25 მაისს ფეისბუქ-მომხმარებელმა შორე შანიძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ტეხასის შტატში პირბადის ტარებისთვის ჯარიმა 5000 დოლარია, ამის მიზეზი კი ისაა, რომ პირბადე ფილტვებს ვნებს და ტვინის მუშაობას ზღუდავს.
შორე შანიძის მტკიცება, თითქოს ტეხასში პირბადის ტარებისთვის ჯარიმა დაწესდა, დეზინფორმაციაა. რეალურად, ტეხასის გუბერნატორის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, შტატში სამთავრობო სტრუქტურებს მოქალაქეებისთვის პირბადის ტარების დავალდებულება აეკრძალათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმა არა 5000, არამედ 1000 დოლარია. გუბერნატორ გრეგ ებოტის თქმით, ტეხასელებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა პირბადის ტარება.
18 მაისს ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც შტატის სამთავრობო სტრუქტურებს – მათ შორის ქალაქებს, სკოლებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებს ან მთავრობის წარმომადგენლებს – მოქალაქეებისთვის პირბადის სავალდებულო ტარების მოთხოვნას უკრძალავს. 21 მაისიდან ადგილობრივი თვითმმართველობები ან ოფიციალური პირები, რომლებიც ისეთი შეზღუდვის დაწესებას შეეცდებიან, რომელიც აღნიშნულ აღმასრულებელ ბრძანებას არ შეესაბამება, შესაძლოა 1000 დოლარამდე თანხით დაჯარიმდნენ.
განცხადებაში გრეგ ებოტის ციტატაცაა მოყვანილი, ის აღნიშნავს, რომ ტეხასელებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა პირბადის ტარება და მთავრობამ ისინი არ უნდა დაავალდებულოს. გრეგ ებოტმა ტვიტერზეც დაწერა, რომ ტეხასელებმა პირბადის ტარების გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით უნდა მიიღონ.
2020 წლის ივლისიდან 2021 წლის 10 მარტამდე ტეხასში პირბადის ტარება სავალდებულო იყო, რეგულაციის დარღვევა კი 250 დოლარამდე თანხით ჯარიმდებოდა. 10 მარტიდან ტეხასში შეზღუდვები შემსუბუქდა და საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იყო, თუმცა ზოგიერთი ბიზნესი და საჯარო დაწესებულება პირბადის ტარებას კვლავ ითხოვდა.
შორე შანიძე ასევე წერს, რომ ტეხასში პირბადეების ტარება იმიტომ ჯარიმდება, რომ ის ჯანმრთელობისთვის, კონკრეტულად კი ფილტვებისა და ტვინისთვის საზიანოა, ეს მტკიცებაც დეზინფორმაციულია. რეალურად, პირბადე ნახშირორჟანგით ინტოქსიკაციას არ იწვევს და მისი ტარება ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის, ის აკავებს რესპირატორულ წვეთებს და ადამიანებს შორის ვირუსის გადადებას ხელს უშლის.
ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:
დეზინფორმაცია, თითქოს პირბადე ინტოქსიკაციას იწვევს და მისი გამოყენება სტერილურ გარემოშია შესაძლებელი
შესაძლებელია თუ არა გაზის დეტექტორით პირბადის შიგნით ნახშირორჟანგის დონის გაზომვა?
გვიცავს თუ არა პირბადეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან?
არქივის ბმული: შორე შანიძე
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.