Քաղաքականություն

ვინ ავრცელებს გრიგოლ და გიორგი ვაშაძეების ყალბ ციტატას?

1 Սեպտեմբեր, 2021

31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს ფეისბუკ ანგარიშებმა “პოლიტიკური სატირა”  და  “საქართველოს მხსნელი”  ახალი პოლიტიკური პლატფორმის “მესამე ძალა” წევრების გიორგი და გრიგოლ ვაშაძეების ფოტო და ციტატაა გამოაქვეყნეს. გავრცელებული სქრინის მიხედვით, “მესამე ძალის” წევრები სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას ქვეყნის მთავარ გამოწვევად მიიიჩნევენ.

"
სოციალურ ქსელში გავრცელებული სქრინი ყალბია. პოლიტიკური პლატფორმის “მესამე ძალის” წევრების იდენტური ან მსგავსი განცხადება არც ღია წყაროებში და არც მათ პირად და ოფიციალურ ფეისბუკ გვერდებზე არ იძებნება.

გიორგი და გრიგოლ ვაშაძეების განცხადება, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, არც ერთ ღია წყაროში არ იძებნება. იდენტური ან მსგავსი ციტატები არც გიორგი ვაშაძის პირად და ოფიციალურ ფეისბუკის გვერდებზე გვხვდება. 

2020 წლის ივნისში “ტაბულასთან” LGBT თემის უფლებების შესახებ მიცემულ კომენტარში გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ უმცირესობათა დაცული უფლებები დემოკრატიის ფუნდამენტია და შესაბამისად, მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში ყველა ტიპის უმცირესობის უფლება იყოს დაცული, თუმცა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა ქვეყნის მთავარ გამოწვევად არ დაუსახელებია.

2021 წლის ივლისში გრიგოლ ვაშაძემ “თბილისი პრაიდის” შესახებ კომენტარი გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებზე კანონმდებლობა თანაბრად არ ვრცელდება და ადამიანებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებები, რაც შეკრების, მსვლელობის, სიტყვის და ა.შ. თავისუფლებას გულისხმობს, ეზღუდებათ. გრიგოლ ვაშაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვის სურს მანიფესტაციის გამართვა - სექსუალური უმცირესობების წარმოამადგენლებს, შევარდენით მონადირეებს, თუ ველოსიპედისტებს - კონსტიტუცია ყველასთვის ერთი უნდა იყოს.

გრიგოლ ვაშაძე: “თუ ეს იყო მშვიდობიანი მანიფესტაცია, საერთოდ არ მაინტერესებს, ვისი მანიფესტაცია უნდა შემდგარიყო - სექსუალური უმცირესობების, შევარდენით მონადირეების, ველოსიპედისტების თუ არქივარიუსების. საერთოდ არ მაინტერესებს. კონსტიტუცია ან გვაქვს, ან არ გვაქვს.”

აღსანიშნავია ისიც, რომ “სტრატეგია აღმაშენებელმა” და ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის თავმჯდომარეც გრიგოლ ვაშაძე იყო,  2021 წლის 16 მაისს ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოფხვრის მიზნით “თბილისი პრაიდის” მომზადებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. მემორანდუმის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იზრუნებენ იმაზე, რომ  თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა, დაცული იყოს, ასევე პარტიები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივება და სიძულვილის ენის გამოყენება არ დაუშვებენ.

წყაროს შესახებ
იდენტური ფოტო განსხვავებული აღწერით “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერმა და Tvalsazrisi.ge-ის ავტორმა ირაკლი ჯანყარაშვილმა 30 აგვისტოს  გამოაქვეყნა. ჯანყარაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სქრინზე ნათქვამია, რომ გრიგოლ და გიორგი ვაშაძეები ოფიციალურად ერთიანდებიან ქვეყნის გადასარჩენად. თუმცა მისი, პოლიტიკური სატირისა” და “საქართველოს მხსნელის” მიერ გამოქვეყნებულ სქრინებზე დანარჩენი დეტალები (ნახვების რაოდენობა, ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღი, წარწერა “მესამე ძალა”) ერთნაირია.
"

ფეისბუკ ანგარიშები “პოლიტიკური სატირა” და “საქართველოს მხსნელი” კრემლისტურ, “პატიორტთა ალიანსის” მხარდამჭერ, ანტიდასავლურ და ასევე ოპოზიციისა და კრიტიკული მედია საშუალებების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ “პოლიტიკურმა სატირამ” გიორგი ვაშაძის ყალბი კომენტარის სქრინი აგვისტოშიც გაავრცელა:

ფეისბუკ ანგარიში “საქართველოს მხსნელი” თავს “ალტერნატივა საქართველოსთვის” მხარდამჭერად აიდენტიფიცირებს, რასაც პროფილის ფოტოზე თანდართული ჩარჩო ცხადყოფს, თუმცა გამოქვეყნებული პოსტებით ნათელი ხდება, რომ ანგარიში “პატრიოტთა ალიანსს” უცხადებს ნდობას. 

აღსანიშნავია, რომ tvalsazrisi.ge-ის ავტორისა და “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერის, ირაკლი ჯანყარაშვილის, “პოლიტიკური სატირისა” და “საქართველოს მხსნელის” ფეისბუკ ანგარიშებზე გამოქვეყნებული პოსტები იდენტურია, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათ ერთი და იგივე პირი მართავს.

ამ ანგარიშებზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების შესახებ  ფეისბუკ მომხმარებლების გამოკითხვას ისახავს მიზნად, თუმცა ერთმანეთის იდენტურ პოსტებში ისიც არის აღნიშნული, რომ ამერიკის ნდობა უკვე აღარ შეიძლება, რასაც ავღანეთის მაგალითი ცხადყოფს.
"
ირაკლი ჯანყარაშვილისა და “საქართველოს მხსნელის” ანგარიშებზე გამოქვეყნებულია ირმა ინაშვილის ციტატაც, რომელშიც “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი აცხადებს, რომ საქართველომ პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს რუსეთთან.
"
ამავე ანგარიშებზე გვხვდება პოლიტიკური ოპონენტების მადისკრედიტირებელი და ჰომოფობიური პოსტები:
"
2020 წლის ივნისში “მითების დეტექტორმა” ღია წყაროებზე დაყრდნობით ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ მართული გვერდები და მასთან დაკავშირებული პლატფორმები გამოიკვლია, სადაც ერთდროულად პროსახელისუფლებო, ანტილიბერალურ და პრორუსულ პლატფორმებთან თანხვედრა იკვეთებოდა:


მოამზადა ანი ქისტაურმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.