გაზეთ “ასავალ-დასავალის” 2019 წლის 18-24 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ გიორგი გიგაურის სტატია, სათაურით “ერო და ბერო, ისმინე: საქართველოში ბავშვთა გარყვნას გვიკანონებენ!” სტატია “ბავშვთა უფლებათა კოდექსს” ეხება, რასაც ავტორი “გარყვნილების”, “სოდომ-გომორის”, “სექსუალური აღვირახსნილობის, ნარკოტიკების მიღებისა” და”ტრანსგენდერული მასკარადების” დაკანონებად აფასებს. იდენტურ შეფასებებს გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” სარედაქციო კომენტარში და “ქართული იდეის” ლიდერთან ლევან ჩაჩუასთან ინტერვიუში ვხვდებით, რომელიც 2019 წლის 13 თებერვალს “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნდა:
ასავალ-დასავალი: “თუ თქვენ შვილს დაუშლით სექსუალურ აღვირახსნილობას, „ახალ სარისკო გატაცებებს“ – ნარკოტიკების მიღებას ან ტრანსგენდერულ მასკარადებს, ის უკვე კანონის ძალით ადგება და „უფლებების დარღვევისთვის“ სასამართლოში გიჩივლებთ! და საქართველოში მშობლებს დაემართება იმაზე უარესი, ვიდრე უკვე დამართეს მასწავლებლებს, რომლების სკოლებში უუფლებო ბუტაფორიებად გადაააქციეს!“
საქართველო და მსოფლიო: “UNICEF-ის მიერ ნაკარნახევი ახალი რეგულაციების შემდეგ მშობელს ისღა დარჩება, ჩუმად იყოს და მოთმინებით შეხვდეს შვილის ყველა გატაცებას, რომელიც თურმე მოზარდობის ასაკში ნორმალურია, მათ შორის, ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების, ნიკოტინისა და სხვა მავნე ნივთიერებების მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოძალადის სტატუსით მართლმსაჯულების წინაშე წარდგება და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.”
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: “ეს ნიშნავს, რომ აქაც დამკვიდრდება და მიღებული იქნება ის “სოციალური ნორმები”, რომლებიც ევროპაშია. წახვალ წინააღმდეგი? მოგადგება სოციალური მუშაკი და მოძალადის სტატუსით საბრალდებო სკამზე აღმოჩნდები. მთავარი აქცენტი ახლა კეთდება იმაზე, რომ მშობელს წაართვან შვილის აღზრდის ბუნებრივი უფლება და პრივილეგია.”
“ასავალ-დასავალის”, “საქართველო და მსოფლიოსა” და ლევან ჩაჩუას მიერ ბავშვთა კოდექსის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ფაქტობრივ მონაცემებს არ ეყრდნობა, ბავშვთა კოდექსით გათვალისწინებულ დებულებებს არ ასახავს და მთლიანად ავტორების სუბიექტურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. “მითების დეტექტორი” გთავაზობთ 5 მთავარ მითს, რომელიც ბავშვთა უფლებათა კოდექსის შესახებ გავრცელდა.
მითი N1: კოდექსი გულისხმობს აკრძალვებს, როგორც სკოლასა და საჯარო სივრცეში, ისე ოჯახში
,,ბავშვთა უფლებების კოდექსით“ განსაზრღვრული ბავშვის დაცვის გარანტიები “ასავალ-დასავალის”, “საქართველო და მსოფლიოსა” და ლევან ჩაჩუას მიერ ინტერპრეტირებულია აკრძალვებად, რაც კანონის არასწორ განმარტებას წარმოადგენს და მის მიზნებს ეწინააღმდეგება.
- კოდექსში აკრძალვებს საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა და გულისხმობს ისეთი ქმედებების აკრძალვას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას, ძალადობას, წამებას, ბავშვის მიმართ სასტიკ მოპყრობას, ექსპლუატაციაში ჩაბმას და სხვა.
მითი N2: კოდექსი ბავშვებს სექსუალურ აღვირახსნილობას და ნარკოტიკების მოხმარებას
კოდექსის IX თავი მთლიანად ეთმობა ბავშვის მავნე ზეგავლენისგან დაცვის უფლებას. ამ თავის 62-ე მუხლი კი მოიცავს ბავშვის დაცვას ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებისგან, რაც ბავშვისთვის ასეთი ნივთიერებების მიყიდვას კრძალავს. ამ თავის სხვა მუხლები კი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბავშვის დაცვა აზარტული თამაშების ზეგავლენისგან, ბავშვის დაშვების აკრძალვა მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრებში, ბავშვის დაცვა მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციისაგან და სხვა.
მითი N3: შვილისთვის შენიშვნის მიცემა კანონის ძალით იკრძალება
,,ბავშვთა უფლებების კოდექსის“ მიხედვით, აკძალვა შინაარსობრივად შეეხება როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, თუმცა ამ სფეროში მშობლის მიერ შვილისთვის შენიშვნის მიცემა არ ექცევა. კონკრეტული ზემოქმედება უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად არსებული ფაქტების გათვალისწინებით, ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.
კანონპროექტი ,,საქართველოს კანონი ბავშვის უფლებების კოდექსი” მუხლი 49.2. აწესებს შემდეგს:
- აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება ან სხვა სასტიკი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი ოჯახში, სკოლამდელ ან ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებაში, სამედიცინო ან/და ფსიქიატრიულ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილას. აღნიშნული ქმედება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მითი N4: ,,თუ მშობელი “ევროპულ სოციალურ ნორმებს” არ დაემორჩილება, სოციალური მუშაკი შვილს წაართმევს”
სოციალური მუშაკის მიერ მშობელთა ქმედება ,,ევროპულ სოციალურ ნორმებთან“ შესაბამისობაში არ ფასდება. სოციალური მუშაკის ფუნქციები განისაზღვრება ,,სოციალური მუშაობის შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის საფუძველზეც იგი ახორციელებს შესაბამის ქმედებას კონკრეტულ შემთხვევაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საფრთხის არსებობის ან წარმოქმნის საშიშროების შესაბამისად. იგი ვალდებულია, კონკრეტული ქმედება დაასაბუთოს დოკუმენტალურად, კანონით მინიჭებულ ფარგლებში.
სოციალური მუშაკი ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანის თაობაზე (ბავშვის ოჯახიდან განცალკევების შესახებ) გადაწყვეტილებას დადგენილება N437-ის შესაბამისად იღებს, რომლის მიხედვითაც:
,,მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან ბავშვთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისგან ბავშვის განცალკევება წარმოადგენს უკიდურეს ზომას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა, მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება და ამ ნაკლებად მკაცრმა ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, რაც გამოიწვევს ბავშვის გარდაუვალ დაღუპვას ან ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.“
შესაბამისად, სოციალურ მუშაკს არ აქვს უფლება კანონიერი საფუძვლის გარეშე კონკრეტული მშობლის მიმართ გაატაროს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, დადგება სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობის საკითხი.
მითი N5: კანონპროექტი გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF)-მა მოამზადა
კანონპროექტი ,,ბაშვთა უფლებების კოდექსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ არ არის მომზადებული. კოდექსი შემუშავდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით.
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი