6 დეზინფორმაცია “ერი მედიას” ეთერში საქართველოსა და უკრაინაზე

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

დეზინფორმაცია
198
VIEWS

5 ივლისს “ერი მედიას” გადაცემაში “თვალსაწიერი” გადაცემის წამყვანებმა 2014 წლის უკრაინის რევოლუციაზე, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომისა და 2024 წლის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესახებ ისაუბრეს. ლევან ვასაძის მტკიცებით, არსებობს ეჭვი, რომ იმ სნაიპერებს შორის, რომლებმაც 2014 წელს უკრაინაში ასამდე დემონსტრანტი დახოცეს, ქართველებიც იყვნენ. მისივე მტკიცებით, უკრაინის რევოლუციის შედეგად სათავეში ნაციონალისტი “აზოვის ბატალიონი” მოვიდა. მხატვარმა შოთა გლურჯიძემ და ლევან ვასაძემ უკრაინის მიწების საინვესტიციო კომპანია BlackRock-ისთვის მიყიდვაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ კომპანია მოითხოვს მის მიერ ნაყიდ მიწაზე უკრაინელი სამხედროები არ დაიკრძალონ. ვასაძე იმასაც აღნიშნავს, რომ უკრაინაში დაღუპული სამხედროების ორგანოებით ვაჭრობის შესახებ უამრავი სამხილი არსებობს. გლურჯიძე და გადაცემის კიდევ ერთი წამყვანი – ერეკლე ხიტალიშვილი კი ამტკიცებენ, რომ ოლენა ზელენსკამ 4 მილიონ დოლარად შეფასებული მანქანა იყიდა. 

Screenshot 2024 07 19 at 1.50.48 PM 6 დეზინფორმაცია “ერი მედიას” ეთერში საქართველოსა და უკრაინაზე

გადაცემის წამყვანები რამდენიმე დეზინფორმაციას ავრცელებენ: 1. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიური სესიის საბოლოო დეკლარაციაში ფრაზა “თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი” არ შესულა. 2. 2014 წლის თებერვალში უკრაინის რევოლუციის დროს ქართველი სნაიპერების მონაწილეობის მტკიცებულება არ არსებობს. 3. 2014 წლის რევოლუციის შემდეგ უკრაინის სათავეში “აზოვის ბატალიონი” არ მოსულა. 4. სიცრუეა, რომ კომპანია BlackRock-მა უკრაინული მიწები იყიდა და მათზე უკრაინელი სამხედროების დაკრძალვა აკრძალა. 5. ინფორმაცია უკრაინაში გარდაცვლილი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობის სქემაზე კრემლის ნარატივის ნაწილია და მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. 6. ოლენა ზელენსკას 4 მილიონ დოლარად შეფასებული ავტომობილი არ შეუძენია. 

  • ეუთოს დეკლარაციის საბოლოო ჩანაწერი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ცალკე ტერიტორიებად არ იხსენიებს

გადაცემის დასაწყისში წამყვანი ერეკლე ხიტალიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიური სესიის საბოლოო დეკლარაციის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” განცხადებას კითხულობს, რომლის მიხედვითაც, “თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი” უცნაური კონსტრუქციაა. ლევან ვასაძის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ ამგვარი ჩანაწერის საპასუხოდ ეუთოს წინააღმდეგ შესაბამის ორგანოში სარჩელი უნდა შეიტანოს.

ლევან ვასაძე: “მე მგონია სასამართლო სარჩელიც კი უნდა შეიტანოთ ეხლა სტრასბურგში ან ჰააგაში ან სადაც ინსტანციაა ეუთოს წინააღმდეგ, რომელმაც გაბედა და ესეთი ფორმულირება ჩაწერა პირველად…”

აღნიშნულ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ მსგავსი განცხადება ნამდვილად გააკეთა, ის “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული პუნქტების პარალელურად აპროტესტებდა ჩანაწერს “მოხდეს თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შერიგება”. 

“თვალსაწიერის” წამყვანების დიალოგიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ასამბლეამ დეკლარაცია ამ ჩანაწერით მიიღო. რეალურად, აღნიშნული ფრაზა 3 ივლისს დეკლარაციის ტექსტიდან ამოიღეს და ის დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ვერ მოხვდა, თუმცა მიღებულ დეკლარაციას საქართველომ მხარი მაინც არ დაუჭირა. 

უფრო ვრცლად აღნიშნული დეკლარაციისა და მასზე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 

გადაცემის შემდეგ ნაწილში წამყვანები უკრაინის 2014 წლის რევოლუციის შესახებ საუბრობენ. ლევან ვასაძის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციებზე ვიქტორია ნულანდი (ამ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში) ჩავიდა და დემონსტრანტებს ფუნთუშები დაურიგა, მათი ნაწილი სნაიპერებმა დახოცეს და არსებობს ეჭვი, რომ სნაიპერებს შორის ქართველებიც იყვნენ. 

ლევან ვასაძე: “მე მინდა შევახსენო რითი დაიწყო ეს ყველაფერი: ვიქტორია ნულანდი, რომელიც იყო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორი, მოადგილე… ჩავიდა კიევში… და არიგებდა ფუნთუშებს რევოლუციონერებზე, რომლებიც ამხობდნენ ვიქტორ იანუკოვიჩს, კანონიერად არჩეულ უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც არ უნდოდა რუსეთთან დაპირისპირება ევროპის ხარჯზე. ამის მერე ასამდე ადამიანი ამ დემონსტრანტებიდან იღუპება ახლო მდგომი ფანჯრებიდან თუ სასტუმროს ფანჯრებიდან გასროლილი სნაიპერები… გასროლილი ტყვიებით, რომელთა რიგებშიც სამწუხაროდ არის ეჭვი, რომ იყვნენ ქართველი ქილერებიც.” 

მტკიცება, რომ 2014 წლის თებერვალში უკრაინელ დემონსტრანტებს ცეცხლი ქართველმა სნაიპერებმა გაუხსნეს კრემლის ნარატივია, რომელიც უკვე  წლებია ვრცელდება და ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ემყარება. სინამდვილეში, 20 თებერვალს მომხდარი ტრაგედია ბოლომდე გამოძიებული არაა, თუმცა ქართველები ეჭვმიტანილებში არ ფიგურირებენ და რუსული ვერსია არსებულ მტიცებულებებთან, მათ შორის მოწმეების ჩვენებებთან, წინააღმდეგობაში მოდის. გამოძიების თანახმად, მომიტინგეებს უკრაინის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი ესროდა, თუმცა ყველა მათგანის იდენტიფიცირება ვერ მოხდა, ამასთანავე გამოძიება ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების ნაწილის ქვეყნიდან გაქცევამაც შეაფერხა. სულ მცირე 18 ეჭვმიტანილი ძალოვანი რუსეთმა შეიფარა და მოქალაქეობა მიანიჭა. ამის მიუხედავად, 2023 წელს კიევის სვიატოშინსკის რაიონის სასამართლომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი “ბერკუტის” 3 წევრი შეუიარაღებელი დემონსტრანტების დახოცვაში, ხოლო ერთი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო

აღნიშნულ თემაზე კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების და მათთან დაკავშირებული პირების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

ვასაძე ასევე ამტკიცებს, რომ რევოლუციის შედეგად უკრაინის სათავეში ნაციონალისტები მოვიდნენ აზოვის ბატალიონის სახით. 

ლევან ვასაძე: “ხდება რევოლუცია, რომლის შედეგადაც უკრაინის სათავეში მოდიან ნაციონალისტები, ჰიტლერის სვასტიკებით და სვირინგებით სხეულზე – აზოვის ბატალიონი”

რეალურად, მას შემდეგ, რაც 2014 წლის 22 თებერვალს უკრაინის პარლამენტმა იანუკოვიჩის პრეზიდენტობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა, მაისში ქვეყანაში საპრეზიდნეტო არჩევნები გაიმართა, სადაც პეტრო პოროშენკომ გაიმარჯვა, ხოლო ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც მასში საუკეთესო შედეგი რამდენიმე პროდასავლურმა პარტიამ აჩვენა

რაც შეეხება აზოვის ბატალიონს, ის მოხალისეებმა 2014 წელს დააფუძნეს და დონბასის ომში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი დამფუძნებელი ანდრიი ბილეცკია, რომელიც აზოვის ბატალიონს გამოეყო მას შემდეგ რაც აზოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდა. აზოვის ბრიგადაზე დეზინფორმაციას კრემლი წლების განმავლობაში ავრცელებდა და ნაცისტურ დანაყოფად წარმოაჩენდა.

  • კომპანია ბლექროკს უკრაინული მიწები არ შეუსყიდია

გადაცემის კიდევ ერთმა წამყვანმა, მხატვარმა შოთა გლურჯიძემ და ლევან ვასაძემ ამერიკულ საინვესტიციო კომპანია ბლექროკზეც (BlackRock) ისაუბრეს. მათი მტკიცებით, კომპანიამ უკრაინული მიწები შეისყიდა და ახლა ითხოვს მის მიწებზე უკრაინელი სამხედროები არ დაიკრძალონ. 

შოთა გლურჯიძე: “პრინციპში ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ვილოცოთ უკრაინაზე და ამ ძმათამკვლელ ომს ვერ მივესალმებით და გვინდა რომ შეწყდეს ეს და დღესვე თუ შეწყდება საუკეთესო რამე იქნება და მერე იქ, რა ჰქვია, მოლაპარაკებები შეიძლება ასი წელი გრძელდებოდეს, ადამიანები არ იღუპებოდნენ და არ ეწირებოდნენ ამ უბედურებას და ის BlackRock-ი არ აცხადებდეს, რომ მის ნაყიდ მიწაზე უკრაინელ მეომრებს ნუ მარხავენ იმიტომ რომ მათი მიწაა. აი ესეთ ცინიკურ მდგომარეობამდე არი მისული დასავლური…”

ლევან ვასაძე: “მოდი ამას გავუსვათ ხაზი, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის. გლობალისტების მიერ კონტროლირებულმა საინვესტიციო ფონდმა, რომელსაც ჰქვია BlackRock-ი და არი სუფთა ინსტრუმენტი გლობალისტური ექსპანსიისა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ფონდია Vanguard-თან და სხვებთან ერთად, იყიდა უკრაინის აეს შავმიწიანი რეგიონები კაპიკებში და ეხლა განაცხადა, რომ ეს ჩემი მიწაა და მანდ სასაფლაოებს ნუ აკეთებთო და დაღუპულ უკრაინელ ვაჟკაცებს ნუ მარხავთო ჩემი საკუთრების ტერიტორიაზეო, გესმით რასთან გვაქვს საქმე, ხალხო?!”

ეს მტკიცება ყალბია და ემყარება ინფორმაციას, რომელიც თავდაპირველად რუსულ სატირულ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. რეალურად უცხოურ კომპანიებს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვა აკრძალული აქვთ და BlackRock-ის დირექტორს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელების დეტალები იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

ვასაძე ასევე ამტკიცებს, რომ ორგანოების საერთაშორისო ტრეფიკინგის ბიზნესი გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროების გვამებს ორგანოების დონორებად იყენებს.

ლევან ვასაძე: “არსებობს უკვე და პრაქტიკულად დამტკიცებული, დოკუმენტირებული ზღვა მასალა ფაქტოლოგიისა, რომ დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების სხეულებს იყენებენ ორგანოების დონორებად ორგანოების საერთაშორისო ტრეფიკინგის ბიზნესში”

აღნიშნული ინფორმაცია კრემლის კიდევ ერთი ნარატივის ნაწილია, რომელიც წლების მანძილზე სხვადასხვა გაყალბებული მტკიცებულებების გამოყენებით ვრცელდება. რუსულ მხარეს ორგანოებით ვაჭრობის მასშტაბური სქემის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულება ჯერაც არ წარმოუდგენია. სხვადასხვა დროს გავრცელებული ყალბი ცნობები აღნიშნულ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

კიდევ ერთი ცნობა, რომელსაც გლურჯიძე და გადაცემის მესამე წამყვანი – ერეკლე ხიტალიშვილი აჟღერებენ, უკრაინის პრეზიდენტის მეუღლეს, ოლენა ზელენსკას ეხება. წამყვანების მტკიცებით, ზელენსკამ 4 მილიონ დოლარად შეფასებული ავტომობილი შეიძინა. 

შოთა გლურჯიძე: “და ამ ფონზე ზელენსკიმ – მეუღლემ ისევ რაღაც, თუ ჭორი არ არი, მანქანა იყიდა ძაან ძვირადღირებული…”

ერეკლე ხიტალიშვილი: “მემგონი არ არის ჭორი, ყველაზე ძვირადღირებული”

გლურჯიძე: “…რაღაც 4 მილიონი დოლარი გადაიხადა თუ რაღაც, საოცრებაა რა”

ინფორმაცია ზელენსკას მიერ ძვირადღირებული ავტომობილის შეძენის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაპირველად ცნობები 22 ივნისს დარეგისტრირებულ საიტზე გამოქვეყნდა, სადაც მტკიცებულებად გაყალბებული ინვოისი იყო წარმოდგენილი. ასევე, კომპანია Bugatti Paris-მა უარყო, რომ ზელენსკა მათი კლიენტია. აღნიშნული დეზინფორმაციის დეტალები იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist