Իրավունք/Հանցանք

ადამიანის უფლებათა კონვენცია პრაიდს არ კრძალავს

23 Հուլիս, 2021

18 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა Manana Burduli გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების მე-2 ნაწილების მიხედვით გამოხატვის თავისუფლება არ უნდა იყოს ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი. პოსტის ავტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადადგომას, კერძო ტელევიზიების დახურვას და ჟურნალისტების დასჯას ითხოვს.
 

“ლგბტ მომხრე მოძალადე ქართველთ მოძულე ტელევიზიების ჟურნალისტებს უმალავენ ევროკონვენციის 10-ე და 11-ე მუხლების 2-ე ნაწილებს, სადაც წერია რომ გამოხატვის უფლება არ უნდა იყოს ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი!!! გადადგეს ტვ1 საზ.მაუწ.-ის ხელმძღვანელობა!!! დაიხუროს ყველა ასეთი კერძო ტელევიზიებიც და დაისაჯოს ყველა ის ჟურნალისტი, ვინც ქართველი ერის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ!!!”

ტექსტი, რომლის სქრინსაც Manana Burduli ავრცელებს, თავდაპირველად 6 ივლისს გვერდზე “მოძრაობა ძლევაი საკვირველი” გამოქვეყნდა. გვერდის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ხაზგასმულია მე-10 და მე-11 მუხლების ნაწილები და მოყვანილია ნაწყვეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ინტერვიუდან, სადაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე 5 ივლისს თბილის პრაიდის წინააღმდეგ გამართულ ძალადობრივ აქციაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას თბილისი პრაიდს აკისრებს. ის ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება:

ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი: “ევროპის ადამიანის უფლებების და თავისუფლებების კონვენციის მე-10 მუხლში წერია, რა დროს იზღუდება. იზღუდება როდესაც სხვის უფლებებს არღვევს, იზღუდება, როდესაც მორალურ და ზნეობრივ ნორმებს არღვევს და სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებას ქმნის”.

;

;
Manana Burduli-ს პოსტს, რომლის წყაროდ Davit Rogava-ა მითითებული, 22 ივლისის მონაცემებით 1800 გაზიარება აქბს

ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების ინტერპრეტაცია ისე, თითქოს ისინი ლგბტ უფლებების მხარდამჭერ აქციას ზღუდავენ და ამ საფუძველზე მედიის შეზღუდვის საფუძველს იძლევიან, უსაფუძვლოა. კონვენციის მე-10 მუხლის განმარტებით კი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, ლეგიტიმური მიზნით და დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობით გამართლებული, ხოლო კანონები, რომლის საფუძველზეც ეს მოხდება უნდა იყოს თავსებადი თანასწორობის, პლურალიზმის და ტოლერანტობის პრინციპებთან. კონვენციის მე-11 მუხლის განმარტებითი ნაწილი, ისევე, როგორ სტრასბურგის სასამართლომ მიერ საქმეზე “ინდეტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” გამოტანილი განაჩენი ითვალისწინებენ სხვადასხვა სექსუალური უმცირესობების ფუნდამენტურ უფლებებზე ცნობიერების ამაღლების და მხარდაჭერის მიზნით მშვიდობიანი შეკრების და შეხედულების გამოხატვის უფლების დაცვას.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლი გამოხატვის თავისუფლებას შეეხება. მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება და ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. მეორე ნაწილში კი ნათქვამია, რომ ამ თავისუფლების განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად.

ევროპის საბჭოს მიერ მომზადებულ მე-10 მუხლის განმარტებით დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი და ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს.

  • კანონით გათვალისწინებული

გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევისას ქვეყნის სასამართლომ კანონით გათვალისწინებული ჩარევის შემთხვევა შიდა სამართალზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ეს კანონიერი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, ეს კანონები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და არ უნდა იყოს შერჩევითად გამოყენებული. გარდა ამისა, ეს კანონები უნდა იყოს თავსებადი თანასწორობის, პლურალიზმის და ტოლერანტობის პრინციპებთან.

  • ლეგიტიმური მიზანი

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საქმის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ასევე ხელმძღვანელობს იმით, თუ რამდენად ემსახურება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს.

  • დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლო განიხილავს, არის ის, თუ რამდენად იყო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი ზომა, იყო თუ არა მოყვანილი მიზეზები რელევანტური და საკმარისი სამართლიანი ბალანსის დასაცავად. სასამართლო გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაში ჩარევის განხილვისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს “ცენზურის” ასპექტს და აღნიშნავს, რომ სასჯელმა არ უნდა მიიღოს ცენზურის ფორმა.

  • რელიგიური გრძნობები და საზოგადოებრივი მორალი

განმარტებით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება მორალის და რელიგიის დაცვას, სასამართლო აფასებს ერთი მხრივ პირის უფლებას, საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი შეხედულებები რელიგიურ დოქტრინაზე და მეორე მხრივ მორწმუნეთა უფლებას, პატივისცემით მოეკიდონ მათ რელიგიას და სინდისს. გამოხატვა, რომელიც მიზნად ისახავს შეუწყნარებლობის ნიადაგზე ძალადობის გაღვივებას ან მის გამართლებას, მათ შორის რელიგიური შეუწყნარებლობის, არ არის დაცული კონვენციის მე-10 მუხლით.

რაც შეეხება მორალის საკითხს პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, რელიგიურ, საგანმანათლებლო, ლიტერატურულ და ხელოვნების სფეროებში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას მისი განსაზღვრების ფართო მაგრამ არა განუსაზღვრელი არეალი აქვს.  შესაბამისად, როდესაც აფასებს სახელმწიფოს ჩარევას დემოკრატიულ საზოგადოებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ეყრდნობა პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს იმის გადასაწყვეტად, არსებობდა თუ არა სოციალური საჭიროება ჩარევისათვის. ეს შეეხება რელიგიური რწმენის დაცვის საკითხსაც. სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელია დადგინდეს იყო თუ არა კომენტარები შეურაცხმყოფელი და მიმართული მორწმუნეთა მიმართ, ან წარმოადგენდა თუ არა საკრალურ სიმბოლოებზე თავდასხმას. ამასთან ერთად სასამართლო განმარტავს, რომ ისინი, ვინ გადაწყვეტენ საკუთარი რელიგიის გამჟღავნების უფლებით სარგებლობას, არ უნდა მოელოდენ, რომ ყველანაირი კრიტიკისაგან თავისუფალი იქნებიან და უნდა ცნონ, რომ სხვებმა შესაძლოა უარყონ მათი რელიგიური შეხედულებები და მათი რწმენის საწინააღმდეგო დოქტრინების გავრცელებასაც კი ეწეოდნენ.

  • პრეცედენტული საქმე - “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”

საქმეზე “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2015 წელს გამოიტანა. საქმე შეეხებოდა 2012 წლის 17 მაისს გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს კერძო პირების მხრიდან ძალადობას და პოლიციის მხრიდან არასაკმარის დაცვას. სასამართლომ დაადასტურა, რომ 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ მშვიდობიან მარშში მომჩივნების მონაწილეობის ჩაშლა წარმოადგენდა ჩარევას ადამიანის უფლებათა დაცვის კონვეცნიის მე-11 მუხლის შესაბამისად, მე-10 მუხლის რელევანტური პრინციპების ჭრილში, ვინაიდან კონვენცია იცავს გამოხატვის საჯარო ფორმებს, მათ შორის მშვიდობიან შეკრებას და შეხედულების გამოხატვას სხვადასხვა სექსუალური უმცირესობების ფუნდამენტურ უფლებებზე ცნობიერების ამაღლებითა და მხარდამჭერი კამპანიით.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაცია CM/Rec(2010)5 სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად გამოხატვის თავისუფლების გამოყენება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე, მათ შორის უზრუნველყონ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის მიღების და გავრცელების თავისუფლება.

სასამართლომ დაასკვნა, რომ რომ 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის აღსანიშნავი მშვიდობიანი მარშის ჩაშლა წარმოადგენდა მე-11 მუხლში ჩარევას, ვინაიდან კონვენცია იცავს გამოხატვის საჯარო ფორმებს, მათ შორის მშვიდობიან შეკრებას და შეხედულებების გამოხატვას სექსუალური უმცირესობების უფლებებზე ცნობიერების ასამაღლებლად და მათ მხარდასაჭერად. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო 17 მაისის მარშში მონაწილეთა დაცვა დისკრიმინაციით მოტივირებული ძალადობისაგან.

მიუხედავად ამისა, 5 ივლისს დაგეგმილი და შემდგომ ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციის გამო ჩაშლილი ღირსების მარშის კონტექსტში არაერთხელ გავრცელდა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მუხლების არასწორი ინტერპრეტაცია. ამის შესახებ მითების დეტექტორი წარსულშიც წერდა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.