Այլք

რას ითვალისწინებდა კვლევა, რომელსაც Царьград ბავშვებისთვის პორნოგრაფიის ყურებას მიაწერს?

8 Հունիս, 2021

2 ივნისს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ბევრს არ სჯეროდა… სულ ტყუილუბრალოდ”: ევროკავშირში ბავშვებზე აღმაშფოთებელი ექსპერიმენტი ჩაატარეს”. სტატია რუსული ტელეარხის Царьград-ის ჟურნალისტ ანა შაფრანს ეყრდნობა და ამტკიცებს, რომ “იუნისეფის” მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ციფრულ ეპოქაში ბავშვების უფლებებს ეხება, წერია, რომ დაუდგენელია, ვნებს თუ არა პორნოგრაფიული ფილმების ყურება ბავშვებს. “საქართველო და მსოფლიოს” სტატიის მიხედვით, იუნისეფის დოკუმენტში მოყვანილია 2020 წლის კვლევა, საიდანაც ირკვევა, რომ ბავშვების უმეტესობას, სექსუალური სცენების ონლაინ ნახვის შემდეგ, არც წყენა და არც სიხარული არ განუცდია. ამასთან დაკავშირებით, Царьград-ის ჟურნალისტი ანა შაფრანი, რომელიც სტატიაშია ციტირებული, აცხადებს, რომ კვლევისას ბავშვებს სექსუალური სცენები აყურებინეს, რაც, მისი თქმით, აღმაშფოთებელია. 

;
“საქართველო და მსოფლიოს” და  Царьград-ის პუბლიკაციები მანიპულაციურია. იუნისეფის სადისკუსიო დოკუმენტში არ წერია, რომ ბავშვებისთვის პორნოგრაფიის ყურებისგან გამოწვეული რისკები დაუდგენელია, დოკუმენტი აღნიშნავს, რომ მსგავსი კონტენტი ზოგიერთი ბავშვისთვის საზიანოა, თუმცა ზიანის ხასიათი და დონე განსხვავებულია. მცდარია Царьград-ის მტკიცება, თითქოს EU Kids Online კვლევის ფარგლებში ბავშვებს პორნოგრაფია აყურებინეს, რადგან  კვლევის მეთოდოლოგია პორნოგრაფიის ზიანის განსასაზღვრად მოზარდების წარსული გამოცდილების შესწავლას და მათთვის ამ თემაზე კითხვების დასმას გულისხმობდა. 

“საქართველო და მსოფლიოს” მიერ გამოქვეყნებული სტატია წარმოადგენს Царьград-ის სტატიის თარგმანს, რომელიც 27 მაისს გამოქვეყნდა და Царьград-ის ეთერში ჟურნალისტი ანა შაფრანის გადაცემაში გაჟღერებულ ინფორმაციას ეყრდნობა. შაფრანის განცხადებით, ევროკავშირში ბავშვებზე შემაძრწუნებელი ექსპერიმენტი ჩატარდა.

რეალურად, იუნისეფის სადისკუსიო დოკუმენტში, რომელიც ონლაინ სივრცეში ბავშვთა უფლებებს ეხება, წერია, რომ პორნოგრაფიის ნახვას სხვადასხვა სახის რისკები და საფრთხეები უკავშირდება, თუმცა არ არის კონსენსუსი იმ საკითხზე, თუ რამდენად საზიანოა ის ბავშვებისთვის. დოკუმენტის მიხედვით, გარკვეული კვლევები ამტკიცებს, რომ ადრეულ ასაკში პორნოგრაფიაზე წვდომა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან, სექსიზმთან და ობიექტივიზაციასთან (ქალის ნივთად წარმოჩენა), ასევე სექსუალური ხასიათის აგრესიასთან და სხვა ნეგატიურ გამოვლინებებთან არის დაკავშირებული. 

Царьград-ის ჟურნალისტი და მასზე დაყრდნობით “საქართველო და მსოფლიო” მანიპულირებენ იმ საკითხით, თითქოს იუნისეფის დოკუმენტი დაუდგენელად მიიჩნევს, თუ რამდენად მოქმედებს პორნოფილმების ყურება ბავშვებზე, თუმცა იუნისეფის სადისკუსიო ნაშრომში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ მტკიცებულებების თანახმად, ზოგიერთი ბავშვი  გარკვეული სახის პორნოგრაფიასთან წვდომით ზიანდება, ხოლო ამ ზიანის ხასიათი და დონე განსხვავებულია. 

რაც შეეხება კვლევას, რომელზეც Царьград და “საქართველო და მსოფლიო” აპელირებენ, 2020 წლის კვლევა სახელწოდებით EU Kids Online, რაც 19 ქვეყნის შედეგებს ეყრდნობა, იუნისეფის მიერ მართლაც არის ციტირებული. კვლევის მიხედვით, ბავშვების უმეტესობამ, რომლებმაც სექსუალური ხასიათის ვიზუალი ონლაინ ნახეს, არც წყენა და არც სიხარული (მონაცემები მერყეობს შვეიცარიაში 27%-დან ლიეტუვაში 72%-მდე) არ გამოხატეს. კვლევაში აღნიშნულია, რომ გარკვეულ რისკებთან ერთად, სექსუალური ხასიათის კონტენტი ზოგიერთი ბავშვისთვის და ახალგაზრდისთვის შეიძლება ასოცირდებოდეს პოზიტიურ გამოცდილებასთან, ზოგიერთი ამაზე ბევრს არ ფიქრობს, ნაწილისთვის კი ის წუხილს იწვევს. კვლევის მეთოდოლოგია ბავშვებისთვის პორნოგრაფიული მასალების მიწოდებას და ყურების შემდეგ მათზე დაკვირვებას არ გულისხმობდა, როგორც ამას Царьград-ი ამტკიცებს. კვლევისთვის მნიშვნელოვანი იყო ბავშვების წარსულ გამოცდილებაზე მათი რეაქციების შესწავლა, შესაბამისად მათ რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა, გასული წლის განმავლობაში ტელევიზიით, ჟურნალში, DVD-ზე ან ინტერნეტში ხომ არ უნახავთ ისეთი ფოტოები ან ვიდეოები, რომლებშიც შიშველი ადამიანები იყვნენ ან შიშველ ადამიანებს ჰქონდათ სექსი. გამოკითხვის დროს მკვლევარებმა თავი აარიდეს ტერმინ “პორნოგრაფიის” გამოყენებას და ბავშვებს უფრო ზოგადად ეკითხებოდნენ, გაეხსენებინათ ისეთი კონტენტი, რომელსაც აშკარად სექსუალური ხასიათი ჰქონდა და შეეფასებინათ, როგორ იგრძნეს თავი მისი ნახვის შემდეგ. კვლევის მიზანი ამ ტიპის შინაარსის ბავშვებზე გავლენის შესწავლა იყო.

კვლევიდან გამომდინარე, ავტორები გვთავაზობენ სარეკომენდაციო პუნქტებს, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი სექსუალური შინაარსის მასალას, რომელსაც ბავშვები ნახულობენ, შესაძლოა, საგანმანათლებლო დანიშნულება ჰქონდეს, თუმცა ასევე დასმულია საკითხი, თუ როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საგანმანათლებლო კონტენტი ასაკის შესაბამისია და ვინ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა. კვლევაში ასევე აღინიშნა, რომ ზოგიერთი ბავშვი, განსაკუთრებით მცირეწლოვანი და უფრო მეტად გოგონები ვიდრე ბიჭები, სექსუალური ხასიათის მასალებს განზრახ არ ეძებენ და მათ უნებლიეთ აწყდებიან, რაც შესაძლოა პრობლემური იყოს.

Царьград-ის შესახებ

;

Царьград ТВ-ს “ტელეარხის შესახებ” განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ ის რუსული კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური სატელევიზიო არხია. ტელეარხმა მაუწყებლობა 2015 წელს დაიწყო, მისი დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი კონსტანტინე მალოფეევია, რომელიც რუსეთის იმპერიის აღდგენის იდეას უჭერს მხარს. მალოფეევი აფინანსებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პროცესს, რის გამოც აშშ-მა და ევროკავშირმა იგი სანქცირებული პირების სიაში შეიყვანეს.  2015-2016 წლებში, ტელეარხის მთავარი რედაქტორის პოსტს “ევრაზიონისტული მოძრაობის” ლიდერი და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი იკავებდა. ამჟამად არხის მთავარი რედაქტორი დარია ტოკარევაა. ის მოსკოვის სასამართლომ კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 120 ათასი რუბლით დააჯარიმა. მანამდე ტოკარევა მშობლების თანხმობის გარეშე დაშავებულ არასრულწლოვნებზე ინფორმაციის გავრცელებისთვის და მათი ფოტოების გამოქვეყნებისთვის 7-ჯერ იყო დაჯარიმებული. 

“ცარგრადს” ანტიდასავლური ყალბი ამბები ადრეც გამოუქვეყნებია, მაგალითისთვის, 2016 წელს ტელეარხი აშშ-ში ცხოველისა და ადამიანის შეჯვარების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა.  იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული სხვა მასალები, რომლებშიც Царьград-იც ფიგურირებს:

  •  კრემლის ვირუსი საქართველოში: 3 დეზინფორმაცია ღორის გრიპის შესახებ
  • აჭარული TV12-ი და ქართული FB გვერდები სნაიპერებზე კრემლის კონსპირაციას  ავრცელებენ
  • “ასავალ-დასავალი” გაუქმებული The Guardian-ის  ყალბ ინტერვიუს ციტირებს

მოამზადა მაიკო რატიანმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.