2021 წლის 23 ნოემბერს ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” გადაცემა ალტ-ანალიტიკის წამყვანმა შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ ევროსაბჭოში და ევროკავშირში ინტეგრაცია იდენტობისა და ეროვნული მენტალიტეტის გაქრობის ტოლფასი იქნება. ამის საპირისპიროდ კი საბჭოთა კავშირი ასეთ საკითხებში ფაქტიურად ვერ ერეოდა.
შოთა მარტინენკო: „ამ შემთხვევაში ავტონომიურობის ხარისხი განუზომლად ნაკლებია იქედან გამომდინარე, რომ ევროსაბჭოში, ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს იდენტობის და ეროვნული მენტალიტეტის გაქრობას, განსხვავებით მაშინ არსებული მოცემულობისგან სადაც, მაგ საკითხში საბჭოთა კავშირი ფაქტიურად ვერ ერეოდა. მაშინ იმ საკითხში, რომ ქართული იდენტობა გქონდა თუ არ გქონდა ჩარევა ვერ ხერხდებოდა. საერთოდ მასეთ სივრცეს ნაკლებად ახერხებდა, მასეთი სივრცის ათვისებას საბჭოთა კავშირი და ეხლა ევროკავშირი და დასავლეთი პირდაპირ გულისხმობს ქართული და ეროვნული ზოგადად იდენტობების და რელიგიური იდენტობების გაქრობას, ამიტომ მაგ საკითხში ავტონომიურობა ეხლა გაცილებით ნაკლებ იგულისხმება, ვიდრე მაშინ იგულისხმებოდა.“
შოთა მარტინენკოს განცხადება მანიპულაციურია და რეალობას არ შეესაბამება. ევროკავშირი და ევროსაბჭო არა თუ ებრძვის, არამედ სხვადასხვა საქმიანობით ეხმარება წევრ სახელმწიფოებს შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა და იდენტობა. ამის საწინააღმდეგოდ საბჭოთა კავშირი მრავალ სხვადასხვა გზას მიმართავდა იმისათვის, რომ წაეშალა სხვადასხვა სახელმწიფოს/ერის ეროვნული იდენტობის ნიშნები (ენა, რელიგია, კულტურა და სხვა).
- ენის დაცვა ევროსაბჭო/ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირში
ენა ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ევროკავშირი და ევროსაბჭო ენობრივად საკმაოდ მრავალფეროვანია. მის წევრ სახელმწიფოებში არა მხოლოდ ერთ, არამედ ხშირად სხვადასხვა მცირე ენებსაც ვხვდებით. ორივე ორგანიზაცია აქტიურად უწყობს ხელს თითოეული ენის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას, ვინაიდან და რადგანაც მრავალი მათგანი გაქრობის პირას დგას.
1954 წელს ევროპის საბჭოს საქმიანობის ფარგლებში ევროპის კულტურული კონვენცია შეიქმნა, რომელსაც შემდგომში საქართველომაც მოაწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით ცხადია, რომ ევროპის საბჭო ხელმომწერ სახელმწიფოებს მოუწოდებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ ერთმანეთის და საერთოდ ევროპის კულტურის შენარჩუნებაში. დოკუმენტის უშუალოდ მე-2 თავი სწორედ ენის საკითხს ეხება:
ევროპის კულტურული კონვენცია, თავი 2: “ა) ხელს შეუწყობს თავის მოქალაქეებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ენების, ისტორიის, ცივიილზაციის, კულტურის შესწავლაში და შეუქმნის სათანადო პირობებს თავის ტერიტორიაზე სხვა ხელშემკვრელ მხარეთა წარმომადგენლებს თავისი ენის, ისტორიისა და ცივილიზაციის შესასწავლად; ბ) ისწრაფვის ხელი შეუწყოს თავისი ენის თუ ენების, ისტორიის, ცივილიზაციის სწავლებას სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე და სათანადო პირობებს უქმნის ამ უკანასკნელთა მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე მსგავსი სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად.”
ევროპის კულტურული კონვენცია, ხელმოწერილია 1954 წელს
აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი არა მხოლოდ ენების შენარჩუნებას, არამედ ზოგადად ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას ეხება. მის შესავალ ნაწილში ვკითხულობთ:
“გადაწყვიტეს რა დადონ საერთო ევროპული კულტურული კონვენცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეების მიერ, აგრეთვე იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ, რომლებიც შეიძლება შემდეგ შეუერთდნენ ევროპის საბჭოს, სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ენების, ისტორიისა და კულტურის, აგრეთვე საერთო ევროპული ცივილიზაციის შესწავლის ხელშეწყობა”
ლინგვისტური მრავალფეროვნების აქტიურ შენარჩუნებას ცდილობს ასევე ევროკავშირი. ევროპის პარლამენტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ ენობრივი მრავალფეროვნება და მისი დაცვა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა.
ევროკავშირის მიერ ენათა მრავალფეროვნების პატივისცემა მისი დამფუძნებელი დოკუმენტიდანვე მომდინარეობს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ლინგვისტურ განსხვავებებსა და სიმდიდრეს.
ხელშეკრულება ევროპის კავშირის შესახებ, თავი 3: “იგი [ევროკავშირი] პატივს სცემს მის მდიდარ კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებას და უზრუნველყოფს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას.”
ევროპის კავშირის ვებ-გვერდი, “მულტილინგუალიზმი ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი პრინციპია”
ევროპის კავშირისა და ევროსაბჭოსგან განსხვავებით ენის მიმართულებით განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდა საბჭოთა კავშირს. თავდაპირველად, ლენინის პოლიტიკით ენათა მრავალფეროვნება შენარჩუნდა და მათი განვითარება მიმდინარეობდა, თუმცა შემდგომში სსრკ-მა აქტიურად დაიწყო რუსიფიკაციის პროცესი, რაც რუსული ენის წინ წამოწევაში გამოიხატა. აღნიშნული მნიშვნელოვანი იყო ერთიანობის შექმნასა და გაძლიერებაში, მანამდე კი სხვა ენებს ყურადღება ძირითადად იმიტომ ეთმობოდა, რომ მრავალი არარუსი ადამიანი კომუნისტური იდეალებისკენ მათი მშობლიური ენის გამოყენებით მოეზიდათ.
საბჭოთა კავშირი როგორც კანონის, ისე პრაქტიკულ დონეზე ებრძოდა სხვადასხვა ენებს და ცდილობდა მათ აქტიურ რუსიფიკაციას. პრაქტიკულ დონეზე ძირითადად ცენზურა გამოიყენებოდა, კანონის დონეზე მოქმედებას კი კარგად გვიჩვენებს 1978 წლის მოვლენები, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციიდან ქართული როგორც სახელმწიფო ენა ამოეღოთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მრავალმა ადამიანმა გააპროტესტა 14 აპრილის დემონსტრაციით, რამაც საბოლოოდ ხელისუფლება აიძულა, რომ ცვლილება აღარ განხორციელებულიყო.
სტალინის, კოლექტივიზაციის პერიოდში რუსიფიკაციის პროცესი დაიწყო, თუმცა ის საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებამდე გაგრძელდა, განსაკუთრებით კი 80-იან წლებში, როდესაც გაჩნდა იდეას საბჭოთა ხალხის ჩამოყალიბების, რომლის მშობლიური ენა რუსული იქნებოდა. ეს პროცესი ხშირად ძალადობრივად ხორციელდებოდა, რამაც ბევრი ენა საოჯახო ენად აქცია, ადგილობრივ ეთნიკურ უმცირესობებს შორის კი (მაგ. საქართველოში) რუსული ერთმანეთში მთავარ საკომუნიკაციო ენად.
- რელიგიის დაცვა ევროსაბჭო/ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირში
რელიგიაც ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ საბჭოთა კავშირში არა თუ რომელიმე რელიგიის პოპულარიზაცია ან უბრალოდ შენარჩუნება ხდებოდა, არამედ, პირიქით, ხელისუფლება მოწოდებული იყო, რელიგია მაქსიმალურად ედევნა.
საბჭოთა კავშირის პერიოდში რელიგიური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ასეთი ღონისძიების ფარგლებში სრულად განადგურდა მრავალი ეკლესია, მეჩეთი თუ სინაგოგა, ზოგიერთ მათგანს კი ფუნქცია შეეცვალა და გადაკეთდა სპორტდარბაზებად, სოფლის კლუბებად და ა. შ.
საბჭოთა ხელისუფლებამ სრულიად გაანადგურა ლუთერული ეკლესია დღევანდელ მარჯანიშვილის ქუჩაზე (ფოტო: 1. ეროვნული არქივი, 2. გურამ მურადოვი)
ალ. ნეველის (1918 წლიდან წმ. გიორგის) სამხედრო ტაძარი – განადგურდა 1930 წელს
კალოუბნის წმ. გიორგის ტაძარი, გაანადგურეს 1930 წელს.
საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად ებრძოდა და დევნიდა სასულიერო პირებს. დაიჭირეს მრავალი სასულიერო პირი, მათ შორის პატრიარქი ამბროსი. ამასთანავე დახვრიტეს ქუთაისის მიტროპოლიტი ნაზარი, ასევე ლუთერული ეკლესიის მთავარი პასტორი რიჰარდ მაიერი.
საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად დასცინოდა და აშარჟებდა რელიგიურ დღესასწაულებს, დევნიდა მორწმუნე ადამიანებს და ზიანს აყენებდა საკულტო ნაგებობებს. ამ მხრივ საგულისხმოა კომსამოლური შობა და აღდგომა (ქრისტიანული დღესასწაულების საბჭოთა გაშარჟება), რომელთა აღნიშვნის დროს კომუნისტები თავს ესხმოდნენ ეკლესიებს, მორწმუნეებსა და სასულიერო პირებს.
კომსომოლური შობა, პეტროგრადი 1923
საბჭოთა კავშირისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომა აქვს ევროსაბჭოსა და ევროპის კავშირის რელიგიის მიმართ და ის ტოლერანტობისა და თანასწორობის პრინციპებს ეფუძნება.
ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს რელიგიის თავისუფლებას. ევროკავშირის ძირითადი უფლებათა ქარტიის მე-10 თავში ვკითხულობთ:
“ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას, და თავისუფლებას, აღიარებდე რელიგიას ან რწმენას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საჯაროდ ან კერძოდ, ღვთისმსახურებით, სწავლებით, წესების დაცვითა თუ რიტუალების შესრულებით.”
ამასთანავე რელიგიის თავისუფლების დაცვა მნიშვნელოვანია ევროსაბჭოსთვისაც. ამ მხრივ ინდივიდებს ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია იცავს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მრავალი საქმე აქვს, რომელიც ინდივიდის რელიგიურ თავისუფლებას და მის შენარჩუნებას იცავდა.
მაგალითი 1.
ნადია ევეიდა ბრიტანეთის ავიახაზებში მუშაობდა და ის პატარა ჯვარს ატარებდა. კომპანიამ ნადია ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა, რადგან მიიჩნია, რომ ჯვარი უნიფორმის წესებს ეწინააღდმეგებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს დაუსაბუთებელი ჩარევა იყო პიროვნების რელიგიურ თავისუფლებაში. გადაწყვეტილებას დიდ ბრიტანეთში შესაბამისი სტანდარტის ცვლილება მოჰყვა.
მაგალითი 2.
მოლდოვის ხელისუფლებამ უარი უთხრა ბესარაბიის მართლმადიდებლურ ეკლესიას რელიგიურ ორგანიზაციად რეგისტრაციაზე, რაც ნიშნავდა, რომ მათ არ შეეძლოთ საკუთრების ფლობა და წევრები ვერ იკრიბებოდნენ თავიანთი რელიგიის აღსასრულებლად. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების უარი ეკლესიის აღიარებაზე არაპროპორციული იყო. გადაწყვეტილების შესასრულებლად არსებითი რეფორმები გატარდა
- კულტურა და ხელოვნება ევროსაბჭო/ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირში
ისევე როგორც ენისა და რელიგიის პირობებში ამ შემთხვევაშიც საბჭოთა კავშირი საკმაოდ ფრთხილი იყო, რათა ცენზურას არ გამოპარვოდა ისეთი მასალა, რომელიც მასა და მის იდეოლოგიას საფრთხეს შეუქმნიდა. ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში ხელოვნებას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. სსრკ აქტიურად ცდილობდა საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ადამიანებამდე სპეციალურად შექმნილი ხელოვნების ნიმუშები მისულიყო იქნებოდა ეს პროპაგანდური ტიპის ფილმები, პოეზია, ნაწარმოებები თუ მხატვრობა. ის ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც სსრკ-ის წინააღმდეგ რაიმე ფორმით წავიდოდა, უბრალოდ განადგურდებოდა, მათი ავტორები კი დაისჯებოდნენ.
საბჭოთა კავშირში აკრძალული ქართული ფილმები:
- ნიკოლოზ შენგელაია “ელისო”
- კოტე მიქაბერიძე “ჩემი ბებია”
- მიხეილ კალატოზიშვილი “მარილი სვანეთს”
- მიხეილ კალატოზიშვილი “ლურსმანი ჩექმაში”
- მიხეილ კობახიძე “რვანახევარი”
- ოთარ იოსელიანი “აპრილი”
ხელოვნება საბჭოთავკავშირში საკმაოდ იდეოლოგიზირებული იყო და არცერთ არტისტს პროფესიული თავისუფლება არ გააჩნდა. მეტიც მხატვრობაში ჟანრობრივად და ოფიციალურად საბჭოთა კავშირი მხოლოდ ე. წ.”სოციალისტურ რეალობას” აღიარებდა, რომელსაც მუშათა კლასისა და ჯარისკაცების სოციალური ყოფა უნდა წარმოედგინა.
რა თქმა უნდა, ამ პერიოდშიც არსებობდა განსხვავებული მიმართულებები, რომლებიც არ ჯდებოდა ამ სტანდარტში, მაგალითად დისიდებტური ხელოვნება, თუმცა ამგვარი ნიმუშები თავისუფლად ვერ ვრცელდებოდა და ისინი მკაცრ კონტროლს გადიოდა. ფილმთან ერთად აკრძალული იყო მრავალი სხვა წიგნიც:
- მიხეილ ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა”.
- ჯორჯ ორუელის“ცხოველების ფერმა”.
- დანიელ დეფოს “რობინზონ კრუზო”.
- ვლადიმირ ნაბოკოვის “ლოლიტა”.
- ჰერბერტ უელსის “რუსეთი ბინდში”.
- ვასილი გროსმანის “ცხოვრება და ბედი.”
ვრცელი ინფორმაცია ხელოვნების წინააღმდგებ ნიმართული ცენზურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” სტატიაში: საბჭოთა “მონობაში” აკრძალული ლიტერატურა და ფილმები.
ხელოვნების მიმართულებათა ამგვარი დავიწროებ ხელს უშლიდა არტისტებს თუნდაც ეროვნული იდენტობის ელემენტებზე აეგოთ საკუთარი ნაწარმოები. ისინი ხშირად მეტაფორებს მიმართავდნენ ან მათი ნაშრომები ჩუმად ვრცელდებოდა.
ამ მხრივ სრულიად განსხავავებული მიდგომა აქვს ევროკავშირს, რომელიც ფუნდამენტურ ღირებულებად მიიჩნევს პიროვნების ინდივიდუალუზმს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ევროპის კავშირის ფარგლებში მოქმედებს სპეციალური პროგრამა “კრეატიული ევროპა”, რომლის მიზანიც სხვადასხვა მასში შემავალ სახელმწიფოთა კულტურის განვითარება და პოპულარიზაცაა. ევროკავშირი დიდ ღირებულებას ანიჭებს წევრი სახელმწიფოების და ზოგადად ევროპის კულტურულ მემკვიდრეობას, ხელოვნება და მათ დაცვა/პოპულარიზებას.
ყოველწლიურად ევროკავშირში ირჩევა 2 კუკტურული დედაქალაქი, სადაც იმ წლის განმავლობაში მრავალი კულტურული ღინისძიება ფინანსდება, რაც ყველას საშუალებას აძლევს, გაეცნოს ადგილობრივ კულტურასა და არტისტებს. რა თქმა უნდა, ასეთ პროგრამებში გამოყენებული ხელოვნება ყოველთვის მრავალფეროვანია და პროგრამებიც პატივს სცემენ ავტორის პროფესიულ დამოუკიდებლობას.
ევროკავშირი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ თითოეული წევრი სახელმწიფოს ხელოვნება არ ჩაიკეტოს საზღვრებში, არამედ გასვდეს მის ფარგლებს და სხვა ქვეყნებშიც გაცდეს ცნობილი.
ამ საკითხში იმავე მიდგომა აქვს ევროსაბჭოს. მათ ვებ-გვერდზე კულტურული მემკვიდრეობის სექციაში ვკითხულობთ:
“ჩვენ ვიბრძვით ევროპისთვის, სადაც კულტურის, ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნება აუცილებელია გონების ჭეშმარიტი გახსნილობისა და ძირითადი უფლებების განვითარებისთვის, და სადაც ღია და ინტერაქტიული პროცესები და კულტურის პრაქტიკა, ერთიანად გვეხმარება, გავუმკლავდეთ საკუთარ თავთან და ერთმანეთთან ცხოვრების სირთულეს.”
საგულისხმოა ასევე ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლოს საქმიანობა, რომელიც აქტიურად იცავს თითოეული არტისტის საქმიანობის თავისუფლებას მთავრობათა ჩარევისგან.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.