აკრძალული ბარბიდან ინტერნეტის გაფილტვრამდე – კულტურული და ინტენრნეტ ცენზურა ირანში

კითხვის დრო: 9 წუთი

კითხვის დრო: 9 წუთი

56
VIEWS

1996 წელს ირანის ბავშვთა სააგენტომ ბარბის სათამაშოებს ე. წ. “ტროას ცხენი” უწოდა და ის დასავლური ცივილიზაციის გამავრცელებლად მიიჩნია. სახელმწიფომ ბარბი მისი არაისლამური ვიზუალის და დასავლური წარმოშობის გამო აკრძალა და 2002 წლიდან სათამაშოების მაღაზიებიდან მისი კონფისკაცია დაიწყო. აღნიშნული ქმედებები შემდეგ წლებშიც გაგრძელდა და მაგალითად 2012 წელს პოლიციამ ბარბის გაყიდვის გამო თეირანის საბავშვო მაღაიზათა ნაწილი დახურა. ამასთანავე, ირანმა შეიმუშავა ბარბის ალტერნატივა, რომელიც ირანულ და ისლამურ კულტურას განასახიერებდა. თოჯინებს დარა და სარა უწოდეს, თუმცა პოპულარობა ირანში მათ ნაკლებად მოიპოვეს.

 

;
ირანული “ბარბი” – დარა და სარა

მას შემდეგ, რაც ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა (1979), რელიგიურმა ლიდერებმა კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა გავრცელებული ფორმა დასავლური ცივილიზაციის ექსპანსიისა და ინტერვენციის გამოხატულებად მიიჩნიეს და მათი აკრძალვა დაიწყეს. ბარბის აკრძალვა სწორედ ამ კამპანიის ნაწილი იყო. სახელმწიფო საკუთარ მოსახლეობას ინფორმაციულ ვაკუუმთან ერთად ყველაფერ ალტერნატიულს სთავაზობდა, რისი მეშვეობითაც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობდა.

ირანულ პროპაგანდას საფუძვლები ჯერ კიდევ 1979 წლამდე არსებულ მონარქიაში აქვს, თუმცა რევოლუციის პერიოდში და მის შემდგომ უკვე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ინფორმაციული ვაკუუმის ფორმები და ხარისხი უფრო მეტად გაძლიერდა და დაიხვეწა. 

პროპაგანდა რევოლუციის ხანაში 

ისლამური რევოლუციის პერიოდში რელიგიურმა ლიდერებმა მიზანში ძირითად შემთხვევაში ირანის შაჰი რეზა ფეჰლევი და ამერიკის შეერთებული შტატები ამოიღეს.

ვინაიდან და რადგანაც აშშ-ის როლი ირანში მონარქიის დაბრუნებაში დიდი იყო, რევოლუციის პერიოდის ბევრ პოსტერზე ვხვდებით გზავნილს, რომ რეზა ფეჰლევის უკან აშშ-ის დემონური ძალა დგას და მას შაჰი ბრმად მიჰყვება. ქვემოთ მოცემული პოსტერი 1978-1980 წლებში შეიქმნა. მასზე რეზა ფეჰლევის უყურადღებობაც ჩანს, რომლის შედეგადაც სატანური ძალები ირანს ეპატრონებიან.

მუსლიმი ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებს “დიდ სატანას” უწოდებდნენ, შესაბამისად იმ პერიოდში გავრცელებულ პოსტერებზე აშშ ძირითად სატანის ფორმით არის გამოსახული. ასევე ხომეინი ხშირად აღნიშნავდა, რომ ამერიკა გარყვნილი, იმპერიალისტი სახელმწიფო იყო, შესაბამისად გრაფიტებსა და კარიკატურებზე ეს იდეაც აქტიურად იყო გამოსახული. ისლამური ლიდერები ცდილობდნენ, რომ დაენერგათ შიში აშშ-ის მიერ მათი ოკუპაციის სავარაუდო სურვილებზე საუბრით.

;
ახლო აღმოსავლეთის პოსტერების კოლექცია, პოსტერი 164

იმ პერიოდის მრავალი პროპაგანდისტული მასალა ასევე აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერს მიეძღვნა, ვინაიდან და რადგანაც რუჰოლა ხომეინი პრეზიდენტს საკუთარ გამოსვლებში ხშირად აკრიტიკებდა. პოსტერების და კარიკატურები კარტერს კორუფციაში სდებდა ბრალს და მის დემონიზებას ახდენდა.

ამასთანავე ანტიამერიკულ პოსტერებში პრეზიდენტთან ერთად ხშირად იყო გაკრიტიკებული კაპიტალისტური სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილის სხვადასხვა ელემენტები და ზოგადად დასავლური ცივილიზაცია. მაგალითად, ერთ-ერთ პოსტერში, სადაც პრეზიდენტ კარტერს ღორის ცხვირი აქვს, გამოსახულია 100 დოლარიანი ქაღალდის კუპიურა და ასევე ფლეიბოის ჟურნალი, რაც აღნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტ კარტერს ფულისა და სექსუალური ცხოვრების გარდა არაფერი ადარდებს.

 ;
აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის კარიკატურა, ახლო აღმოსავლეთის პოსტერების კოლექცია, პოსტერი 94

სხვების კრიტიკის გარდა პროპაგანდა ასევე აიათოლა რუჰოლა ხომეინის ძლიერ პიროვნებას გამოსახვას ცდილობდა, რათა მას ხალხში მეტი მხარდაჭერა მოეპოვებინა. გრაფიტებსა და პოსტერებზე ხშირად იყო ასახული მისი ციტატები, მისი ფოტოები, რომლებშიც შაჰს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ამარცხებდა და ირანისთვის მშვიდობა და განვითარება მოჰქონდა.

;
რუჰოლა ხომეინი ირანულ პოსტერებზე

ირან-ერაყის ომის პროპაგანდა

მსგავსი ტიპის გზავნილებს შეიცავს ირან-ერაყის პერიოდის პროპაგანდა, თუმცა ამ შემთხვევაში სახელმწიფო აღარ ებრძვის რეზა ფეჰლევს, მის ნაცვლად კი კარიკატურებზე ადგილს ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი იკავებს. ამერიკის შეერთებული შტატების როლი პროპაგანდისტულ მასალებში იგივე რჩება. უმეტესობა პოსტერი იმეორებს იმ გზავნილს, რომ ერაყი და სადამ ჰუსეინი აშშ-ის მხარდაჭერილია, შესაბამისად სახელმწიფო ირანელებში ანტიამერიკულ განწყობებს კიდევ უფრო აღვივებს.

ომის პერიოდში ირანულ პროპაგანდას სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა:

  1. ხალხისთვის სადამ ჰუსეინისა და აშშ-ის სახით მტრის ხატის შექმნა;
  2. ირანელთა მობილიზაცია;
  3. ერაყში მცხოვრები შიიტების სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ წაქეზება.

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ირანელთა მობილიზაცია ერაყზე მორალური უპირატესობის ჩვენებით ხორციელდებოდა, რაც კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ განაწყობდა. მორალური უპირატესობის ჩვენებაში ძირითადი იარაღი რელიგია იყო. აიათოლა ხომეინი მუდმივად აცხადებდა, რომ ეს ბრძოლა წმინდა მიზანს ემსახურებოდა (სამშობლოს დაცვა), შესაბამისად მასში დაღუპული ჯარისკაცები პირდაპირ სამოთხეში მოხვებოდნენ. ასევე ხშირად ამბობდა, რომ სადამ ჰუსეინის უკან მდგარი ამერიკის შეერთებული შტატები (დიდი სატანა) ბოროტ, დემონურ ძალას წარმოადგენდა. რელიგიით მანიპულირებამ ერთი იდეის გარშემო მართლაც ბევრი ადამიანი გააერთიანა.

საგულისხმოა, რომ ირანულ ომის პროპაგანდაში ხშირი იყო მსხვერპლის ჩვენება, რათა ემოციურ ნიადაგზე სახელმწიფოს მიერ ერაყში განხორციელებულ ქმედებებს კიდევ უფრო მეტი ლეგიტიმაცია მიეღო. მსგავსი შინაარსის პოსტერებიდან შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მათგანი:

  1. რელიგიური პროპაგანდის შემცველი პოსტერი

;

აღნიშნულ პოსტერზე არა მხოლოდ ქარბალას ომის მსხვერპლია გამოსახული, არამედ ის პროცესიც, როდესაც გარდაცვლილი ჯარისკაცი თავის თანამებრძოლებს სამოთხეში უერთდება. პოსტერზე გამოსახულ დროშაზეც რელიგიური დატვირთვის ტექსტია, სადაც აღნიშნულია, რომ ღმერთი შურს იძიებს.

  1. ომის მსხვერპლით მანიპულაცია

;

ხშირს შემთხვევაში პროპაგანდა ხალხზე ზემოქმედებას რელიგიის გარეშეც ახდენდა. მაგალითად ამ პოსტერზე გამოსახული ადამიანები განიცდიან როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ტრავმას. მათ იმედგაცრუელებს მიაქვთ კუბო, რომელიც მათი გულებითვეა სავსე. აღნიშნული პოსტერი ირანელ მხატვარს, სადიქს, ეკუთვნის.

მართალია მსხვერპლი ირანის მხარესაც იყო და ირანი ამით მანიპულირებდა, თუმცა აღსანიშნავია ირანის ქმედებებიც ამ ომში, რაც ხშირად სადამ ჰუსეინის ქმედებების მსგავსად სისასტიკით გამოირჩეოდა. ორივე სახელმწიფო ერთმანეთის დიდ ქალაქებს ბომბავდა, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ეწირებოდა. ირანის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული ომში ბავშვების გაგზავნაში გამოიხატებოდა. აიათოლა ხომეინის გადაწყვეტილებით ირან-ერაყის ომში მრავალი შეუიარაღებელი ბავშვი გაიგზავნა. მათ თან ჰქონდათ წითელი თავსახვევი წარწერით “ალაჰის მებრძოლი” და პატარა მეტალის გასაღები, რომელიც, აიათოლა ხომეინის თქმით, მათ სამოთხის კარს გაუღებდა. უმეტეს შემთხვევაში მცირეწლოვანებს ირანი ნაღმების გასანეიტრალებლად იყენებდა ან ომში გამოუცდელობის გამო იღუპებოდნენ. ბავშვები წინ მიუძღვოდნენ ირანულ ტანკებსა და არმიას და მათთვის გზას წმენდნენ მავთულხლართების და ნაღმებისგან. ;
ირანელი ბავშვები ერაყ-ირანის ომში

  1. ხომეინი ხუთ ჯარისკაცთან ერთად

;

პოსტერზე გამოსახულია ხუთი ირანელი ჯარისკაცი, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფს და სამხედრო შტოს წარმოადგენენ. მათ უკან არის აიათოლა ხომეინი, რომელიც აკვირდება მეომრებსა და ბრძოლას.

  1. სადამ ჰუსეინი

;
აღნიშნული პოსტერი საკმაოდ ბევრ მიზანს ემსახურება. ერთი მხრივ ირანი მუშტს ურტყამს სადამ ჰუსეინს. მეორე მხრივ სადამ ჰუსეინი ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ტყვეობაში იმყოფება. საგულისხმოა, რომ ერაყის პრეზიდენტს გულზე ებრაული სიმბოლო უკეთია. ამით ირანული პროპაგანდა მტრის ხატს ისრაელის წარმოდგენით კიდევ უფრო აძლიერებს.

  • ბასიჯები და ვესტოქსიკაცია

ირანში პროპაგანდა მრავალმხრივია და ამ საქმიანობაში არა მხოლოდ სამოქალაქო სამსახურები, არამედ სამხედრო სამსახურიც კი არის ჩართული. 1979 წელს აიათოლა რუჰოლა ხომეინის განკარგულებით სახელმწიფოში ახალგაზრდათა სამხედრო დაჯგუფება, ბასიჯი, დაარსდა, რომელსაც დისიდენტების კონტროლი, მორალური პატრულირება და მოსახლეობის ინდოქტრინაცია დაევალა.

ბასიჯთა ჯგუფი სახელმწიფოს ხელში დიდი პროპაგანდისტული იარაღი იყო, შესაბამისად ირანში კონკრეტული იდეები არა მხოლოდ მშვიდობიანი გზით, არამედ ძალადობითაც ვრცელდებოდა.

თავდაპირველად 2-3 წელი ბასიჯი დამოუკიდებელი ორგანიზაცია იყო, თუმცა შემდგომში 1982 წელს ის რევოლუციის მცველთა კორპუსს შეუერთდა და სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა.

აღსანიშნავია 1988 წელი, როცა ბასიჯთა ორგანიზაციები უნივერსიტეტებში ჩამოყალიბდა, რათა სტუდენტების სავარაუდო ანტისამთავრობო აგიტაციას გამკლავებოდა. ისინი მთავარ მიზნად დასავლურ ზეგავლენასთან ბრძოლას ისახავდნენ, ეს ზეგავლენა კი ტერმინით “ვესტოქსიკაცია” აღინიშნებოდა.

;
ბასიჯთა ჯგუფი

ხელოვნება და ცენზურა 

1981 წლის 26 ივლისს, ირანის რევოლუციის შემდეგ, საკუთარ ქორწილში სპარსელი პოეტი საიდ სოლტანპური დააპატიმრეს. მას ბრალად პოლიტიკურად პროვოკაციული პოეზიის შექმნა ედებოდა. მაგალითად, ის წერდა:

“მისი ახალგაზრდა გული კომპასს ჰგავს, რომელიც ყოველთვის რევოლუციის მიმართულებას აჩვენებს”

რამდენიმე კვირაში საიდი სახელმწიფომ სიკვდილით დასაჯა. აღსანიშნავია, რომ ის იდევნებოდა არა მხოლოდ აიათოლა ხომეინის პერიოდში, არამედ მანამდეც, როცა ირანი ჯერ კიდევ მონარქიას წარმოადგენდა და სახელმწიფოს სათავეში შაჰი რეზა ფეჰლევი იდგა.

ირანის შემთხვევაში ხელოვნებამ საკმაოდ დიდი ცენზურა განიცადა და ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობა აიკრძალა კიდეც. აქაც მიზეზი მარტივი იყო – ირანის ისლამური რესპუბლიკა თავის მოსახლეობას დასავლური გავლენებისგან იცავდა. აიათოლა რუჰოლა ხომეინს ხელოვნებაზე საკუთარი აზრები გააჩნდა, შესაბამისად ცდილობდა თავისი მოსაზრებები რეალურ ცხოვრებაში გაეტარებინა.

  • ლიტერატურა 

“კალმები რომლებიც არ წერენ ისლამური ღირებულებებისთვის, უნდა დაიმტვრეს” – ეს ფრაზა ირანის სასულიერო ლიდერს აიათოლა რუჰოლა ხომეინს ეკუთვნის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელოვნების დარგი, რომელმაც რევოლუციის პერიოდში და მის შემდგომ ძირეული ცვლილებები განიცადა ლიტერატურა იყო.

სახელმწიფომ ბრძოლა გამოუცხადა სხვადასხვა წიგნსა და მწერალს. რევოლუციის დასრულების პირველივე წლებში ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ იერიში მიეტანა მწერალთა ასოციაციაზე, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მოითხოვდა. ამ პერიოდში სახელმწიფომ მრავალი წიგნი გაანადგურა და დაწვა, აიკრძალა წიგნის მაღაზიები და კერძო გამომცემლობები, მრავალ მწერალსა და გამომცემელს კი სახელმწიფოს დატოვება მოუწიათ.

;
ირანის მწერალთა ასოციაცია, 1979 წელი

1994 წელს ცენზურამ და მწერალთა თმენამ პიკს მიაღწია, ამიტომ მათ (134-მა მათგანმა) სპეციალური მანიფესტი გამოსცეს და სახელმწიფოს ცენზურის მოხსნა მოსთხოვეს:

“ჩვენ ვიწვევთ მწერლებს, ინტელექტუალებს და მშვიდობისმოყვარე ხალხს მთელი მსოფლიოდან, რომ გამოხატონ მხარდაჭერა ირანელი მწერლების მიმართ, რომლებიც ამჟამად პოლიტიკურ რეპრესიებს განიცდიან ირანში.”

რა თქმა უნდა, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ დეკლარაციის ხელმომწერთა უმეტესობა სასტიკი მეთოდებით დასაჯა. ბევრი მათგანი გაიტაცეს ან გარდაცვლილი იპოვეს. მაგალითად, გამომცემელი იბრაჰიმ ზალზადეჰი მანიფესტის გამოქვეყნების შემდგომ გაიტაცეს და ის რამდენიმე დღეში ნაგავსაყრელზე მოკლული იპოვეს. საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს პოეტი ღაფარ ჰოსეინი. ხშირ შემთხვევაში შესაბამისი პირებს მსხვერპლის ორგანიზმში ნივთიერება კალიუმი შეჰყავდათ. ასეთ დროს გარდაცვალება გულის შეტევას ჰგავდა, შესაბამისად ისინი ამ მექანიზმით კვალის დაფარვას ცდილობდნენ.

მნიშვნელოვანია ვახსენოთ ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი, რომელსაც ცხოვრება რევოლუციის პერიოდში და მის შემდეგ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მოუწია. სატრაპი თავის წიგნში, გრაფიკულ ნოველაში, “პერსეპოლისი” აღწერს იმ მდგომარეობას, რაც ირანში რევოლუციის შემდგომ დადგა, აღწერს საზოგადოებრივი ცხოვრების ცვლილებებსა და სახელმწიფოს სასტიკ დამოკიდებულებას მოქალაქეებისადმი. წიგნი 2000 წელს გამოვიდა. მისი შინაარსის გამო ის ირანში დღემდე აკრძალულია.

;
მარჯან სატრაპის წიგნი “პერსეპოლისი”

ძალადობის ამგვარი მეთოდები ირანელი მწერლებით არ შემოიფარგლება. შეგვიძლია გავიხსენოთ გახმაურებული შემთხვევა, როდესაც 1989 წელს აიათოლა ხომეინიმ მუსლიმებს ბრიტანელი მწერლის, წარმოშობით ინდოელი სალმან რუშდის მოკვლისაკენ მოუწოდა. მიზეზი რუშდის ნაწარმოები “სატანური აიები” გახდა, რომელიც ისლამთან, მოციქულ მუჰამედთან და თავად ირანის უზენაეს ლიდერთან პარალელების გამო მკრეხელობად მიიჩნიეს. ფატვა მუსლიმებს რუშდის გარდა მისი წიგნის გამომცემლების მოკვლისაკენაც მოუწოდებდა და მას ირანის ხელისუფლება 1998 წლამდე უჭერდა მხარს, სანამ პრეზიდენტმა მოჰამედ ხათამიმ არ განაცხადა, რომ რუშდის მოკვლას მხარს აღარ უჭერდნენ, თუმცა ფატვა ამ დრომდე მოქმედია.

  • მუსიკა

რევოლუციის პერიოდში აიათოლამ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა მუსიკის მიმართ. მან ირანის ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ ყოველდღიურ გაზეთს “კეინაჰს” განუცხადა, რომ:

“…მუსიკა ნარკოტიკს ჰგავს, ვინც მას მიეჩვევა, აღარ შეუძლია კონცენტრირდეს სხვამნიშვნელოვან საქმიანობაზე. ჩვენ ის მთლიანად უნდა აღმოვფხვრათ.”

ირანის შემთხვევაში ომი მუსიკის წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით განხორციელდა. სახელმწიფომ აკრძალა ყველა ფორმის მუსიკა, რომელიც ისლამთან თავსებადი არ იყო. აიკრძალა კონცერტები, მუსიკალური სკოლები, ის პირები კი, რომლებიც კონცერტებზე რევოლუციამდე მღეროდნენ სათითაოდ დაკითხეს. ასევე ფუნქციონირება შეწყვიტა სიმფონიურმა ორკესტრებმა, საბალეტო ჯგუფებმა და ოპერებმა.

ირანმა მუსიკის გამოყენება პროპაგანდისთვის გადაწყვიტა. სახელმწიფოს არჩეული ჰქონდა სპეციალური სიმღერები, რომლებსაც მასობრივი მედიის საშუალებით მთელ სახელმწიფოში აჟღერებდნენ, შედეგად კი პოპულარიზაციას უწევდნენ ისეთ იდეებს, როგორებიც იყო ეროვნული ერთიანობა და სიამაყე. მიუხედავად იმისა, რომ ხომეინი თავის თავდაპირველ გამოსვლებში პრესის თავისუფლებაზე დიდ ყურადღებას ამახვილებდა, შემდგომ პერიოდში მედია უბრალოდ მისი პროპაგანდის მთავარ იარაღად იქცა.

  • ვიზუალური ხელოვნება

მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა ვიზუალურმა ხელოვნებამ. ირანში აიკრძალა უცხოელ მხატვართა ნამუშევრები. ასევე მკაცრი ცენზურა დაუწესდათ ირანელ მხატვრებსაც. ხშირად სახელმწიფო მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა და რელიგიური, პროპაგანდისტული თემატიკის ნახატებს უკვეთავდა, რომლებსაც შემდგომში პოსტერებში იყენებდნენ.

ბევრმა ხელოვნებამ სიმბოლოების გამოყენება დაიწყო, რათა რეალური სათქმელი სახელმწიფოსთვის დაემალა, თუმცა როგორც ერთ-ერთი სიმბოლისტი აღნიშნავს, ხელისუფლება უკვე სიმბოლოების მნიშვნელობასაც ხვდებოდა და მათი ცხოვრება ირანში კატა-თაგვობანას თამაშს დაემსგავსა.

ერთ-ერთი ხელოვანი, რომელიც დღეს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, იხსენებს:

“მე ირანში გრაფიკულ დიზაინერად და ილუსტრატორად ვმუშაობდი და ჩემს ნახატებს საჯაროდ არ ვაქვეყნებდი… უმეტესი არტისტი, არ ჰქონდა მნიშვნელობა რას ქმნიდა, ფარულად მუშაობდა. ჩვენ ვიცოდით ცენზურის წესები და ვცდილობდით, არანაირი შეცდომა არ დაგვეშვა”.

  • კინემატოგრაფია

მსგავსი ცვლილებები ასევე განხორციელდა კინემატოგრაფიის სფეროშიც. აიკრძალა კონკრეტული ფილმები, დაწესდა მკაცრი ცენზურა და განისაზღვრა ფილმის გადაღების წესები.

ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, 1983 წელს დაბეჭდილი რეგულაციები, რომლებიც ფილმის გადაღების პროცესში სხვადასხვა ქმედებებს  კრძალავდა:

  1. მუქი ფერის ჰიჯაბის გარეშე ქალის გადაღება;
  2. ქალისა და კაცის ფიზიკური კონტაქტი;
  3. ქალის სახის მაკიაჟით გამოსახვა;
  4. სახელმწიფო კონკრეტული დეპარტამენტის ნებართვის გარეშე ახალგაზრდა გოგონას გადაღება;
  5. ნარკოტიკების, თამბაქოს და ალკოჰოლის ჩვენება;
  6. უცხოური კულტურული ელემენტების ჩვენება, მათ შორის, ჰალსტუხის;
  7. ცნობილი ადგილობრივი თუ უცხოური სიმღერების გამოყენება;
  8. ანტიისლამური დოქტრინების პროპაგანდა;
  9. ლოგიკური ახსნის გარეშე ერთ კონკრეტულ ფილმში ტანსაცმლის ნაირსახეობათა ჩვენება.

;
რევოლუციამდელი ფილმის პლაკატი, რომელიც პოსტრევოლუციურ სტანდარტებს სხვადასხვა ფორმით ეწინააღმდეგება

სახელმწიფო დროთა განმავლობაში სიას ანახლებდა და მას ახალ-ახალ რეგულაციებს უმატებდა. 1993 წლის ცვლილებით აიკრძალა უცხოური კულტურისა და პოლიტიკის არასწორი წარმოჩენა. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში “სწორი წარმოჩენის” სტანდარტები ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ იყო შედგენილი, შესაბამისად სახელმწიფო კინემატოგრაფიასაც საკუთარი პროპაგანდის მიზნებისთვის იყენებდა.

;
დავუდ მირბაქერის აკრძალული ფილმი (1994)

  • თეატრი და ცეკვა

რევოლუციის პერიოდში და მის შემდგომ ირანული თეატრი მრავალმა დრამატურგმა დატოვა და საზღვარგარეთს შეაფარა თავი, თუმცა თეატრი სახელმწიფოს მხრიდან არ აიკრძალა, რადგან მასში დიდი იყო პროპაგანდის შესაძლებლობები. სახელმწიფო სპეციალურად ასუბსიდირებდა თეატრალურ დადგმებს, რათა კონკრეტული სპექტაკლებისთვის პოპულარობა მოეპოვებინა.

ამ პერიოდში და დღემდე იქმნებოდა პროპაგანდისტული თეატრალური დადგმები, რომლებიც კონკრეტულ სახელმწიფო მიზანს ემსახურებოდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი დრამატურგი იყენებდა და დღემდე იყენებს სიმბოლიზმს, რითიც საკუთარ იდეებს (ხშირად ანტისახელმწიფოებრივს) სხვადასხვა სიმბოლოებით ნიღბავდა და ისე მიჰქონდა მაყურებლამდე.

თეატრის, კინოს, მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნებისგან განსხვავებით, სრულად აიკრძალა ცეკვა. ისლამური, კულტურული რევოლუციის ლიდერები მას ამორალურ ქმედებად და ცოდვად მიიჩნევდნენ. რევოლუციის პერიოდში მრავალმა მოცეკვავემ დატოვა ირანი, რადგან ისინი პირდაპირი საფრთხის წინაშე დადგნენ. ერთ-ერთი მოცეკვავე, ნიმა კიანი, რომელიც ირანიდან ერაყთან ომის პერიოდში გაიქცა, აღნიშნავს:

”კლასიკური, თანამედროვე, მისტიკური ან ხალხური – ყველანაირი ცეკვა აიკრძალა და ისინი, ვინც მაინც ცეკვავდნენ, დააპატიმრეს და შარიათის კანონების შესაბამისა დასაჯეს.”

თანამედროვე ინტერნეტ ცენზურა

ირანში პროპაგანდისა და ცენზურის მხრივ უკეთესობისკენ ბევრი ცვლილება არ განხორციელებულა. კვლავ ძალაში რჩება ის აკრძალვები, რაც ხელოვნებას უკავშირდება. ასევე, აქტიურად მოქმედებს ბასიჯთა სამხედრო ორგანიზაციაც.

ცვლილებები მხოლოდ იმ მხრივ განხორციელდა, რომ ირანს თანამედროვე გამოწვევებზე მოუწია საპასუხო ქმედებების განხორციელება. ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მასობრივმა გავრცელებამ ირანი აიძულა სხვადასხვა დაბლოკვის მექანიზმი გამოეყენებიდა, რათა სახელმწიფოში დასავლური გავლენა შემცირებულიყო.

2005-2018 წლებში აიათოლა ალი ხამენეი ირანის პრეზიდენტს სპეციალურ წერილებს უგზავნიდა, სადაც სახელმწიფო ინტერნეტის აუცილებლობაზე იყო საუბარი. საბოლოოდ ეს იდეა 2019 წელს განხორციელდა და დღეს ის იმავე ფორმით მუშაობს (უფრო მკაცრადაც კი), როგორც ჩინეთის “დიდი ცეცხლოვანი კედელი”. ხშირად სამთავრობო პროტესტის პერიოდში, ირანი მთლიანადაც კი თიშავს ინტერნეტს, რათა სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება არ მოხდეს.

;
ინტერნეტის მოხმარების ცვლილება 2019 წლის 15 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით 

ირანში ინტერნეტ ცენზურის შედეგად აკრძალულია მრავალი სოციალური ქსელი, მათ შორის, Facebook, Twitter, Telegram, Vkontakte, Odnoklassniki, Tumblr. ასევე იკრძალება ის საიტები, სადაც სხვადასხვა დასავლური ფილმი ან ვიდეოა განთავსებული: Netflix, Youtube, Vimeo, HBO. მიუწვდომელია დასავლური მედია საშუალებებიც, როგორებიცაა: Deutsche Welle, რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმა, ABC News, CNN, BBC, CBS Sports. აკრძალულია პორნოგრაფიული და სხვადასხვა მუსიკალური ვებ-გვერდები.

თემატიკა: ისტორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist