ალტ-ინფო უკრაინის შესახებ სტოლტენბერგის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

310
VIEWS

13 ივნისს ტელეკომპანია ალტ-ინფოს ფეისბუქ გვერდზე უკრაინის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადების შესახებ ინფორმაცია და ციტატა გამოქვეყნდა. იდენტური პოსტი ალტ-ინფოს ერთ-ერთმა წამყვანმა შოთა მარტინენკომ საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზეც გამოაქვეყნა.  აღწერის მიხედვით, სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტერიტორიებს დათმობს უკრაინა, ხოლო NATO ქვეყანას “ყველაზე დაბალი ფასის” გადახდაში ეხმარება.  

პოსტში გამოყენებულია სტოლტენბერგის შემდეგი ციტატა: „უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელია. საკითხავია, რის ფასად. რამდენი ტერიტორიის, თავისუფლებისა და დემოკრატიის გადასახდელად ვართ მზად ამ მშვიდობისთვის. ნატოს დახმარება რუსეთთან საომარი მოქმედებების დამასრულებელ მოლაპარაკებებზე უკრაინისათვის მეტნაკლებად მტკიცე პოზიციის მინიჭებას ემსახურება.”

იენს სტოლტენბერგის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება და მიზნად იმ გზავნილის დამკვიდრებას ისახავს, თითქოს ნატო უკრაინას ტერიტორიებს ათმობინებს. რეალურად, ნატოს გენერალურ მდივანს არ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის დასრულების ერთდაერთი გზა უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობაა. მან თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე ომზე პასუხისმგებელი მხოლოდ ვლადიმირ პუტინია და “უაზრო” ომიც მანვე უნდა დაასრულოს. სტოლტენბერგის მიხედვით, მშვიდობის დამყარება დანებებასაც შეუძლია, თუმცა უკრაინელები მშვიდობის გამო დამოუკიდებლობის დაკარგვაზე თანახმანი არ არიან, ხოლო ნატო-ს მიზანი მოლაპარაკების მაგიდასთან მათი პოზიციის მაქსიმალური გაძლიერებაა.  

იენს სტოლტენბერგმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლებლობაზე 12 ივნისს ფინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში სტოლტენბერგის პასუხი კითხვაზე – არის თუ არა უკრაინაში მშვიდობის დამყარება შესაძლებელი – არასრული სახით ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნატოს გენერალური მდივანი ომის დასრულების ერთადერთ გზად უკრაინის მიერ ტერიტორიულ დათმობას ასახელებს. 

რეალურად, სტოლტენბერგი მშვიდობის მიღწევის გზებს ვრცლად მიმოიხილავს. თავდაპირველად ის ორ სცენარს განიხილავს და აღნიშნავს, რომ თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს, ის, როგორც ევროპის სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებს.  ხოლო თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობის დამყარება შესაძლებელი იქნება. სტოლტენბერგი ამატებს, რომ მშვიდობა ყოველთვის შესაძლებელია, თუმცა საკითხავია, რის ფასად. მისი თქმით, დანებებასაც შეუძლია მშვიდობის მოტანა, მაგრამ, მისივე აზრით, ნათელია, რომ უკრაინელები არ აპირებენ დათანხმდნენ მშვიდობას ნებისმიერ ფასად და მზად არიან დამოუკიდებლობისთვის ძალიან მაღალი ფასი გადაიხადონ. 

იენს სტოლტენგერგი, ნატო-ს გენერალური მდივანი: “დიახ, მშვიდობა შესაძლებელია. საკითხავია, როგორი მშვიდობა? თუ უკრაინა გამოიყვანს საკუთარ ძალებს და შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ევროპაში. თუ პრეზიდენტი პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ ჩვენ გვექნება მშვიდობა. ასე რომ, რა თქმა უნდა, რომ მშვიდობა ყოველთვის შესაძლებელია. დანებებასაც შეუძლია მშვიდობის მოტანა. მაგრამ, როგორც დავინახეთ, უკრაინელები არ არიან თანახმა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად. სინამდვილეში, ისინი მზად არიან ძალიან მაღალი ფასი გადაიხადონ დამოუკიდებლობისთვის.”

ნატოს გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სანქციების ეფექტები ყველას ეხება, ყველაზე დიდ ფასს ამ ომში უკრაინა იხდის და შესაბამისად, მათივე გადასაწყვეტია, თუ რა ფასს გადაიხდიან  დამოუკიდებლობისთვის.

სტოლტენბერგი ამის შემდეგ მიმდინარე ომში რუსეთის პასუხისმგებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს:

იენს სტოლტენგერგი, ნატო-ს გენერალური მდივანი: “საუკეთესო გზა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად  პრეზიდენტი პუტინის მიერ ამ ომის დასრულებაა. ჩვენ ყოველ დილით, ყოველ დღე, ყოველ საათს უნდა გვახსოვდეს, ომზე პასუხისმგებელი ერთი ადამიანი, ერთი ერია – ეს არის პრეზიდენტი პუტინი. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს რთული დილემები, რთული არჩევანი, მაგრამ ეს დილემები პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში სასტიკმა შეჭრამ შექმნა და ისინი მისი მხრიდან ომის დასრულებით შეიძლება გადაიჭრას.”

სწორედ ამის შემდეგ, გამოსვლის მომდევნო ნაწილში სტოლტენბერგი საუბრობს, თუ რატომაა შეკითხვა “არის თუ არა მშვიდობა შესაძლებელი” არასწორი და სწორედ ამ კონტექსტში ფეისბუქზე გავრცელებულ ფრაზას აჟღერებს.

გავრცელებული ციტატა სრული ციტატა
უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელია. საკითხავია, რის ფასად. რამდენი ტერიტორიის, თავისუფლებისა და დემოკრატიის გადასახდელად ვართ მზად ამ მშვიდობისთვის. ნატოს დახმარება რუსეთთან საომარი მოქმედებების დამასრულებელ მოლაპარაკებებზე უკრაინისათვის მეტნაკლებად მტკიცე პოზიციის მინიჭებას ემსახურება. (…) კითხვა იმაში მდგომარეობს, რა პოზიცია ექნებათ უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მათ პოზიცია რაც შეიძლება ძლიერი გავხადოთ. 

(…) არის თუ არა მშვიდობა შესაძლებელი – ეს არაა შეკითხვა, შეკითხვა არის: რა ფასის გადახდისთვის ხარ მზად მშვიდობისთვის? რამდენი ტერიტორიის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების? რამდენი დემოკრატიის გასაწირად ხარ მზად მშვიდობისთვის? და ეს არის ძალიან რთული მორალური დილემა. და ის უნდა განსაჯონ მათ, ვინც ყველაზე მაღალ ფასს იხდის. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მათ დავეხმაროთ. 

აღსანიშნავია, რომ მარტინენკოს და ალტ-ინფოს მიერ მიერ გავრცელებულ ციტატაში გვხვდება ფრაზა “ნატოს დახმარება რუსეთთან საომარი მოქმედებების დამასრულებელ მოლაპარაკებებზე უკრაინისათვის მეტნაკლებად მტკიცე პოზიციის მინიჭებას ემსახურება” მაშინ, როდესაც სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთის პასუხისმგებლობაა მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის პოზიცია მაქსიმალურად გააძლიეროს.

იენს სტოლტენბერგის განცხადების შესახებ დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო, რუსეთი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist