Այլք

Covid-19-ის ვაქცინაცია მოზამბიკში თუ ცრემლსადენი გაზი ნიგერიაში - რის შედეგს ასახავს ვიდეო?

7 Հոկտեմբեր, 2021

4 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Zura გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, მოზამბიკის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვებს მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ ცრიან. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, სკოლის შენობიდან უნიფორმაში გამოწყობილი ბავშვები გამორბიან, ზოგიერთი კი მეორე სართულიდანაც ხტება. ვიდეოს თანმხლებ ტექსტში აღნიშნულია, რომ აფრიკელი ბავშვები ვაქცინაციისგან თავის არიდების მიზნით, სკოლის აივნიდან ხტებიან.
"

ვიდეო არა მოზამბიკში, არამედ ნიგერიაში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე 8 თვით ადრე არის გადაღებული და  პორტ-ჰარკურტის სკოლაში ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ გამოწვეულ პანიკას ასახავს.

2019 წლის მაისში, ნიგერიის ქალაქ პორტ-ჰარკურტის სკოლაში პანიკა ცრემლსადენი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. ცრემლსადენი გაზი სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს ჰქონდა მიტანილი. ეს ინციდენტი კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, 2019 წლის მაისში მოხდა და სავალდებულო ვაქცინავიასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

2019 წლის 26 მაისს გავრცელებულ Guardian.ng-ის სტატიაში ნათქვამია, რომ 17 წლის მოსწავლე სკოლაში ცრემლსადენი გაზის მიტანისა და შემთხვევით აფეთქების გამო დაიკითხა. ინფორმაციის თანახმად, ამ ინციდენტის დროს რამდენიმე მოსწავლე დაშავდა.

ვიდეო 2019 წლის 27 მაისს TVC News Nigeria-ს “იუთუბის” არხზეც არის გამოქვეყნებული. სიუჟეტში პოლიციის ოფიცერი განმარტავს, რომ ინციდენტი  ტერორიზმთან ან კულტიზმთან დაკავშირებული არ ყოფილა. ცრემლსადენი გაზი მოსწავლის გარდაცვლილ ბიძას ეკუთვნოდა, რომელიც პოლიციელი იყო. ამავე სიუჟეტის თანახმად, დაიწყო გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ცრემლსადენი გაზი 17 წლის მოსწავლის ხელში. სიუჟეტში ნათლად ჩანს ის სკოლის შენობა, რომლის აივნიდანაც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ბავშვები ხტებიან.
""

სოციალურ ქსელებში გავრცელებული დეზინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებელმა საერთაშორისო ორგანიზაცია Сheckyourfact-მაც  გამოიკვლია. მათ მსგავსი შინაარსის დეზინფორმაციული მტკიცება 2021 წლის თებერვალში შეისწავლეს. მასალაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის თებერვალში ნიგერიაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ კიდევ არ  ჰქონდათ, ინციდენტი კი პორტ-ჰარკურტის სკოლაში 2019 წლის მაისში მოხდა.


მოამზადა ანი ქისტაურმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.