სასულიერო პირის მანიპულაცია, თითქოს მსოფლიო პატრიარქი საპატრიარქოს აფხაზეთის და ცხინვალის ეკლესიებით აშანტაჟებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

50
VIEWS

1 ნოემბერს ავჭალის ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარმა გიორგი რაზმაძემ “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,  რომ კონსტანტინოპოლი აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიის საქართველოს ავტოკეფალური  ეკლესიის ფარგლებში დარჩენას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისათვი ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილებას დაეთანხმება. მისი თქმით, საქართველოს ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქო სწორედ აფხაზეთისა და ცხოვნალის ეკლესიების საკითხით ევაჭრება, ემუქრება და აშანტაჟებს.

გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი:  “ჯერ კიდევ მაშინ, როცა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობაზე დაიწყო საუბარი, მსოფლიო საპატრიარქოდან ხმა გამოვიდა, რომ ბართოლომეოსს უთქვამს, თუ საქართველო მხარს დაგვიჭერს ავტოკეფალიის მინიჭებაში, თბილისში ჩავალ და განცხადებას გავაკეთებს, რომ, როგორც აფხაზეთი, ისე სამაჩაბლო, არის საქართველო და იქ არავის აქვს უფლება, ეპარქიები გახსნასო… რას ნიშნავს, თუ ჩვენკენ იქნებით, მხარს დაგიჭერთ? ეს არ არის ვაჭრობა? ეს არ არის მუქარა და შანტაჟი, რომ, თუ ასე არ მოიქცევით, დაისჯებითო?”.

გიორგი რაზმაძის განცხადება, თითქოს მსოფლიოს საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიებით აშანტაჟებს, მანიპულაციურია. მსოფლიო საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის საზღვრებს 1990 წელს არსებული საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში ცნობს, რაც აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონსაც მოიცავს. ამ საზღვრების მიმართ მხარდაჭერა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეისმა 2017 წელს საჯაროდაც გამოხატა. ერთადერთი ეკლესია, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ტერორორიაზე საქართველოს ეკლესიის ღვთისმსახურებას უშლის ხელს, რუსეთის ეკლესიაა.

მსოფლიო ეკლესია საქართველოს ეკლესიის საზღვრებს 1990 წლისათვის არსებული საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აღიარებს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც გულისხმობს.1990 წელს მსოფლიოს პატრიარქმა საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას გადასცა სიგელი, რომელშიც საქართველოს ეკლესიის სტატუსთან ერთად საქართველოს ეკლესიის ტერიტორიაც არის განსაზღვრული, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც მოიცავს. კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ სიგელში აღნიშულია:

“…კავკასიის კურთხეულ მიწაზე, ამჟამად საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში შემავალი წმინდა და მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც უძველესი დროიდან მიიღო თვითმმართველი და თავისუფალი გამგებლობა და შესაბამისად საეკლესიო მმართველობითი ორგანიზაციაც”.

2017 წელს ტელეკომპანია იმედისათვის მიცემულ ინტერვიუში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში მიიჩნევს. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა ეკლესიამ პატივი უნდა სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ეკლესიის მიერ აფხაზეთში  მღვდელთა ხელდასხმა პრობლემას წარმოადგენს.

ბართლომეოსი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი: “…მსოფლიო საპატრიარქო პოლიტიკით არ არის დაკავებული, მაგრამ ეკლესიურად მიგვაჩნია, რომ ეს ადგილები [აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი] მიეკუთვნება საქართველოს ეკლესიას. ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს ეკლესიასთან ამ საკითხებზე… მსოფლიო საპატრიარქოში ახლაც შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია მისი ერთი ეპისკოპოსის მეშვეობით ახორციელებს მღვდელთა ხელდასხმას, ანუ აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის. ვისურვებ, მოწესიგდეს ეს საკითხი, ვისურვებ, რომ ყველა ეკლესიამ პატივი სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს და არასდროს შელახოს ეს საზღვრები”.

მსოფლიო საპატრიარქოს საქართველოს უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საქართველოს ეკლესიისათვის პოზიციის დაფიქსირება ოფიციალურად არ მოუთხოვია. ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების უფლება მხოლოდ კონსტანტონოპოლის საპატრიარქოს აქვს .

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა “ტაბულაში” გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს, რომ კონსტანტინიპოლის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საქართველოს ეკლესიისათვის  რაიმე პოზიციის დაფიქსირება, თუნდაც მხარდაჭერა, არ მოუთხოვია. იგი მოქმედებს მისივე კანონიკური ნორმების ფარგლებში, აწარმოებს მოლაპრაკებებს და ეკლესიების ინფორმირებას ახდენს.

ერთადერთი ეკლესია, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ტერორორიაზე საქართველოს ეკლესიის ღვთისმსახურებას უშლის ხელს, რუსეთის ეკლესიაა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ქართული ეკლესიას ღვთისმსახურების ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევს, ქართულ ეკლესია-მონასტრებს მიზანმიმართულად არბევს  და კულტურულ-ისტორიულ ძეგლებზე ქართულ კვალს შლის. ამ ტეროტორიებზე ღვთისმსახურებას მხოლოდ რუსეთის ეკლესია და მის მიერ ხელდასხმული სამღვდელოება აღავლენს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშში რელიგიური თავისუფლების შესახებ აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ღვთისმსახურების ჩატარების შესაძლებლობა არ აქვს. რუსეთის სამხედრო ძალებმა კი წვთნების ჩასატარებლად გზის გაწმენდის მიზნით დაანგრიეს სოფელ წებელდას ეკლესია. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებშიც აღნიშნულია, რომ აფხაზეთში არსებულ ქართულ ტაძრებში აკრძალულია ქართულ ენაზე ღვთისმსახურება, ეთნიკურად ქართველ სასულიერო პირებს კი ფიზიკურად უსწორდებიან. ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკლესია-მონასტრებსა და სხვა კულტურულ-ისტორიულ ძეგლებზე ქართული კვალის მიზანმიმართული წაშლის პროცესს ინტენსიური ხასიათი აქვს.

ნეტგაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში დეკანოზი ილია ჭიღლაძე აღნიშნავს, რომ 1993 წლიდან, მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი დანიელი (დათუაშვილი) და ქართველი სამღვდელოება აფხაზეთიდან გამოდევნეს, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას უკანონოდ, დე ფაქტოდ მართავდა და მართავს მოსკოვის საპატრიარქო, ჯერ სტავროპოლის ეპარქიის საშუალებით, შემდგომ კი ახლად დაარსებული მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიის რუსი ეპისკოპოსის მიერ.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

მგ
რაზმაძე გიორგი

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist