Რა წერია ლენდ-ლიზის აქტში და არის თუ არა კავშირში უკრაინიდან ხორბლის იმპორტთან?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

514
VIEWS

11 მაისს რუსულენოვან მედიებმა (rg.ru, Ukriana.ru, regnum.ru, crimea.ria.ru) გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ს უკრაინაში ჰოლოდომორის მოწყობა სურს. ინფორმაცია რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარის – ვიაჩესლავ ვოლოდინის კომენტარს ეყრდნობა. ვოლოდინი ჯო ბაიდენის 10 მაისის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინის მარაგებში არსებული ხორბალი ექსპორტზე  უნდა გაიტანონ, რათა ხორბალზე ფასების დაწევა მოხდეს. ვოლოდინის მიხედვით, ხორბლის ექსპორტის რეალური მიზეზი ისაა, რომ აშშ-ის სურს, რაც შეიძლება მალე ამოიღოს 40 მილიარდის ოდენობით სესხის ვალი, რაც უკრაინას ლენდ-ლიზის აქტით გაწეული დახმარებით “დაავალდებულა”. Სტატიებში აღნიშნულია, რომ უკრაინას თავად სჭირდება ეს ხორბალი და ამ ექსპორტით აშშ მას ფაქტობრივად შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს. 

მსგავსი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებენ ფეისბუკის ქართული გვერდები (კონსერვატიული მოძრაობა ბათუმი,Fantina Georgian) და ანგარიშები (თორნიკე დიასამიძე , მალხაზ ხაბაზი, Read Joke). ფეისბუკზე ასევე ვრცელდება ჯო ბაიდენის გამოსვლის ვიდეო – ფრაგმენტიც, რომელშიც ის უკრაინიდან ხორბლის ექსპორტზე საუბრობს: “უკრაინის საცავებში დევს 20 მლნ.ტონა ხორბალი. ახლა ჩვენ ვარკვევთ იმას, თუ როგორ გავიტანოთ ეს მარაგი ექსპორტზე. ეს გამოიწვევს მსოფლიოში ხორბალზე ფასის დაწევას”.

მტკიცება, თითქოს აშშ ცდილობს უკრაინიდან ხორბლის ექსპორტით ლენდ-ლიზით დაკისრებული ვადლებულებები ამოიღოს, დეზინფორმაციაა. რეალურად, ლენდ-ლიზის აქტში არსად არის აღნიშნული, რომ უკრაინას შეიარაღება რაიმე პირობის ან ვალდებულების სანაცვლოდ მიეწოდება. ჯო ბაიდენის გამოსვლის ფრაგმენტი კი მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინის საცავებში არსებული ხორბალი ექსპორტზე ვერ გავა, უამრავ ქვეყანას, რომლებიც მარცვლეულს უკრაინიდან იღებენ, შიმშილი ემუქრებათ.

ჯო ბაიდენის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფრაგმენტი 10 მაისის გამოსვლიდანაა, რომელშიც ის ძირითადად ინფლაციის პრობლემებსა და უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის აუცილებლობაზე საუბრობს. ბაიდენი აღნიშნავს, რომ პუტინის ომმა სურსათზე ფასების გაძვირება გამოიწვია, რადგან უკრაინა და რუსეთი მსოფლიოში ორი ძირითადი მარცვლეულის რეგიონი – ხორბლისა და სიმინდისთვის – არსებითად, მთლიანად შეჩერებულია. Მისი თქმით,  ინფლაცია ორი მიზეზითაა გამოწვეული – პანდემია და ომი უკრაინაში. ორივე ძირითადი ფაქტორი გლობალური ხასიათისაა. 

გარდა ამისა, 11 მაისის სიტყვაში, რომელიც საკვებთან და მის ფასებთან იყო დაკავშირებული ჯო ბაიდენმა უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის მნიშვნელობაზე უფრო დეტალურად ისაუბრა. აღნიშნა,  რომ თუ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი არ მოხდება,  აფრიკის გარკვეული ქვეყნები, რომლებიც უკრაინაზე არიან დამოკიდებული, ფაქტობრივად შიმშილის საფრთხის წინაშე დადგებიან.  

Ჯო ბაიდენი: „მაგალითად, უკრაინა ირწმუნება, რომ ახლა მათ საცავებში 20 მილიონი ტონა მარცვლეული აქვთ — 20 მილიონი ტონა. და იცით რა? თუ ეს ბაზარს არ მიაღწევს, აფრიკაში ბევრი ადამიანი შიმშილით მოკვდება, რადგან ისინი არიან აფრიკის რიგი ქვეყნების ერთადერთი მიმწოდებელი. სომალი – ყველას არ ჩამოვთვლი…”

აღსანიშნავია, რომ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს განცხადების მიხედვით, რუსები თავად იპარავენ მარცვლეულს, შემდეგ კი ექსპორტზე გააქვთ. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ტარას ვისოცკიმ უკრაინის ტელევიზიით განაცხადა, რომ რუსებმა დაახლოებით 441 000 ტონა მარცვლეულის ექსპორტი მოახდინეს ოთხი ოკუპირებული რეგიონიდან: ზაპოროჟიედან, ხერსონიდან, დონეცკიდან და ლუგანსკიდან.

Რუსეთის დუმას თავმჯდომარე კი ჰოლოდომორის მოწყობას აშშ-ს აბრალებს. Ამ თემას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი – მიხაილო პოდოლიაკიც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ უკრაინა მარცვლეულის იმ ნაწილს ყიდის, რაც ჭარბად აქვს.

16 მაისს, უკრიანიდან ხორბლის ექსპორტის აუცილებლობაზე ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმაც განაცხადა. Მისი თქმით, ევროკავშირი მთელ ევროპაში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის არაერთ “მწვანე დერეფანს” შექმნის.

ჯოზეფ ბორელი: “უკრაინის რეზერვები სავსეა, მაგრამ მას არ შეუძლია ამ მარცვლეულის ექსპორტი”… მათ სჭირდებათ ამ საცავების გათავისუფლება შემდეგი მოსავლისთვის; ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ (უკრაინას) ამ მარცვლეულის ტრანსპორტირებაში მატარებლით, „სოლიდარობის დერეფნების“ საშუალებით”.

უკრაინაში ომი საფრთხეს უქმნის ხორბლის ყველაზე მნიშვნელოვან მარაგს მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.  „Comtrade“-ის (გაერო) მონაცემთა ბაზის თანახმად, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ძლიერ არიან დამოკიდებული ხორბლის იმპორტზე რუსეთიდან და უკრაინიდან. ბენინმა და სომალიმ მთელი ხორბალი უკრაინიდან ან/და რუსეთიდან მიიღეს. ამ მონაცემების მიხედვით, ეგვიპტის დამოკიდებულება 82 პროცენტი იყო.

ყველაზე მოწყვლადი ქვეყნები, რომლებშიც ხორბლის მთავარი იმპორტიორი რუსეთი ან/და უკრაინაა წყარო: statista.com 

ლენდ-ლიზის აქტი

9 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის აქტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, აშშ-ს 2022 -2023 ფისკალური წლებისთვის უკრაინისთვის ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რუსეთის აგრესიის მიმდინარე ან მოსალოდნელი შეჭრის მოსაგერიებლად, იარაღის მიწოდება შეუზღუდავად, ბიუროკრატიის გარეშე შეუძლია. 

ლენდ-ლიზის აქტის მიხედვით, იარაღის მარაგი არ იყიდება ან ჩუქდება, არამედ მიწოდებულია იმის საფუძველზე, რათა საბოლოოდ შეერთებულ შტატებში დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, აშშ-ს მთავრობას არანაირი კონკრეტული პირობა და გარანტი თანხის ან იარაღის დაბრუნებისთვის აქტში არ ჩაუდია. 

ლენდ-ლიზის აქტი მე-2 მსოფლიო ომის დროს

ლენდ ლიზის აქტი, შეერთებული შტატების კონგრესმა პირველად 1941 წელს დაამტკიცა და ხელი პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა მოაწერა. აქტმა პრეზიდენტ რუზველტს საშუალება მისცა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ქვეყნებისთვის დახმარება რთული ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიეწოდებინა. Მოკავშირე ქვეყნებისთვის აშშ-ის გაწეული სამხედრო-ტექნიკური დახმარება 50,1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. Საბჭოთა კავშირისთვის გაწეული დამხარება კი 11,36 მილიარდს. 

ამ ისტორიული მოვლენიდან 81 წლის შემდეგ, ლენდ-ლიზის პროგრამას რუსეთის აგრესიის მოგერიების მიზნით ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი. ლენდ-ლიზის აქტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება არ ექვემდებარება რაიმე დებულებას, რომელიც ვრცელდება მსგავსი ტიპის სესხება-იჯარის ხელშეკრულებებზე. 

სქრინშოთი: congress.gov

“შეთანხმება ამ კანონპროექტის მიხედვით თავდაცვის საგნების სესხის გაცემის ან იჯარის შესახებ არ ექვემდებარება გარკვეულ მოთხოვნებს და დებულებებს, რომლებიც, როგორც წესი, ვრცელდება ასეთ სესხება-იჯარის ხელშეკრულებებზე, მოთხოვნის ჩათვლით, რომელიც ზოგადად კრძალავს სესხის ან იჯარის პერიოდს ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში”,- აღნიშულია ლენდ-ლიზის პროექტში.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლენდ-ლიზის პროგრამით მიღებული სამხედრო ტექნიკის ანაზღაურება საბჭოთა კავშირს მხოლოდ მცირედით მოუწია. საბრძოლო მოქმედებების დროს განადგურებული საბრძოლო ტექნიკა და აღჭურვილობა გადახდას საერთოდ არ ექვემდებარებოდა. საბჭოთა კავშირმა ვალის გადახდა მხოლოდ 1972 წელს, წლის ომის დასრულებიდან 27 წლის შემდეგ დაიწყო. იმავე წელს გადახდები შეწყდა და მხოლოდ 1990 წელს გაგრძელდა და სრულად 2006 წლისთვის დასრულდა.

მითების დეტექტორი 2022 წლის ლენდ-ლიზის აქტის პირობებთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორს – თორნიკე თურმანიძეს ესაუბრა. Მან აღნიშნა, რომ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი ლენდ-ლიზის ვალდებულებების არანაირად უკავშირდება. Რეალურად, რუსეთი თავად იპარავს ხორბალს უკრაინიდან და ცდილობს ამ ფაქტის გადაფარვას. მისი თქმით, ეს რუსეთისთვის ჩვეული ტაქტიკაა.

თორნიკე თურმანიძე: “სინამდვილეში ამას იმიტომ აკეთებენ, რომ გადაფარონ თავიანთი დანაშაულები, მაგალითად, ხორბალთან დაკავშირებით. ფაქტი რა არის, რომ თვითონ რუსებმა მოიპარეს უკრაინული ხორბალი და ცდილობენ მის გასაღებას სირიაში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. დაბლოკილი აქვთ რეალურად საზღვაო აკვატორია, რომლითაც უკრაინას უნდა გაეტანა თავისი მარცვლეული. მარიუპოლის პორტი ვერ ფუნქციონირებს, ოდესის პორტი დაბლოკილი არის და იმ ტერიტორიებზე, რომლის ოკუპაციაც მოახდინეს მოიპარეს ეს მარცვლეული და ცდილობენ მის გაყიდვას.”

თორნიკე თურმანიძემ ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილ ლენდ-ლიზის აქტსა და მეორე მსოფიო ომის დროს რუზველტის მიერ მიღებულ ლენდ-ლიზის აქტს შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ როგორც მაშინ ახლაც არ მოხდება საბრძოლო მოქმედებების დროს განადგურებული საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის საფასურის გადახდა. Მოუწევს თუ არა უკრაინას რაიმე სახის ვადლებულების დაფარვა, ეს ომის დასრულების შემდეგ ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე გაირკვევა.

თორნიკე თურმანიძე: “აქტში არ წერია არანაირი არც ვადები, არც კონკრეტული პირობები. როცა მორჩება ომი, შემდგომ ორი მხარე დაჯდება და რაღაც დეტალებზე მოილაპრაკებენ, რაც მეორე მსოფლიო ომის პროგრამის გათვალისწინებით შეიძლება იყოს ძალიან მცირე ნაწილი და რაღაც სიმბოლური ანაზღაურება და უკან დაბრუნება.”

თურმანიძემ აღნიშნა, რომ რუსეთი საბჭოთა რეჟიმისთვის დამახასიათებელ პროპაგანდის ხერხებს მიმართავს და ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, თითქოს აშშ ყველაფერს მხოლოდ პირადი მოგების მიზნით აკეთებს. 

თორნიკე თურმანიძე: “რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი არის ისევე, როგორც საბჭოთა პროპაგანდისთვის იყო დამახასიათებელი ამერიკის შეერთებული შტატების წარმოჩენა რაღაც, ასე ვთქვათ, ბოროტ კაპიტალისტებად, რომლებსაც ყველაფრიდან სურთ მოგების მიღება. რაც აბსოლუტურად ტყუილია და ამიტომ იგონებენ ამ არარსებულ დეტალებს, უნდათ ისე წარმოაჩინონ, რომ იმიტომ კი არ ეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას, რომ უბრალოდ უნდა დაეხმაროს რუსეთისგან შემოტევის მოგერიებაში, არამედ იმიტომ, რომ რაღაც მატერიალური ინტერესი გააჩნიათ და  ეს ჩვეულებრივი მეთოდი არის, საბჭოთა პროპაგანდაც ასე აკეთებდა და რუსული პროპაგანდაც ასე აკეთებს”. 

 


Მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist