ალტ-ინფოს ეთერში უკრაინელ ტყვეებზე 4 დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

6.9k
VIEWS

14 აგვისტოს “ალტ-ინფოს” გადაცემაში “განსხვავებული არხი” წამყვანმა ზაზა დავითაიამ და სტუმარმა ტრისტან წითელაშვილმა დონეცკის რეგიონში, ოლენივკაში, ციხეზე შეტევა განიხილეს. წითელაშვილის თქმით, ციხე უკრაინელებმა დაბომბეს, რათა აზოვის პოლკის წევრებს რუსეთისთვის სამხედრო დანაშაულების შესახებ აღიარებითი ჩვენებები არ მიეცათ. გადაცემის დროს დავითაიამ ასევე აღნიშნა, რომ რუსები ტყვეებს საერთაშორისო კონვენციის დაცვით ეპყრობიან, ხოლო უკრაინელები ტყვეებს აწამებენ. წამყვანმა მაგალითისთვის მოიყვანა რუსი სამხედროს “ფანქრის სათლელი საკანცელარიო დანით” კასტირირების ვიდეო, ხოლო ამასთან დაკავშირებით წითელაშვილმა აღნიშნა, რომ “უკრაინის ჯარების მთავარმა ექიმის” განცხადებით, ყველა რუსი ტყვის კასტრაცია უნდა მოხდეს. გადაცემაში წითელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აზოვსტალის მეომრების ცოლები ითხოვდნენ ქმრებთან შეხვედრას და ერთ-ერთმა ღიად განაცხადა, რომ არაერთხელ წარუმატებლად მიმართა უკრაინულ მხარეს მეუღლესთან შეხვედრის ორგანიზების თხოვნით, რის შემდეგაც იძულებული გახდა, რუსული მხარისთვის მიემართა და მათი დახმარებით ქმრის ნახვა მოახერხა. 

Screenshot 1 2 ალტ-ინფოს ეთერში უკრაინელ ტყვეებზე 4 დეზინფორმაცია ვრცელდება

ალტ-ინფოს ეთერში გავრცელებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება: 1) აზოვსტალის მეომრისა და მისი მეუღლის შეხვედრა რუსული მხარის დახმარებით არ მომხდარა; 2) განცხადება, რომ ოლენივკაში უკრაინელი ტყვეები თავად უკრაინამ დაბომბა, მტკიცებულებებს არ ემყარება. CNN-ის ჟურნალისტური გამოძიების დასკვნით, ციხეზე უკრაინული მხარის საარტილერიო შეტევა HIMARS-ებით არ განხორციელებულა და სავარაუდოდ, ხანძრის წყარო შენობის შიგნით იყო; 3) ივლისის დასაწყისში გავრცელდა არა რუსი, არამედ უკრაინელი სამხედროს საკანცელარიო დანით კასტრაციის ვიდეოები, რომლებიც Bellingcat-მა გამოიძია და ჩეჩნების დაჯგუფება “ახმატს” დაუკავშირა; 4) უკრაინის შეიარაღებული ძალების ‘მთავარ ექიმს’ არ უთქვამს, რომ რუსი ტყვეების კასტრაცია უნდა მოხდეს.

  • აზოვსტალის მეომრისა და მისი მეუღლის შეხვედრა რუსული მხარის დახმარებით არ მომხდარა

აზოვსტალის მებრძოლებთან ოჯახის წევრების შეხვედრის შემთხვევების არსებობის გადსამოწმებლად “მითების დეტექტორი” “აზოვსტალის მცველების ოჯახების ასოციაციას” დაუკავშირდა. ასოციაციის პრესმდივნის, მარიანა ხომერიკის თანახმად, ახლობლებისთვის მარიუპოლელ ტყვეებთან შეხვედრა აკრძალულია და ნათესავებს მათთან სატელეფონო კავშირი და მიმოწერაც არ აქვთ, რაც ჟენევის კონვენციით არის გათვალისწინებული, ასეთ ვითარებაში კი ციხეში ჩასვლა და მებრძოლის ნახვის შესაძლებლობა აბსურდულია.

ერთი გავრცელებული შემთხვევა, როდესაც ტყვედ ჩავარდნილ ქმართან შეხვედრა ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე-ფაქტო ომბუცმენის დახმარებით მოხერხდა, უკრაინელი საზღვაო ქვეითის ცოლის მარინა აშიფინას შემთხვევა იყო, თუმცა მან

განაცხადა, რომ მისი მეუღლე აზოვსტალში არ იმყოფებოდა და მისი ბატალიონი მარიუპოლში ილიჩის სახელობის მეტალურგიულ ქარხანაში იყო განლაგებული, რომელზეც კონტროლი რუსეთმა აპრილში დაამყარა. წითელაშვილი კი ალტ-ინფოს ეთერში აზოვსტალის მეომრებზე საუბრობს. აშიფინას შემთხვევასთან დაკავშირებით “აზოვსტალის მცველების ოჯახების ასოციაიციამ” აღნიშნა, რომ ომის პირობებში რუსული მხარის შუამავლობით და რუსეთის გავლით ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

  • რა მოხდა ოლენივკაში?

29 ივლისს ოლენივკაში, ციხეზე თავდასხმას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის თანახმად, დაახლოებით 40 ადამიანი ემსხვერპლა და 130 დაშავდა. რუსეთმა თავდასხმაში უკრაინა დადანაშაულა. იმის გამო რომ ოლენივკა რუსეთის მიერ კონტროლირებად, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ადგილზე დამოუკიდებელი ექსპერტების და ჟურნალისტების ჩასვლა ამ დროისთვის შეუძლებელია.

ტრისტან წითელაშვილის განცხადება, რომ უკრაინამ ოლენივკაში ტყვედ ჩავარდნილი თავისივე სამხედროები დაბომბა, რათა მათ სამხედრო დანაშაულების შესახებ ჩვენებები არ მიეცათ, პირდაპირ იმეორებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნარატივს. იგივე შინაარსის განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა 3 აგვისტოს გააკეთა.  ოლენიკაზე თავდასხმის დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ ციხეშე იერიში HIMARS-ებით მიიტანა

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალაზე, სატელიტურ ფოტოებზე და ასევე სამხედრო ექსპერტების ანალიზზე დაყრდნობით შემთხვევა CNN-მა გამოიძია. გამოძიების მიხედვით, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ციხეზე თავდასხმა HIMARS-ით მომხდარიყო. ფოტო და ვიდეო მასალები ასევე მიანიშნებს, რომ ხანძარი, რომელმაც ტყვეები იმსხვერპლა, შენობის შიგნიდან გაჩნდა.

HIMARS-ი შორი მანძილის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებია, რომლებიც უკრაინას აშშ-მა გადასცა. CNN აღნიშნავს, რომ HIMARS-ით განხორციელებული სხვა შეტევების შემდეგ მიწაზე შესამჩნევი კრატერები და განადგურების უფრო დიდი მასშტაბი შეიმჩნევა. მაგალითისთვის მოყვანილია ნოვა კახოვკაში HIMARS-ით განადგურებული საწყობის სატელიტური ფოტოები შეტევამდე და შეტევის შემდეგ.

Screenshot 2 4 ალტ-ინფოს ეთერში უკრაინელ ტყვეებზე 4 დეზინფორმაცია ვრცელდება
წყარო: CNN/Planet Labs/SkySat

საპირისპიროდ ოლენივკას კომპლექსის საწყობის შენობის დაზიანება გაცილებით მცირეა.

Screenshot 3 5 ალტ-ინფოს ეთერში უკრაინელ ტყვეებზე 4 დეზინფორმაცია ვრცელდება
წყარო: CNN/Maxar

CNN-თან საუბარში შეიარაღების ექსპერტმა კრის კობ-სმითმა აღნიშნა, რომ HIMARS-ით თავდასხმის შემთხვევაში შენობა სრულად განადგურდებოდა. მისი თქმით, შენობის სტრუქტურაზე ან სხეულებზე არ ჩანს აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანება და დაზიანებები ფართოდ გავრცელებული ძლიერი ცეცხლის შედეგს ჰგავს.

კრის კობ-სმითი: “ვიდოებში არსად არის კრატერი, საწოლები არ გამოძრავებულა, სვეტები დაზიანებული არ არის, თუმცა ჩანს ხანძრისგან მიყენებული მასშტაბური ზიანი. ეს რომ სარაკეტო სისტემიდან მიყენებული იერიში ყოფილიყო, ვნახავდით კრატერებს, სახურავი და კედლები ჩამონგრეული იქნებოდა, ადამიანების სხეულები – აფეთქებული.”

CNN-თან საუბარში ერთ-ერთი ტყვე აზოველის დედამ, ინა ზატოლაკამ, აღნიშნა, რომ ოლენივკაში ტყვეებს სარაკეტო იერიშის და აფეთქების ხმა არ გაუგიათ და როგორც ჩანს, საწყობში ინტენსიური ხანძარი დაიწყო. თავდასხმის მეორე დღეს უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც, უწყების ცნობით, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ორ მებრძოლს შორის საუბარს ასახავს. ჩანაწერში ერთ-ერთი მოსაუბრე ამბობს, რომ რაკეტის ჩვეული ხმა არ გაუგიათ, ამის ნაცვლად ადგილზე სამი აფეთქების ხმა გაისმა და სავარაუდო იყო, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები შენობაში წინასწარდ დაამონტაჟეს. 

CNN-თან საუბარში ექსპერტები ამბობენ, რომ მტკიცებულებები შენობის შიგნით გაჩენილ უეცარ და მძლავრ ხანძარზე მიანიშნებს. თავდაცვის დაზვერვის ჯგუფი, Janes-ი, რომელიც ღია წყაროებიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაზე მუშაობს, ამბობს, რომ შენობის კედლებსა და სახურავზე რაკეტით მიყენებულ სტრუქტურული დაზიანებები არ ჩანს, მაგრამ იკვეთება ძალიან მაღალი ტემპერატურის შედეგად მიყენებული დაზიანება.

გერმანელი პათოლოგოანატომის ბენჯამინ ონდრუშკას თქმით, მართალია მხოლოდ დაღუპულთა სრული აუტოფსიის შემდეგ შეიძლება გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა, თუმცა შემთხვევის ადგილის ფოტოები მიანიშნებს, რომ ცეცხლის ტემპერატურა სულ მცირე 300 გრადუსი იყო. მისივე აზრით, რაღაც უშუალოდ დამწვარი ადამიანების სიახლოვეს აფეთქდა, დეტონაცია და შემდეგ ხანძარი გამოწვია.

CNN-ი ასევე აღნიშნავს, რომ სამხილები, სატელიტური ფოტოები, ე.წ დონეცკის სახალხო რეპუბლიკის მებრძოლების საუბარი და ოლენივკაში დატყვევებული აზოველების ოჯახის წევრების ჩვენებები მიანიშნებს, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ოლენივკას კომპლექსის ციხის ძირითადი ბარაკებიდან დატყვევებულების ნაწილი, დაახლოებით 200 ადამიანი კომპლექსის “ინდუსტრიულ ზონაში” საწყობის შენობაში გადაიყვანეს. იგივეს აცხადებს უკრაინული მხარეც.

Screenshot 4 6 ალტ-ინფოს ეთერში უკრაინელ ტყვეებზე 4 დეზინფორმაცია ვრცელდება
წყარო: CNN
  • გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ჯარისკაცს კასტრაციას უკეთებენ, არა რუსი, არამედ უკრაინელი სამხედრო ტყვეა

“განსხვავებული აზრის” წამყვანი, ზაზა დავითაია, ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცს კასტრაცია გაუკეთეს და ამის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. 2022 წლის აპრილში რუსი სამხედრო კორესპონდენტი იური კატიონოკი ასევე ამტკიცებდა, რომ უკრაინელები რუს ტყვეებს კასტრაციას უკეთებენ, ვიდეოზე იღებენ შემდეგ კი ამ ვიდეოებს ტყვეების ოჯახის წევრებს უგზავნიან. თუმცა განცხადებას მტკიცებულებები არ ახლავს.

ალტ-ინფოს გადაცემაში კადრების სიმძიმის გამო, ვიდეო ნაჩვენები არ არის, თუმცა დავითაია ახსენებს სპეციფიკურ დეტალს, სამხედროს კასტრაცია საკანცელარიო დანით გაუკეთეს. აღსანიშნავია, რომ 28 ივლისს რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, რომელზეც უკრაინელი სამხედრო ტყვის კასტრაციია და შემდგომში მისი დახვრეტაა ასახული. ერთ-ერთი ვიდეოს მცირე მონაკვეთი, სადაც სწორედ საკანცელარიო დანა ჩანს, ტელეგრამ-არხმა АSTRA-მ გამოაქვეყნა.

Screenshot 5 6 ალტ-ინფოს ეთერში უკრაინელ ტყვეებზე 4 დეზინფორმაცია ვრცელდება

АSTRA-მ ასევე დაწერა, რომ სამხედრო რომელიც უკრაინელ ტყვეს გენიტალიებს აჭრის ჩეჩნების დაჯგუფების “ახმატის” წევრია და ის RIA Novosti-ის ვიდეოში ამოიცნეს. ტელეგრამ-არხის აღწერის მიხედვით, АSTRA დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების პროექტია. 

უკრაინელი სამხედრო ტყვის წამების ამსახველი ვიდეოები Bellingcat-მა გამოიძია. გამოცემის თანახმად, უკრაინელი სამხედროს წამების და სიკვდილით დასჯის ვიდეოები თავდაპირველად რუსულ ტელეგრამზე გავრცელდა, რომელიც უკრინელი სამხედროების სიკვდილს აღნიშნავს, მოგვიანებით ვიდეოები გადააზიარა ტელეგრამ არხმა Rosich,  რომელიც რუს ნაციონალისტ დაქირავებული მებრძოლებს ეკუთვნის. თავდაპირველად არხის ადმინისტრატორებმა ვიდეოები დადებითად შეაფასეს, თუმცა რამდენიმე საათში ვიდეოები წაიშალა. იმავე ადმინისტრატორების თქმით, ვიდეო უცხოელების მიერ იყო გაკეთებული და პრო-რუსულ არხებში უკრაინის აგენტებმა რუსული არმიის დისკრედიტაციისთვის გაავრცელეს.

Bellingcat-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ვიდეოები ლუგანსკის რეგიონში, სანატორიუმ პრივილიას ტერიტორიაზე იყო გადაღებული. ვიდეოს ანალიზის შედეგად Bellingcat-მა წამების შემთხვევა ჩეჩნების სამხედრო დაჯგუფებას “ახმატს” დაუკავშირა. გარდა ამისა გამოცემამ იმ მებრძოლის იდენტიფიცირებაც შეძლო, რომელმაც უკრაინელ ტყვეზე იძალადა და კასტრაცია გაუკეთა. ამ მებრძოლს წამების ვიდეოში დამახასიათებელი ქუდი (კოვბოის ქუდი), აქსესუარები და სამხედრო სიმბოლიკა ეკეთა, იმავე აღწერილობის კაცი არაერთხელ გამოჩნდა დაჯგუფება “ახმატის” შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში.

Screenshot 6 6 ალტ-ინფოს ეთერში უკრაინელ ტყვეებზე 4 დეზინფორმაცია ვრცელდება
კადრი წამების ვიდეოდან. წყარო: Bellingcat
Screenshot 7 6 ალტ-ინფოს ეთერში უკრაინელ ტყვეებზე 4 დეზინფორმაცია ვრცელდება
კადრები RT-ს სიუჟეტიდან “ახმატის” მებრძოლების შესახებ. წყარო: Bellingcat

Bellincat-ი იდენტიფიცირებული მებრძოლის ვინაობას არ ასაჯაროებს და ფოტოებში მის სახეს მალავს, თუმცა გამოცემამ მასთან დაკავშირება მოახერხა. Bellingcat-თან საუბარში მან აღიარა, რომ ის უკრაინაში დაჯგუფება “ახმატის” რიგებში იბრძოდა და ახალი ამების სიუჟეტებში კოვბოის ქუდიც სწორედ მას ახურავს, თუმცა უკრაინელი სამხედროს წამებაში მონაწილეობა უარყო. საუბარში მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში დაბრუნების შემდეგ ის 2 დღით FSB-მ დააკავა და წამების შემთხვევასთან დაკავშირებით დაკითხა. “ახმატის” მებრძოლის თქმით, FSB-მ უთხრა, რომ ვიდეო უკრაინელი სამხედროების მიერ უკრაინელი სამხედროს წამებას ასახავს. გამოცემა აღნიშნავს, რომ “ახმატის” მებრძოლთან საუბარში რამდენიმე შეუსაბამობა გამოიკვეთა.

Bellingcat: მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი სხვადასხვა ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ხელში ავტომატური იარაღით ჩანს, ის აცხადებს, რომ ჯარისკაცი არ ყოფილა და უბრალოდ იმ ჟურნალისტების ესკორტი იყო, რომლებიც “ახმატის” შესახებ ვიდეობს იღებდნენ, მისივე თქმით, ამ ვიდეოებიან ხუთში თავადაც ჩნდება.
თუ [წამების] ვიდეოში უკრაინელი ჯარისკაცები არიან, როგორც მისი მტკიცებით FSB-მ უთხრა, მას არ აუხსნია, როგორ მოხდა, რომ ჯარისკაცს ამ ვიდეოში ისეთივე ქუდი, სამაჯური, ლენტი და ფორმა აქვს, როგორიც მას “ახმატის” ვიდეოებში. ის ასევე ამტკიცებს, რომ არასოდეს უნახავს და ახმატს არასოდეს გამოუყენებია თეთრი მანქანა, რომელიც წამების ვიდეოში ჩანს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ [ჟურნალისტ] პატრიკ ლანკასტერის ვიდეოში ამ მანქანის გვერდით დგას.

29 ივლისს უკრაინელი სამხედროს წამების ვიდეოსთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა ომის წესებისა და კანონების დარღვევის მუხლით გამოძიება დაიწყო.

  •  უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო ძალების მეთაურს არ უთქვამს, რომ რუსი სამხედროების კასტრაცია უნდა მოხდეს

გადაცემაში ტრისტან წითელაშვილის თქმით, “უკრაინის ჯარების მთავარმა ექიმმა” განაცხადა, რომ ყველა რუსი ტყვის კასტრაცია უნდა მოხდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო ძალების მეთაურს, ტეტიანა ოსტაშენკოს რუსი სამხედროების კასტრაციის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. 2022 წლის მარტში მსგავსი განცხადება მოხალისეების პროექტის “მობილური ჰოსპიტალის” ხელმძღვანელმა, ექიმმა გენადი დრუზენკომ გააკეთა. დრუზენკომ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ განცხადება ემოცირურ ფონზე გააკეთა. ოფიციალური განცხადება “მობილურმა ჰოსპიტალმაც” გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, რუსი სამხედროების სტერილაზიის შესახებ ემოციური განცხადება რუსულმა მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელა. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ “მობილური ჰოსპიტალი” არასოდეს აკეთებდა და არც აპირებს რუსი სმხედროების სტერილიზაციას.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist