2 რუსეთი: ანტივაქსერების წინააღმდეგ და ანტივაქსერების მხარდასაჭერად

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

200
VIEWS

11 ნოემბერს კრემლის პროპაგანდისტულ მედია Россия Сегодня-ს (RT) ვებ-საიტზე სტატია, სათაურით “«Дискредитация государства»: как в России лоббируют антиваксерское движение” (სახელმწიფოს დისკრედიტაცია: როგორ ლობირებენ რუსეთში ანტივაქსერულ მოძრაობას) გამოქვეყნდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში მთავარი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ანტივაქსერული ლობისთვის გამოიყენება, რუსულენოვანი პეტიციის საიტი CitizenGo-ა, რომლის მთავარი ოფისი ესპანეთში მდებარეობს. RT-სთან ინტერვიუში ექსპერტები ამბობენ, რომ პლატფორმა ულტრამემარჯვენე ამერიკელებთან და ევროპელებთან თანამშრომლობს, რათა რუსეთის საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება მოახდინოს. RT-ის მიხედვით, CitizenGO Россия-ს კოორდინატორი ბლოგერი ალექსანდრა მაშკოვა-ბლაგიხია, ხოლო პეტიციები, რომლებიც პლატფორმაზე ქვეყნდება, CitizenGO-სთან დაკავშირებული ორგანიზაციებისა და ინდივიდების ავტორობითაა.

RT წერს, რომ CitizenGO 2013 წელს მადრიდში ესპანურმა ორგანიზაცია HazteOir-მა დააარსა, რომელიც ულტრამემარჯვენე იდეოლოგიითაა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ CitizenGO-ს სამეურვეო საბჭოს წევრია ალექსეი კომოვია, რომელიც ამერიკაში დაფუძნებული ორგანიზაციის, ოჯახების მსოფლიო კონგრესის (WCF) ოფიციალური წარმომადგენელია რუსეთში. CitizenGO-ს RT ამერიკელ და ევროპელ ულტრამემარჯვენეებს უკავშირებს, თუმცა კომოვის შესახებ სტატიაში არაფერია ნათქვამი.

"

"
ალექსეი კომოვი და ლევან ვასაძე, ოჯახების მსოფლიო კონგრესი

ალექსანდრე კომოვს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ასევე რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევთან.  თავად ორგანიზაცია “ოჯახების მსოფლიო კონგრესი” ლგბტ თემის მიმართ სიძულვილს აღვივებს. 2014 წელს კომოვი მოსკოვში ორგანიზაციის ყოველწლიური კონგრესის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ღონისძიების ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად, აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს, რომელშიც ორგანიზაციის მხარდამჭერი რუსეთის მოქალაქებიც მოხვდნენ. სანქციები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დაფინანსებისთვის დაუწესდა ოჯახების მსოფლიო კონგრესის მხარდამჭერ კონსტანტინ მალოფეევსაც. კონგრესის ამერიკულმა ხელმძღვანელობამ მოსკოვთან აფილაცია თავიდან აირიდა, თუმცა კომოვმა მსგავსი პროგრამითა და მონაწილეებით კონგრესი დახურულ კარს მიღმა მაინც ჩაატარა და მედიასთან ღონისძიების ორგანიზატორად ოჯახების მსოფლიო კონგრესი (WCF) მოიხსენია. ანონიმურ ჰაკერთა ჯგუფის “შალტაი-ბალტაის” მიერ გატეხილი მასალები და მიმოწერა ადასტურებს, რომ  კომოვი და მალოფეევი აშშ-ის პოლიტიკურ დისკურსზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ და ოჯახების მსოფლიო კონგრესის ქსელს (WCF)  “რბილი ძალის” პლატფორმად იყენებდნენ.

კომოვის და “ოჯახების მსოფლიო კონგრესის” შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” საარქივო მასალა:

CitizenGO-ს შესახებ წერს IFCN-ის ხელმომწერი ფაქტების გადამმოწმებელი ყაზახური ორგანიზაცია factcheck.kz-ც. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პლატფორმაზე პეტიცია ყაზახეთში სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ შეიქმნა, თუმცა ის ყალბ და მანიპულაციურ ინფორმაციას შეიცავს. CitizenGO “კონსერვატიული ღირებულებების” საფარქვეშ უპირისპირდება ვაქცინაციას, სექსუალურ განათლებას, ლგბტ უფლებებს, ფემინიზმს და სხვა. პლატფორმაზე მითითებულია, რომ იღებს შემოწირულობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან, თუმცა უარს ამბობს სამთავრობო სააგენტოებისა და კომერციული კომპანიების დაფინანსებაზე.

OpenDemocracy-ს ინფორმაციით, პლატფორმის ლიდერმა იგნასიო არსუაგამ OpenDemocracy-ს საგამოძიებო რეპორტიორთან განაცხადა, რომ CitizenGO-ს კავშირები აქვს ესპანეთის, უნგრეთის, იტალიის და გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიებთან. CitizenGO ასევე იყო “ოჯახების მსოფლიო კონგრესის” ერთ-ერთი ღონისძიების ორგანიზატორი ვერონაში, ორგანიზაცია ProVita-სთან ერთად, რომელიც აბორტის წინააღმდეგ კამპანიას უძღვება და ნეოფაშისტურ პარტია Forza Nuova-სთან აქვს კავშირები.

რუსეთი და ანტივაქსერული პროპაგანდა

კრემლის პროპაგანდისტული მედია RT ქვეყანაში საზიანო ანტივაქსერული კამპანიის შესახებ წერს, თუმცა რუსეთი თავად არის სხვა სახელმწიფოებში ანტივაქსერული დეზინფორმაციის გამავრცელებელი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრმა, რომელიც უცხოეთიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას აკვირდება, აღმოაჩინა ვებ-საიტები, რომლებიც რუსულ სადაზვერვო უწყებასთან იყო დაკავშირებული და დასავლური ვაქცინების მიმართ ეჭვების დათესვას ცდილობდა. გარდა ამისა, რუსული ვაქცინის Sputnik V-ს პოპულარიზაციისთვის რუსეთის სახელმწიფო მედია ფაიზერის ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ცრუ გზავნილების გავრცელებას უწყობდა ხელს.

აშშ-ის გარდა რუსეთს კოვიდ19-ის ვაქცინებზე, კერძოდ კი ასტრაზენეკაზე დეზინფორმაციის გავრცელებაში გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბიც ადანაშაულებდა. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დასავლეთის ბრალდებები უარყო.

2021 წლის აგვისტოში ფეისბუქმა Fazze-თან დაკავშირებული რუსული ქსელი, ათეულობით ფეისბუქისა და ასეულობით ინსტაგრამ ანგარიშები წაშალა. Fazze მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც სოციალური ქსელებისა და ინფლუენსერების გამოყენებით დასავლური ვაქცინების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებდა. Fazze რამდენიმე ევროპელმა იუთუბერმა ამხილა, მათი ინფორმაციით კომპანია ინფლუენსერებს თანხის სანაცვლოდ სთხოვდა გაევრცელებინათ ცნობები, თითქოს  გარდაცვლილების რაოდენობა მათ შორის ვინც ფაიზერით აიცრა, სამჯერ მეტი იყო, ვიდრე ასტრაზენეკას ვაქცინის შემთხვევაში. Fazze რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული მარკეტინგული სააგენტოს შემადგენლობაშია, რომლის რუსული განყოფილების ხელმძღვანელი 2018 წლამდე რუსი ბიზნესვუმენი იულია სერებრიანსკაია იყო. იგი 2007 და 2012 წლებში დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმირ პუტინისთვის მუშაობდა და მათ საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. სერებრიანსკაია ასევე მუშაობდა რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართულ NTV-სა და პირველ არხზე.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც რუსეთი და ჩინეთი ვაქცინებზე დეზინფორმაციის გავრცელებაშია მხილებული.  ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციული გზავნილები 2021 წლის დასაწყისიდან გააქტიურდა და მათი სამიზნე ძირითადად ასტრაზენეკა და რნმ ვაქცინები იყო.

EUvsDisinfo-ს ბაზაში ვხვდებით Russia Today-საც, რომელიც ახლა რუსეთში ანტივაქსერულ მოძრაობაზე წერს, 2020 წელს კი ფრანგულ და არაბულენოვან RT-ზე მიწვეული რესპონდენტები ევროპაში კოვიდ19-ით გარდაცვალებას გრიპის ვაქცინებს უკავშირებდნენ, ხოლო დასავლურ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე აცხადებდენ, რომ ისინი გაურკვეველი ტექნოლოგიითაა შექმნილი.

საქართველოში ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ავტორებს შორის იყვნენ სპუტნიკი და რუსეთის სატელიტი ქართულენოვანი მედია, სადაც მუდმივად ხდებოდა დასავლეთში წარმოებული ვაქცინების დისკრედიტაცია და მათ საპირწონედ რუსული სპუტნიკ V-ს უპირატესობის წარმოჩენა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist