Այլք

რა წერია ჟაკ ატალის წიგნში “Verbatim”-ი და ვინ გააყალბა ფრანგი პოლიტიკოსის ციტატა?

19 Մայիս, 2021

2021 წლის 11 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა Ninu Nemsveridze Art  რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს მიხედვით, გლობალური პანდემია ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიგეგმა და მისი მიზანი მსოფლიოს მოსახლეობის შემცირებაა, რასაც ბილდერბერგების მასონური კლუბის წევრის ჟაკ ატალის 1981 წლის წიგნის “Verbatim”-ის შემდეგი ციტატა ამტკიცებს: 

“მომავალში მოსახლეობის შესამცირებელი საშუალების პოვნა იქნება საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვეძლება სიკვდილით დავსაჯოთ ადამიანები ან საკონცენტრაციო ბანაკები ავაგოთ. მათ თავიდან მოსაშორებლად ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ყველაფერი მათივე კეთილდღეობისთვის კეთდება… ჩვენ უნდა ვიპოვოთ ან შევქმნათ მიზეზი, რომელიც კონკრეტული ჯგუფებისკენ მიმართულ პანდემიას გამოიწვევს: ნამდვილი ეკონომიკური კრიზისი ან ვირუსი, რომელიც მოხუცებს ან ჭარბწონიანებს დააინფიცირებს...სუსტები მას დანებდებიან, მშიშრები და სულელები დაიჯერებენ და ნებას მოგვცემენ განვკურნოთ. ჩვენ კი მათ მკურნალობას შევთავაზებთ, რომელიც გამოსავალიც იქნება. იდიოტების გადარჩევა თავისთავად მიმდინარეობის: ისინი სასაკლაოზე თვითონ მიდიან.” 

ჟაკ ატალის შესახებ მოკლე რუსული ვიდეო 2021 წლის 1 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა ნინო ჩხეიძემაც გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ჟაკ ატალი მაღალი რანგის მასონი, როტშილდების სახე და სიონისტია. ვიდეოში ნათქვამია, რომ ჟაკ ატალი 2010 წელს წერდა: “იმისთვის, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდეს, ჩვენ გვჭირდება მნიშვნელოვანი პანდემია.”

;
სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ გავრცელებული ციტატები გაყალბებულია და ფრანგ პოლიტიკოსს ჟაკ ატალის არცერთი არ ეკუთვნის. მტკიცება, თითქოს კორონავირუსის პანდემია ელიტურმა ჯგუფებმა მოსახლეობის შესამცირებლად და “ახალი მსოფლიო წესრიგის” დასამყარებლად ხელოვნურად გამოიწვიეს, შეთქმულების თეორიაა და მტკიცებულებებს არ ემყარება.

  • ციტატა ხელოვნური პანდემიით მოსახლეობის შემცირების შესახებ ჟაკ ატალის არ ეკუთვნის და იგი მთლიანად გაყალბებულია

Ninu Nemsveridze Art-ის მიერ გავრცელებული გაყალბებული ციტატის უფრო ვრცელი ვარიანტს გასული წლის განმავლობაში სოციალური ქსელის ფრანგული და  ინგლისურენოვანი მომხმარებლები ავრცელებდნენ. 2020 წლის განმავლობაში აღნიშნული ციტატა რუსულ სოციალურ ქსელებში, ვებ-გვერდებსა და ფორუმებზეც არაერთხელ გამოქვეყნდა. ყალბი ციტატის მიხედვით, მომავალში მოსახლეობის შემცირების საკითხი დადგება და ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც ეკონომიკურად ღირებულს არაფერს ქმნიან ხელოვნურად, პანდემიის საშუალებით უნდა გაანადგურონ. ყველა წყაროში ნათქვამია, რომ აღნიშნული ციტატა ჟაკ ატალის 1981 წლის წიგნიდან “Verbatim”-დან (“სიტყვასიტყვით”) არის. 

;
ფრანგი პოლიტიკოსის და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის მრჩევლის (1981-1991 წლებში) ჟაკ ატალის აღნიშნული წიგნი მემუარული ნაშრომია, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობის პერიოდში ატალის მოგონებებს, დიალოგებსა და ყოველდღიურ საქმიანობას ასახავს. როგორც ფაქტების გადამოწმების ფრანგული პლატფორმა AFP Factual-ის გამოკვლევამ აჩვენა, ჟაკ ატალის 1981 წლის წიგნში მსგავსი ციტატა არსად გვხვდება. AFP-მ წიგნის ბეჭდური ვერსია ფრანგი გამომცემლისაგან გამოითხოვა, თუმცა წიგნში არათუ ვირუსულად გვარცელებული ციტატის სრულ ან ფრაგმენტულ ვერსიას, არამედ სიტყვა “პანდემიასაც” ვერ მიაკვლია.

გარდა უშუალოდ ჟაკ ატალის წიგნისა, ფრანგმა ფაქტების ანალიტიკოსებმა 1981 წელს ჟაკ ატალის შესახებ გამოქვეყნებული კიდევ ერთი წიგნი “The Future of Life” შეისწავლეს, რომელიც ჟურნალისტ მაიკლ სალმონის მიერ ატალისთან ჩატარებული ინტერვიუების სერიებს აერთიანებს. როგორც აღმოჩნდა, წიგნში არის რამდენიმე მონაკვეთი, რომელშიც ატალი საუბრობს 60-65 წლის ადამიანების შესახებ და აღნიშნავს, რომ მომავალში ინდუსტრიული საზოგადოებების მიზანი იქნება არა სიცოცხლის ხანგრძლივობის მაქსიმალურად გაზრდა, არამედ ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რადგან ეს უკანასკნელი ბევრად უფრო სასარგებლოა საზოგადოებრივი კეთილდღებისთვის. ინტერვიუში ატალიმ ისიც აღნიშნა, რომ ამის გათვალისწინებით ხანდაზმულთა ევთანაზია მომავლის საზოგადოებებისთვის შესაძლოა მნიშნვნელოვან ინსტრუმენტად იქცეს, თუმცა იგი განმარტავს, რომ თავად ევთანაზიის მომხრე არაა. შესაძლოა, ატალის სწორედ ამ ინტერვიუს მანიპულაციური ინტერპრეტაციის შედეგად გაჩნდა ყალბი ციტატაც, რომლის მიხედვითაც, ატალი, თითოქოს მომავალში მოსახლეობის ხანდაზმულების ხარჯზე შემცირებას და ხელოვნურად განადგურებაზე ჯერკიდევ 1981 წელს საუბრობდა. 

შეთქმულების თეორია, რომელის თანახმადაც კორონავირუსის პანდემია ხელოვნურად შექმნეს და ვაქცინები მოსახლეობის შემცირებას ემსახურება ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები: 

  •  დეზინფორმაცია გეიტსის შვილების ვაქცინაციაზე, დეპოპულაციაზე და ჩუბაისზე
  •  რუსი ექსტრასენსის კონსპირაცია ვაქცინაციასა და ბილ გეიტსზე ქართულ მედიაშიც ვრცელდება
  •  ბილ გეიტსის ინტერვიუს Georgian Tik-Tokers რუსულ წყაროზე დაყრდნობით მანიპულაციურად ავრცელებს

ამასთანავე, Ninu Nemsveridze Art-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამია, რომ ჟაკ ატალი ბილდერბერგების მასონური კლუბის წევრია. რეალურად, “ბილდერბერგების კლუბი” არა მასონური ორგანიზაცია, არამედ 1954 წელს დაარსებული ყოველწლიური კონფერენციაა, რომლის მიზანიც თავდაპირველად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის დიალოგის ხელშეწყობა იყო.  ამჟამად კი კონფერენციის ძირითადი საკითხები ვაჭრობა, თანამედროვე ტექნოლოგიები, მონეტარულ პოლიტიკა, ინვესტიციები, საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები და ეკოლოგიურ პრობლემებია. აღნიშნულ კონფერენტიცას ჟაკ ატალი 1975 წელს ესწრებოდა. “ბილდერბერგების კლუბის” შესახებ გავრცელებულ შეთქმულების თეორიებზე ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის სტატია:

Ninu Nemsveridze Art-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო პირველად tiktok-ის მომხმარებელმა @ujrijakovlev-მა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ქალი, რომელიც ვიდეოში ჟაკ ატალის გაყალბებულ ციტატას კითხულობს, რეალურად mail.ru-ს ინოვაციური პროექტის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვირტუალური ტელეწამყვანია, რომლის მონაწილეობითაც ინტერნეტის მომხმარებლებს ნებისმიერი კონტენტის მოკლე სიუჟეტად ქცევა ვებ-გვერდზე dictor.mail შეუძლიათ.

;

  • პანდემიის გზით “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარებაზე ჟაკ ატალის ციტატა გაყალბებულია 

ნინო ჩხეიძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჟაკ ატალისთვის მიწერილი ციტატა 2020 წელს რუსულ რელოგიურ ვებ-გვერდზე “ПРАВОСЛАВНЫЙ АПОЛОГЕТ” გამოქვეყნებული ციტატის სახეცვლილი ვარიანტია. ПРАВОСЛАВНЫЙ АПОЛОГЕТ-ის მიხედვით, ჟაკ ატალი პანდემიას არა “ახალი მსოფლიო წესრიგის”, არამედ “მსოფლიო მთავრობის” დამყარების საშუალებდ მიიჩნევდა.

;
თავის მხრივ, რუსული გვერდი მანიპულაციურად ავრცელებს ფრანგული ვებ-გვერდის 2009 წლის სტატიას. ამ სტატიაში ჟაკ ატალის მიერ გამოცემა l’Expres-ზე 2009 წლის 3 მაისს გამოქვეყნებული მოკლე ბლოგის შეჯამებაა მოცემული.

რეალურად, ბლოგში ატალი 2003 წელს აღმოსავლეტ აზიაში მომხდარი SARS-ის ვირუსის ეპიდემიის მაგალითზე მომავალი ჰიპოთეტური პანდემიის თავიდან აცილების საშუალებებზე მსჯელობს და აღნიშნავს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს პანდემიის პრევენციისა და კონტროლის საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც გლობალურ დონეზე მაშტაბური კრიზისის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. ბლოგში ატალი ერთ მონაკვეთში მართლაც ახსენებს “მსოფლიო მთავრობას”, როგორც მომავალი გლობალური კრიზისების მენეჯმენტის მექანიზმს, თუმცა ტექსტში “ახალი მსოფლიო წესრიგი” ნახსენები არ არის. 

შეთქმულების თეორია “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ უკვე არაერთი წელია ვრცელდება და კორონავირუსის პანდემიისას განსაკუთრებით პოპულარული გახდა. “ახალი მსოფლიო წესრიგის” კონსპირაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები: 

  •  საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ?
  •  კონსპირაცია, თითქოს “ახალი მსოფლიო წესრიგის” გეგმის შესრულება 2021 წელს იწყება სათავეს ყალბი იმეილიდან იღებს
  •  არსებობს თუ არა გაეროს საიდუმლო დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ?

ნინო ჩხეიძის მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ზემოთ განხილულ ციტატას ვხვდებით, პირველად tiktok-ის მომხმარებელმა @yekaterinamtamontova-მ გაავრცელა. ამჟამად, აღნიშნული ანგარიში პლატფორმიდან წაშლილია, თუმცა Google Search-ით საძიებო სისტემა გვიჩვნებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების ბმულებს, რომელებიც სავარადუდოდ მსოფლიო მთავრობას ეხებოდა.

;

ჟაკ ატალის შესახებ 

ჟაკ ატალი ფრანგი მემარცხენე პოლიტიკოსი, ეკონომისტი, სოციალური თეორეტიკოსი და მწერალია. სხვადასხვა დროს ატალი საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის ხელმძღვანელი, საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის ავტორი და საფრანგეთის ეკონომიკის განვითარების კომიტეტის წევრი იყო. ატალი 50-ზე მეტი წიგნის ავტორი და ტექნოლოგიების განვითარების ევროპული პროგრამის  EUREKA-ს თანადამფუძნებელია. 2009 წელს Foreign Policy-მ ატალი “მსოფლიოს 100 მოაზროვნის” სიაში შეიყვანა.


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.