ალტ-ინფოს მანიპულაცია აშშ-სა და რუსეთში უსახლკარო პირთა რაოდენობის შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.1k
VIEWS

15 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა ალტერინფო გამოაქვეყნა ნაწყვეტი ალტ-ინფოს ეთერში გასული გადაცემიდან, რომელშიც წამყვანები ამერიკის ქუჩებში უსახლკაროთა პრობლემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემა რუსეთში არ არსებობს. გადაცემაში აჩვენებენ ვიდეოს, რომელშიც ქალაქ ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სამეზობლოში, Skid Row-ს ქუჩებში მცხოვრები უსახლკარო პირები არიან ასახული და ამბობენ რომ იქ უსაფრთხო გარემო არ არის.

Screenshot 13 ალტ-ინფოს მანიპულაცია აშშ-სა და რუსეთში უსახლკარო პირთა რაოდენობის შესახებ

ალტ-ინფოს ეთერში გაჟღერებული მტკიცება მანიპულაციურია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ზოგიერთ ქალაქში უსახლკაროთა პრობლემა ნამდვილად დგას, მტკიცება, რომ მსგავსი პრობლემა რუსეთის ქალაქებში არ გვხვდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად რუსეთის ოფიციალური სტატისტიკის არასანდოობისა, მათ შორის ტერმინის ბუნდოვანების გამო, სხვადასხვა შეფასებით ჩანს, რომ რუსეთში, კონკრეტულად კი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უსახლკაროთა პრობლემა მწვავედ დგას. გარდა ამისა, უსაფრთხოების რეიტინგით რუსეთი აშშ-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

2022 წლის სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში 580 466 უსახლკარო პირია, რუსეთში – 64 000. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2022 წლისთვის აშშ-ს მოსახლეობის რაოდენობა (338 289 857) რუსეთისას (144 713 314) თითქმის 2.5-ჯერ აღემატება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა კრიტერიუმებით განისაზღვრება უსახლკარო პირის სტატუსი მოსახლეობის აღწერისას. მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში კრიტერიუმები, რომლითაც უსახლკარო პირის სტატუსი განისაზღვრება საკმაოდ შეზღუდულია და მოიცავს მხოლოდ მათ, ვისაც არ აქვს თავშესაფარი, ღამეს ქუჩაში ათევს და კუთვნილი ნივთების თან ტარება უწევს. ამ დეფინიციაში ვერ ხვდებიან ის პირები, ვისაც არ აქვთ უზრუნველყოფილი თავშესაფარი, თუ ისინი ქუჩაში არ ცხოვრობენ და ღამეს ნათესავთან, ნაცნობთან, ნაქირავებ ბინაში ან რაიმე ტიპის თავშესაფარში ათევენ. მაშინ, როდესაც აშშ-ს კანონმდებლობით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირი, ვისაც არ გააჩნია რეგულარული, ადეკვატური ღამის გასათევი, ცხოვრობს დროებით თავშესაფარში ან ცხოვრებისათვის შეუსაბამო პირობებში ან დგას სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე უსახლკარო პირის განსაზღვრებაში ექცევა.

მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმების გარეშე შეუძლებელი ხდება რუსეთში უსახლკარო პირთა რეალური რაოდენობის შეფასება. მაშინ, როდესაც რუსეთის სტატისტიკის სამსახური როსსტატი 2017 წელს უსახლკარო პირთა რაოდენობად 64 000-ს ასახელებდა, პარტია “სამართლიანი რუსეთის” თავმჯდომარემ, სერგეი მირონოვმა ექსპერტთა შორის ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ქვეყანაში რეალურად 3-დან 5 მილიონამდე უსახლკარო პირი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლისთვის რუსეთის მოსახლეობის 12%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, სავარაუდოა, რომ უსახლკარო პირთა რაოდენობა როსსტატის მიერ დასახელებულ რიცხვს ბევრად აღემატება.

Screenshot 14 3 ალტ-ინფოს მანიპულაცია აშშ-სა და რუსეთში უსახლკარო პირთა რაოდენობის შესახებ

რუსეთში არ არსებობს ინფორმაცია უსახლკაროთა რაოდენობის შესახებ რეგიონების მიხედვით, თუმცა სხვადასხვა ქალაქში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც უსახლკარო პირთა დასახმარებლად მუშაობენ, საკუთარ შეფასებებს აკეთებენ. მაგალითისათვის, სანქტ-პეტერბურგში მოქმედი ასეთი ორგანიზაციის, Nochlezhka-ს შეფასებით, ქალაქში 50-დან 60 000-მდე ადამიანი ცხოვრობს ქუჩაში, რადგან თავშესაფარი არ აქვს. ქალაქის ოფიციალური უწყებების შეფასებით ეს რიცხვი მხოლოდ 2 000-ა, რაც არადამაჯერებელია იმის გათვალისწინებით, რომ კიდევ ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია Maltese Relief Service 5-დან 6 000-მდე უსახლკარო პირს უწევს დახმარებას. შედარებისთვის სანქტ-პეტერბურგის მოსახლეობა 5 536 000 ადამიანია, ხოლო ლოს ანჯელესის მუნიციპალიტეტში თითქმის ორჯერ მეტი,10 053 089 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა უსახლკარობის მაჩვენებელი Nochlezhka-ს შეფასების მსგავსია. 2022 წლის სტატისტიკით ლოს ანჯელესის მუნიციპალიტეტში 69 144 უსახლკარო პირია, რაც აშშ-ს ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სტატისტიკაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს გაიზარდა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის მაჩვენებელიც.

2020 წელს ეკონომიკისა და სოციოლოგიის ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რუსეთის დიდ ქალაქებში უსახლკაროთათვის თავშესაფრის უზრუნველყოფის პრობლემაა. ყოველწლიურად სანქტ-პეტერბურგის ქუჩებში 1 000-მდე უსახლკარო პირი იღუპება, მაგალითად მოსკოვში კი, 2018 წელს ქუჩაში 2 674 უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა. 2016 წელს Euronews-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის მიხედვით მოსკოვში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობდნენ, რომ ქალაქში 100 000-მდე უსახლკარო პირი იყო. სიუჟეტში ნაჩვენებია თუ როგორ აფარებენ თავს უსახლკარო პირები საკანალიზაციო მილებს, რათა ზამთარში ქუჩაში გაყინვას გადარჩნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უსახლკარო პირთა იძულებითი მობილიზაციაც დაიწყო. სამხედრო კომისიარიატებში უსახლკარო პირები ქუჩიდან და უსახლკაროთა დახმარების საქველმოქმედო ცენტრებიდან გადაჰყავდათ.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის 2022 წლის რეიტინგის მიხედვით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში აშშ 129-ე ადგილს იკავებს, რუსეთი კი 160-ე ადგილზეა და მხოლოდ ავღანეთს, იემენს და სირიას უსწრებს.


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist