ABC News თუ РИА Новости – რას ეყრდნობა სტატია ამერიკელების განწყობების შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

99
VIEWS

2022 წლის 16 თებერვალს საინფორმაციო პორტალმა Info Analytical-მა ირაკლი ჯანყარაშვილის სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “ABC News: აშშ-ს მაცხოვრებლების უმეტესობა თვლის, რომ აშშ-ს მთავრობამ მიზანმიმართულად გააუარესა სიტუაცია უკრაინისა და რუსეთის ირგვლივ”. სტატიაში ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენის მიერ პუტინისთვის მიმართვას ამერიკული მედიის ABC News-ის მკითხველებში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ჯანყარაშვილის მტკიცებით, ამერიკის მოსახლეობის უმეტესობა უკრაინაში ვითარების გამწვავებას ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების შედეგად მიიჩნევს. მიუხედავად ავტორიტეტული საერთაშორისო მედიის წყაროდ დასახელებისა, მასალაში ავტორი ABC News-ის რომელიმე კონკრეტული სტატიის ან ახალი ამბის ბმულს არ უთითებს. 

Info Analytical-ის სტატია სოციალურ ქსელში აქტიურად გაავრცელეს ანტიდასავლურმა და “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებულმა ფეისბუქ ანგარიშებმა: infoanalytical.ge, ანტილიბერალური დოქტრინა, ბაკურ სვანიძის ინტერნეტ-TV და მეგობარი საიტები (ახალი ლინკები), კიდევაც დაიზრდებიან…., კლოუნები, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები და ლევან ვასაძის მხარდამჭერები levan vasadze.

Screenshot 16 4 ABC News თუ РИА Новости - რას ეყრდნობა სტატია ამერიკელების განწყობების შესახებ?

Info Analytical-ის მასალა დეზინფორმაციულია. სტატია ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ABC News-მა უკრაინის კრიზისისთან დაკავშირებით საზოგადოებრივი განწყობები გამოიკვლია და ჯანყარაშვილის სტატიაც სწორედ ამ კვლევის შედეგებს ასახავს. რეალურად, ავტორი რუსული სამთავრობო მედიის, РИА Новости-ის სტატიას ეყრდნობა, რომელშიც ჯო ბაიდენის პირდაპირ ჩართვაზე 6 ინტერნეტ მომხმარებლის უარყოფითი კომენტარი “ამერიკის მოსახლეობის” საერთო საზოგადოებრივ აზრად არის წარმოჩენილი.  აღსანიშნავია, რომ პროფილები, რომლებიც ამერიკული გამოცემის საიტზე კომენტარებს ტოვებდნენ, ყალბი ანგარიშების შთაბეჭდილებას ტოვებს (Hope21, Enough, Exposethemall). 

16 თებერვალს ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის და რუსული აგრესიის პასუხად ამერიკის გეგმების შესახებ განცხადება გააკეთა, რომელიც სხვა მედიებთან ერთად ამერიკულმა მაუწყებელმა ABC News-მაც გააშუქა. ჯო ბაიდენის გამოსვლის პირდაპირ ჩართვას ABC News-ის ვებგვერდზე – 6000-ზე მეტი კომენტარი აქვს. კომენტარებში გვხვდება როგორც პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციისა და უკრაინის მხარდამჭერი, ისე – საპირისპირო განწყობებიც. 

რუსულმა სამთავრობო მედიამ РИА Новости-მ, რომელზე დაყრდნობითაც ირაკლი ჯანყარაშვილმა სტატია მოამზადა, ABC News-ის გვერდზე განთავსებული ვიდეოს ქვეშ უარყოფითი კომენტარები შეაგროვა და მათზე დაყრდნობით დაწერა, რომ “ამერიკელ ხალხს ბაიდენის რცხვენია”. რეალურად რუსული მედიის მიერ მომზადებულ სტატიაში მხოლოდ 6 მომხმარებლის კომენტარია ამოწერილი, რომლებიც ჯო ბაიდენს უკრაინაში ვითარების გამწვავებაში ადანაშაულებენ და ამერიკის პრეზიდენტს “სასაცილოს” უწოდებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ათასობით კომენტარიდან РИА-ს მიერ შერჩეული ექვსი კომენტარის ავტორებს შორის ზოგიერთის ანგარიშს ანონიმური სახელები აქვს (Hope21, Enough, Exposethemall). ამასთანავე, ABC News-ის მასალებზე კომენტარის დასატოვებლად მარტივი რეგისტრაციის გავლაც საკმარისია და კომენტარის დატოვება ნებისმიერ მსურველს საკუთარი ან ანონიმური სახელით შეუძლია. ამიტომ, იმის დადგენაც კი შეუძლებელია  РИА-ს სტატიაში თავმოყრილი კომენტარების ავტორები ამერიკელები არიან თუ არა. 

Screenshot 17 4 ABC News თუ РИА Новости - რას ეყრდნობა სტატია ამერიკელების განწყობების შესახებ?

ამგვარად, ირაკლი ჯანყარაშვილის მტკიცება, თითქოს “ამერიკის მოსახლეობის უმეტესობა” უკრაინაში ვითარების მიზანმიმართულ გაუარესებაში  ჯო ბაიდენს ადანაშაულებს შეცდომაში შემყვანია და რუსული პროპაგანდისტული მედიის ასევე მანიპულაციურ სტატიას ეფუძნება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასავლური მედიები მათი სტატიებისა და ახალი ამბების კომენტარებში პრორუსული ტროლების აქტიურობის შესახებ ხშირად საუბრობენ. კარდრიფის უნივერსიტეტის 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დასავლური მედიების რუსეთთან დაკავშირებული სტატიების, ვიდეოებისა და ახალი ამბების კომენტარებში ე.წ. “ტროლები” ანტიდასავლურ და კრემლისტურ გზავნილებს სისტემატურად და კოორდინირებულად ავრცელებენ. მკვლევრები, რომლებმაც 16 დასავლური ქვეყნის 32 ავტორიტეტული მედიის სტატიებისა და პოსტების კომენტარებში არაავთენტური ანგარიშების აქტივობა გაანალიზეს, წერენ, რომ კრემლისტური ტროლების მიერ დატოვებულ კომენტარებს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული მედიები აქტიურად აშუქებენ და დასავლეთის შესახებ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისათვის იყენებენ. 

ირაკლი ჯანყარაშვილის ავტორობით Info Analytical-ი უკრაინის კრიზისში ამერიკის პასუხისმგებლობაზე მცდარ ინფორმაციას ადრეც ავრცელებდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist