Քաղաքականություն

ალტ-ინფოს წამყვანი ამერიკას დემოკრატიას და ჩიკაგოს მერს უწუნებს

21 Հուլիս, 2021

15 ივლისს ალტ-ინფოს ეთერში გადაცემა ალტ-ანალიტიკის ერთ-ერთმა წამყვანმა  გიორგი ქარდავამ აშშ-ში დემოკრატიის ხარისხზე ისაუბრა და იმის საილუსტრაციოდ, რომ ამერიკას არა აქვს მორალური უფლება სხვებს რამე უკარნახო, რამდენიმე გარემოება მოიყვანა. ქარდავას თქმით, აშშ-ში არჩევნები გააყალბეს და დღემდე მოსახლეობის ნახევარი ჯო ბაიდენს არალეგიტიმურ პრეზიდენტად თვლის. მისივე მტკიცებით, ტრამპის მმართველობის დროინდელი და ქალაქ ჩიკაგოს ამჟამინდელი სროლების ყოველწლიური სტატისტიკის შედარება აჩვენებს, რომ ეს მაჩვენებელი 70%-ით არის გაზრდილი და ამის მიზეზი ლესბოსელი მერია.

გიორგი ქარდავა: “დემოკრატიას გვიწუნებს ის ქვეყანა, სადაც არჩევნები როგორ გააყალბეს, იცით? ამერიკის მოსახლეობის ნახევარი დღემდე არალეგიტიმურად თვლის ბაიდენს....ჩიკაგოში, ამასწინათ ვუყურებდი, ტრამპის დროს რა სტატისტიკა იყო ყოველწლიური სროლების და ახლა 70%-ით არის გაზრდილი იმიტომ, რომ ლესბოსელი მერი ჰყავთ. ძაან სერიოზული კადრია.” 

ქარდავას განცხადება რამდენიმე მანიპულაციას და მცდარ ფაქტს შეიცავს. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მასშტაბური გაყალბების შესახებ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და მისი გუნდის განცხადებების მიუხედავად, დღემდე არჩევნების გაყალბების ბრალდებები მტკიცებულებებით არ დადასტურებულა. ასევე მტკიცებულების გარეშეა განცხადება, რომ ჯო ბაიდენს აშშ-ს მოსახლეობის ნახევარი არალეგიტიმურად თვლის. რაც შეეხება ჩიკაგოში სროლების და მკვლელობების სტატისტიკას, ის მართლაც გაზრდილია, თუმცა არა 70%-ით.

  • როგორია რეალურად ჩიკაგოში კრიმინალის სტატისტიკა?

გამოცემა The Sun-Times-მა გამოაქვეყნა 2021 წლის პირველი ექვსი თვის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ამ პერიოდში ჩიკაგოში 336 მკვლელობა მოხდა, რაც გასული წლის პირველ 6 თვესთან შედარებით 2-ით მეტია, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლს 33%-ით აღემატება. მათი მონაცემებით, 2021 წლის 28 ივნისამდე ჩიკაგოში 1 892 სროლა მოხდა, რაც 2020 წლის ამავე მაჩვენებელს არა 70%-ით, არამედ 12%-ით აღემატება (2020 წლის ივნისის ჩათვლით ქალაქში სროლის 1 234 შემთხვევა მოხდა).

ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტის მიხედვით, მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში ძალადობის შემთხვევები ქალაქში შემცირებულია. ამ მაჩვენებლის ზრდა 2020 წელს დაიწყო და ეს წელი ქალაქისათვის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტი მსხვერპლით გამოირჩეოდა.

BBC-ს გრაფიკზე ასახულია 2021 წლის 20 ივნისისათვის ჩიკაგოში მომხდარი მკვლელობი და ეს მაჩვენებელი 2017-2020 წლების ამავე პერიოდისათვის.

;

აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლებში მკვლელობების მაჩვენებელი აშშ-ს სხვა ქალაქებშიც გაიზარდა, თუმცა სხვა ტიპის დანაშაულმა იკლო. გამოძიების ფედერალური ბიუროს წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით მკვლელობების რიცხვი 25%-ით გაიზარდა, 10.4%-ით შემცირდა ქურდობა, 14.2%-ით გაუპატიურების შემთხვევები, საერთო ჯამში კი ძალადობრივი სამართალდარღვევის შემთხვევები 3%-ით არის გაზრდილი.

კრიმინალის ზრდას გამოეხმაურა ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო. ის შეიარაღებული ძალადობის შემთხვევების ზრდას პანდემიას უკავშირებს. მან ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული დანაშაულის ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პანდემიის პერიოდში გაიზარდა იარაღის გაყიდვაც, რამაც შესაძლოა გარკვეული როლი ითამაშა შეიარაღებული ძალადობის ზრდაში.

რაც შეეხება ჩიკაგოს მერს, ლორი ლაითფუთს, ის მერად არჩევამდე არაერთ თანამდებობას იკავებდა, მათ შორის იყო ჩიკაგოს პოლიციის საბჭოს პრეზიდენტი და ჩიკაგოს პოლიციის ზედამხედველობის სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარე. მის სექსუალურ ორიენტაციასთან ჩიკაგოში სროლის შემთხვევების ზრდის დაკავშირება და ამავე მიზეზით მისი კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენება დისკრიმინაციული და მანიპულაციურია.

  • თვლის თუ არა აშშ-ს მოსახლეობის ნახევარი ბაიდენს არალეგიტიმურ პრეზიდენტად?

გიორგი ქარდავა არ აკონკრეტებს, თუ რაზეც დაყრდნობით ამტკიცებს, რომ აშშ-ს მოსახლეობის ნახევარი ჯო ბაიდენს არალეგიტიმურ პრეზიდენტად თვლის, თუმცა ალტ-ინფოს ვებ-გვერდზე, მის გაუქმებამდე, გამოქვეყნდა Rasmussen reports-ის გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც ამერიკელთან 55% მხარს უჭერდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აუდიტის ჩატარებას. გამოკითხვა 2021 წლის 20-21 ივნისს ჩატარდა და 900 რესპოდენტს მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ ამავე კომპანიის კიდევ ერთი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 49% დადებითად აფასებს ბაიდენის მუშაობას, ასევე 49% კი უარყოფითად. Rasmussen reports 2003 წელს სკოტ რასმუსენმა დააარსა. მას წარსულში რესპუბლიკური პარტიისადმი მიკერძოებულობაში ადანაშაულებდნენ, რასაც თავად კომპანიაში უარყოფენ.

სხვა გამოკითხვების მიხედვით კი ბაიდენის პოპულარობა მოსახლეობაში ამჟამად 52.4%-ს აღწევს, მაშინ როდესაც ტრამპის პოპულარობას 50%-ისათვის არ გადაუჭარბებია. ბაიდენის გამარჯვებას ლეგიტიმურად არ აღიარებს რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი.

ტრამპი და მისი გუნდი ამ დრომდე საუბრობენ 2020 წლის ნოემბრის არჩევნების გაყალბებაზე, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერ-ჯერობით კვლავ არ არსებობს. დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა მოითხოვა ჯორჯიის შტატში, სადაც შედეგად ბაიდენი გამარჯვება კიდევ ერთხელ დადასტურდა. აუდიტი ჩატარდა არიზონას შტატში საარჩევნო დარღვევების აღმოსაჩნად. აუდიტს კერძო კომპანია Cyber Ninjas ატარებდა, რომელსაც წასრულში მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია და პროცესში არაერთი ხარვეზი აღმოაჩნდა. კომპანიის მფლობელი ტრამპის მხარდამჭერია. აუდიტის საბოლოო ანგარიში ჯერკიდევ არ არის გამოქვეყნებული.

რესპუბლიკური პარტიის მიერ როგორ შტატების, ასევე უზენაეს სასამართლოში შეტანილი სარჩელების ნაწილი არჩევნების გაყალბების და მისი შედეგები გაუქმების თაობაზე არ დაარეგისტრირეს, ნაწილი კი არ დააკმაყოფილეს.

63 საჩივრიდან მხოლოდ 1 დაკმაყოფილდა. ერთადერთი დაკმაყოფილებული სარჩელი პენსილვანიაში დასათვლელ ბიულეტენებს შეეხებოდა. სასამართლოს განაჩენის შედეგად ბოლო სამ დღეში მიღებული ხმების დათვლა არ მომხდარა, შტატში მაინც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. 

აშშ-ში არჩევნების გაყალბებაზე დაუსაბუთებელი ინფორმაცია ქართულ ინტერნეტსივრცეში და მედიაში გასულ თვეებშიც გავრცელებულა. ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მითების დეტექტორის მიერ მომზადებული მასალები:


 

Պրոֆիլներ: