ ტრამპის გამოა. რომ არა ტრამპის არჩევა 2016 წელს, პრობლემები ასე მწვავე არ იქნებოდა.”

აღსანიშნავია ისიც, რომ მირშაიმერი ცნობილი მეცნიერი, თეორეტიკოსი და პოლიტიკის მკვლევარია, თუმცა აშშ-ს უსაფრთხოებასთან და  საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მისი მოსაზრებები მისი აზრია და სახელმწიფოს პოლიტიკას არ გამოხატავს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist