​​​​​​​აიძულებენ თუ არა ქუთაისის აეროპორტში იძულებით ვაქცინაციას? 

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

49
VIEWS

28 აგვისტოს პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველოს” ფეისბუქ გვერდზე გავიდა Zoom შეხვედრის პირდაპირი ეთერი, რომელშიც პარტიის ლიდერი კახა კუკავა დავით დოლიძეს ესაუბრება. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ ქუთაისის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციას აიძულებენ. ვიდეოში რესპოდენტი ყვება, რომ მის შვილებს PCR ტესტების პასუხები ჰქონდათ და ქუთაისის აეროპორტიდან ბუდაპეშტში უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა მას აერიპორტიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი ოჯახის წევრებს ვაქცინის გარეშე თვითმფრინავში ვერ აუშვებდნენ. კახა კუკავას ვაქცინების უსაფრთხოებაზე და თავისუფალ არჩევანზე საუბრისას ახალციხეში ექთნის გარდაცვალების შემთხვევა მოჰყავს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობას ორი ან მეტი დოზის საჭიროების გამო ეჭვქვეშ აყენებს დავით დოლიძეც და მაგალითად მოჰყავს სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინები, რომელთა მხოლოდ ერთი დოზა არის საჭირო.

"
ვიდეოს აღწერაში მოყვანილი მტკიცება, რომ ქუთაისის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციას აიძულებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მოთხოვნები, რომლებსაც მგზავრები გამგზავრებამდე უნდა აკმაყოფილებდნენ, ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. უნგრეთში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციის ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდის გადატანის დამადასტურებელი ცნობა ან ადგილზე 10 დღიანი იზოლაცია და PCR ტესტის გაკეთება მოეთხოვებათ. გარდა ამისა, მასალა ვაქცინაციაზე სხვა მანიპულაციურ ცნობებსაც შეიცავს. 

ვიდეოს აღწერა, თითქოს საქართველოს მოქალაქეებს ქუთაისის აეროპორტში ვაქცინაციას აიძულებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე არც იძულებითი და არც ნებაყოფლობითი ვაქცინაცია არ მიმდინარეობს, რადგან საქართველოს კანონმდებლობით ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

რაც შეეხება მოთხოვნებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა იმ ქვეყანაში შესვლა შეძლონ, სადაც მიემგზავრებიან, ისინი ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, უნგრეთს კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შესვლაზე სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები აქვს დაწესებული. მათ შორის არის ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის მოთხოვნა, ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდინფექციის გადატანის შესახებ ცნობის მოთხოვნა ან ქვეყანაში ჩასვლამდე 72 საათის ინტერვალში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი შედეგების მოთხოვნა. თუმცა, ქვეყნების მიხედვით ეს მოთხოვნები ერთმანეთისაგან განსხვავდება. საქართველოს აეროპორტებიდან მიმავალი საქართველოს მოქალაქეებისათვის მოქმედი შეზღუდვები, რომლებიც 2021 წლის 6 იანვრიდან მოქმედებს, უნგრეთში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

რეგულაციების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ სრული ვაქცინაცია და ამის დამადასტურებელად აქვთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ვაქცინაციის ბარათი, ან არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია, მაგრამ უგრეთში შესვლამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კორონავირუსის ინფექცია და აქვთ ოფიციალური ცნობა, შეუძლიათ უნგრეთში შეზღუდვების გარეშე შევიდნენ.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ არც სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი ბარათი და არც ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციის გადატანის შესახებ, მათთვის უნგრეთში შესვლაზე შეზღუდვებია დაწესებული, კერძოდ, ეს პირები ქვეყანაში შესვლას მხოლოდ უნგრული ბინადრობის მოწმობის, D კატეგორიის ვიზის ფლობის ან გამონაკლის შემთხვევებში შეძლებენ.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე გამონაკლისი შემთხვევების კატეგორიაში ხვდება, მათ ქვეყანაში შესვლაზე უნგრეთის პოლიციის ნებართვა უნდა მოიპოვონ. დეტალური ინფორმაცია უნგრეთის პოლიციის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

გამონაკლისი შემთხვევების კატეგორიაში შედიან არამოქალაქე პირები, რომლებიც:

  • უნგრეთში მიემგზავრებიან სასამართლო პროცესზე დასასწრებად,
  • გამოცდების ჩასაბარებლად ან სწავლის დასასრულებლად,
  • მონაწილეობენ ტვირთის გადაზიდვაში,
  • ოჯახურ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის (ქორწილი, დაკრძალვა),
  • ოჯახის წევრის მოსავლელად,
  • სხვა დასაბუთებული მიზეზის გამო.

ასევე, უნგრეთში შესვლის უფლება აქვთ სპორტული და კულტურული ღონისძიებების მონაწილეებს და მაყურებლებს, რა შემთხვევაშიც მათ შესაბამისი მიწვევები ან ბილეთები და PCR ტესტების პასუხები უნდა წარმოადგინონ.

უნგრეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის მიზნით ჩასულ არამოქალაქე პირებს ჩასვლისას უნდა ჩაუტარდეთ სამედიცინო შემოწმება და თუ საეჭვო სიმპტომები არ აღმოაჩნდებათ ტრანზიტისთვის 24 საათიანი ვადა მიეცეთ.

გარდა ამისა, უნგრეთში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე ასევე მითითებულია, რომ უნგრეთი საქართველოში გაკეთებულ PCR ტესტებს არ აღიარებს და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში ხვდებიან, მოუწევთ 10 დღიანი სავალდებულო სახლის კარანტინის გავლა, ან უნგრეთში 48 საათიანი ინტერვალით PCR ტესტის ჩატარება საკუთარი ხარჯებით.

  • ახალციხელი ექთნის გარდაცვალებით მანიპულაცია

ვიდეოში პარტიის ლიდერს, კახა კუკავას მანიპულაციურად ჰყავს მოყვანილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემთხვევა, როდესაც ვაქცინების უსაფრთხოებაზე და თავისუფალი არჩევნის აუცილებლობაზე საუბრობს:

კახა კუკავა: “მკვლელობაზე როცა ლაპარაკობენ, ახალგაზრდა ულამაზესი გოგო ახალციხეში დააგდეს პირდაპირ, ჯანმრთელი ადამიანი მოკლეს. ეს იმ სტატისტიკაში არ არის, რომ იძახიან ახლა რომ თურმე გარდაცვლილები ყველანი აუცრელები იყვნენო”.

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას 18 მარტს ახალციხის კლინიკა “იმედში” ჩატარებული კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. ცრუ ჩვენების ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი წაუყენა. პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულება იცრუეს, თითქოს  იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფ მეგი ბაქრაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა. მათი Ჩვენებით ირკვევა, რომ გართულებების შემდეგ მეგი ბაქრაძისთვის არანაირი მედიკამენტი არ გაუკეთებიათ. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, რომელსაც კახა კუკავა ახსენებს, ამ შემთხვევაში საუბარი კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების სტატისტიკაზე და შესაბამისად, მეგი ბაქრაძის შემთხვევა ამ სტატისტიკაში ვერ იქნება ასახული.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემთხვევა მანიპულაციურად წარსულშიც გამოუყენებიათ. ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის: მასალა:

ვიდეოში რესპოდენტი დავით დოლიძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს იმის გამო, რომ მათი ორი და სამომავლოდ შესაძლოა მეტი დოზის გაკეთება გახდეს საჭირო. ის პარალელს ავლებს ვაქცინებთან, რომლებსაც, მისი თქმით, მის ბავშვობაში აკეთებდნენ და მხოლოდ ერთი დოზა იყო საჭირო. ის ჩამოთვლის ტუბერკულოზის, შავი ჭირის, დიზენტერიის და დაუნიზმის აცრებს.

ჩამოთვლილთაგან დიზენტერიის და დაუნიზმის აცრები არ არსებობს.

დიზენტერიის გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევებში შიგელას ინფექციაა. აშშ-ს წამლისა და მედიკამენტების სააგენტოს მიხედვით, დაავადების პრევენციისათვის ვაქცინის შექმნაზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

რაც შეეხება დაუნის სინდრომს, ის არა რაიმე ტიპის ვირუსით ან ბაქტერიით, არამედ ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებით არის გამოწვეული და, შესაბამისად, “დაუნიზმის აცრა” არ არსებობს.

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ არის საჭირო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა, კვლევებით დაადგინდა, რომ პირველი დოზის შემდეგ იმუნური რეაქცია შედარებით სუსტი იყო, მეორე დოზის შემდეგ კი ვირუსისაგან დაცვის პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ორი დოზა სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინების შემთხვევაშიც არის საჭირო, მაგალითად წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა, ასევე A და B ჰეპატიტის ვაქცინები.

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინის შესაძლო მესამე დოზის გამოყენებას, ამის მიზეზი მუტაციური ვარიანტების გაჩენის შედეგად ვირუსის გადადებისაგან დაცვის კუთხით ვაქცინის ეფექტიანობის შემცირებაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ არსებული ვაქცინები კვლავ ეფექტიანია დაავადების გართულების და გარდაცვალებისგან დაცვის კუთხით. მსგავსი ე.წ. ბუსტერული დოზები სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც კეთდება, მაგალითად რეკომენდებულია ტეტანუსის ვაქცინის ბუსტერის გაკეთება 10 წლის შემდეგ, რადგან დროთა განმავლობაში ვაქცინაციის შედეგად შეძენილი დამცველობითი ეფექტი მცირდება.

“თავისუფალი საქართველოს” და “თავისუფალი არხის” შესახებ

კახა კუკავას პარტია “თავისუფალი საქართველო” აქტიურად გამოდის სავალდებულო ვაქცნაცის წინააღმდეგ და აქვეყნებს მანიპულაციურ ინფორმაციას კორონავირუსის ვაქცინების შესახებ. მაგალითისათვის, 30 აგვისტოს “თავისუფალი საქართველოს” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ დისკრიმინაციული არ არის და შესაბამიდას დამსაქმებლებს უფლება აქვთ დასაქმებულს ან მომხმარებელს მოსთხოვონ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ან PCR ტესტის პასუხი. ლომჯარიამ ასევე განაცხადა, რომ ეს პრაქტიკა გამონაკლის შემთხვევებსაც უნდა ითვალისწინებდეს. ვიდეო მანიპულაციური აღწერითაა გამოქვეყნებული, თითქოს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ვინც არ აიცრება, მათ სამუშაოდან გაათავისუფლებენ.

"
ვიდეოს “თავისუფალი არხის” ლოგო აქვს. ის არხის ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდა ამავე მანიპულაციური აღწერით.

“თავისუფალი არხი” კახა კუკავას პარტიასთან დაკავშირებული მედიაა, რომელიც მცდარ და მანიპულაციურ ინფორმაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ ხშირად ავრცელებს. არხზე ქვეყნდებოდა “მეცნიერთა კლუბის” გადაცემები, რომელიც ანტივაქსერ ჰომეოპათს, თინა თოფურიას მიჰყავდა. თინა თოფურია და სხვა ანტივაქსერები ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ არხზე ლაივ ჩართვების დროსაც.

“თავისუფალი არხის” ფეისბუქ გვერდი 2019 წლის 22 დეკემბერს შეიქმნა და თავდაპირველად “ილიონი” ერქვა. სახელი “TV თავისუფალი არხი – Free Channel” გვერდზე 2021 წლის 5 ივლისს დაერქვა.

"

არხის ეთერში გაჟღერებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უნგრეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist