17 მარტს ტელევიზია “ალტ-ინფოს” ფეისბუქ გვერდზე ალტ-Tv გადაცემა “ალტერნატიული ხედვის” ფრაგმენტი გამოქვეყნდა, სადაც პრო-რუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებელმა გიორგი ქარდავამ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა. ქარდავას თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყირიმის ტერიტორიიდან შემოსული რუსული ხომალდები კოდორის ხეობას ბომბავდნენ, ხოლო უკრაინას ამისთვის ხელი არ შეუშლია, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ყირიმი უკრაინის იურისდიქციაში შედიოდა. გიორგი ქარდავა საუბრობს იმის შესახებაც, რომ 2008 წლის ომის შემდეგ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ დაუწესებია. აქედან გამომდინარე ქარდავა ასკვნის, რომ საქართველო სწორად იქცევა, როცა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.
გადაცემის სრული ვერსია ეთერში 16 მარტს გავიდა, ხოლო პირდაპირი ეთერი ტელევიზიის ფეისბუქ და იუთუბ არხებეზეც მიმდინარეობდა.
გიორგი ქარდავას მტკიცებები აგვისტოს ომში უკრაინიდან წამოსული გემების მიერ კოდორის ხეობის დაბომბვისა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებში უკრაინის მონაწილეობის შესახებ მანიპულაციურია. რეალურად, 1997 წლიდან ყირიმის სევასტოპოლის პორტში რუსული ფლოტი იყო განლაგებული და მას რუსეთის მთავრობა აკონტროლებდა. ხოლო 2008 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საერთაშორისო საზოგადოებას არ დაუწესებია, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები აქტიურად 2014 წლიდან გამოიყენება.
-
ვინ აკონტროლებდა ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე სევასტოპოლის პორტს 2008 წელს?
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე სევასტოპოლის პორტიდან წამოსული სამხედრო გემები საქართველოს წინააღმდეგ ნამდვილად იბრძოდნენ, თუმცა სევასტოპოლის პორტში, უკრაინა-რუსეთის 1997 წლის შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვის რუსული ფლოტი იყო განლაგებული და მასზე უკრაინის კონტროლი არ ვრცელდებოდა.
2008 წლის 10 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ფლოტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით რუსული მედიასაშუალებები წერდნენ, რომ სევასტოპოლში მდებარე რუსული საზღვაო ბაზიდან რაკეტებით შეიარაღებული კრეისერი “Moskva” რამდენიმე საპატრულო და მომარაგებისთვის საჭირო გემთან ერთად საქართველოს საზღვაო საზღვართან ახლოს განლაგდა. რუსული მხარე აცხადებდა, რომ ფლოტის ამ მიმართულებით გადაადგილების მთავარი მიზანი ლტოლვილების დახმარება იყო. რუსული სამხედრო ფლოტის მაღალჩინოსანი ირწმუნებოდა, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს არ აწარმოებდა და რუსული გემები საქართველოს სასაზღვრო ზოლის ბლოკირებას არ ცდილობდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაშინდელი განცხადების მიხედვით, შავი ზღვის რუსულმა ფლოტმა კოდორის ხეობაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ 12 აგვისტოს რუსული მხარის მიერ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის არასამხედრო დანიშნულების მქონე ხომალდების გარდა, საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის 1993 წელს გადმოცემული ის ხომალდებიც განადგურდა, რომლებიც მწყობრიდან გამოსული იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, რუსულმა მხარემ საქართველოს ერთ გემს ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ გაუხსნა და ჩაძირა, რაც საქართველოს ხომალდებმა რუსულ ფლოტზე თავდასხმა ორჯერ სცადეს.
სევასტოპოლის პორტში რუსული საზღვაო ძალების განთავსების შესახებ შეთანხმებას ვადა 2017 წელს უნდა გასვლოდა. თუმცა 2010 წელს რუსეთისა და უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტებს დიმიტრი მედვედევისა და ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებით, შეთანხმება 2042 წლამდე გახანგრძლივდა.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინასთან სევასტოპოლის პორტის შესახებ დადებული შეთანხმება გააუქმა.
-
რატომ არ შეუერთდა უკრაინა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს 2008 წელს?
გიორგი ქარდავას მტკიცებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს იმიტომაც არ უნდა შეუერთდეს, რომ 2008 წლის შემდეგ უკრაინას იგივე არ გაუკეთებია და სანქციები რუსეთისთვის თავადაც არ დაუწესებია. რეალურად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქცია საერთაშორისო საზოგადოებას არ დაუწესებია, შესაბამისად, უკრაინა მათ ვერ შეუერთდებოდა.
რუსეთს საერთაშორისო სანქციები 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო დაუწესეს. მას შემდეგ ევროკავშირი და აშშ რუსეთის უკანონო ქმედებების შესაზღუდად სხვადასხვა ტიპის სანქციებს აწესებს, მათ შორის: დიპლომატიურ, ეკონომიკურ, ფინანსურ და პერსონალურ დონეზე. მაგალითად, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქიები 2014 წელს ყირიმის ანექსიის, 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის, სირიის მთავრობის მხარდაჭერის, სკრიპალებისა და ალექსეი ნავალნის ქიმიური იარაღით მოწამვლისა და ბოლოს, 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო დააწესა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.