ალტ-ინფოს წამყვანი ამტკიცებს, რომ სტალინის დროს სისტემურად მიუღებელი დასჯა არ ხდებოდა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

334
VIEWS

2021 წლის 26 ოქტომბერს ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” გადაცემა ალტ-ანალიტიკის წამყვანმა ირაკლი მარტინენკომ განაცხადა, რომ იოსებ სტალინის პერიოდში სისტემურად მიუღებელი დასჯის ფორმებს, გაუპატიურებასა და მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ.

ირაკლი მარტინენკო: „[სტალინის ეპოქაში] არც ისეთი არ ხდებოდა, რაც სისტუმურად მიუღებელი დასჯა იყო, ვთქვათ, დანაშაულისა, რაღაც მასიურად ისეთი დასჯები ხდებოდა, მაგალითად რაღაც ხალხი გაეუპატიურებიათ  და რაღაც ეგეთი დასჯები არ ხდებოდა.“

ირაკლი მარტინენკოს განცხადება რეალობას არ შეესაბამება. სწორედ სტალინის პერიოდში მრავალი ადამიანი, მათ შორის 1937 წელს რეპრესირებულები, სხვადასხვა სასტიკი მეთოდით დაისაჯა. ამასთანავე, აქტიურად მიმდინარეობდა მასობრივი გაუპატიურება გულაგებსა და ციხეებში. ხშირად ამ პროცესში ლიდერებიც მონაწილეობდნენ. 

  • დასჯის სხვადასხვა ფორმები სტალინის ეპოქაში

1938 წელს საბჭოთა კავშირში, მოსკოვის სამხრეთით, სუხანოვკას ციხე გაიხსნა, რომელიც სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით საშიში მტრებისთვის იყო განკუთვნილი. აღნიშნული ციხე იმ პერიოდში და შემდგომშიც ყველაზე სასტიკ ადგილად მოიაზრებოდა. მასში ადამიანის დასასჯელად ყველაზე სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ დასჯის პროცესებში ხშირად უმაღლესი ლიდერებიც მონაწილეობდნენ და ამ მხრივ გამორჩეული ლავრენტი ბერია იყო.

 "
სუხანოვის ციხე, რომელიც დღეს უკვე ეკლესიად არის გადაკეთებული

აღსანიშნავია, რომ ციხეში დასჯის მეთოდებს სხვადასხვა სახელწოდებაც კი ჰქონდათ.

  • “ჭვავის გალეწვა” – აღნიშნული პატიმრების ცემას და დასახიჩრებას გულისხმობდა. მათ ძირითადად სენსიტიურ ადგილებს უზიანებდნენ, რაც ტკივილს კიდევ უფრო აძლიერებდა.
  • “სუხანოვკას ყლუპი” – პატიმრებს გრძელ პირსახოცს ცხენის ლაგამივით აჭერდნენ ტუჩებს შორის და ამავე დროს ფეხებზე  აბამდნენ.
  • “ჭუჭყიანი კონტეინერი” – პატიმრებს ზამთარში გაყინულ წყალში ყოფნას აიძულებდნენ.

საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი ხშირად აღიარებით ჩვენებაზე ხელმოწერის მიზნით გამოიყენებოდა. დასჯის ფორმებს შორის ვხვდებოდით ძილის რეჟიმის დარღვევას, პატიმრებისთვის ჯდომის აკრძალვას, კარში ხელის მოყოლებას, ფრჩხილის ქვეშ ნემსისა და ქინძისთავის შერჭობა და სხვა.

ერთ-ერთ წამებულს შორის რუსი რეჟისორი ვსევოლოდ მეიერჰოლდი იყო, რომლის წერილიც წამების შესახებ ისტორიას შემორჩა.

"
ვსევოლოდ მეიერჰოლდი

ვსევოლოდ მეიერჰოლდი: “65 წლის ავადმყოფი კაცი მცემეს. პირქვე დამაწვინეს და ფეხებსა და ხერხემალზე მცემდნენ; შემდეგ სკამზე დამსვეს და ძლიერად მირტყამდნენ ფეხებზე… მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა ჩემი ფეხების ეს ნაწილები ძლიერი შინაგანი სისხლჩაქცევებით იყო დაფარული, ისევ მირტყამდნენ წითელ ლურჯ და ყვითელი სისხლჩაქცევებზე და ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, თითქოს მდუღარე წყალს მასხამდნენ ამ მგრძნობიარე ადგილებში. ვყვიროდი და ვტიროდი ტკივილისგან… ჩემი გამომძიებელი ისევ იგივე მუქარას იმეორებდა: „თუ აღიარებით ჩვენებას ხელს არ მოაწერ, ჩვენ გავაგრძელებთ შენს ცემას. შენს თავსა და მარჯვენა ხელს ცალ-ცალკე დავტოვებთ, დანარჩენს კი უფორმო, სისხლიან ხორცად გადავაქცევთ“. მე ხელი მოვაწერე ყველაფერს, რაც მათ სურდათ.”

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს სათავეში იოსებ სტალინი ედგა და სტალინური რეპრესიებიც, რომლის დროსაც ამ სასტიკი მეთოდებით ხდება დასჯა, მისი ინიციატივა იყო. მაგალითად, 1939 წლის 10 იანვარს სტალინმა დაწერა, რომ კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ნება დართო გამოეყენებინა ის, რასაც 1937 წლიდან დაკითხვებში „დარწმუნებისთვის ფიზიკური ზომების გამოყენებას“ უწოდებენ.

  • დასჯის ფორმები და 1937 წელს რეპრესირებულები

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ის რაც სუხანოვკაში ხდებოდა, მხოლოდ იმ ციხისთვის არ იყო დამახასიათებელი, არამედ მას სხვა საბჭოთა ციხეებშიც და დაკითხვის ადგილებშიც იყენებდნენ. მაგალითად, მრავალი ქართველი საზოგადო მოღვაწე 1937 წლის რეპრესიების პერიოდში სწორედ მსგავსი ფორმებით დასაჯეს.

  • მიხეილ ჯავახიშვილი – მის დასჯა-წამებაში აქტიურად მონაწილეობდა თავად ლავრენტი ბერია. როგორც ენათმეცნიერი და მიხეილ ჯავახიშვილის ბიოგრაფიის მკვლევარი ბონდო არველაძე  იხსენებს, პირველად ჯავახიშვილი სწორედ ბერიამ დაკითხა და სცემა, შემდგომში კი მას სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ.

ბონდო არველაძე: “ჯავახიშვილს მათრახებით სცემეს, მერე ზოგიერთ მათრახს მარილიან წყალში ასველებდნენ… საშინელი მტკივნეული იყო… ფეხის გულებზე სცემდნენ კიდევ. კარებში მარცხენა ხელს აყოლებდნენ და მარჯვენა ხელით ოქმს ხელი მოაწერეო.”

  • სანდრო ახმეტელი – ასევე სასტიკად გაუსწორდნენ ქართველ რეჟისორ სანდრო ახმეტელს, რომელსაც 222 დღე აწამებდნენ, შემდგომ კი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ის ასეთ მდგომარეობაში ყველას  ენახა.
  • ტიციან ტაბიძე – იმისათვის, რომ ჯაშუშობა “ეღიარებინა”, ტიციან ტაბიძეც სასტიკად აწამეს. როგორც მისი შვილიშვილი ნინო ანდრიაძე იხსენებს, მას ოქმისთვის ხელი სულ აკანკალებულს  მოუწერია.

ნინო ანდრიაძე: “საშინლად აწამეს, სანამ დახვრეტდნენ. აკანკალებული ხელით უწერია, ჯაშუში ვიყავიო. კიდევ ვინ იყო შენთან ერთად ჯაშუშიო, ჰკითხეს და ტიციანმა გიორგი სააკაძე დაასახელა ნოსტედან. მართლა წავიდნენ გიორგი სააკაძის მოსაძებნად“

"
ტიციან ტაბიძის დასჯის პროტოკოლი

  • დასჯის მეთოდები გულაგებში 

გულაგებში დასჯის ფორმები ციხეებისგან არ განსხვავდებოდა. აქ დასჯას ძლიერი და ხანგრძლივი შრომა ემატებოდა. აღსანიშნავია, რომ გულაგებში ასევე მრავალი ქალი რეპრესირებულიც იყო, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ და ხშირად ამაში გულაგის მმართველები და პასუხისმგებელი პირები მონაწილეობდნენ. ირაკლი მარტინენკოს მტკიცების მიუხედავად, გაუპატიურება ასეთ ადგილებში მუდმივად ხდებოდა.

როგორც ერთ-ერთი პატიმარი შალამოვი იხსენებს, ქალებს მცველები ხშირად აუპატიურებდნენ და ეს მუდმივი ხასიათის იყო. ხშირად ასევე ქალებზე გულაგამდე ტრანსპორტირების დროს ძალადობდნენ, როდესაც კაცი კრიმინალები მცველებს ფულს უხდიდნენ, რის შედეგადაც ძალადობის “უფლებას” იღებდნენ. ხშირ შემთხვევაში კაცი პატიმრები ქალებს ეხმარებოდნენ, რომ ისინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლები არ გამხდარიყვნენ. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი წლები გრძელდებოდა სტალინის ეპოქაში და ამას ხელს არავინ უშლიდა.

როგორც ერთ-ერთი ქალი იხსენებს:

“სექსუალური ძალადობა ტრამვაის კონდუქტორის ბრძანებით ხდებოდა… შემდეგ, ის დაიყვირებდა „кончай базар“ (შეწყვიტეთ ბაზარი), მოძალადეები თავიანთ ადგილს შემდეგ კაცს უთმობდნენ, რომლებიც სრულ მზადყოფნაში იყვნენ. მკვდარ ქალებს ფეხებით მიათრევდნენ კართან და ზღურბლზე აწყობდნენ. ისინი, ვინც გადარჩებოდნენ, გონზე მოჰყავდათ – წყალი ასხამდნენ – და რიგი ხელახლა იწყებოდა.”

სექსუალურ ძალადობაში რიგითებთან ერთად უმაღლესი თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართული. ამ მხრივ აღსანიშნავია ლავრენტი ბერია, რომელიც მრავალი ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაშია მხილებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist