ალასკაში რუსეთთან შესაერთებლად რეფერენდუმის ჩატარებაზე ამერიკული მედიის სახელით გაყალბებული ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

838
VIEWS

3-4 ნოემბერს ქართულ და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8) ფეისბუქ-ანგარიშებმა და ვებ-გვერდებმა (1, 2, 3, 4, 5) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 4 ნოემბერს ამერიკის შტატ ალასკაზე რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ტარდება. ფეისბუქ-ანგარიშების მიერ გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან ვიდეოში ხაზგასმულია, რომ ალასკა ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაა და გამოკითხვების მიხედვით, იქ მცხოვრები მოსახლეობის 65-70% ალასკის ტერიტორიის რუსეთთან შეერთების მომხრეა. ვიდეოს თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების ადგილი ნიკოლაევსკში მდებარე რუსული მართლმადიდებლური წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა. 

პოსტებში ინფორმაციის წყაროდ ამერიკული მედიაა დასახელებული, ვიდეოს შესავალში კი ალასკაში ფუნქციონირებადი მედია ორგანიზაციის – Alaska Public Media-ს ლოგოა განთავსებული. 

მტკიცება, თითქოს ალასკას შტატში რუსეთთან შესაერთებლად რეფერენდუმი ტარდება, დეზინფორმაციაა, ხოლო გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს. ვიდეოში Alaska Public Media-ს ლოგოა გამოყენებული, თუმცა მედია ორგანიზაციას ეს ვიდეო არ გამოუქვეყნებია, რეალურად, მისი პირველწყარო რუსული ტელეგრამ-არხია. 8 ნოემბერს ალასკაში, აშშ-ის სხვა შტატების მსგავსად, აშშ-ის შუალედური არჩევნები იმართება, რომელიც აშშ-ის კონგრესში წარმომადგენლების არჩევას გულისხმობს და რეფერენდუმთან ან რუსეთთან შეერთებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

Alaska Public Media-ს სახელით გავრცელებული ვიდეო, თითქოს ალასკაში რუსეთთან შეერთების მიზნით რეფერენდუმი ტარდება, მათ ვებ-გვერდზე, იუთუბ-არხსა და ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული არ არის. ინფორმაციის დასაზუსტებლად, “მითების დეტექტორი” Alaska Public Media-ს დაუკავშირდა, მათ ჩვენთან მიმოწერაში დაადასტურეს, რომ ვიდეო არ გამოუქვეყნებიათ და მედიასაშუალების ლოგო არაკეთილსინდისიერადაა გამოყენებული. 

გარდა ამისა, ვიდეოში ნათქვამია, რომ გამოკითხვების მიხედვით ალასკას მოსახლეობის 65-70% თანახმაა რუსსეთს შეუერთდეს, ამ შინაარსის გამოკითვა ღია წყაროებით არ იძებნება. ასევე არ იძებნება ინფორმაცია წმინდა ნიკოლოზის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, ამ ეკლესიის ფეისბუქ-გვერდზე ბოლო პოსტი ამერიკის შუალედურ არჩევნების კანდიდატებთან შეხვედრას ეხება.

Screenshot 14 1 ალასკაში რუსეთთან შესაერთებლად რეფერენდუმის ჩატარებაზე ამერიკული მედიის სახელით გაყალბებული ვიდეო ვრცელდება

ერთადერთი არჩევნები, რომელიც ალასკას შტატში ტარდება აშშ-ის 2022 წლის შუალედური არჩევნებია, რომელიც ყველა სხვა შტატთან ერთად 8 ნოემბერს იმართება და არა 4 ნოემბერს. 8 ნოემბერს ალასკას მცხოვრებები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, ასევე გუბერნატორისა და ლეიტენანტ-გუბერნატორის ოფისებში და შტატის საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლებს ირჩევენ.

ვიდეო, რომელსაც ალასკის შტატში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წყაროდ იყენებენ, ზოგადი კადრებითაა აწყობილი და მისი პირველი კადრი მედია ორგანიზაცია Alaska Public Media-ს “ქუდია”, რომელზეც მედიის ლოგო და სლოგანია დატანილი. Alaska Public Media პლატფორმებზე ეს ვიდეო გამოქვეყნებული არ არის, მედია ორგანიზაციამ ეს “მითების დეტექტორთან” მიმოწერაშიც დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ Alaska Public Media-ს იუთუბ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოებს მედიასაშუალების ლოგო არა მხოლოდ შესავალ “ქუდში”, არამედ ქვედა მარჯვენა კუთხეში მთელი ვიდეოს მანძილზე გასდევთ, ალასკას რეფერენდუმზე გავრცელებულ ვიდეოს კი შესავლის შემდეგ ლოგო აღარ აქვს.

Screenshot 15 1 ალასკაში რუსეთთან შესაერთებლად რეფერენდუმის ჩატარებაზე ამერიკული მედიის სახელით გაყალბებული ვიდეო ვრცელდება

ალასკას შტატში რეფერენდუმის ჩატარებაზე მომზადებული ყალბი ვიდეოს აქტიური გავრცელება 3 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში დაიწყო და 4 ნოემბერს კიდევ უფრო გააქტიურდა. ყველაზე ადრე გამოქვეყნებულ ვიდეოს “მითების დეტექტორმა” რუსულენოვან ტელეგრამ-არხზე, სახელად СИГНАЛ-ზე მიაკვლია. СИГНАЛ-ზე ვიდეო 3 ნოემბერს 15:05 საათზე გამოქვეყნდა, ფეისბუქ-ანგარიშებსა და ვებ-გვერდებზე კი ამის შემდეგ გამოჩნდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ ვიდეოს გაცილებით უკეთესი ხარისხი აქვს, ვიდრე მოგვიანებით სხვადასხვა არხით გავრცელებულ ვიდეოებს. 

Screenshot 16 1 ალასკაში რუსეთთან შესაერთებლად რეფერენდუმის ჩატარებაზე ამერიკული მედიის სახელით გაყალბებული ვიდეო ვრცელდება

რუსი პოლიტიკოსების განცხადებები ალასკას რუსეთთან შეერთებაზე 

1867 წლის 18 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ალასკის ტერიტორია რუსეთისგან 7.2 მილიონი დოლარად შეისყიდა, ხოლო 1959 წელს ალასკა  ამერიკის რიგით 49-ე შტატად ოფიციალურად ცნეს. მიუხედავად ამისა, რუსეთის დუმის დეპუტატებსა და მაღალი თანამდებობის პირებს  ალასკას რუსული წარმომავლობისა და რუსეთის მიერ მის შესაძლო დაბრუნებაზე არაერთი განცხადება აქვთ გაკეთებული.

5 ნოემბერს რუსეთის დუმის დეპუტატმა ფედოტ ტუმუსოვმა gazeta.ru-სთან ინტერვიუში The Wall Street Journal-ში ვრანგელის კუნძულთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრების სტატიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთი ვრანგელის კუნძულს არ დათმობს, თუმცა საჭირო და სამართლიანია ალასკას რუსეთის ტერიტორიაში დაბრუნება. The Wall Street Journal-ში  გამოქვეყნებული სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ამერიკამ ვრანგელის კუნძული უნდა დაიბრუნოს, რომელიც 1924 წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირმა დაიკავა, იქ მცხოვრები ამერიკელები კი დაატყვევა. 

Screenshot 17 1 ალასკაში რუსეთთან შესაერთებლად რეფერენდუმის ჩატარებაზე ამერიკული მედიის სახელით გაყალბებული ვიდეო ვრცელდება

გარდა ამისა, 22 ოქტომბერს “რადიო სპუტნიკმა” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერს, რომ რუსი პოლიტიკოსები ალასკას აშშ-დან გამოყოფასა და რუსეთში დაბრუნებას არ გამორიცხავენ, ამ მოსაზრებას იზიარებენ პარტია “ერთიანი რუსეთის” დეპუტატი მაქსიმ ივანოვი და ყირიმელი სენატორი სერგეი ცეკოვი.

2022 წლის 6 ივლისს რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ ალასკა ოდესღაც რუსეთს ეკუთვნოდა და შესაძლოა, მისი დაბრუნება მოუნდეს. ვოლოდინის თქმით, დუმის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ ალასკაში რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა, რაზეც ვოლოდინი ამბობს, რომ რუსეთი აშშ-ის საშინაო საქმეებში არ ერევა, თუმცა, ასევე მისი განცხადებით, ამერიკელები ათწლეულებია ამბობენ, რომ ყველაფერი რაც მათ თავს ხდება, მათ შორის პრეზიდენტების არჩევა, რუსეთის ჩარევის გამოა.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ჯერ კიდევ 2014 წლის 21 მარტს, თეთრ სახლს  პეტიციით მიმართეს, რომელიც ალასკას აშშ-სგან გამოყოფასა და რუსეთთან შეერთებას ითხოვდა. პეტიციის ავტორმა ინიციალებით SV, საკუთარი თავი ალასკას ქალაქ ანკორიჯის მცხოვრებად წარადგინა, BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცი ვოლგოგრადელი აქტივისტი სერგეი ვოროპაევი იყო. 

2014 წლის 17 აპრილს ვლადიმირ პუტინს ყოველწლიური “პირდაპირი ხაზის” სატელევიზიო ეთერის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ რუსეთის მიერ ალასკას შესაძლო ანექსირებაზე შეკითხვა დაუსვა, რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ როგორც მას სმენია, ალასკას ხუმრობით “ყინულის ყირიმს” უწოდებენ. მან ასევე სიცილით აღნიშნა, რომ რუსეთს იქ მყოფებისთვის “ჩრდილოეთში საცხოვრებლად” ფინანსური დახმარების გაწევა მოუწევს, ხოლო რუსეთმა ბიუჯეტის ხარჯები სწორად უნდა გათვალოს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist