“ალტ-ინფოს” დეზინფორმაცია, თითქოს აშშ-ის დახმარების ნაწილი საქართველომ ვალად აიღო

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

“ალტ-ინფოს” დეზინფორმაცია, თითქოს აშშ-ის დახმარების ნაწილი საქართველომ ვალად აიღო
72
VIEWS

4 იანვარს ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” გადაცემაში  “ალტერნატიული ხედვა” მიწვეულმა სტუმრებმა პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” წევრებმა ზურაბ მახარაძემ, გიორგი ქარდავამ და ირაკლი მარტინენკომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებებზე ისაუბრეს. 5 იანვარს აღნიშნული გადაცემის ეს ფრაგმენტი, რომელიც უშუალოდ ამერიკულ დახმარებებს შეეხებოდა, ამავე არხის ფეისბუკ გვერდზე, ასევე “ალტ-ინფოს” მხარდამჭერ პლატფორმაზე “კონსერვატორი”  გავრცელდა.  ქარდავას განცხადებით, ამერიკის მთავრობა საქართველოს 30 წლის განმავლობაში გრანტისა და კრედიტის სახით 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობით დაეხმარა. როგორც ქარდავა ამტკიცებს, აღნიშნული თანხიდან, დახმარების ნაწილი ვალია, რომელიც აშშ-ს უკან უნდა გადავუხადოთ.

"

გიორგი ქარდავას მტკიცება, თითქოს აშშ-ის დახმარების ნაწილი კრედიტია, რომელიც უკან უნდა დავაბრუნოთ, დეზინფორმაციაა. დახმარებები ქვეყნებისთვის აშშ-ის მიერ არაანაზღაურებადი გრანტების სახით გაიცემა და 28 წლის განმავლობაში დახმარების რაოდენობა 4.3 მილიარდ დოლარდზე მეტს შეადგენს.

2000-იანი წლების დასაწყისში საქართველო ევროპასა და აზიაში ერთ სულ მოსახლეზე დახმარების მიმღები ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა. 1992-დან 2020 წლის ჩათვლით, 28 წლის განმავლობაში საქართველომ აშშ-დან ჯამში 4 348 400 000 დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარება მიიღო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებისთვის გამოიყო. აშშ-ის ფინანსებიდან ნაწილს ჰუმანიტარული დახმარება წარმოადგენდა, მათ შორის 90-იან წლებში ჰუმანიტარული დახმარების წილი 40% იყო. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გამოყოფილი ფინანსური დახმარება ასახულია კონგრესის განახლებულ 2021 წლის ანგარიშში, რომლის მიხედვითაც 90-იან წლებში აშშ-მა საქართველოს 860 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია. 2001-2007 წლებში ამერიკიდან დახმარება 945 მილიონ დოლარს შეადგენდა, დამატებით კი 2005 წელს საქართველომ მიიღო “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” გრანტები, რაც გზების, მილსადენების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და აგრობიზნესის განვითარებისკენ იყო მიმართული. აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აშშ-მა დაახლოებით 1 მილიარდის დახმარების პაკეტი გამოყო. 2017 წლიდან კი სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის დახმარება წელიწადში საშუალოდ 123 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წლის ბიუჯეტში საქართველოსთვის დახმარების სახით 120 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა ითხოვა. აქედან 88 მილიონი აშშ დოლარი ევროპის და ევრაზიის ფონდიდან უნდა გამოიყოს და დახმარება ქვეყნის დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და კრემლიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის შემუშავებას უნდა მოხმარდეს. საერთაშორისო სამხედრო განათლების და წვრთნისათვის გამოყოფილი დახმარებიდან საქართველოს 2 200 000 უნდა გადაეცეს, რაც უსაფრთხოების გაძლიერებას, აშშ-ს, ნატოს და ევროპის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ფუნქციონალური თავსებადობის გაზრდას და რუსეთის აგრესიასთან გამკლავებას უნდა მოხმარდეს. საგარეო სამხედრო დაფინანსებისათვის გამოყოფილი დახმარებიდან საქართველო დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, რაც ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად აღჭურვილობას და წვრთნებს მოხმარდება. ნარკოტიკებთან ბრძოლისა და ამ მიმართულებით სამართალდამცავი სტრქტურების გაძლიერების პროგრამით საქართველო 4 400 000 აშშ დოლარს მიიღებს, ხოლო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის, ტერორიზმთან ბრძოლის და განაღმვის პროგრამიდან 1 მილიონ აშშ დოლარს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის ფინანსურ დახმარებას ორმხრივ ფორმატში გრანტების სახით იღებს და არა კრედიტების, შესაბამისად სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს მიღებული თანხის ნაწილი ვალია და აშშ-ს უკან უნდა დავუბრუნოთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო დახმარების თითქმის მთლიანი ნაწილი გრანტის ფორმით გაიცემა. მაშინ, როდესაც 80-იან წლებამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვის გაწეული ფულადი დახმარების 32% სესხი იყო, 80-იანი წლების შემდეგ პროცენტულმა წილმა საკმაოდ დაიწია და 2001 წლისთვის სესხები უკვე დახმარების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების ხედვით, საგარეო დახმარება განვითარებადი ქვეყნებისთვის არ უნდა დაემატოს იმ საგარეო ვალის ტვირთს, რაც მათ უკვე ისედაც აქვთ.

რაც შეეხება სახელმწიფოს საგარეო ვალს, საქართველოს კრედიტორები ძირითადად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან, ხოლო ორმხრივი კრედიტორებიდან – გერმანია. 2021 წლის ივნისის მდგომარეობით აშშ-სთვის გადასახდელი ვალის ნაშთი 15.1 მილიონი აშშ დოლარია.

მსგავსი გზავნილები იმის შესახებ, რომ ამერიკის დახმარება უმნიშვნელოა და ის საქართველოს რიგით მოქალაქეებს არ ხმარდება, ადრეც ვრცელდებოდა. აშშ-ის დახმარებების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist