ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდება ვიდეო, რომელზეც წერენ, რომ იტალიელებმა რომში პროტესტის დროს ევროკავშირის ოფისის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და იტალიის აღმართეს. ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანთა ჯგუფი საპროტესტო შეძახილების ფონზე შენობისკენ მიემართება და ერთ-ერთი მონაწილე ევროკავშირის დროშას ხსნის. 24-27 სექტემბერს ვიდეო კრემლისტური მედიასაშუალება “ალტ-ინფოს” ახალი ამბების გვერდმა ალტნიუსმა, გვერდმა Lemon/ليمۆ, ასევე სხვა ქართულ (1,2) და რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა (1,2,3) გაავრცელეს. რუსულენოვანი მომხმარებლების ნაწილი წერდა, რომ შემთხვევა პოსტის გამოქვეყნების დღეს 26 სექტემბერს მოხდა.
ვიდეო შეცდომაში შემყვანი აღწერით ვრცელდება. რეალურად, ვიდეო არა ამჟამად, არამედ 2013 წლის დეკემბერში, ნეო-ფაშისტური გაერთიანების 100-მდე წევრის პროტესტის დროს არის გადაღებული, ხოლო ადამიანი, რომელმაც დროშა ჩამოხსნა, პოლიციამ ადგილზევე დააკავა.
გავრცელებული პოსტები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვიდეო რომში ახლახანს გაიდაღეს. რეალურად, ვიდეო 2013 წლის დეკემბერშია გადაღებული, როცა იტალიური ნეო-ფაშისტური გაერთიანების CasaPound-ის წევრები რომში მდებარე ევროკავშირის ოფისს დაესხნენ თავს და მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა სიმონ დე სტეფანომ კიბის გამოყენებით შენობის აივანზე აღმართული დროშის ჩამოხსნა მოახერხა.
ადგილზე პოლიცია მალევე მივიდა და დამნაშავეები დააკავა. ადგილობრივი გამოცემების მიხედვით, პროტესტში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
იტალიაში მიმდინარე არჩევნების პარალელურად აღნიშნული ვიდეო ყალბი აღწერით უცხოეთშიც გავრცელდა. ვიდეო ონლაინ გამოცემა Misbar-მაც გადაამოწმა.
რომში ევროკავშირის წარმომადგენლობა ოთხი ნოემბრის ქუჩაზე მდებარეობს.
წარმომადგენლობის ოფიციალურ ტვიტერისა და ფეისბუქის გვერდებზე უახლოეს პერიოდში შენობაზე მომხდარი რაიმე ტიპის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. რაც შეეხება დროშას, ევროკავშირის დროშა შენობაზე 9 სექტემბერს დედოფალი ელიზაბეტ II-ს გარდაცვალების შემდეგ გლოვის ნიშნად დაუშვეს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.