ალტ-ინფო ტრანსგენდერი პატიმრის ქალთა ციხეში გადაყვანის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

104
VIEWS

30 იანვარს კრემლისტური მედია “ალტ-ინფოს” ვებ-გვერდზე შოტლანდიაში ტრანსგენდერი პატიმრის ქალთა ციხეში გადაყვანის შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია. “ალტ-ინფოს” თანახმად, ტრანსგენდერი პატიმარი ტიფანი სკოტი, რომელიც ბიოლოგიურად მამაკაცია და რომლის დანაშაულებრივი წარსულიც ციხის ქალ პერსონალზე თავდასხმასა და 13 წლის მოზარდზე “ნადირობას” მოიცავს, დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა მისი გენდერული იდენტობის შესაბამისად ქალთა ციხეში განთავსებას, რაზეც აქამდე უარს ეუბნებოდნენ, თუმცა ამჯერად მოთხოვნა დააკმაყოფილეს და მას მალე ქალთა ციხეში გადაიყვანენ. “ალტ-ინფოს” მასალაში წყაროდ ამერიკული ულტრამემარჯვენე გამოცემა Breitbart-ის მიერ 28 იანვარს გამოქვეყნებული მასალა აქვს მითითებული.

Screenshot 2 ალტ-ინფო ტრანსგენდერი პატიმრის ქალთა ციხეში გადაყვანის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

“ალტ-ინფოს” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს ტიფანი სკოტს ქალთა ციხეში განთავსების მოთხოვნა დაუკმაყოფილეს, სიმართლეს არ შეესაბამება. 30 იანვარს, “ალტ-ინფოს” სტატიის გამოქვეყნების დროს, უკვე ცნობილი იყო, რომ შოტლანდიის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პენიტენციური სამსახურის პოლიტიკის გადახედვის დასრულებამდე, ქალთა მიმართ ძალადობის ისტორიით, არც ერთი ტრანსგენდერი პატიმარი ქალთა ციხეში გადაყვანილი არ იქნება. ეს ზომები ტიფანი სკოტსაც შეეხება.

ინფორმაცია, რომ შოტლანდიაში ტრანსგენდერი პატიმრის, ტიფანი სკოტის მისი სოციალური გენდერის შესაბამისად ქალთა ციხეში გადაყვანის გადაწყვეტილება იყო მიღებული, პირველმა ტაბლოიდმა Тhe Daily Record-მა 28 იანვარს გაავრცელა. გამოცემის ცნობით, სკოტს ქალთა ციხეში მიმდინარე წელს გადაიყვანდნენ. გამოცემა Breitbart-იც, რომელიც “ალტ-ინფოს” სიახლის წყაროა, თავის მასალაში Тhe Daily Record-ს ეყრდნობა. 30 იანვარს, როცა “ალტ-ინფომ” ტიფანი სკოტის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, უკვე ცნობილი იყო, რომ შოტლანდიაში ყველა ტრანსგენდერი პატიმრის, მათ შორის ტიფანი სკოტის, გენდერული იდენტობის შესაბამის ციხეებში გადაყვანის პროცესი შეჩერდა. ინფორმაცია, რომ ტიფანი სკოტი კაცების ციხეში დარჩებოდა თავად Тhe Daily Record-მაც 29 იანვარს გამოაქვეყნა.

  • ტიფანი სკოტის შემთხვევა

ტიფანი სკოტი (წარსულში ენდრიუ ბარნსი) განუსაზღვრელი ვადის სასჯელის იხდის, რადგან ის უვადო შეზღუდვის ბრძანებას (order for lifelong restriction) ექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ სკოტს მხოლოდ მაშინ გაათავისუფლებენ, როცა ის “საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის უმართავ საფრთხედ” აღარ იქნება შეფასებული. ტიფანი სკოტს ეს სასჯელი 2013 წელს მიუსაჯეს, მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ 13 წლის გოგოს საკნიდან წერილებს უგზავნიდა, რაც არასრულწლოვანის ადევნებად განიხილება. გარდა ამისა სასჯელის მოხდის პერიოდში სკოტის მხრიდან ციხის პერსონალზე ფიზიკური ძალადობის რამდენიმე შემთხვევა მოხდა: სკოტმა ციხის ექთანს სკამი ესროლა, ერთ ბადრაგს სახეში ჩაარტყა, კიდე ერთ ბადრაგს კი შეაფურთხა და მისი კბენა სცადა.

სკოტის ქალთა ციხეში გადაყვანის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას რიგი პოლიტიკოსებისგან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. შოტლანდიური კონსერვატიული პარტიისა და პარლამენტის წევრმა რეიჩელ ჰამილტონმა აღნიშნა, რომ სკოტი პატიმარი ქალებისთვის დიდ რისკს წარმოადგენდა. შოტლანდიური კონსერვატიული პარტიის წევრები სკოტის ქალთა ციხეში გადაყვანის პროცესის შეჩერებას ითხოვდნენ. სკოტის ქალთა ციხეში გადაყვანის საკითხი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის წევრმა აშ რეიგანმაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საშიში დამნაშავე, რომელიც ციხის ქალს პერსონალს თავს რამდენჯერმე დაესხა და ასევე საკნიდან ბავშვს წერილებს უგზავნიდა, ქალთა ციხეში არ უნდა იყოს გადაყვანილი.

29 იანვარს შოტლანდიის იუსტიციის მინისტრმა, კით ბრაუნმა ციხეებში პატიმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შოტლანდიის პენიტენციურმა სამსახურმა ტრანსგენდერი პატიმრების ციხეში განთავსების საკითხთან დაკავშირებით თავისი პოლიტიკის გადასინჯვა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს, პატიმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრომ დამატებითი ზომების მიღება გადაწყვიტა.

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, არც ერთ ტრანსგენდერ პატიმარს, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის და ქალთა მიმართ ძალადობის ისტორია აქვს, ქალთა ციხეში არ გადაიყვანენ. იგივე პოლიტიკა გავრცელდება ახლად მსჯავრდადებულ ტრანსგენდერ ადამიანებზე ქალთა მიმართ ძალადობის ისტორიით.

კით ბრაუნის განმარტებით, შოტლანდიის პენიტენციური სამსახურის ტრანსგენდერ პატიმრებთან დაკავშირებული გადამუშავებულ პოლიტიკას უახლოეს თვეებში გამოაქვეყნებს.

  • აილა ბრაისონის შემთხვევა

განსაკუთრებული ყურადღება, რომელიც ტიფანი სკოტის შემთხვევამ მიიქცია, იმითაც არის განპირობებული, რომ ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთი ტრანსგენდერი პატიმარი, აილა ბრაისონი (წარსულში ადამ გრაჰამი), რომელიც 2016 და 2019 წლებში გაუპატიურების ორ შემთხვევისთვის დამნაშავედ ცნეს, ქალთა ციხეში გადაიყვანეს. მან ტრანზიციის პროცესი სასამართლოს პროცესის მოლოდინისას დაიწყო და ახლა აილა ბრაისონის სახელით ცხოვრობს. სასჯელის გამოცხადებამდე ის სტირლინგში არსებულ ქალთა ციხეში გადაიყვანეს, სადაც დანარჩენი პატიმრებისგან იზოლირებული იყო. გადაწყვეტილება, თუ საბოლოოდ რომელ ციხეში გადაიყვანდნენ ბრაისონს, რისკების შეფასების შემდეგ უნდა ყოფილიყო მიღებული. თუმცა ბრაისონის შემთხვევას მწვავე კრიტიკა მოჰყვა და შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტარჯონმა განაცხადა, რომ ბრაისონს კაცების ციხეში გადაიყვანდნენ.

  • შოტლანდიის პენიტენციური სამსახურის ამჟამინდელი პოლიტიკა ტრანსგენდერ პატიმრებთან დაკავშირებით

შოტლანდიის პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც პატიმარი გენდერული ტრანზიციის პროცესს გადის, იმის გადასაწყვეტად, თუ რომელ ციხეში განთავსდება იგი, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და რისკების შეფასება ხდება. აქედან გამომდინარე ზოგიერთი პატიმარი თავისი სოციალური გენდერის შესაბამის ციხეშია განთავსებული, ზოგიერთი კი არა. პენიტენციური სამსახურის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, რომელიც მეორე კვარტლის (ივლისი-სექტემბერი) მონაცემებს შეიცავს, შოტლანდიის ციხეებში 15 ტრანსგენდერი პატიმარი იყო, მათგან 4 ტრანსგენდერი კაცი და 11 ტრანსგენდერი ქალი. ერთი ტრანსგენდერი კაცი კაცების ციხეში იყო განთავსებული, 4 – ქალების; 6 ტრანსგენდერი ქალი კაცების ციხეში იყო განთავსებული, 5 – ქალების. პენიტენციური სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ყველა ტრანსგენდერი პატიმარი ერთკაციან საკანში იყო განთავსებული.

გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით შოტლანდიის პენიტენციური სამსახურის მიერ 2014 წელს მიღებული პოლიტიკის მიხედვით, ტრანსგენდერი პატიმრების ციხეში განთავსებისთვის თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული.

იმ შემთხვევებში, როდესაც ტრანსგენდერი პატიმარი მეტწილად დაბადების დროს მინიჭებული გენდერის შესაბამისად აგრძელებს ცხოვრებას, ის ამ გენდერის შესაბამის საპატიმროში უნდა განთავსდეს. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც პატიმარი ტრანზიციიას გადის და ახალი სოციალური გენდერით ცხოვრობს, ჩვეულებრივ ის მისი სოციალური გენდერის შესაბამის ციხეში უნდა განთავსდეს. ტრანსგენდერი ქალები ავტომატურად სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის მაღალი რისკის მატარებლებად არ უნდა იყვნენ მიჩნეული, თუმცა იმ შემთხვებაში, როცა არსებობს ცხადი მტკიცებულებები, რომ ასეთი რისკები არსებობს, მაშინ ამ პირთან მიდგომა უნდა იყოს ისეთი, როგორც მაღალი რისკის მქონე ნებისმიერი სხვა შემთხვევის დროს იქნებოდა.

პენიტენციური სამსახურის დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერი პატიმარი აუცილებლად ერთკაციან საკანში უნდა განთავსდეს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ციხის განყოფილების მენეჯერის შეფასებით, საკნის გაზიარება უსაფრთხო იქნება როგორც ტრანსგენდერი, ასევე მეორე პატიმრისთვის.

როგორც უკვე აღინიშნა, ამჟამად შოტლანდიის პენიტენციური სამსახურის მიდგომების გადახედვა მიმდინარეობს და პროცესი უახლოეს თვეებში დასრულდება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist