ალტ-ინფო ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში, ირანსა და ბელორუსში დასავლეთზე დაბალი კრიმინალია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

77
VIEWS

2021 წლის 23 ნოემბერს ალტ-ინფოს გადაცემა „ალტ-ანალიტიკა“ ერთ-ერთმა წამყვანმა გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ რაც უფრო ლიბერალურია სახელმწიფო, მით უფრო ხშირად ხდება დანაშაული. Მისი მტკიცებით, მსოფლიოში ყველაზე მეტ კრიმინალს დასავლურ ქვეყნებში ვხვდებით. ქარდავამ შვედეთის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი გაუპატიურების შემთხვევების სიმრავლით მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს. მან ასევე განაცხადა, რომ ისეთ არადემოკრატიულ სახელმწიფოებში, როგორიც საუდის არაბეთი, ირანი და ბელარუსი არიან, ბევრად ცოტა დანაშაული ხდება, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში კი კრიმინალი საერთოდ არ არის.

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფოს წამყვანი: „დაბალი კრიმინოგენური სიტუაცია რომელ ქვეყნებშია იცი? – ჩრდილოეთ კორეაში, საუდის არაბეთში, ირანში, ბელორუსიაში და ყველაზე მეტი კრიმინალი სად არის? – ამერიკაში, დასავლეთში, ევროპაში, შვედეთში -გაუპატიურებების მექაა საერთოდ [შვედეთი].“

თავისი პოზიციის გასამყარებლად ქარდავამ შეერთებული შტატების მაგალითი მოიყვანა. Მან აღნიშნა, რომ 1960-იან წლებში ქვეყანაში გატარებულმა ლიბერალურმა რეფორმებმა, კერძოდ რასობრივი სეგრეგაციის აკრძალვამ, ამერიკულ ქალაქებში, მაგალითად ჩიკაგოში, ჰომიციდის დონის საგრძნობი ზრდა გამოიწვია. ქარდავა აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში დღეს გაცილებით მეტი ადამიანი ხდება მკვლელობის მსხვერპლი, ვიდრე 60-იან წლებში.

ალტ-ანალიტიკის წამყვანის განცხადება რამდენიმე დეზინფორმაციას და მანიპულაციას შეიცავს:

  1. დეზინფორმაციაა, თითქოს ყველაზე მეტი დანაშაული შეერთებულ შტატებსა და ევროპულ ქვეყნებში ხდება.

ყველაზე მეტი დანაშაულის მქონე პირველი ათი ქვეყნიდან არც ერთი არაა დასავლური სახელმწიფო. 2021 წელს 100 000 სულ მოსახლეზე კრიმინალის მაღალი მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოს პირველი ათი ქვეყნის სია ასე გამოიყურება:

  1. ვენესუელა,
  2. პაპუა ახალი გვინეა,
  3. სამხრეთ აფრიკა,
  4. ავღანეთი,
  5. ჰონდურასი,
  6. ტრინიდადი და ტობაგო,
  7. გაიანა,
  8. სალვადორი,
  9. ბრაზილია,
  10. იამაიკა.

ჩამონათვალში არც ერთ დასავლურ სახელმწიფოს არ ვხვდებით. 2021 წელს შეერთებული შტატები კრიმინალის მაჩვენებლით მსოფლიოში 56-ე ადგილს იკავებს. ქარდავას მიერ ნახსენები ბელარუსი და ირანი 24-ე და 48-ე პოზიციაზე იმყოფებიან. საუდის არაბეთში ამ მხრივ შედარებით უკეთესი ვითარებაა და ქვეყანა მსოფლიოში 122-ე ადგილზეა.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ არადემოკრატიული ქვეყნები, რომლებშიც ნაკლები გამჭვირვალობაა, ხშირად დანაშაულის სტატისტიკის ხელოვნურად შემცირებას ცდილობენ, რათა საერთაშორისო იმიჯი გაიუმჯობესონ. მაგალითად, არაერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ რუსეთში მკვლელობების დონე იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს ოფიციალურად ფიქსირდება. ექსპერტები მიზეზად მრავალ სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ. მათ შორის იმას, რომ რუსეთის მთავრობა ისე აღრიცხავს კრიმინალს, რომ მკვლელობების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდეს. მაგალითად, აშშ-სგან განსხვავებით, თუ რუსეთში ადამიანი თავდასხმისას მიღებული ჭრილობით მოგვიანებით გარდაიცვლება, ასეთი შემთხვევა მკვლელობათა სტატისტიკას არ ემატება. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანის ერთდროულად მკვლელობა სტატისტიკურად ერთ ჰომიციდად აღირიცხება. 2011 წელს გენერალური პროკურატურის აკადემიის კვლევითმა ინსტიტუტმა, პროფესორ სერგეი ინშაკოვის ხელმძღვანელობით 2001-2009 წლებში არსებული სტატისტიკური მონაცემები შეისწავლა და დაასკვნა, რომ პოლიცია რეალურთან შედარებით 2.5-ჯერ ნაკლებ მკვლელობას აღრიცხავდა.

ქარდავას მიერ ნახსენები თურქმენეთი და ჩრდილოეთ კორეა საკმაოდ ჩაკეტილი ქვეყნებია და იქ არსებული კრიმინალის შესახებ ოფიციალური საჯარო სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება. თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული არაერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მკვლელობები ხშირია. 1990-იან წლებში, როცა ჩრდილოეთ კორეა შიმშილობდა, იყო კანიბალიზმის შემთხვევებიც. ადამიანები ერთმანეთს იმისთვის კლავდნენ, რომ შემდეგ მათი ხორცი გაეყიდათ.

  1. მანიპულაციაა, თითქოს შვედეთი გაუპატიურების შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

 Მტკიცება, რომ შვედეთი გაუპატიურების შემთხვევების სიმრავლით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, მანიპულაციურია. ქვეყანაში ამ ტიპის დანაშაულის მაჩვენებელი მართლაც მაღალია, თუმცა ეს გამოწვეულია იმით, რომ შვედეთი გაუპატიურებას საკმაოდ ფართო განმარტებას იყენებს და ადამიანები უფრო ხშირად ატყობინებენ სამართალდამცავ უწყებებს მომხდარის შესახებ, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. სხვა ქვეყნებში სექსუალური ძალადობის გაცხადების დაბალი მაჩვენებელი სხვადასხვა სამართლებრივი კულტურითა და ტრადიციით არის განპირობებული.

2021 წლის მონაცემებით, 100 000 კაცზე გაუპატიურების რაოდენობით მსოფლიოში ბოტსვანა ლიდერობს. მსოფლიოს პირველ 10 სახელმწიფოდან თითქმის ყველა არადემოკრატიულია. გამონაკლისია, მხოლოდ მეორე ადგილზე მყოფი  ავსტრალია და ქარდავას მიერ ნახსენები შვედეთი, რომელიც მეექვსე პოზიციას იკავებს. თუმცა, გაუპატიურების სტატისტიკის ანალიზისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ გაუპატიურების რეალური მონაცემების განსაზღვრა საკმაოდ რთულია. ამ ტიპის ძალადობის შემთხვევების დიდი ნაწილი არ აღირიცხება, რადგან მსხვერპლი სხვადასხვა მიზეზის, მაგალითად საზოგადოების მხრიდან გარიყვის შიშის, ოჯახის უარყოფითი რეაქციის და სათანადო სადამსჯელო კანონმდებლობის არარსებობის გამო, მომხდარის შესახებ სამართალდამცავ უწყებებს არ აცნობებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა სახელმწიფო გაუპატიურებას სხვადასხვანაირად განმარტავს და აღრიცხავს.

კვლევებმა აჩვენა, რომ შვედეთში გაუპატიურების ასეთი მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ ფაქტორებითაა გამოწვეული. ქვეყანაში გაუპატიურების საკამოდ ფართო განმარტება გამოიყენება. 2018 წლიდან შვედეთში გაუპატიურებად მიიჩნევა თანხმობის გარეშე სექსუალური კავშირიც, მაშინაც კი, როდესაც ადგილი არ ჰქონია დაშინებას, იძულებას ან ძალადობას. აღსანიშნავია, რომ სწორედ კანონში ამ ცვლილების მიღების შემდეგ ქვეყანაში გაუპატიურების მუხლით გასამართლების რაოდენობა 75%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, შვედეთში დანაშაულის სამართალდამცავებისთვის შეტყობინებაც სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხშირად ხდება. 2013-217 წლებში შვედეთში ყოველწლიურად საშუალოდ 100 000 ადამიანზე 64 გაუპატიურების შემთხვევა ფიქსირდებოდა. თუმცა, როცა მკვლევრებმა შემთხვევათა ანალიზისას ამ ტიპის ძალადობის ისეთი განმარტება გამოიყენეს, როგორიც გერმანიაშია გავრცელებული, მაჩვენებელი 326.7%-ით შემცირდა 15-ს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ ბევრი არალიბერალური სახელმწიფო გაუპატიურების შემთხვევების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას არც აქვეყნებს. ასეთი ქვეყნები ხშირად აღნიშნავენ, რომ სექსუალური ძალადობა საკმაოდ იშვიათია. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ 2017 წელს გაეროს იმ კომიტეტს, რომელიც ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციის კონვენციის დანერგვას ხელმძვანელობდა, განუცხადა, რომ 2008 წელს გაუპატიურებისთვის სულ რაღაც 5 ადამიანი გაასამრთლეს, 2011 წელს – 7, ხოლო 2015 წელს კვლავ 5. Რეალურად, ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა. Ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეული ქალების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ პოლიციელების, პარტიის წარმომადგენელბის, ჯარისკაცების და ბადრაგების მიერ მათი გაუპატიურება სისტემურ ხასიათს ატარებდა და ქვეყნის დატოვებამდე ამ ყველაფერს სრულიად ბუნებრივ მოვლენად აღიქვამდნენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარება სასჯელაღსრულების დაწესებულებებშია. Სამხრეთ კორეაში დასახლებული 1125 ჩრდილოეთ კორეელის 37.7%-მა გამოკითხვაში აღნიშნავდა, რომ ციხეში გაუპატიურება ხშირად ხდებოდა.

  1. დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ-ი დანაშაულის ზრდა სეგრეგაციის დასრულებამ გამოიწვია და ჰომიციდის დონე 1960-იან წლებთან შედარებით დღემდე მაღალია

დეზინფორმაციაა ისიც, თითქოს შეერთებულ შტატებში მკვლელობების დონის ზრდა სეგრეგაციის დასრულებამ გამოიწვია და ეს მაჩვენებელი დღემდე 60-იან წლებთან შედარებით მაღალია. აშშ-ში ჰომიციდის დონე 60-იან წლებში მართლაც გაიზარდა, თუმცა 90-იანი წლებიდან მნიშვნელოვნად შემცირდა და, 2010-იან წლებში, ფაქტობრივად, საწყის ნიშნულს დაუბრუნდა.

მკვლელობების დონე შეერთებულ შტატებში 60-იანი წლების დასაწყისიდან გაიზარდა.  ამ პერიოდში ჰომიციდის მაჩვენებლის მატება 1963 წლიდან დაიწყო, სეგრეაგაციის დასრულებამდე ერთი წლით ადრე. თუ 1962 წელს 100 000 სულ მოსახლეზე 4.58 კაცს კლავდნენ, ეს მაჩვენებელი 1970 წელს 7.87-მდე გაიზარდა. ძალადობრივი დანაშაულის დონე შეერთებულ შტატებში 1970-იან და 1980-იან წლებში საკმაოდ მაღალი იყო. ჰომიციდის მაჩვენებელი პიკს 1980 წელს მიაღწია, როცა 100 000 კაცზე მკვლელობების რაოდენობა 10.22-ს უდრიდა. თუმცა, 1990-იან წლებიდან მთელ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ქალაქებში, კრიმინალმა მნიშვნელოვანი კლება დაიწყო. 2019 წლისთვის 100 000 სულ მოსახლეზე მოკლულ ადამიანთა რაოდენობა 5-ს უდრიდა და თითქმის დაუბრუნდა 60-იანი წლების პირველი ნახევრის მაჩვენებელს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ კრიმინალის დონის ცვლილება მრავალი სხვადასხვა ფაქტორის კომბინაციის შედეგია. მაგალითად, პულიცერის პრემიის მფლობელი კრიმინოლოგიის პროფესორი ელიოტ ქური მიიჩნევს, რომ 1960-იან წლებში დანაშაულის დონის მკვეთრი ზრდა დიდწილად ურბანიზაციას და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ შესაძლებლობების სიმცირეს უკავშირდებოდა.  მისი აზრით, ამ პერიოდში აგრარული მუშების ქალაქში მიგრაცია, და მათი სამუშო ადგილების ნაკლებობამ კრიმინალის ზრდაზე დიდი გავლენა იქონია. ხოლო, 1990-იან წლებში კი ახალგაზრდა მამაკაცებისთვის სამუშაო ადგილების გაჩენამ დანაშაულის დონის შემცირება განაპირობა.

Loading...

Loading…


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელორუსი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist