Նույնականություն

რა განაცხდა ბორელმა იდენტობის შესახებ?

29 Դեկտեմբեր, 2020

24 დეკემბერს ტელეკომპანია “ობიექტივის” გადაცემის “ღამის სტუდიის” ეთერში თამარ კიკნაძემ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის განცხადების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჯოზეფ ბორელმა განცხადა, რომ ადამიანი რელიგიური, ეთნიკური და გენდერული კუთვნილების გარეშე უნდა იყოს, რასაც თავად ლიბერალიზმის მთავარ პოსტულატს უწოდებს და პანდემიის პირობებში შექმნილ  რეალობასთან აკავშირებს. 21 დეკემბერს კი ამავე გადაცემაში, წამყვანმა ნინო რატიშვილმა ბორელის განცხადებას “საშინელი მიმართვა” უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ იდენტობაზე უარის თქმა ევროკავშირის უმთავრესი პრინციპია - “ქვაკუთხედია”. გარდა ამისა, ბორელის სიტყვები იგივე კონტექსტში “საქართველო და მსოფლიოს” 22 დეკემბრის სტატიაშიც არის წარმოჩენილი, სტატიაში სათაურით “ქართველობაზე უარის თქმით წინ _ ევროკავშირის წევრობისკენ!”

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი, 24 დეკემბერი: „ნება მიბოძეთ არ დაგეთანხმოთ იმაში, რომ ამ [ჟოზეფ] ბარელის განცხადება არაფერ შუაშია იდენტობასთან, პირიქით, არათუ შუაშია, თავშია.. ნახეთ და მოისმინეთ, რომ ადამიანი უნდა იყოს ესეიგი რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების, გენდერული კუთვნილების და ეს პანდემია იძლევა იმის საშუალებას და ლიბერალიზმის ყველაზე ძირითადი პოსტულატი არი რა? რო ადამიანი არი ატომი, ერთეული და მას არ უნდა ჰქონდეს კუთვნილება არავისთან.”

ნინო რატიშვილი, “ობიექტივის” წამყვანი,21 დეკემბერი: „იქნებ მოვახერხო... შემოგთავაზოთ საშინელი მიმართვა მაგალითად ჯოზეფ ბარელის, რომელიც არის ძალიან მაღალი რანგის მქონე ევროკავშირში და თუ ჩვენ ამას ევროკავშირის ტრიბუნიდან ესე ხმამაღალა გვიცხადებენ და გვეუბნებიან, რომ იდენტობაზე უარის თქმა არის ევროკავშირის ქვაკუთხედი, რაღაცა ძალიან სერიოზული საშიშროების წინაშე ვართ.”

“საქართველო და მსოფლიო”, 22 დეკემბერი: "ბარელის ქადაგება მოწმობს, რომ ევროკავშირში სერიოზული კრიზისია. მთელ რიგ ქვეყნებს არ სურთ, ბრიუსელის მხრიდან სანქციების მოსალოდნელი დაწესებისა და ფულადი დახმარების შეწყვეტის მუქარის მიუხედავად, დაკარგონ დამოუკიდებლობა და საკუთარი იდენტურობა. კარგა ხნის წინათ ბარელი იმავეს ამბობდა ბალკანეთზე, ბოსნია-ჰერცოგოვინაზე. იქ იდენტურობის საკითხი ძალიან მწვავედ იდგა და დგას... ბარელი მათ მოუწოდებდა, დაევიწყებინათ საკუთარი თავი და გაერთიანებულიყვნენ უძირო, უჯიშო, უისტორიო ევროპულ მასად.”

მტკიცება, თითქოს ჯოზეფ ბორელი ქვეყნებს იდენტობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს, მანიპულაციურია. სინამდვილეში, ბორელმა  დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, ომის დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გამოსვლის დროს მან ეროვნული ინტერესების ვიწრო გაგებით დეფინიციის უგულებელყოფაზე და საზოგადოების დაყოფის მიზნით ეროვნული და ეთნიკური იდენტობის გამოყენების მიუღებლობაზე გაამახვილა ყურადღება,  რაც სრულიად განსხვავებულ კონტექსტში იყო ინტერპრეტირებული ანტიდასავლურ და რუსულ მედიაში. აღსანიშნავია, რომ დეიტონის ხელშეკრულებამ ბოსნია-ჰერცოგოვინაში სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანებს შორის 3 წლიანი სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი დაასრულა.

რა განაცხადა ჯოსეფ ბორელმა?

2020 წლის 15 დეკემბერს ზაგრებში (ხორვატია) დეიტონ-პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულების აღსანიშნავად, ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მეცნიერებისა და ხელოვნების ხორვატიის აკადემიის ორგანიზებით საერთაშორისო კონფეენცია გაიმართა, სახელწოდებით “The Legacy of Peace – 25 Years of the Dayton-Paris Peace Agreement” (მშვიდობის მემკვიდრეობა- დეიტონ-პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულების 25 წელი). ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან, ნატო-ს, საფრანგეთის და რუსეთის წარმომადგენლებთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა და ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმაც მიიღო. სხვების მსგავსად, მისი სიტყვით გამოსვლის ვიდეო ჩანაწერიც ხელმისაწვდომია. 

ჯოზეფ ბორელმა ფოკუსი შერიგების აუცილებაზე გააკეთა, რასაც ის დასავლეთ ბალკანეთის ევროპული  მომავლისა და კეთილდღეობის გარანტიად მიიჩნევს.  სამშვიდობო ხელშეკრულების წლისთავის აღნიშვნამ მას  წარსულში მომხდარი სისასტიკეები გაახსენა, როგორც ბალკანეთში, ასევე 2 მსოფლიო ომის სახით ევროპის კონტინენტზე და ხაზი გაუსვა, რომ წარსულის ეს მემკვიდერობა უნდა გადაილახოს. ამ კუთხით ბარელმა აღნიშნა, რომ რელიგიური და ეთნიკური  იდენტობა არა ერთმანეთთან დაშორებისათვის, არამედ გაერთიანებისათვის უნდა იყოს გამოყენებული. მისი თქმით, იდენტობებს შორის გაჩაღებული ბრძოლა უნდა დასრულდეს. ბორელის აზრით, შერიგება არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა, არამედ ევროკავშირის ძირითადი ხასიათია, რადგან გაერთიანება სწორედ  წარსულის პრობლემების დაძლევისა და წინსვლისთვისაა შექმნილი. ასევე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბალკანელ პოლიტიკურ ლიდერებს ისეთი ნიადაგის შექმნისაკენ მოუწოდა, რაც თანამშორმლობასა და შერიგებას შეუწყობს ხელს. 

ჯოსეფ ბორელი, 15 დეკემბერი: “ორმა მსოფლიო ომმა გვასწავლა, რომ ურთიერთპატივისცემა და კომპრომისი უფრო შორს წაგვიყვანს, ვიდრე სისხლი და მიწა. ჩვენ უნდა უარვყოთ ეროვნული ინტერესების ვიწრო დეფინიცია, ასევე ეთნიკური და რელიგიური იდენტობების გამოყენება დაყოფის მიზნით, გაერთიანების ნაცვლად. იდენტობამ შეიძლება მოკლას. ყველა ჩვენგანს აქვს იდენტობა, შესაძლოა ერთდროულად რამდენიმეც კი. ჩვენ უნდა დავძლიოთ იდენტობებს შორის  გაჩაღებული ბრძოლა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებისათვის, როგორც ევროკავშირის ქვაკუთხედისათვის, ბრძოლა.”

რა არის დეიტონ-პარიზის ხელშეკრულება და რატომ გააკეთა ბორელმა აქცენტი იდენტობებს შორის დაპირისპირებაზე?

1995 წელს დეიტონ-პარიზის სამშვიდობო  ხელშეკრულებამ ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკის იუგოსლავიის ტერიტორიაზე წარმოქმნილი 3 წლიანი სისხლისმღრელი სამოქალაქო ომი დაასრულა. მას ხელი ბოსნიის, ხორვატიისა და სერბეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს. დაპირისპირებული მხარეები მშვიდობასა და ერთიანი სახელმწიფოს ბოსნია-ჰერცოგოვინას შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ხორვატებისა და ბოსნიაკების კონფედერაციასა და ბოსნიელი სერბების რეპუბლიკისაგან შედგება. 

ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკის იუგოსლავიის დაშლისას კონფლიქტის მის ერთ-ერთი შემდგენელ ნაწილში, ბოსნიაში მუსლიმ ბოსნიელებს, კათოლიკე ხორვატებსა და მართლმადიდებელ სერბებს შორის წარმოიქმნა. გასხვავებულ ეთნიკურობაზე დაფუძნებულმა ნაციონალიზმა და სხვადასხვა რელიგიურმა აღმსარებლობამ კონფლიქტის წარმოქმნაში დიდი როლი შეასრულა. სამოქალაქო ომს 100 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 2 მილიონზე მეტი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. 

ჯოზეფ ბორელის განცხადების ინტერპრეტაცია რუსულ მედიაში

ჯოზეფ ბორელის განცხადების ინტერპრეტაციას  “ობიექტივი” და “საქართველო და მსოფლიო” სხვა კრემლისტური მედიის იდენტურად ახდენს. 

რასია 1-ის წამყვანმა ვლადიმერ სოლოვიევმა საკუთარ გადაცემაში ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ბორელის ციტატის ნაწყვეტი ეთერში გაუშვა, მისი შეფასებით ბორელმა ქვეყნებს იდენტობის დაკარგვისაკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა მის სიტყვებს, რომ იდენტობას შეუძლია მოკლას. სპუტნიკ-ლიეტუვას სტატიის თანახმად კი ბორელის სიტყვები ეროვნულ და რელიგიურ იდენტობაზე მაღლა უნივერსლური ევროპული იდენტობის დაყებაზე მიუთითებს და ამ კუთხით სტატიის ავტორი პარალელს საბჭოთა კავშირთანაც ავლებს. 


მოამზადა ანა ჩიტალაძემ