Մեդիա

პრორუსული და სახელისუფლებო ექსპერტების “სივრცეები” დაფინანსებულია ბიუჯეტიდან 

2 Հուլիս, 2021

მედიის განვითარების ფონდი (MDF) რუსეთთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულ, ასევე სიძულვილის ენის გამავრცელებელ მედიაში საბიუჯეტო სერვის კონტრაქტების განაწილების პრაქტიკას 2015 წლიდან სწავლობს. 2020-2021 წლების მონაცემების შესწავლისას, MDF-მა კიდევ ერთი ასეთი ახალი მედია საშუალება - “სივრცეები” (Spacesnews) გამოავლინა, რომლის სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულწილად ჰიბრიდულია: ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ინფორმაციასთან და სახელისუფლებო ექსპერტებთან ერთად, აქ გადაცემის წამყვანად კრემლთან დაკავშირებულ მედია პროექტის “პოლიტიკანოს” ავტორსაც (გიორგი მდივანი) ვხვდებით, ხოლო გამოცემის გზავნილები შერეულია. მათ შორის გამოიყენება მცდარი დილემის ტექნიკა, რომელიც მართლმადიდებლობის დამცველ რუსეთს სუვერენიტეტის ხელმყოფ დასავლეთს უპირისპირებს.

სამართლიანი არჩევნების ISFED-ის 2021 წლის კვლევის თანახმად, “სივრცეები” კრემლისტურ “ნიუს-ფრონტთან” არის დაკავშირებული. გარდა ნიუსფრანტისა, MDF-ის 2019 წლის კვლევაც და შემდგომი დაკვირვებაც აჩვენებს გარკვეულ კოორდინაციას კრემლისტურ “პოლიტიკანოს”, “საქართველო და მსოფლიოს”, ახალგაზრდა ევრაზიულ კავშირსა და ევრაზიული ინსტიტუტს შორის.

საბიუჯეტო კონტრაქტები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით,  spnews.io-სთან  2020-2021 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით, ჯამში  43 849.75 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გაუფორმეს.
 

2020 წელს აღნიშნულ ონლაინ გამოცემასთან ჭიათურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებმა, ადიგენის კულტურის ცენტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ, ბოლნისის სპორტულ გამაჯანსაღებელმა კოპლექსმა და საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  34 047,75 ლარის, ხოლო  2021 წელს  სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტა”, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ,  ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციამ 9 800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადეს.

ხელშეკრულების კოდი/თარიღი

კონტრაქტორი

ხელშეკრულების საგანი

კონტრაქტის ღირებულება 

CMR200058685
2020 წლის 26 მარტი

თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის რელიზების განთავსება - განუსაზღვრელი რაოდენობით (სივრცეების ვებ-გვერდზე - www.spnews.io); 2. ანონსები - განუსაზღვრელი რაოდენობით; 3. თვეში 2 ინტერვიუ/სტატიის მომზადება - განთავსება ყველა პლატფორმაზე. საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „სივრცეები“ ს მეშვეობით ((spnews.io; spn.ge) რომელიც წარმოადგენს მულტიმედიურ პლატფორმას და ვრცელდება Facebook-ისა და Telegram-ის საშუალებით. 

2 250

CMR200056301
2020 წლის 19 მარტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

საინფორმაციო მომსახურეობა

2 000

CMR200053018
2020 წლის 12 მარტი

ადიგენის კულტურის ცენტრი

1. რელიზების განთავსება - განუსაზღვრელი რაოდენობით (სივრცეების ვებ-გვერდზე -www. spnews. io); 2. ანონსები - განუსაზღვრელი რაოდენობით; თვეში 2 ინტერვიუ/სტატიის მომზადება - განთავსება ყველა პლატფორმაზე.

2 000

CMR200042114
19 თებერვალი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

1. რელიზების განთავსება - განუსაზღვრელი რაოდენობით (სივრცეების ვებ-გვერდზე); 2. ანონსები - განუსაზღვრელი რაოდენობით: 3. თვეში 2 ინტერვიუ/სტატიის მომზადება - განთავსება ყველა პლატფორმაზე.

2 000

CMR200039900
14 თებერვალი, 2020

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო

ახალი ამბების სააგენტოების მომსახურებები

2,200

CMR200032998
3თებერვალი, 2020

ბოლნისის სპორტულ გამაჯანსაღებელი კოპლექსი

1. რელიზების განთავსება - განუსაზღვრელი რაოდენობით (სივრცეების ვებ-გვერდზე); 2. ანონსები - განუსაზღვრელი რაოდენობით; 3. თვეში 2 ინტერვიუ/სტატიის მომზადება - განთავსება ყველა პლატფორმაზე.

2,200

CMR200155421
30 დეკემბერი, 2020

ბოლნისის სპორტულ გამაჯანსაღებელი კოპლექსი

1. რელიზების განთავსება - განუსაზღვრელი რაოდენობით (სივრცეების ვებ-გვერდზე); 2. ანონსები - განუსაზღვრელი რაოდენობით; 3. თვეში 2 ინტერვიუ/სტატიის მომზადება - განთავსება ყველა პლატფორმაზე.

2,400

CMR200106754
10 სექტემბერი, 2020

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

მიმწოდებელი უზრუნველყოფს ინფორმაციისა და სარეკლამო ბანერების განთავსებას მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმატით, შემსრულებლის მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ ვებ-გვერდებზე:Spnews.io, Newspress.ge,Region.georgia, For.ge, Unipress.ge, Ncp.ge

18,999.75 


2021 წელს დადებული ხელშეკრულებები

ხელშეკრულების კოდი/თარიღი

კონტრაქტორი

ხელშეკრულების საგანი

კონტრაქტის ღირებულება 

CMR210001469
06 იანვარი, 2021

სსიპ სსსტც "დელტა"

შემსყიდველის მიერ მითითებული საინფორმაციო- სარეკლამო ხასიათის წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალების შეუზღუდავი რაოდენობით განთავსება შემდეგ საიტზე: www. spnews.io

3,600

CMR210031375
15 თებერვალი, 2021

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო

ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის გამოყოფილი სახსრებით საინფორმაციო მომსახურების შესყიდვა.

2,200

CMR210039314
9 მარტი, 2021

ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაცია

არაუმეტეს 15 რელიზის განთავსება და გავრცელება (ყველა პლატფორმაზე); ანონსები - განუსაზღვრელი რაოდენობით;.თვეში 2 ინტერვიუ/სტატიის მომზადება-განთავსება ყველა პლატფორმაზე; ფოტო-ვიდეო გადაღება თვეში 1-ჯერ 

4,000.


ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ონლაინ სააგენტოებთან გაფორმებული საინფორმაციო მომსახურების ხელშეკრულებები მასალების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსების გარდა, ინფორმაციის შემდეგ საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებზე: Spnews.io, Newspress.ge,Region.georgia, For.ge, Unipress.ge, Ncp.ge გავრცელების  ვალდებულებასაც ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ მედიის განვითარების ფონდის (MDF) მედიის ფინანსური გამჭვირვალობის 2018, 2019 წლების ანგარიშების მიხედვით, ონლაინ პორტალი Newspress.ge საბიუჯეტი კონტრაქტებს პირდაპირი გზითაც იღებდა. აღნინული გამოცემები კრემლის პროპაგანდისტული პლატფორმის Sputnik-ის სხვადასხვა პროექტების პოპულარიზაციას ახდენდა, ხოლო მისი ხელმძღვანელი სპუტნიკის მედიაპროექტებში მონაწილეობდა.

სფეისნიუსის შესახებ

ონლაინ მედია “სფეისნიუსის” ვებ-საიტი spnews.io 2019 წლის 9 ივლისს არის რეგისტრირებული. ვებს “ჩვენ შესახებ” განყოფილება არ აქვს და ინფორმაცია გამოცემის შესახებ ხელმისაწვდომი არ არის. გამოცემის ფეისბუკ გვერდი Spacesnews • სივრცეები, რომელიც უთითებს, რომ მულტიმედიური საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალია,  2019 წლის 12 ივლისსაა შექმნილი.

“შპს სივრცეები” 2019 წლის 5 ივნისს დარეგისტრირდა და გამოცემის 100%-იანი წლის მფლობელი თამარ ჯოჯუაა, რომელიც ISFED-ის კვლევის მიხედვით, კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას, მეუღლეა. “შპს სივრცეებთან” დადებული ხელშეკრულებების მიხედვით კი დგინდება, რომ დირექტორის მოვალეობას ეკა ვეფხვაძე ასრულებს.
;
როგორია სფეისნიუსის და მასთან დაკავშირებული მედიების სარედაქციო პოლიტიკა?

“სფეისნიუსის” სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულწილად ჰიბრიდულია, აქ ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებულ ინფორმაციებს და სახელისუფლებო ექსპერტებს ვხვდებით, მეორე მხრივ, პრიმაკოვის ცენტრთან დაკავშირებული მედია პროექტის “პოლიტიკანოს” ავტორს ვიდეო გადაცემების ( “პოლიტეპიდემია” და “მთავარი სივრცე”) წამყვანის ამპლუაში, სადაც ის დასავლეთიდან თავსმოხვეულ ფერად რევოლუციებზე, როგორც სახელმწიფო გადატრიალებებზე საუბრობს (პოლიტეპიდემია - ფერადი რევოლუციები), ავტორიტარული მმართველობების გამართლებას და იდეალიზებას ცდილობს (პოლოტეპიდემია - რა ხდება ბელორუსში?) ისევე, როგორც თავად “პოლიტიკანოს” პლატფორმაზე.

;;
ბელორუსის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების იდეალიზებას პოლოტიკანოს წამყვანი სხვა ანტიდასავლურ და კრემლთან დაკავშირებულ პლატფორმებზეც ახდენს, სადაც ის ავტორადაც და რესპონდენტადაც (ტვ “ობიექტივი”, “საქართველო და მსოფლიო”) ხშირად გვევლინება:

გიორგი მდივანი, პოლიტოლოგი: "ბელარუსმა საბჭოთა ინსტიტუტები შეინარჩუნა. დღედაღამ მუშაობს ქარხნები. საქართველოში სულ ბელარუსული ტრაქტორები შემოდის და არა მხოლოდ ტრაქტორები… ბევრი ლიბერალი შურით სკდება, მაგრამ მათ ვეტყვი: “ფერადი რევოლუციების” დასავლელმა პოლიტტექნოლოგებმა უნდა დახვეწონ მეთოდები, ყვავილები, ცოცხალი ჯაჭვები და ოდები თავისუფლებაზე მოძველდა უკვე". (საქართველო და მსოფლიო, 19 აგვისტო).

გიორგი მდივანი, პოლიტოლოგი: ”ჩინეთმა ძაან ისეთი მაგალითი მისცა მსოფლიოს, რომ პირველ რიგში საკუთარი მოსახლეობა დაიცვა. კი, ცოტა ხისტი და მკაცრი ზომებით, მაგრამ ჩვენც არ გვაწყენდა ის ხისტი ზომების გადმოღება.” (ობიექტივი, ნედელია, 17 მარტი).

გარდა ავტორიტარული რეჟიმების იდეალიზებისა, კრემლთან დაკავშირებულ “საქართველო და მსოფლიოს” ვებ-გვერდზე მდივანი ანტიდასავლურ და ნატოს წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებსაც ხშირად ავრცელებს.

;;
აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით კრემლის მიდგომებს, რომელიც ამ დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში შემავალი ქვეყნების საერთო ისტორიული მეხსიერების ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდირებისთვის და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებს, როგორც პოლიტიკანოს, ასევე სფეისნიუსის და კრემლთან პირდაპირ დაკავშირებულ მედიებშიც (ნიუსფრანტი, საქართველო და მსოფლიო) ვხვდებით.  მაგალითად, პოლიტიკანო 2020 წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას საბჭოთა სიმბოლიკით აღნიშნავდა, ხოლო როგორც სფეისნიუსის გვერდზე, ასევე ნიუსფრანტსა და საქართველო და მსოფლიოში იდენტური შინაარსის მასალებს ვხვდებით, კერძოდ, კრემლის პროპაგანდისტული პროექტის - უკვდავი პოლკის სიმბოლიკის - გიორგიევსკის ლენტის პოზიტიურად გაშუქების მაგალითებს (“გეორგიევსკის ლენტი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია, სიმბოლო სამცხე-ჯავახეთის და აჭარის დედასამშობლოსთან შემოერთებისა – დავით გოგიშვილი”).

;;;;
უფრო მეტიც, სფეისნიუსის გვერდზე რესპონდენტების კომენტარების პროპაგანდისტული მიზნით შერჩევაც ხდება, რაც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. მაგალითად, ერთ-ერთ შემთხვევაში გამოყენებულია მცდარი დილემის ტექნიკა, როცა ერთი მხრივ, გეორგიევსკის ტრაქტატის მართლმადიდებლობის გადამრჩენად, მეორე მხრივ კი, საარჩევნო პროცესის გაჯანსაღების მიზნით პარტიებს შორის დიალოგის ხელშეწყობა ევროკავშირის მხრიდან სუვერენიტეტში ჩარევად არის წარმოჩენილი:
;

;
გეორგიევსკის ტრაქტატის, როგორც რელიგიის გადამრჩენის თემას “სფეისნიუსის” პლატფორმაზე კრემლისტური პარტია პატრიოტთა ალიანსის წევრიც ახმოვანებს (რომ არა გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველო დღეს იქნებოდა ან ირანის რიგითი სახანო, ან თურქეთის ვილაიეთი ვაჟა ოთარაშვილი)

;
“სფეისნიუსის” გადაცემების სტუმრები, რომელთა ერთ-ერთი წამყვანი კრემლისტური “პოლიტიკანოს” ავტორი გიორგი მდივანია, ხშირად პროსახელისუფლებო ექსპერტები, ასევე კრემლის პოლიტიკის ადვიკატები და ულტრანაციონალისტური აქტორები არიან.  
 

 


“სფეისნიუსის” ფეისბუკ გვერდი Spacesnews • სივრცეები 16 ფეისბუკ ჯგუფთან არის დაკავშირებული.
;
ამ ჯგუფებს შორისაა პროპაგანდა არანორმალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც წარსულში პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული, ასევე კრემლისტური “საქართველოს და მსოფლიოს” ავტორი ბაკურ სვანიძე მართავს და საქართველო და რუსეთი/Грузия и Россия, რომლის ადმინისტრატორიც Patrioti TV-ის დამფუძნებელი გიორგი ირემაძეა.
;
გიორგი ირემაძე “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” პრეზიდენტია, 2017 წლის აგვისტოში კი სპუტნიკის ვიდეოხიდში იღებდა მონაწილეობას. ის აქტუიურად არის ჩართული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კამპანიაში და თანამშრომლობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ “ზვეზდასთან”. 2017 წელს ირემაძე პიატიგორსკში გამართულ "კავკასიური დიალოგი 2017-ისა"  და მოსკოვში გამართულ “ევრაზიის ახალგაზრდული ფორუმის” მონაწილე იყო. ირემაძე ამავე წელს ესწრებოდა “სოჭის ახალგაზრდულ ფესტივალს”, რომელიც ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერით ჩატარდა.
;
;
აღსანიშნავია, რომ გიორგი ირემაძის ჯგუფში “საქართველო და რუსეთი/Грузия и Россия” გიორგი მდივანს, რომელიც “სფეისნიუსის” გადაცემის “მთავარი სივრცე” ერთ-ერთი წამყვანია, გადაცემის ლინკი აქვს გაზიარებული.
;
მდივანი აღნიშნულ ჯგუფში “პოლიტიკანოს” პოსტებსაც აზიარებს:
;
Patrioti tv-ის დამფუძნებელი გიორგი ირემაძე და “პოლიტიკანოს” ავტორი გიორგი მდივანი 2018 წელს თბილისში კრემლის მიერ დაფინანსებულ "საერთაშორისო სამხრეთ კავკასიურ მედიაფორუმში” იღებდნენ მონაწილეობას, ისევე როგორც  პრიმაკოვის ცენტრთან დაკავშირებული არჩილ სიხარულიძე. ამასთანავე სიხარულიძეც და მდივანიც ბოლო წლებში რუსეთში სხვადასხვა ღონისძიებებს აქტიურად ესწრებიან (მაგალითად, Президентская академия - РАНХиГС-ში2017 წელს). 2017 წლის სექტემბერში მოსკოვში გამართულ “ევრაზიის ახალგაზრდულ ფორუმს” გიორგი ირემაძე და გიორგი მდივანი ერთად ესწრებოდნენ.
;;

 

;
“სფეისნიუსის” დახურული ფეისბუკ ჯგუფის Spacesnews • სივრცეები @spnews.io ერთ-ერთი ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეცაა, რომლიც “მითების დეტექტორის” 2019 წლის კვლევის მიხედვით, News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდს მართავდა. 2019 წლის აპრილში კონსტანტინე ჩიკვილაძე “რუსული სამყაროს” პარტნიორ ორგანიზაციებთან და ულტრა-ნაციონალისტური გაერთიანებების წარმომადგენლებთან ერთად ასევე მონაწილეობდა ღონისძიებაში “ფაშისტური იდეოლოგიის რეანიმაცია”, რომლის ფარგლებშიც “უკვდავი პოლკის” მიერ 9 მაისის აღმნიშვნელი ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კონსტანტინე ჩიკვილაძე ასევე მართავდა პატრიოტი ტვ-ს ღია ჯგუფს, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ირემაძეა.

;

პოლიტიკანოს შესახებ

ფეისბუქ გვერდი პოლიტიკანო ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. თავის მხმრივ, პრიმაკოვის ცენტრი კი გორჩაკოვის ფონდმა დააარსა, რომელიც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებით  საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მხარდამჭერით შეიქმნა.

პოლიტიკანო პოციონირებს, როგორც ანტი-კაპიტალისტური, ევროსკეპტიკური, მემარცხენე ფილოსოფიის მქონე პოლიტიკურ-ეკონომიკური პორტალი. ის შემჩნეული არაერთხელ იყო ისტორიის გაყალბებასა და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებაში. პოლიტიკანო თანამედროვე  ევროპის კონტექსტში ხშირად ავრცელებს ინფორმაციას დასავლურ ქვეყნებში კოლონიალიზმის გამოცდილების შესახებ, ამავდროულად კი საბჭოთა ოკუპაციას უარყოფს. 

პოლიტიკანო ასევე უარყოფს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში რუსეთის პასუხისმგებლობას. გვერდი ხშირად ავრცელებს ანტიდასავლურ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის გარდა საქართველოს ტერიტორიები სხვა ქვეყნების მიერაც არის ოკუპირებული.

პოლიტიკანოს ხელმძღვანელი გიორგი მდივანია. გარდა ფეისბუქ გვერდისა, პოლიტიკანოს ბლოგიც აქვს. 

პოლიტიკანოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს შორისაა 2 საჯარო ლექცია, რომლებიც 2015 და 2016 წლებში პრიმაკოვის ცენტრში გაიმართა.

პოლიტიკანოს დახურულ ჯგუფში 2018 წელს 8 წევრიდან ერთ-ერთი იყო არჩილ სიხარულიძე. ის კრემლის პროპაგანდისტული გზავნილების და ნარატივების გასახმოვანებლად ხშირად ჩანს და ციტირებულია სპუტნიკ საქართველოს სტატიებში, როგორც პოლიტიკის მეცნიერების ექსპერტი. ვებ-გვერდზე archilsikharulidze.ge 2018 წლის 27 აპრილს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიხარულიძემ “პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში”, პოლიტოლოგ თამარ კიკნაძესთან ერთად ლექცია თემაზე "საქართველო-რუსეთის ურთიერთობები აშშ-ისა და ევროპის კონტექსტში" წაიკითხა. აღსანიშნავია, რომ თავად თამარ კიკნაძე ქსენოფობიური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია "ობიექტივის" ხშირი სტუმარია და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა.


მოამზადეს ანი ქისტაურმა და თამარ კინწურაშვილმა