2024 წლის 2 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა “Gvan Ca” გამოაქვეყნა აშშ-ის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-საიტზე განთავსებული კვლევითი სტატიის სქრინშოთი, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, არის თუ არა სახიფათო თვითმფრინავის მიერ ცაში დატოვებული კვალი (Contrails) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის. პოსტის აღწერაში ავტორი ამტკიცებს, რომ კვლევის მიხედვით, თვითმფრინავის კონდენსატი რეალურად ქიმტრეილებია, რომლებიც სხვადასხვა ქიმიკატს შეიცავს და მათ მრავალი წელია აფრქვევენ, რაც გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობას აზიანებს. გარდა ამისა, პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ცოტა ხნის წინ ტენესის შტატის სენატმა მზის გეოინჟინერია, იგივე ქიმტრეილები აკრძალა.
მტკიცება, თითქოს ტენესის შტატში “ქიმტრეილები” აკრძალეს, 6 ივნისს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმაც გაავრცელა.
მტკიცება, თითქოს ე.წ. ქიმტრეილები მზის გეოინჟინერიას უკავშირდება, კონსპირაციული თეორიაა. ასევე, არც ფეისბუქ პოსტში მოყვანილი კვლევით და არც ტენესის შტატში მიღებული კანონით “ქიმტრეილების” არსებობა არ დადასტურებულა. რეალურად, ე.წ. ქიმტრეილებს კონტრეილები ეწოდება და ცაში წყლის ორთქლის კრისტალიზების შედეგად წარმოშობილი კვალია, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. რაც შეეხება სოლარულ გეოინჟინერიას, აშშ-ს აღნიშნული პროგრამა დაწყებული არ აქვს.
რა წერია სტატიაში?
2022 წელს ჟურნალში „მიმოხილვები გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის შესახებ” (Reviews on Environmental Health) გამოქვეყნდა დე გრუიტერის 2021 წლის სტატია სახელწოდებით “არის თუ არა თვითმფრინავების მუდმივი ბილიკები საფრთხე გარემოსა და ჯანმრთელობისათვის?”. მასალაში წერია, რომ ე.წ ქიმტრეილები სინამდვილეში ძრავის გამონაბოლქვის ნაწილაკებისა და კონდენსაციის ნარევია. სტატიით “ქიმტრეილების” არსებობა არ დასტურდება და ავტორი ამ ტერმინს იყენებს სხვებზე დაყრდნობით – აღსაწერად, თუ რას უწოდებენ მას სხვა პირები. ერთი მხრივ, სტატიაში ნამდვილადაა აღწერილი თვითმფრინავის გამონაბოლქვის შედეგები, რაც მოიცავს ჰაერის დაბინძურებასა და შესაბამისად მის უარყოფით გავლენას კლიმატზე, თუმცაღა, იქვე ნათქვამია, რომ ასეთივე უარყოფითი გავლენა გარემოზე ასევე აქვს ისეთ ბუნებრივ მოვლენებს, როგორებიცაა ვულკანის ამოფრქვევა, ტყის ხანძარი და სხვა. მეორე მხრივ, განხილულია სოლარული ინჟინერია და მასთან დაკავშირებული ბენეფიტები და რისკები. ასევე აღნიშნულია, რომ ამ პროგრამის განხორციელება დღემდე არ დაწყებულა. სტატიის დასასრულს კი ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ სოლარულ ინჟინერიასა და ე.წ ქიმტრეილებს შორის კავშირი და მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე აქამდე ჩატარებული კვლევებით არ დასტურდება. შესაბამისად, აღნიშნული სტატია არ ადასტურებს მტკიცებებს, რომლებსაც ავტორი პოსტს ურთავს თან.
აკრძალეს თუ არა “ქიმტრეილები” ტენესის შტატში?
ინფორმაცია, თითქოს ტენესის შტატში სენატმა მზის გეოინჟინერია და, როგორც მას პოსტი ავტორი უწოდებს, “იგივე ქიმტრეილები” აკრძალა, კონსპირაციის თეორიების ნაწილია. N2691 კანონსს ცვლილებები შეაქვს ტენესის ჰაერის ხარისხის აქტში, რათა, დოკუმენტის მიხედვით, შტატის საზღვრებში აიკრძალოს ნებისმიერი საშუალებით ქიმიური ნივთიერებებისა და ქიმიური ნაერთების განზრახ ინექცია, გამოთავისუფლება ან დისპერსია ატმოსფეროში, რისი მიზანიც იქნება ატმოსფეროში ტემპერატურის, ამინდის ან მზის შუქის ინტენსივობის შეცვლა. კანონპროექტი სენატმა 18 მარტს, 25 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო. სენატის მიღების შემდეგ გუბერნატორმა, ბილ ლიმ კანონს ხელი 11 აპრილს მოაწერა და ის ძალაში 1-ელ ივლისს უნდა შევიდეს.
კანონში არ არის ნახსენები ქიმტრეილები, თუმცა კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის “ქიმტრეილების” კონსპირაციის თეორიით არის შთაგონებული. სკოტ ბანბერიმ, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “სიერა ქლაბის” (Sierra Club) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რამდენიმე მოწმე, რომლების წარსდგნენ ტენესის საკანონდებლო ორგანოს წინაშე, ციტირებდა შეთქმულების თეორიას ან სპეკულირებდა საიდუმლო სამთავრობო გეგმით გეოინჟინერიასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, პრობლემა, რომლის აღმოფხვრისკენაც ინციატივაა მიმართული, შტატში არ არსებობს: „ის, რაც კანონში წერია, მართლა რომ ხდებოდეს, როგორც სერიოზული ორგანიზაცია, შეჩერებისკენ მოვუწოდებდით, თუმცა, ასეთი რამ არ ხდება”.
მტკიცება, თითქოს ტენესის შტატში მიღებული კანონით, ე.წ. “ქიმტრეილების” არსებობა დადასტურდა და აიკრძალა, ფაქტების გადამმოწმებელმა უცხოურმა ორგანზიაციებმაც გადაამოწმეს (1;2).
აშშ-ს შტატში “ქიმტრეილების” აკრძალვასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:
კონსპირაციის თეორიაა, თითქოს სოლარული ინჟინერიითა და მისთის განკუთვნილი ე.წ ქიმტრეილებით ადამიანებს წამლავენ. ე.წ. ქიმტრეილები, რეალურად, არ არსებობს – კვალს, რომელსაც თვითმფრინავი ცაზე ტოვებს, Contrails ეწოდება და ის წყლის ორთქლის კრისტალიზირების შედეგია. აშშ-ის ჰაერისა და გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. contrails საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეში არ აგდებს.
“ქიმტრეილები”, როგორც მას კონსპირაციის თეორიების ავტორები უწოდებენ, სოლარული ინჟინერიისთვის ვერ იქნება გამოყენებული. სოლარული გეოინჟინერია მზის რადიაციის მოდიფიკაციას უკავშირდება, რაც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მიზნით მზის გამოსხივების არეკვლას და სინათლის უკან კოსმოსში გაგზავნას გულისხმობს. მასზე, როგორც გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ერთ-ერთ ხერხზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა, რადგანაც მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ბოლომდე შეფასებული არ არის, აშშ-ს მზის გეოინჟინერიის პროგრამა დღემდე არ გააქტიურებულა.
“მითების დეტექტორს” მსგავსი მტკიცებები წარსულშიც აქვს გადამოწმებული. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:
- არის თუ არა კავშირში სოლარული გეოინჟინერია და ე.წ ქიმტრეილები?
- ქიმტრეილებისა და 9/11-ის კონპირაციის თეორიაზე რუსული არხის, TB3-ის სიუჟეტი ვრცელდება
წყაროს შესახებ
ფეისბუქ ანგარიში “Gvan Ca” კონსპირაციის თეორიებსა და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს. მის მიერ გაზიარებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებელი Armands Glazkovs ყალბ ინფორმაციას, შეთქმულების თეორიებსა და ანტივაქსერულ პოსტებს სისტემატურად ავრცელებს. ფაქტების გადამმოწმებლებს, მათ შორის, მითების დეტექტორს მისი პოსტები ყალბ ინფორმაციად აქვთ მონიშნული.
მარიამ აძიშვილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.