აძლევს თუ არა გერმანიის “ინფექციისაგან დაცვის კანონი” პოლიციას თვითნებური ჩხრეკის ჩატარების უფლებას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

8
VIEWS

2021 წლის 17 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა Koba Kuprashvili ლაივ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც იგი კორონავირუსის გამო გერმანიაში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებზე საუბრობს. კუპრაშვილის თქმით, გერმანიაში დიქტატურა მყარდება და ხელისუფლება მოქალაქეებს სულ უფრო მეტ თავისუფლებას ართმევს, რის მაგალითადაც მას გერმანიის “ინფექციისაგან დაცვის კანონში” პირველი მოსმენით შესული ახალი ცვლილებები მოჰყავს. კუპრაშვილის მტკიცებით, აღნიშნული ცვლილებების თანახმად, პოლიციას უფლება ეძლევა, კერძო საცხოვრებლებში შეიჭრას და ჩხრეკა სასამართლოს განკარგულების გარეშე ჩაატაროს. კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ ამ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით ცენტრალურმა მთავრობამ გერმანიის მიწებს საკარანტინო შეზღუდვების დაწესებისა და მოსხნის ავტონომიური უფლებამოსილებაც ჩამოართვა. მისი მტკიცებით, გერმანიაში მიმდინარე პროცესები მალე საქართველოზეც აისახება, რაც გლობალური დიქტატურის დამყარებას ემსახურება.

კობა კუპრაშვილი: “რა ხდება გერმანიაში, რომ იცოდეთ… განხილვაშია ახალი კანონი, რომელიც ერთი მოსმენით უკვე მოისმინეს, შემდეგ იქნება მეორე მოსმენა, რომ ბუნდესტაგმა დაამტკიცოს და ძალიან სწრაფად მიდის ეს პროცესები, რომ უკვე შევიდეს ძალაში უახლოეს დღეებში. ამ კანონს ჰქვია Infektionsschutzgesetz, ქართულად გამოდის “ინფექციისგან დამცავი კანონი”… დღეს ხდება ამ კანონის მეორე აფგრეიდი, ყველანაირად გამკაცრება ზომების, კიდევ უფრო მეტი თავისუფლებების და უფლებების ჩამორთმევა ხალხისთვის და ყველანაირი ძალაუფლების ხელში მოყრა ძალიან ვიწრო წრისთვის… მათ შორის, ლაპარაკია იმაზე, რომ პოლიციასაც შეეძლება უკვე ნებისმიერ სახლში შესვლა, ყოველგვარი სასამართლოდან აღებული უფლების ან ჩხრეკის ორდერის გარეშე, რომ შეამოწმონ აბა იქ რამდენი ხალხი არი და უფრო მეტი სტუმარი ხომ არ ჰყავთ მიღებული…”

გარდა ამისა, ვიდეოში კუპრაშვილი არაერთხელ აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ტესტებს მწარმოებლები დეზინფექციას ეთილენის ოქსიდით უტარებენ, ხოლო ეს ნივთიერება კარცეროგენია და ტესტების ხშირ გაკეთბას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა შეუძლია.

;

კუპრაშვილის მტკიცება, თითქოს “ინფექციისაგან დაცვის კანონში” პირველი მოსმენით შეტანილი ცვლილებები პოლიციას ნებისმიერი მოქალაქის სახლში ჩხრეკის ორდერის გარეშე შეჭრის უფლებას აძლევს, მანიპულაციაა. როგორც გერმანიის პოლიციის გაერთიანება განმარტავს, კანონის საფუძველზე თვითნებური და სპონტანური ჩხრეკები არ განხორციელდება და პანდემიის გამო საცხოვრებლის ხელშეუხებლობაზე დაწესებული შეზღუდვები პროპორციულობისა და გონივრულობის სტანდარტებს დაექვემდებარება. რაც შეეხება ტესტების უსაფრთხოებას, ეთილენის ოქსიდი სამედიცინო ინვენტარის სტერილიზაციისთვის მრავალი წელია ფართოდ გამოიყენება და გასტერილებულ ნივთზე ეთილენის ოქსიდის ნარჩენების უსაფრთხოების ნორმებში მოქცევა მკაცრად კონტროლდება. 

“ინფექციისაგან დაცვის კანონი” (Infektionsschutzgesetz) 2001 წლიდან მოქმედებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაავადების გავრცელების პირობებში, ხელისუფლების მიერ საპასუხო ზომების მიღების ლეგალურ საფუძველს წარმოადგენს.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შესახებაც კუპრაშვილი 17 აპრილის ვიდეოში საუბრობს, “ინფექციისაგან დაცვის კანონში” ახალი 28b პარაგრაფის დამატებას გულისხმობდა, რომელიც დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ დონეზე დამატებითი დამცავი ზომებისა და ცენტრალური მთავრობის უფლებამოსილების გაფართოებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილებები ბუნდესტაგმა 16 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო, 21 აპრილს გამართული მეორე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცა, ხოლო 23 აპრილიდან პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ძალაში შევიდა.

ბუნდესტაგის ოფიციალურ გვერდზე ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ვკითხულობთ, რომ ცვლილებები კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებსა თუ დამოუკიდებელ ქალაქებში ერთიან საკარანტინე შეზღუდვებს და მათი შემოღების პირობებს შეეხება. კერძოდ, თუ ქვეყნის რომელიმე ნაწილში 7 დღიანი პერიოდში დღიურად ყოველ 100 000 ადამიანზე კორონავირუსის 100 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდება, გერმანიის ფედერალურ მთავრობას “ინფექციისგან დაცვის კანონის” ახალი 28b პარაგრაფით გათვალისწინებული საკარანტინო შეზღუდვების დაწესება იმ კონკრეტულ რეგიონში შეუძლია. კობა კუპრაშვილი ყურადღებას ამახვილებს შეზღუდვების შინაარსობრივ მხარეზე და კერძოდ პირადი შეკრებების შეზღუდვაზე. ახალი კანონით, როდესაც კორონავირუსის შემთხვევათა რადენობა რომელიმე რეგიონში ზემოთ დასახელებულ ნიშნულს აღწევს, კერძო სახლში ოჯახის წევრების გარდა მხოლოდ ერთი სტუმრის მიღებაა დაშვებული (შეზღუდვა არ ვრცელდება 14 წლამდე ბავშვებზე). კუპრაშვილი სპეკულირებს, რომ ამ რეგულაციის აღსრულების მიზენით, პოლიციას უფლება ექნება ნებისმიერი მოქალაქის სახლში შეიჭრას და სასამართლოს ორდერის გარეშე სპონტანური ჩხრეკა ჩაატაროს.

“ინფექციისგან დაცვის კანონის” ამჟამინდელი ვერსიის მიხედვით, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მოქალაქეებს შეიძლება შეეზღუდოთ ინდივიდუალური, და საცხოვრებლის თავისუფლებები. სწორედ ამ უკანასკნელ უფლებაზე დაწესებულ შეზღუდვაზე აპელირებს კუპრაშვილი. საცხოვრებლის თავისუფლებას გერმანიის კონსტიტუციის მე-13 მუხლი იცავს, რომლის მიხედვითაც, ადამიანის საცხოვრებელში პოლიციის შეჭრა და ჩხრეკის ჩატარება მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე შეუძლია, თუმცა გამონაკლისი შეიძლება არსებობდეს მყისიერი, მომაკვდინებელი საფრთხისა და საზოგადოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარდაუვალი რისკების არსებობის შემთხვევაში. თავის მხრივ, კონსტიტუციის ტექსტის მიხედვით, ეპიდემიური ვითარება შეიძლება იყოს სწორედ ასეთი გამონაკლისი მდგომარეობა.

მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობისა, პოლიციის მიერ თვითნებური და სპონტანური ჩხრეკები არ განხორციელდება და საცხოვრებლის ხელშეუხებლობაზე დაწესებული შეზღუდვები პროპორციულობისა და გონივრულობის სტანდარტებს დაექვემდებარება. როგორც 2021 წლის 19 აპრილს პოლიციელთა გაერთიანებამ (Polizeigewerkschaft GdP) გერმანულ მედიასთან განმარტა, “ინფექციისგან დაცვის კანონში” შესული ცვლილებებს პოლიცია ზომიერების დაცვით აღასრულებს და უსაფუძვლო ინსპექციებს არ ჩაატარებს. პოლიციის გაერთიანების თავმჯდომარის დიტმარ შილფის თქმით, შეზღუდვების აღსრულებისას პოლიცია პროპორციულობის პრინციპით იხელძღვანელებს და უმიზეზოდ “ყველა კარზე არ დააკაკუნებს”.

აღსანიშნავია ისიც, რომ კერძო სივრცეებში პირად შეკრებებზე შედარებით მსუბუქი შეზღუდვები გერმანიაში 21 აპრილს მიღებულ კანონამდეც მოქმედებდა და პოლიციის მიერ აღნიშნული შეზღდუვის აღსრულების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა პროპორციულობის სტანდატს აკმაყოფილებდა. მაგალითად, 2021 წლის 28 მარტს პოლიცია კერძო სახლში გამართულ წვეულებაზე არ შეუშვეს, რადგან შეკრებილი სტუმრები (27 ადამიანი) პირად შეკრებებზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევდნენ. შესაბამისად, პოლიციამ ადგილობრივი საოლქო სასამართლოდან ჩხრეკის ორდერი გამოითხოვა და კერძო საცხოვრებეში რეგულაციის აღსასრულებლად მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შევიდა. პირადი შეკრებებზე დაწესებული შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებით ბერლინის პოლიციის გაერთიანების სპიკერი ბენიამინ ინედრო ჯერკიდევ 2020 წლის ოქტომბერში განმარტავდა, რომ რეგულაციის საფუძველზე პოლიცია უბრალოდ რომელიმე ოჯახში ვერ მივა და ვერ მოსთხოვს, რომ სახლში ადამიანების დასათვლელად შეუშვან, თუმცა თუკი იარსებობს გონივრული საფუძველი, რომ სადმე ფართო შეკრება ან წვეულება იმართება, პოლიციას ჩარევის უფლებამოსილება ექნება.

ამაჟამად, გერმანია კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში კოროანვირუსის 3,29 მილიონი შემთხვევა დაფიქსირებული, ინფიცირებულთაგან 82 237 ადამიანი გარდაიცვალა.

დეზინფორმაცია, თითქოს გერმანიაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა პოლიციას მოქალაქეთა სახლებში შეჭრის, ჩხრეკისა და იძულებით იზოლაციაში გადაყვანის უფლებას აძლევს, 2020 წლის ნოემბერშიც ვრცელდებოდა.

იწვევს თუ არა ეთილენის ოქსიდით სტერილიზებული ტესტები სიმსივნეს? 

რაც შეეხება კობა კუპრაშვილის მეორე მტკიცებას, თითქოს კორონავირუსის ტესტებს დეზინფექციის ეთილენის ოქსიდის გამოყენება ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და შესაძლოა გრძელვადიან პერიოდში კიბოს განვითარება გამოიწვიოს, ასევე მცდარია. სამედიცინო ინვენტარის სტერილიზაციისთვის ეთილენის ოქსიდი უკვე წლებია გამოიყენება და  სამედიცინო ინვენტარის სტერილიზაციის დასრულების შემდეგ პროცესში მთლიანად გამოყენებული ეთილენის ოქსიდი სხვა ქიმიური აგენტების ზემოქმედების შედეგად იგი თითქმის სრულად ნეიტრალდება. ეთილენის ოქსიდის შესახებ იდენტური დეზინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული სტატია: ეთილენის ოქსიდით გასტერილებული COVID-19-ის ტესტები სიმსივნეს არ იწვევს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist