3 მითი რუსეთის, როგორც მცირე ერების მფარველის შესახებ

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

5
828
VIEWS

2019 წლის 28 მაისს ონლაინ გამოცემამ Geworld.ge (საქართველო და მსოფლიო) სტატია სათაურით “ბევრი სახელმწიფო რუსეთის წყალობით არსებობს” გამოაქვეყნა. ავტორი რუსეთს განმათავისუფლებელ სახელმწიფოდ მოიხსენიებს და მის ისტორიულ მნიშვნელობას დადებითად აფასებს. სტატიის მიხედვით სწორედ რუსეთის დამსახურებით არსებობს მრავალი სახელმწიფო და რუსეთი ამერიკელებისა და ესპანებელებისგან განსხვავებით პატარა ერებს მუდმივად უფრთხილდება. ამის ერთ-ერთ მაგალითად Geworld-ი ლატვიას ასახელებს, სადაც, ავტორის მტკიცებით, ლატვიური ენის პირველი სახელმძღვანელო რუსეთის იმპერატორის ინიციატივით დაიბეჭდა.

საქართველო და მსოფლიო: “მანამდე კი ბალტიისპირელები გერმანელებს ჰყავდათ დამონებული და მათ პირუტყვებს ეძახდნენ, ლატვიური ენის პირველი სახელმძღვანელო რიგაში მხოლოდ 1868 წელს დაიბეჭდა. მისი შექმნის ინიციატორი რუსეთის ხელისუფლება იყო. რუსებს, ამერიკელი კოვბოებისა და ესპანელი კონკისტადორებისგან განსხვავებით, არასოდეს გაუნადგურებიათ მცირე ერები და არც მათი ასიმილაცია უცდიათ ძალის გამოყენებით. ჩამორჩენილ ყიშლაყებსა და აულებში კი რუსები წასვლის შემდეგ ბიბლიოთეკებსა და თეატრებს ტოვებდნენ.”

კრემლისტურ მედიაში რუსეთის დადებით ძალად წარმოჩენა ახალი არ არის. ეს ნარატივი მუდმივად აქტუალურია ერთ დროს რუსეთის მიერ დაპყრობილ სახელმწიფოებში. პროპაგანდისტული მედია ყალბი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელების გზით აკნინებს დასავლეთის სახელმწიფოებს, საპირწონედ კი რუსეთის პოზიციებს აქტიურად იცავს, რათა რუსეთის მიმართ სიმპათიები გააძლიეროს. “მითები დეტექტორი” რუსეთის პოლიტიკის შესახებ გავრცელებულ 3 მითს გთავაზობთ.

მითი N1: ლატვიური ენის პირველი სახელმძღვანელო რიგაში მხოლოდ 1868 წელს დაიბეჭდა. მისი შექმნის ინიციატორი რუსეთის ხელისუფლება იყო

რეალური ფაქტი N1: ლატვიური ენის სახელმძღვანელოები ლატვიაში მე-17 საუკუნეში უკვე გამოქვეყნებული იყო

ლატვიას საკმაოდ დიდი ლიტერატურული კულტურა გააჩნია. პირველი ბეჭდური ტექსტი იქ ჯერ კიდევ 1525 წელს გამოიცა. ამას შემდგომ მოყვა პირველი ბეჭდური წიგნი 1585 წელს. პირველი ეტაპი ძირითადად რელიგიურ ლიტერატურას დაეთმო, შემდგომი მე-17 საუკუნეში კი უკვე სეკულარულ ლიტერატურასაც ვხვდებით. ენის სახელმძღვანელოებთან მიმართებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ გერმანელებს, რომლებმაც ლატვიური ლინგვისტური ლიტერატურის ისტორია საკმაოდ გაამდიდრეს. 1638-სა და 1644 წლებში გამოიცა ლექსიკონი და ლატვიური ენის გრამატიკა.

ინფორმაციის მოკვლევის მიზნით, მითების დეტექტორი ლატვიური ენის სახელმწიფო სააგენტოს დაუკავშირდა, რისი საშუალებითაც ენის პირველ სახელმძღვანელოზე სხვადასხვა ინფორმაცია მივიღეთ. პირველი ადამიანი ვისაც ჰქონდა ლინგვისტური ხასიათის ჩანაწერები ლატვიური ენის ფონეტიკასა და გრამატიკაზე ლუთერანი პასტორი ჯორჯ მანცელიუსი იყო (1593-1654). ის ამ საკითხზე უკვე წერდა თავისივე სახელმძღვანელო წიგნში “Lettisch Vademecum” (1631). სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც გამოაქვეყნა ლატვიური ენის სახელმძღვანელო სამ ნაწილად. პირველი ნაწილი – ანბანური გერმანულ-ლატვიური ლექსიკონი “ლეტუს” (1638), რასაც თან მოსდევდა თემატური ლექსიკონი “Phraseologia Lettica” და 10 სასაუბრო დიალოგი ლატვიურად თავისივე თარგმანით. ამავე დროს (დაახლ. 1630) პირველი ლატვიური ენის გრამატიკის აღწერა “Manuductio” დაიწერა იოჰან ჯორჯ რეჰეჰუსენის მიერ, რომელიც განკუთვნილი იყო ენის შესწავლისთვის. აღნიშნული წიგნი მოგვიანებით 1644 წელს გამოქვეყნდა. ასევე აღსანიშნავია ენრიკე ადოლფის გამოქვეყნებული სახელმძღვანელო.

"
Phraseologia Lettica

მტკიცება, რომ რუსეთი ზრუნავდა ლატვიურ ენაზე არასწორია, რადგან რუსეთის იმპერია და შემდგომ საბჭოთა კავშირი მუდმივად ცდილობდნენ ლატვიური ენის შეზღუდვას ისე, როგორც ამას იმპერიის შემადგენელ სხვა სახელმწიფოებში აკეთებდნენ. მე-19 საუკუნის 80-იან წლებსში, მას შემდეგ რაც რუსეთის იმპერიაში ძალაუფლება ალექსანდრე მესამემ მოიპოვა, რუსიფიკაცია უფრო მეტად გააქტიურდა. განიხილებოდა იდეაც, რომ ლატვიურ ენაში დამწერლობა კირილიცა გამოყენებულიყო. აღნიშნულ მცდელობებს შემდგომ სხვადასხვა მოწინააღმდეგე ნაციონალისტური მოძრაობები მოჰყვა.

მითი N2: რუსეთს არასოდეს გაუნადგურებიათ მცირე ერები და არც მათი ასიმილაცია უცდიათ ძალის გამოყენებით

რეალური ფაქტი N2: რუსეთი მუდმივად ცდილობდა მცირე ერების გენოციდს, ასიმილაციას ან ეთნიკურ წმენდას

რუსეთის ისტორია იმპერიიდან მოყოლებული დღემდე გენოციდის, ეთნიკური წმენდისა და ასიმილაციის სხვადასხვა შემთხვევით არის სავსე. რუსეთი ამ მეთოდებით დაპყრობილი ხალხებსა და სახელმწიფოებს უკეთ იმორჩილებდა.

  • ჩერქეზთა გენოციდი

აბაზ-ჩერქეზთა გენოციდი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებთაგან ერთ-ერთია, რამაც ამ ერის 90%-ის სამშობლოდან გადინება ან დაღუპვა გამოიწვია. რუსეთი აქტიურად ცდილობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას, რათა ის უფრო ადვილად დაექვემდებარებინა თავისი გავლენის ქვეშ. საქართველომ ჩეჩნეთის ეთნიკურ წმენდას გენოციდის სტატუსი მიანიჭა და პარლამენტმა სპეციალური სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა. ნაშრომის მიხედვით, ჩერქეზი ხალხის გენოდოფონდის მთლიანმა მსხვერპლმა 20%-ზე მეტი შეადგინა.

"
“მთიელები ტოვებენ აულს”, პეტრე გრუზინსკი, 1872.

აბაზ-ჩერქეზთა ეთნიკური წმენდა 1864-1867 წლებში მიმდინარეობდა, თუმცა იგივე პროცესი სხვა კავკასიურ ხალხებზე 150 წლით ადრე დაიწყო. რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე სპეციალურ რესკრიპტში აღნიშნავს:

„თქვენს იმპერატორულ უმაღლესობას შესაშური წილი ერგო – დააგვირგვინოს საუკუნენახევრის წინ დაწყებული საქმე დასავლეთ კავკასიის დაპყრობისა და პირველმა აუწყოს რუს ხალხს, რომ კავკასიაში ამიერიდან არცერთი ურჩი ტომი აღარ დარჩა“

რუსეთი ჩერქეზ მოსახლეობას სასტიკად ექცეოდა, რასაც სხვადასხვა ისტორიული წყარო მოწმობს. ასეთი სისასტიკე სხვა ერებისთვისაც მაგალითი უნდა ყოფილიყო, რადგან იმპერიას პატარა ერების აჯანყება თავიდან აეცილებინა. ერთ-ერთი თვითმხილველი ი.დროზდოვი თავის წიგნში “უკანასკნელი ბრძოლა მთის კავკასიელებთან დასავლეთ კავკასიაში” იხსენებს:

„საზარელი სურათი გადაგვეშალა თვალწინ – გზა მოფენილი იყო ბავშვების, ქალების, მოხუცების დაგლეჯილი, ძაღლებისგან ნახევრად შეჭმული, გვამებით; შიმშილითა და სნეულებით დასუსტებულ გადასახლებულებს, ძლივს რომ დალასლასებდნენ, და წაქცეულებს ჯერ კიდევ ედგათ სული, დამშეული ძაღლები უღებდნენ ბოლოს”

1992 წლის 7 თებერვალს ყაბარდო-ბალყარეთის სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო სპეციალური დადგენილება, რითიც რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას გენოციდის აქტის სტატუსი მიანიჭა და რუსეთისგან ამ ფაქტის აღიარება მოითხოვა. რუსეთი დღემდე არ აღიარებს ამ მოვლენას როგორც გენოციდს. მწერალი და პროფესორი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უოლტერ რიჩმონდი თავის წიგნში “ჩერქეზთა გენოციდი” წერს, რომ რუსეთის მთავრობა დღემდე ცდილობს გენოციდის ბოლომდე გამოკვლევას ხელი შეუშალოს. მისი აზრით, რუსეთის მთავრობამ სპეციალური საპრეზიდენტო კომისიაც კი შექმნა, რათა ბრალდებები ჩერქეზთა გენოციდის შესახებ თავიდან აიცილოს.

  • მუჰაჯირობა

ტერმინი “მუჰაჯირობა” რუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში როგორც ჩერქეზების ისევე სხვა კავკასიელი ხალხების ეთნიკური წმენდას უკავშირდება. კავკასიის ომის შემდეგ რუსეთმა ეს მხარე მთლიანად დაიმორჩილა, ხოლო ხალხის ასიმილაციითა და ეთნიკური წმენდით ის კავკასიის მთლიანად დაქვემდებარებას აპირებდა. წმენდამ კულმინაციას 1863-1864 წლებში მიაღწია. ჩერქეზებთან და ჩეჩნებთან  ერთად ეს პროცესი სხვა ხალხებს, მათ შორის, უბიხებს, აბაზებს, ყუბანისპირელ ნოღაელებს, ყარაჩაელებს, აფხაზებსა და ქართველ მუსლიმებსაც შეეხო.

"
კავკასიელები ტოვებენ თავიანთ სოფლებს

მუჰაჯირთა საერთო რაოდენობამ 800 000 ადამიანს მიაღწია და მათი ძირითადი ნაწილი თურქეთში გადასახლდა. პროცესის შედეგად მრავალი ეთნიკური ტომი კავკასიის ტერიტორიაზე მთლიანად გაქრა. რუსეთის იმპერიამ შედეგად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ტერიტორია ადვილად დაიმორჩილა და მისი დიდი ნაწილი დღემდე უკავია. რუსეთი ამ ადამიანების რეპატრიაციას არ ცდილობს და პასუხისმგებლობასაც თავიდან იცილებს. 1994 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა გამოაქვეყნა მიმართვა ჩრდილოკავკასიელი ხალხებისადმი (“Обращении к народам Кавказа”), სადაც მან დაგმო მე-19 საუკუნეში მომხდარი ფაქტები, თუმცა ამას არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ მოჰყოლია და მუჰაჯირთა საკითხი რუსეთში დღემდე უგუვებელყოფილია.

  • რუსეთ-ჩეჩნეთის ომი

რუსეთი ჩეჩნებს კავკასიის ომისა და მუჰაჯირობის პერიოდიდან ავიწროებდა, თუმცა ეს შევიწროება და ამ მცირე ერის განადგურება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ეტაპზეც გაგრძელდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რომელსაც მხოლოდ საქართველომ დაუჭირა მხარი. ამ ქმედებას რუსეთისგან საპასუხოდ 1994 წელს ჩეჩნეთში ჯარის შესვლა მოჰყვა. რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები ომის დროს მრავალჯერ დაარღვია.

20 თვიანმა შეტაკებამა პირველ ეტაპზე 100 000 მშვიდობიანი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. პირველი ომის დასრულების შემდგომ მცირე შეტაკებები კვლავაც გაგრძელდა. რუსეთს ჩეჩნეთის ბოლომდე დასუსტება სურდა, რათა მას წინააღმდეგობა აღარ გაეწია. 1999 წელს ჩეჩნეთის მორიგ მცდელობას დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის რუსეთის მხრიდან ახალი ომი მოჰყვა, დაიბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა და საცხოვრებელი სახლები. რუსეთი ძალის გამოყენებით მუდმივად ცდილობას სხვადასხვა ეთნოსის დამორჩილებას და ასიმილაციას არა მარტო იმპერიის დროს, არამედ დღემდე.

მითი 3: რუსეთმა სპარსეთთან ომების შედეგად გაათავისუფლეს სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო

რეალური ფაქტი N3: რუსეთმა ეს სახელმწიფოები იმპერიის ტერიტორიას მიუერთა

მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიასა და სპარსეთს შორის ორი მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა. დაპირისპირება ძირითადად ამიერკავკასიის ტერიტორიებისთვის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) კონკურენციამ გამოიწვია. პირველი ომი 1804-1813 წლებში მიმდინარეობდა, სადაც რუსეთმა გაიმარჯვა და 1813 წელს ირანთან გულისტანის საზავო ხელშეკრულება გააფორმა. ზავის თანახმად რუსეთმა კავკასიის საკმაოდ დიდი ნაწილი მიიღო. ირანს მოუწია შემდეგი ტერიტორიების დათმობა: დაღესტანი, ქართლ-კახეთის სამეფო, სამეგრელოს სამთავრო, გურიის სამთავრო, იმერეთის სამეფო, აფხაზეთის სამთავრო, ბაქოს სახანო, ყუბის სახანო, დარუბანდის სახანო, შირვანის სახანო, ყარაბაღის სახანო, განჯის სახანო, შექის სახანო, თალიშის სახანო. რუსეთის ქმედება არ იყო გათავისუფლება. მან მხოლოდ დაიქვემდებარა ეს ტერიტორიები და კავკასიაში თავისი გავლენა გაამყარა. სპარსული დაპყრობა რუსულით შეიცვალა და საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა დამოუკიდებლობას კვლავ ვერ მიაღწიეს.

"
გულისტანის ზავი

რუსეთმა აღნიშნული ტერიტორიები საკმაოდ ადვილად დაიქვემდებარა და იქ ასიმილაციის პოლიტიკა გაატარა. ირანი კვლავ აცხადებდა პრეტენზიებს, რასაც 1826-1828 წლებში მეორე ომი მოჰყვა, რომელიც ასევე რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. ამ ომის შედეგად რუსეთმა თავისი ტერიტორიები უფრო მეტად განავრცო და თურქმენჩაის ზავის შედეგად ერევნისა და ნახჭევანის სახანოები მიიღო. არც ამ შემთხვევაში მიიღო რომელიმე სახელმწიფომ დამოუკიდებლობა. ეს არ იყო გათავისუფლების აქტი, არამედ თითოეულმა ხელშეკრულებამ სუზერენი და დამპყრობელი ირანი რუსეთით ჩაანაცვლა.

"
თურქმენჩაის ზავი

მტკიცება რომ რუსეთმა ეს სამი სახელმწიფო გაათავისუფლა მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია. რუსეთის იმპერიის დაპყრობით ამ ერების ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგა, რადგან ასიმილაციის პოლიტიკა ცხოვრების ყოველ სფეროში საკმაოდ დიდი იყო. რუსეთის იმპერიის დაპყრობითი პოლიტიკის გამართლება კრემლისტური მედიის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. იხილეთ მითების დეტექტორის გამოქვეყნებული ადრინდელი სტატია ამის შესახებ.

 

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლატვია, რუსეთი, სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist