2 კონსპირაცია ღორის გრიპის შესახებ, რომელსაც რუსეთთან დაკავშირებული Veterans Today-ს რედაქტორი ავითარებს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

1kanal
1.5k
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 2018 წლის 14-20 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ Veterans Today-ს ქართული ბიუროს ხელმძღვანელთან ჯეფრი სილვერმანთან, რომელშიც სილვერმანი ღორის გრიპზე, ლაბორატორიებსა და ვაქცინებზე კვლავ კონსპირაციებს ავრცელებს. სილვერმანის მტკიცებით, H1N1 ვირუსი ლაბორატორიაში შექმნეს და ის ჯერ 2018 წელს ჩინეთში, ახლა კი საქართველოს მოსახლეობაზე იტესტება. მისივე თქმით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების ფაქტები ადასტურებს, რომ საქართველოში გრიპის ვირუსის ეპიდემიის მაღალი რისკია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო არ აღიარებს და გარდაცვალებათა რიცხვს განზრახ მალავს.

ჯეფრი სილვერმანი, Veterans Today-ს ქართული ბიუროს ხელმძღვანელი: “როგორ შეუძლია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განაცხადოს, რომ ეპიდემიის რისკი არ არსებობს, როდესაც ამდენი ადამიანია დაავადებული და არსებობენ გარდაცვლილები?.. ნახეთ, ქუჩებში რამდენი პირბადიანი ადამიანია, რამდენი რეკავს საავადმყოფებში, რა რიგებია ექიმთა კაბინეტებთან… ვინაიდან ღორის გრიპის ვირუსი, ანუ H1N1 ლაბორატორიაში შექმნეს, განსაკუთრებით საშიშია, რადგან მასში არის ღორის, ადამიანისა და ფრინველის დნმ-ის კომბინაციები.  წარსულში ღორის გრიპი ცხოველების საწინააღმდეგო იარაღად გამოიყენებოდა, შემდეგ ადამიანებზე გადავიდნენ, 2018 წელს ჩინეთში გაავრცელეს, ახლა საქართველოში – უფრო სწორად, გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსი ქართველებზე იტესტება”.

    1. გრიპის ვირუსი ყოველთვის არსებობდა და ის ლაბორატორიაში არ შეუქმნიათ

გრიპის ვირუსის ოთხი სახეობა (A,B,C,D) რნმ-ის შემცველი ვირუსებია, რომლებიც მუტაციას სწრაფად განიცდიან. ადამიანში გრიპის ვირუსის სიმპტომების შესახებ ჯერ კიდევ 2500 წლის წინ ჰიპოკრატე წერდა. გრიპის ვირუსის ყველაზე ცნობილი ეპიდემია 1918-1919 წლებში მოხდა, რომელიც ესპანური გრიპის სახელითაა ცნობილი. მართალია, ესპანური გრიპით გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გრიპს 25 მილიონი ადამიანი, ანუ იმდროინდელი მსოფლიო მოსახლეობის 5% ემსხვერპლა. ელექტრონული მიკროსკოპების განვითარების შემდეგ გრიპის ვირუსების ლაბორატორიული კვლევები და აღრიცხვა უფრო მარტივი გახდა. შემდგომში გვამების ექსჰუმაციამ და ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ 1918-1919 წლებში გავრცელებული ე.წ. “ესპანური გრიპი” სწორედ H1N1 იყო. მას შემდეგ H1N1-ის ეპიდემია პირველად 2009 წელს გამოვლინდა. 2006 წელს კი გავრცელებული ე.წ. “ფრინველის გრიპი”, H5N1 ვირუსი.

იმის გამო, რომ ვირუსები სწრაფად და მარტივად განიცდიან მუტაციას, მათ წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავება საკმაოდ რთულია. ვაქცინა, რომელიც ერთი კონკრეტული გრიპის ვირუსის წინააღმდეგ მოქმედებს, რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება უსარგებლო იყოს, ვირუსის მუტირების გამო.

    2. დღეს საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემია არ არის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, გრიპის ვირუსის ეპიდემიის საფრთხე იმ შემთხვევაში ითვლება, თუ ყოველ 100 000-ს მოსახლეზე გრიპის ვირუსით დაავადების 500 შემთხვევა ფიქსირდება. 2019 წლის 7 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ეს ციფრი 256-ია.

გარდა ამისა, სილვერმანის მიერ პირბადეების მოხმარების რაოდენობის შესახებ მოყვანილი არგუმენტი აბსურდულია. პირბადის გამოყენება ცალსახად ავად ყოფნას არ ნიშნავს. მოქალაქეები პირბადეებს მაშინაც იკეთებენ, როდესაც ვირუსებისა და ინფექციებისგან საკუთარი თავის დაცვა სურთ, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საჯარო ტრანსპორტში.

მართალია, “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში სილვერმანი ცდილობს, კონკრეტულად ლუგარის ლაბორატორია არ ახსენოს და ზოგადად ლაბორატორიებზე საუბრობს, თუმცა, ჟურნალისტის შეკითხვა და მასალაც ლუგარის ლაბორატორიას შეეხება. უფრო მეტიც, სილვერმანის წარსული განცხადებები და ინტერვიუები მიუთითებენ, რომ ის ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ არსებული შავი პროპაგანდის ერთ-ერთი წყაროა, რომელსაც რუსეთის სახელისუფლებო არხები ხშირად ეყრდნობიან.  მაგალითად, 2018 წლის 11 სექტემბერს Россия 24-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც ლუგარის ლაბორატორიისა და საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის შესახებ უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის “მტკიცებულებებს” შეეხებოდა, ჯეფრი სილვერმანი ავითარებდა აზრს, თითქოს ლუგარის ლაბორატორიის მეშვეობით საქართველოში წითურა გაავრცელეს. იმავე არის 16 სექტემბრის სიუჟეტში სილვერმანი აცხადებდა, თითქოს ლუგარის ლაბორატორიიდან თურქეთში მომწამვლელი გაზი გაიტანეს, რაც შემდეგ სირიაში გამოიყენეს.

როსია 24,  ვესტი, 11 სექტემბერი
ჯეფრი სილვერმანი, ჟურნალისტი: „ეს სამხედრო ლაბორატორიაა [ლუგარის ლაბორატორია], სადაც ხდება იმ ბიოლოგიური შტამების შესწავლა, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემდეგ დარჩა საქართველოში. არის ასევე ვარაუდი, რომ ამერიკელებმა, ამ ლაბორატორიის მეშვეობით, საქართველოში წითურა გაავრცელეს.“

როსია 24, ვესტი ნედელი, 16 სექტემბერი
ჯეფრი სილვერმანი, ჟურნალისტი: „აქ [ლუგარის ლაბორატორიაში] არის ბიოლოგიური აგენტები, განსაკუთრებით საშიში ნივთიერებები. მათი იარაღად გამოყენება შეიძლება. თქვენ ხომ გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოსა და რუსეთის სამხრეთში ადამიანები ღორის გრიპით იღუპებოდნენ. ეს შემთხვევითი არ იყო. და ეს ისტორია შესაძლოა, არა მხოლოდ ბიოლოგიური იარაღის, არამედ საბრძოლო გაზის გამოყენებაზეცაა. მე ვმუშაობ გამოცემაში, რომელიც სამხედრო დაზვერვითაა დაკავებული. ჩვენ ჩავატარეთ გამოძიება და გავარკვიეთ, რომ აქედან მომწამვლელი გაზი გადაჰქონდათ თურქეთში და შემდეგ ეს გაზი სირიაში გამოიყენეს. ეს იყო პროვოკაცია ასადის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გასამართლებლად. “

ვინ არის ჯეფრი სილვერმანი?

ჯეფრი სილვერმანი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული სახელისუფლებო მედიების ერთ-ერთი წყაროა. რუსეთის პირველი არხი სილვერმანს სამხედრო ექსპერტს უწოდებს, ხოლო Россия24 – საქართველოში მცხოვრებ ამერიკეულ ჟურნალისტს, რომელმაც ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის გამოცდაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მას თბილისში სცემეს და ქართულმა დაზვერვამ დაკითხა.

სილვერმანი ამჟამად პორტალ Veterans Today-ს საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელია, გამოცემა კი რუსეთთან არის დაკავშირებული. 2013 წელს Veterans Today-მ თანამშრომლობა დაიწყო რუსულ გეოპოლიტიკურ  ჟურნალთან “ახალი აღმოსავლური მიმოხილვა” (Новое восточное обозрение). ჟურნალს კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი გამოსცემს. ერთი მხრივ Veterans Today ჟურნალის მასალებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს, მეორე მხრივ კი Veterans Today-ს მთავარი რედაქტორი ჯიმ დინი ჟურნალისთვის სტატიებს წერს ისეთი სათაურებით, როგორიცაა “უკრაინის კუ კლუქს კლანი – NATO-ს ახალი მოკავშირე”, “დასავლური გადატრიალება უკრაინაში და მიმდინარე უბედურება” და სხვა. Veterans Today-ს რედაქტორმა და რუსული გეოპოლიტიკური ჟურნალის ავტორმა ამ ორ გამოცემას შორის თანამშრომლობას “ზეცაში გადაწყვეტილი ქორწინება” უწოდა.
"

"

"

ჟურნალის ვებ-გვერდზე ლუგარის ლაბორატორიასა და მის წინააღმდეგ არსებულ კონსპირაციებზე არაერთი სტატიაა გამოქვეყნებული, რომლებშიც მთავარი რესპონდენტი კვლავ ჯეფრი სილვერმანია.

"

Veterans Today თავის სტატიებში ხშირად იმოწმებს წყაროდ “Strategic Culture Foundation” (სტრატეგიული კულტურის ფონდი). ფონდის ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე ფონდის, დამფუძნებლების ან საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია მოცემული არ არის. არსებობს კიდევ ერთი რუსულენოვანი საიტი fondsk.ru – Фонд стратегической культуры, რომელზეც ორგანიზაციის ლოგო და მასში გამოყენებული შრიფტის დიზაინი ინგლისურენოვანი ფონდის საიტზე გამოყენებული ლოგოს იდენტურია. ეს მსგავსება ამ ორი ორგანიზაციის იდენტურობის აღქმას ტოვებს.

"

“სტრატეგიული კულტურის ფონდი” მოსკოვშია ბაზირებული და მას მოსკოვის კომუნისტური პარტიის ყოფილი მეთაური და საბჭოთა პოლიტბიუროს წევრი იური პროკოფიევი ხელმძღვანელობს, მთავარი რედაქტორი კი ვლადიმირ მაქსიმენკოა, რომელიც ასევე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელია.

ამას გარდა, Veterans Today-ზე ხშირად ვხვდებით პორტალ South Front-ის მასალებსაც. პორტალი რუსეთიდან იმართება და კრემლის დღის წესრიგის გამხმოვანებელია. “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში South Front-ი CNN-სა და BBC-ის ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს უწოდებს, რომლებიც მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით და ფიქტიური მტრის ყალბ სახეს ქმნიან. South Front-ის მიხედვით, ამის საუკეთესო მაგალითი უკრაინაა. გამოცემა 2014 წლის მაიდნის მოვლენებში მონაწილე ადამიანებს “შეცდომაში შეყვანილ ხალხს” უწოდებს, რომლებიც “გამოვიდნენ ქუჩაში, ჭამეს დეზინფორმაცია და ყალბი დაპირებები და გაანადგურეს ერის სტაბილური ინსტიტუტები.”

2012 წელს Veterans Today-ს ხელმძღვანელმა გორდონ დაფმა აუდიო ინტერვიუში განაცხადა, რომ Veterans Today-ზე გამოქვეყნებული მასალების 30% აშკარა ტყუილია. ინტერვიუს ჩანაწერი არქივირებისა და საარქივო მასალების ონლაინ ბაზამ archive.org-მა შეინახა.

გორდონ დაფი, Veterans Today-ს ხელმძღვანელი: “Veterans Today-ზე დაწერილი მასალების დაახლოებით 30% აშკარა ტყუილია. მე რასაც ვწერ, იმის 40% მაინც, მიზანმიმართულად, ნაწილობრივ ცრუა. მე რომ ცრუი ინფორმაცია არ ვწერო, ვერ ვიცოცხლებდი. მე უბრალოდ უნდა ვაკეთო ეს. მე ვწერ… ნებისმიერ რამეს, რასაც ვწერ, ვწერ სტრიქონებს შორის.”

"

ამერიკული ირიდიული საკონსულტაციო ორგანიზაციის Southern Poverty Law Center-ს ინფორმაციით, Veterans Today ანტი-სემიტური გამოცემაა და ანტი-ისრაელურ დღის წესრიგს ავითარებს. საიტზე ასევე ვხვდებით სხვადასხვა კონსპირაციებს, თითქოს 9/11-ის უკან ამერიკა იდგა, აშშ ისრაელის მარიონეტია და რომ ჰოლოკოსტი რეალურად არ მომხდარა და ის ებრაელების მიერ გამოგონილი ამბავია არა-ებრაელების მანიპულაციის მიზნით. ამერიკული პოლიტიკული ჟურნალის Politico Magazine-ის მიხედვით, Veterans Today-ს მეშვეობით კრემლი ამერიკელ სამხედროებსა და ვეტერანებს იღებს სამიზნეში.

ჯეფრი სილვერმანი საქართველოში 1991 წლიდან ცხოვრობს. ადამიანის უფლებათა ცენტრთან ინტერვიუში სილვერმანი აღნიშნავს, რომ 2004 წელს მას აშშ-ის მოქალაქეობა ჩამოართვეს. რუსულ გეოპოლიტიკურ ჟურნალთან “ახალი აღმოსავლური მიმოხილვა” კი სილვერმანი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მოქალაქეობის დაბრუნება მან მხოლოდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში შეძლო.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist