Նույնականություն

დაიცვეს თუ არა სამართალდამცავებმა კიევში “ღირსების მარში”?

17 Հունիս, 2021

15 ივნისს, ფეისბუქ მომხმარებელმა გოგა გაბისონიამ მის მიერვე შექმნილ ფეისბუკ ჯგუფში “ეროვნული ჯგუფი” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც უკრაინაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გეი-აღლუმის დაცვაზე უარი თქვეს და თავიანთი ქმედება იმით ახსნეს, რომ  ისინი არ შეეცდებიან, წინააღმდეგობა გაუწიონ პატრიოტებს, რომლებიც ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ გამოვლენ. პოსტში, ასევე, აღნიშნულია, რომ მათ ძალოვანი უწყების ყველა თანამშრომელს მოუწოდეს, ქრისტიანული ღირებულებებისა და მორალისთვის პატივი ეცათ. ამ ინფორმაციის ილუსტრირების მიზნით პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ლგბტ დროშის დაწვა ჩანს.

;
17 ივნისის მდგომარეობით, პოსტს 3 ათასზე მეტი გაზიარება აქვს. აღნიშნული პოსტი ფეისბუქ მომხმარებელმა გია მამფომ ჯგუფებში “ლევან ვასაძის მხარდამჭერები levan vasadze” და “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !” გააზიარა. აღსანიშნავია, რომ იდენტური პოსტი 2018 წელს ფეუსბუქ ანგარიშმა “ქართველი Ⴕართველი”-მაც გამოაქვეყნა, რომელსაც 4 ათასზე მეტი გაზიარება აქვს. 2016 წელს იდენტური ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო რეპორტიორმაც გაავრცელა, რომელიც შემდგომ 2019 წელს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააზიარა.

მტკიცება, თითქოს უკრაინელმა სამართალდამცავებმა ლგბტ თემის დაცვაზე უარი განაცხადეს, დეზინფორმაციულია და სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად აღნიშნული ყალბი ამბავი პირველად 2016 წლის ივნისში რუსულმა და უკრაინელოვანმა მედია საშუალებებმა გავრცელეს და 2 პირი, რომელიც სამსახურის პრაიდის საბაბით დატოვებაზე საუბრობდა, განცხადების გაკეთებამდე იყო გათავისუფლებული სამსახურიდან. ფოტო, რომელიც პოსტის ავტორს სამართალდამცავების მიერ გეი-აღლუმის ილუსტრაციად მოჰყავს, რეალურად 2017 წელს Amnesty International-ის შენობის წინ ლგბტ დროშის ანტი-ლგბტ და ულტრა-მემარჯვენე მომიტინგეების მიერ დაწვას ასახავს.

ამ ყალბი ამბის პირველწყარო სპეციალური დანიშნულების პოლკ “კიევის” 2 ყოფილი თანამშრომელი იყო. მათ კიევის პოლიციის სამმართველოს წინ იმპროვიზირებული პრენსკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ 2016 წლის 12 ივნისს დაგეგმილი პრაიდის მონაწილეებს არ დაიცავდნენ და სამსახურს ტოვებდნენ. თუმცა ორივე მათგანი ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში შიდასამსახურეობრივი გამოძიების შედეგად უკვე სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. აღსანიშნავია ასევე, რომ პოლკი “კიევი” ქალაქში საპატრულო პოლიციის ფუნქციებს არ ასრულებს. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” 2018 წლის სტატია:
კორკოტაშვილის და რუსული მედიის დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის პოლიციამ “ლგბტ” თემის დაცვაზე უარი განაცხადა

აღნიშნულ დეზინფორმაციას წლებია რუსულენოვანი მედია ავრცელებს:

;

;
რაც შეეხება პოსტის თანმხლებ ფოტოს, მცდარია ინფორმაცია, თითქოს ის სამართალდამცავების მიერ გეი-აღლუმის დაცვაზე უარს ასახავს. რეალურად  ფოტო  2017 წლის “ღირსების მარშის” კვირეულის დაწყების დღეს კიევში ანტი-ლგბტ და ულტრა-მემარჯვენე მომიტინგეების მიერ Amnesty International-ის შენობის წინ ლგბტ დროშის დაწვის ილუსტრირებაა.

მცდარ ინფორმაციაზე დაფუძნებული ეს პოსტი ასევე შეიცავს მოწოდებას, ეს ცნობა გააზიარონ და მათ ჯგუფში გაწევრიანდნენ. აღნიშნული დეზინფორმაცია, რომელიც 2016 წლიდან ვრცელდება ღირსების მარშის წინა პერიოდში საზოგადოების მობილიზების მიზნით ხდება აქტუალური. დეზინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი ღირსების მარშის წინ მიზანმიმართულად ვრცელდება და ქმნის კონტექსტს, რომ პრაიდის მონაწილეებს სამართალდამცავებიც უპირისპირდებიან და კონსტიტუციით გარანტირებულ მათ უფლებებს არ დაიცავენ.

“ღირსების მარში”

უკრაინაში 2019 წელს პოსტ-საბჭოურ სივრცეში ყველაზე მასშტაბური ღირსების მარში ჩატარდა. ღირსების მარშის მონაწილეებს პოლიციის დიდი კორდონი იცავდა, მაგრამ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მიუხედავად რამდენიმე ასეული მომიტინგისა, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას აპროტესტებდნენ. ღირსების მარშის ორგანიზატორებმა მათი დაცვისთვის სამართალდამცავებს მადლობაც გადაუხადეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.