Այլք

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც II მსოფლიო ომის დროს სსრკ-ს ქმედებების გერმანიის ქმედებებთან გათანაბრებას კრძალავს

10 Հունիս, 2021

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის როლების გათანაბრებას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედიის, სპუტნიკის ქართული ბიურო რუსულ სახელმწიფო მედია რია ნოვოსტიზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანონპროექტი ვლადიმერ პუტინის ბრძანებით კულტურისა და ხელოვნების საპრეზიდენტო საბჭოს მიერ მომზადდა. კანონში  "1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების შესახებ" შეტანილი ცვლილებებით მეორე მსოფლიო ომში  სსრკ-სა და ფაშისტური გერმანიის როლის საჯაროდ გაიგივება იკრძალება. 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ბოლო დროს მედიაში, მათ შორის რუსულენოვანშიც, რეგულარულად ქვეყნდებოდა და სხვადასხვა ეთერით დაუსაბუთებელი დამამცირებელი განცხადებები ვრცელდებოდა, სადაც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისა და არმიის ქმედებები ნაციზმისა და ვერმახტის ჯარისკაცების დანაშაულებთან იყო გაიგივებული.

ისტორიის გადაწერის პუტინისეული მცდელობა და მითების მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე

აღსანიშნავია, რომ  “ისტორიის გადაწერის მცდელობისა და დიდი სამამულო ომის შესახებ სიმართლის დამახინჯების თაობაზე“ პუტინმა არაერთხელ გააკეთა განცხადება,  2020 წლის  ივნისში კი ჟურნალ National Interest-ში მეორე მსოფლიო ომის შესახებ ესე გამოაქვეყნა.  ვლადიმერ პუტინი მკითხველს  მეორე მსოფლიო ომისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ საკუთარ ინტერპრეტაციას სთავაზობს, ნაციზმზე გამარჯვებას ძირითადად საბჭოთა კავშირის დამსახურებად წარმოაჩენს და ომის დაწყების პასუხისმგებლობას მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს აკისრებს.

პუტინი ესეში მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტს, რომლიც 1939 წელს ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმდა, სსრკ-ს მხრიდან თავდაცვის აუცილებელ ზომად  წარმოაჩენს და აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირი უკანასკნელი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც გერმანიასთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გააფორმა.

რეალურად 1939 წლის 23 აგვისტოს სსრკ-სა და გერმანიას შორის გაფორმებული შეთანხმებით ჰიტლერმა თავდაუსხმელობის გარანტია მიიღო და პოლონეთში შეიჭრა. შეთანხმება მოიცავდა საიდუმლო ნაწილსაც, რომლითაც ჰიტლერი და სტალინი აღმსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე გავლენის სფეროებს იყოფდნენ. სწორედ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი იყო მთავარი მექანიზმი, რამაც ახალი მსოფლიო ომი გამოიწვია.

საბჭოთა კავშირი, როგორც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე, მეორე მსოფლიო ომში 1939 წლის 17 სექტემბერს ჩაერთო, როდესაც პირველად გახსნა ცეცხლი აღმოსავლეთ პოლონეთში. წითელმა არმიამ პოლონეთის ის ტერიტორია დაიკავა, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით საბჭოთა გავლენის სფეროს მიეკუთვნებოდა. სამხედრო კამპანიას მიეკუთვნებოთა აგრეთვე მოხდა ბალტიის ქვეყნებისა და რუმინეთის ბესარაბიის ოკუპაცია.

სტალინი თავად იყო დაინტერესებული გერმანიასთან თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებით, რადგანაც ის აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის გაფართოების საუკეთესო მექანიზმად წარმოედგინა. საბჭოთა კავშირი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო შეთანხმებას 1980-იანი წლების ბოლომდე მალავდა.

უფრო ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის”  მიერ მომზადებული მასალები მეორე მსოფლიო ომის თემაზე:
დიქტატორების “თაფლობის თვე” - რა უნდა ვიცოდეთ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ?
მეორე მსოფლიო ომი კრემლის საინფორმაციო ომში - პუტინის ისტორიის გაკვეთილები
საბჭოთა მითები მეორე მსოფლიო ომის შესახებ