9 მცდარი განცხადება COVID 19-ზე, მსოფლიო ბანკსა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

286
VIEWS

28 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Lali Gelashvili   გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სათაურით “პანდემია და ახალი მსოფლიო წესრიგი”. ტექსტს ავტორად ფეისბუკ პროფილი Gadea Gadea Guruli ჰყავს მითითებული. პოსტის თანახმად, კორონავირუსის პანდემია მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა, ხოლო ვირუსი ამ გეგმის განსახორციელებლად ხელოვნურად შეიქმნა. თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად ავტორი მსოფლიო ბანკის საარქივო დოკუმენტების, “საიდუმლო კვლევების”, PCR ტესტების, პირბადეებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის შესახებ 9 მტკიცებას იშველიებს.

მტკიცება, თითქოს პანდემია მსოფლიო ბანკის მიერ “ახალი მსოფლიო წესრიგის” განსახორციელებლად დაიგეგმა, კონსპირაციულია. ამ კონსპირაციის გასამყარებლად პოსტში მოყვანილი “ფაქტებიდან” 7 დეზინფორმაციაა, ერთი – ნეხევრად მცდარი, ხოლო – ერთი  მანიპულაცია. 

დეზინფორმაცია #1: არსებობს ნივთიერება, რომელიც კორონავირუსს 24 საათში ანადგურებს. ამ ნივთიერებას ჯანმო ებრძვის, თუმცა ბოლივიაში მისმა გამოყენებამ სიკვდილიანობა 90%-ით შეამცირა. 

ნივთიერება, რომელიც პოსტის ავტორის მტკიცებით, კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს ბოლივიაში, რეალურად მათეთრებელი საშუალება – ქლორის დიოქსიდია. ივნისში ქლორის დიოქსიდს აქტიურად იყენებდნენ ბოლივიაში, როგორც კორონავირუსის სამკურნალო საშუალებას. ბოლივიის ჯანდაცვის სამინისტრო აფრთხილებდა მოქალაქეებს ნივთიერების სახიფათო თვისებების შესახებ, თუმცა ქვეყნის მთავრობა აქტიურად მუშაობდა ქლორის დიოქსიდის სამკურნალო საშუალებად დამტკიცებაზე.

2020 წლის 5 აგვისტოს ჯანდაცვის პან-ამერიკულმა ორგანიზაციამ გაავრცელა  განცხადება, რომლის თანახმადაც, არ არსებობს არავითარი მეცნიერული მტკიცებულება ქლორის დიოქსიდის ეფექტიანობის შესახებ, მისმა დალევამ ან ინჰალაციამ შესაძლოა, გამოწვიოს ინტოქსიკაცია და სხვა უმძიმესი გვერდითი ეფექტები, როგორც კორონავირუსით ინფიცირებულ, ისე ჯანმრთელ ადამიანებში.

დეზინფორმაციაა მტკიცებაც, რომ ქლორის დიოქსიდის გამოყენებამ ბოლივიაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 90%-ით შეამცირა. რეალურად, მას შემდეგ, რაც ბოლივიის მთავრობამ ქლორის დიოქსიდის კორონავირუსის მკურნალობისთვის გამოყენება ლეგალურად დაუშვა, ნივთიერებით მოწამვლის არაერთი ფაქტის დაფიქსირდა.

2020 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, ბოლივიაში კორონავირუსის 144 592 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვალებით კი 8 949 შემთხვევა დამთავრდა.

დეზინფორმაცია #2 : კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების გაკვეთის შედეგად იტალიელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ პაციენტები ვენური და არტერიული თრომბოზით იღუპებოდნენ და არა კორონავირუსით. კვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრძალვების დარღვევით ჩატარდა. (armodexperiment.com)

2020 წლის 22 აპრილს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილი 100-მდე პაციენტის გაკვეთის შედეგად მიღებულ მონაცემებს ეყრდნობოდა. კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ სუნთქვის მწვავე უკმარისობის გარდა, რა პროცესებს იწვევდა ინფექციის გართულება. რეალურად, კვლევის მიგნებების თანახმად, ერთ-ერთი ასეთი გართულება სისხლის შედედება და თრომბის განვითარებაა, რაც სისხლის უჯრედებზე კორონავირუსის ზემოქმედების შედეგად ვითარდება. ამასთანავე, თრომბის განვითარება დაავადების ყველა შემთხვევაში არ ხდება და მსგავსი გართულება პაციენტთა მხოლოდ ნაწილს ემართება.

მცდარია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამების გაკვეთას კრძალავს და იტალიელების კვლევა ამ აკრძალვის დარღვევით ჩატარდა. ჯანმო ექიმებს სთავაზობს კორონავირუსით გარდაცვლილთა გაკვეთისას უსაფრთხოების წესების შესახებ პროტოკოლს, რომელშიც მსგავსი აკრძალვა არ გვხვდება.

დეზინფორმაცია #3: ახალი კორონავირუსი ანუ SARS-CoV-2 ჯერ ვერცერთ ცხოველში ვერ აღმოაჩინეს, ის არც ერთ ბუნებრივ ვირუსს არ ჰგავს და შეიცავს ფურინს, რომელიც სხვა ვირუსებს არ აქვთ.

SARS-CoV-2-ის მსგავსი კორონავირუსები ველურ ბუნებაში არსებობენ და ძირითადად სწორედ ცხოველებში ცირკულირებენ. გენეტიკური მონაცემების ლაბორატორიულმა შესწავლამ აჩვენა, რომ ვირუსი უკვე არსებული კორონავირუსისგან წარმოიშვა, მისი წყარო კი ცხოველი, ყველაზე სავარაუდოდ ღამურაა.  კვლევების მიხედვით, ახალი კორონავირუსის წინაპარი ვირუსი უკვე ათობით წელია, რაც ველურ ბუნებაში ღამურების საშუალებით ცირკულირებს, რადგან ღამურები კორონავირუსების ყველაზე ხშირი გადამტანები არიან. მეცნიერების ამ დასკვნას ამყარებს გამოცდილებაც, რადგან მონათესავე კორონავირუსები (SARS და MERS)  წარსულში ადამიანებში სწორედ ღამურების გავლით მოხვდნენ.

ნივთიერება “ფურინი”, რომელიც პოსტის ავტორის მტკიცებით ბუნებაში არსებულ სხვა  ვირუსებს არ გააჩნიათ და კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობას ადასტურებს, რეალურად ცილა-კატალიზატორია, რომელიც ახალ კორონავირუსს ადამიანის უჯრედში შეღწევაში ეხმარება და ვირუსით სწრაფ დაინფიცირებას განაპირობებს. რეალურად, ფურინის საშუალებით ადამიანის უჯრედში შეღწევის მექანიზმი აღმოჩენილია სხვა ვირუსების შემთხვევაშიც, მაგალითად გრიპის ვირუსის განსაკუთრებით ძლიერ შტამებში, ებოლაში და სხვა. ამასთანავე, ახალი კორონავირუსისა და ფურინის კავშირზე კითხვები ამოწურული არ არის და სამეცნიერო კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

დეზინფორმაცია ახალი კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობაზე ადრეც ვრცელდებოდა.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:

დეზინფორმაცია #4: მსოფლიო ბანკის არქივში აღმოაჩენილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ კოვიდ19-ის სამედიცინო ინვენტარის ექსპორტზე ჯერ კიდევ 2017-2018 წლებში საუბრობდნენ

2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით მსოფლიო ბანკისა და გაეროს სავაჭრო საბჭოს ერთობლივ ვებ-გვერდზე World Integrated Trade Solution (WITS) ინფორმაცია ორი სახის სამედიცინო პროდუქტის 2017 და 2018  წლების ექსპორტ-იმპორტის შესახებ მართლაც გვხვდება. აღნიშნული პროდუქტი ამჟამად კლასიფიცირებულია, როგორც “COVID-ის ტესტები”.მსოფლიო ბანკის განმარტებით, აღნიშნული პროდუქტები კორონავირუსამდე, 2017 წლიდან გამოიყენებოდა სხვა სამედიცინო დანიშნულებით და მათ ტექნიკურ დასახელებაში „COVID” არ გვხვდებოდა . 2020 წლის აპრილში, პანდემიის დაწყების შემდეგ გვერდმა თავისი პროდუქტების კლასიფიკაცია თანამედროვე საჭიროებების შესაბამისად განაახლა, მათ შორის განახლება შეიტანა 2017-2018 წლების მონაცემებშიც იმის მიუხედავად, რომ წლების წინ, ეს პროდუქცია კორონავირუსთან დაკავშირებით არ გამოიყენებოდა.

აღნიშნული დეზინფორმაცია მსოფლიო ბანკის არქივის შესახებ ოქტომბერშიც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ, “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალაში: 3 ტყუილი და 2 მანიპულაცია covid-19-ზე, რომელიც ჯგუფში “შევაჩეროთ 5G საქართველოში” ვრცელდება

დეზინფორმაცია #5: კორონავირუსის პანდემია AGENDA 2030-ის ნაწილია, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერებმა მოაწერეს ხელი და მსოფლიო ბანკს დაემორჩილნენ 

დოკუმენტი “AGENDA 2030”  არა – მსოფლიო ბანკის, არამედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2015 წელს მიღებული სტრატეგიული დოკუმენტია, რომელსაც არათუ კავშირი არ აქვს კორონავირუსთან, მასში არაფერია ნათქვამი გლობალური პანდემიის შესახებ.  დოკუმენტი მომავალი 15 წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით მდგრადი განვითარების მისაღწევად ხემომწერი სახელმწიფოების მიერ განსახორციელებელ 17 პუნქტს მოიცავს.

გაეროს აღნიშნული დოკუმენტს ხშირად ახსენებენ კონსპირაციულ კონტექსტში. 2020 წლის 1 ოქტომბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა რუსულენოვან წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს კონსპირაცია, რომლის თანახმადაც “პროგრამა 30” გასაიდუმლოებული დოკუმენტია, რომელშიც ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების გეგმაა გაწერილი. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა: “არსებობს თუ არა გაეროს საიდუმლო დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ?”

დეზინფორმაცია #6: PCR ტესტები ვერ ადგენენ კორონავირუსს და ეს მითითებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე

PCR ტესტები პათოგენების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან და პასუხის მაღალი სიზუსტის გამო, მათ ტესტირების ოქროს სტანდარტსაც უწოდებენ. ორგანიზმში აქტიური კორონავირუსის დიაგნოსტირებისათვის PCR ტესტს რეკომენდაციას უწევს როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ისე ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია და სხვა ავტორიეტეტული სამედიცინო ორგანიზაციები. PCR ტესტი, როგორც ნებისმიერი სხვა ტესტის შემთხვევაში, მცდარი შედეგი 100%-ით გამორიცხული არაა, თუმცა ცრუ დადებითი შემთხვევები თითქმის არ ფიქსირდება. ტესტირების არასწორი შედეგი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ნაცხის არასწორი აღებით, ტრანსპორტირების და ნიმუშის შენახვის პირობების დარღვევით, მკვლევარის მიერ დაშვებული შეცდომით. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსების ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტირებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერკიდევ 2003 წელს SARS ვირუსის ეპიდემიის დროს უწევდა რეკომენდაციას.

PCR ტესტების შესახებ ვრცლად იხილეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მარი მურცხვალიძის მიერ “მითების დეტექტორისთვის” მომზადებულ სამეცნიერო ბლოგში:როგორ ხდება კოვიდ 19 დიაგნოსტირება?

დეზინფორმაცია #7: ნიღბები ვერ გვიცავენ კორონავირუსისგან და მათ ვარგისიანობაზე არავითარი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს

ნიღბების ეფექტიანობის განსაზღვრა საკმაოდ რთული საკითხია, რადგან პირბადის ტარება მხოლოდ მისი გამოყენების წესების დაცვის შემთხვევაში არის პოზიტიური შედეგის მომტანი. მართალია, პირბადე აბსოლუტურად ვერ გვიცავს დაინფიცირებისგან, თუმცა ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს, რომ პირბადეები კოვიდ19-ის გავრცელებას პოპულაციურ დონეზე ამცირებს და ეპიდემიის მრუდის ზრდას აფერხებს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიხედვით, ქირურგიული პირბადე არ ატარებს დიდი ზომის ნაწილაკებს, რომლებიც ბაქტერიულ და ვირუსულ მიკრობებს შეიძლება შეიცავდეს. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პირბადე დაინფიცირებულ ადამიანს ეკეთოს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციებით, პირბადის გამოყენება აუცილებელია საზოგადოებრივი თავშეყრის არეალებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა სოციალური დისტანცირების ზომების მიღება რთულია.

პირბადეების ეფექტიანობის შესახებ არსებულ კვლევებსა და ოფიციალურ განცხადებებზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებში:

ნახევრად მცდარი : ესპანური კვლევის თანახმად, ბარბასტოს მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსით გარდაცვლილი მოხუცების სიკვდილი გრიპის ვაქცინამ გამოიწვია. 

სამი მკვლევრის მიერ ესპანეთში, ბარბასტოს საავადმყოფოში 2020 წლის ივნისში კორონავირუსით გარდაცვალებასა და გრიპის ვაქცინის კავშირზე კვლევა მართლაც ჩატარდა. ავტორებმა შენიშნეს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 მოხუციდან 17-ს გრიპის ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული და ივარაუდეს, რომ გრიპის ვაქცინის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტი “Polysorbate 80” შესაძლოა, პაციენტებში ვირუსის დამძიმების მიზეზი გამხდარიყო. კვლევამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ანტივაქსერებს შორის, რის შემდეგაც კვლევის ავტორმა განმარტებებიც გააკეთა:

ხუან გასტონ ანანოსი:”თუ სტატიას გადახედავთ, არსადაა ნათქვამი, რომ ვაქცინაცია სახიფათოა ან ვაქცინაციის შესახებ რაიმე ფარული ინფორმაცია არსებობს. ჩვენ მხოლოდ ვვარაუდობთ, რომ გრიპის კონკრეტულ ვაქცინაში შემავალი ერთი კომპონენტი 65 წელზე ასაკოვან პაციენტებში შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობის გართულებას იწვევდეს.”

ანტივაქსერებს შორის პოპულარული მტკიცება, რომ გრიპის ვაქცინა კორონავირუსთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის არც ერთი მასშტაბური, სრულფასოვანი და ხანგრძლივი სამეცნიერო კვლევით არ დასტურდება. ამასთანავე, მეცნიერები ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებენ, რომ გრიპითა და კორონავირუსით პარალელური დაინფიცირება შესაძლებელია და ორგანიზმისთვის განსაკუთრებით სახიფათოა.

მანიპულაცია: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გვერდზე გაცხადებულად წერია, რომ ახალ რეალობაში ადამიანები არავითარ საკუთრებას არ უნდა ფლობდნენ და მაინც ბედნიერები უნდა იყვნენ 

აღნიშნული მტკიცება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გვერდზე 2016 წელს გამოქვეყნებული ბლოგის მანიპულაციურ ინტერპრეტაციას ემყარება. ბლოგში აღწერილია ჰიპოთეტური მომავალი, რომელიც შეიძლება ტექნოლოგიის სწრაფმა განვითარებამ გამოიწვიოს. ავტორის თანახმად, 2030 წლის ჰიპოთეტური მცხოვრებს “არ ჰყავს მანქანა, არ აქვს სახლი, არ აქვს ტენსაცმელიც კი”, რადგან ადამიანისთვის აუცილებელი ყველა აუცილებელი საჭიროება თანდათან უფასოდ გახდება ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის და საკუთრების ფლობა აზრს დაკარგავს.

გვერდის დასასრულს გვხვდება გაფრთხილებაც, რომ დანიელი პარლამენტარის იდა აუკენის 2016 წლის წერილი საავტორო ბლოგს წარმოადგენს, შესაბამისად  მასში გამოთქმული აზრები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეხედულებებს.

პოსტის გავრცელება

ლალი გელაშვილი პოსტის წყაროდ ფეისბუქ მომხმარებელს Gadea Gadea Guruli-ს ასახელებს, თუმცა გადეა გურულის პროფილზე საჯარო პოსტებს შორის აღნიშნული პოსტი არ გვხვდება. 2 დეკემბრის 9:00 საათის მდომარეობით გელაშვილის პოსტს 518 გაზიარება და 188 კომენტარი აქვს. პოსტი გააზირეს შემდეგ საჯარო ჯგუფებში: საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA,“საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ 6504 ძვ წკორონა მაფია, და  СТАЛИН ВЕЛИКИЙ УЧИТЕЛЬ სტალინი დიდი მასწავლებელი.. 28-29 ნოემბერს იდენტური ტექსტი გაზიარეს ფეისბუქ მომხმარებლებმა Vitalia Kardava და გოჩა ჩუმაშვილი.


არქივის ბმული: https://archive.is/96tQ9


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბოლივია, იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist