86% თუ 1% – ფაიზერის კვლევაში მონაწილე ბავშვების რამდენ პროცენტს გამოუვლინდა მძიმე გვერდითი მოვლენები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

55
VIEWS

9 ივნისს ფეისბუქ-პროფილმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფაიზერის ცდებში მონაწილე ბავშვების 86%-ს მძიმე თანმდევი მოვლენები დაუფიქსირდათ. პოსტს წყაროდ ვებ-გვერდ dailyexpose.co.uk-ის სტატია ახლავს, რომლის სათაურშიც წერია, რომ ფაიზერის კლინიკურ ცდებში უარყოფითი რეაქცია ბავშვების შოკისმომგვრელ რაოდენობას (86%) გამოუვლინდა.

;
ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების მტკიცება, თითქოს ფაიზერის ცდებში მონაწილე 12-15 წლის ბავშვების 86%-ს მძიმე გვერდითი მოვლენები განუვითარდათ, მცდარია. რეალურად 86.2% მხოლოდ ერთი კონკრეტული გვერდითი მოვლენის – ინექციის ადგილის მსუბუქი, საშუალო და მწვავე ტკივილის ჯამური მაჩვენებელია. ინექციის ადგილას მწვავე ტკივილი კი მხოლოდ 1%-ს ანუ 11 ბავშვს გამოუვლინდა. გარდა ამისა, პოსტის ავტორი სტატისტიკით მანიპულირებს, რადგან მოჰყავს მხოლოდ ერთი, ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენის სტატისტიკა.

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტანების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ფაიზერის კვლევაში მონაწილე ბავშვების 86%-ს მძიმე გვერდითი მოვლენები აწუხებთ, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, კვლევაში მონაწილე 1127 ბავშვში (86.2%) ინექციის ადგილას მსუბუქ, საშუალო და მწვავე ტკივილს გრძნობდა და ეს ამ შემთხვევების ჯამური პროცენტული მაჩვენებელია. ინექციის ადგილას მწვავე ტკივილი კი მხოლოდ 11 ბავშვს, ანუ კვლევაში მონაწილეთა 1%-ს განუვითარდა.

კვლევის შედეგებს ახლავს ცხრილი, რომელშიც მასში მონაწილე ბავშვებში გამოვლენილი გვერდითი მოვლენებია მოცემული. ფაიზერის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ 7 დღის განმავლობაში კვლევის 1127 მონაწილიდან ინექციის ადგილას ტკივილი სულ 971-ს ანუ 86.2%-ს გამოუვლინდა, აქედან მსუბუქი ხასიათის 41.4%-ს, საშუალო 43.7%-ს, ხოლო მწვავე მხოლოდ 1%-ს ანუ 11 ბავშვს. მეორე დოზა 1097 მონაწილემ მიიღო, ინექციის ადგილას ტკივილი კი 866-ს ანუ 78.9%-ს გამოუვლინდა, აქედან მსუბუქი ხასიათის 42.5%-ს, საშუალო 35.8%-ს, ხოლო მძიმე – მხოლოდ 0.6%-ს ანუ 7 ბავშვს.

;

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებს” მანიპულაციურად აქვს შერჩეული სტატისტიკური მონაცემიც და მხოლოდ იმ გვერდითი მოვლენის ჯამურ პროცენტულ მაჩვენებელს აქვეყნებს, რომელიც ბავშვებში ყველაზე ხშირად გამოვლინდა. მაგალითად, პირველი დოზის მიღების შემდეგ ინექციის ადგილას სიწითლე 5.8%-ში გამოვლინდა, 5.7%-ში  მსუბუქად და საშუალოდ; დაღლილობა 60.1%-ში, აქედან მსუბუქად და საშუალოდ 58.8%, ხოლო მძიმედ 1.3%-ში; ინექციის ადგილის გასიება 6.9%-ში, ყველა მათგანი მსუბუქად და საშუალო სიმძიმით; თავის ტკივილი 55.3%-ში, აქედან მსუბუქად და საშუალოდ 54.3%; ციება 27.6-ში, აქედან მსუბუქად და საშუალოდ 27.2%-ში, ხოლო დიარეა 8%-ში, მათგან მძიმედ არცერთ შემთხვევაში.

;;
;

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” წყაროდ dailyexpose.co.uk-ის მასალას უთითებს. მართალია, სტატიის სათაურში წერია, რომ 86% არა მძიმე გვერდითი მოვლენების, არამედ ზოგადად უარყოფითი რეაქციების პროცენტული მაჩვენებელია, თუმცა სათაური მაინც მანიპულაციურია, რადგან გვერდითი მოვლენების ამ რაოდენობას “შოკისმომგვრელს” უწოდებენ.

რეალურად კი ბავშვებში გამოვლენილი გვერდითი მოვლენების რაოდენობა 16 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მსგავსია, რამდენიმე გვერდითი მოვლენა კი მცირედით მეტ ბავშვში გამოვლინდა, ვიდრე ზრდასრულში. საერთო მონაცემების მიხედვით, 16 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებში ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ ინექციის ადგილას ტკივილი 84.1%-ს გამოუვლინდა, 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი – 90.5%-ს, დაღლილობა და სისუსტე 16 წელს ზემოთ ადამიანებში 62.9%-ს, 12-15 ასაკობრივ ჯგუფში კი 77.5%-ს, ზოგიერთი გვერდითი მოვლენის რაოდენობა ზრდასრულებში მცირედით მეტად გამოვლინდა, ვიდრე ბავშვებში, მაგალითად ინექციის ადგილის გასიება 16 წელს ზემოთ 10.5%-მა განიცადა, 12-15 ასაკში კი – 9.2%-მა.

როგორც ფაიზერის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, კვლევაში 2260 12-15 წლის ბავშვი იყო ჩართული, მათ ნაწილს ვაქცინა, ნაწილს კი პლაცებო გაუკეთეს. 2 დოზით ვაქცინირების შემდეგ 7 დღეში ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევები არ ყოფილა, ხოლო ბავშვებში, რომლებსაც პლაცებო გაუკეთეს, 18 შემთხვევა გამოვლინდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ 12-15 წლის ბავშვებში ფაიზერმა 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

;
ვებ-გვერდ dailyexpose.co.uk-ს შესახებ

ვებ-გვერდი  dailyexpose.co.uk, რომლის ბმულსაც “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” აზიარებს, 2020 წლის 18 ნოემბერს შეიქმნა და უმეტესწილად კორონავირუსთან დაკავშირებულ კონსპირაციებსა და ანტი-ვაქსერულ დეზინფორმაციას ავრცელებს. ვებ-გვერდი გამჭვირვალე არ არის და არც რედაქციის, არც სტატიების ავტორებისა თუ მფლობელების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

;
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეზინფორმაციები არაერთმა ფაქტების გადამამოწმებელმა ორგანიზაციამ გადაამოწმა, მათ შორის fullfact-მა და politifact-მაც.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist