2019 წლის ოქტომბერში ქართულ მედია ბაზარზე კრემლისტური მედია News Front-ის ქართულენოვანი ვებ-გვერდი გამოჩნდა. საინფორმაციო სააგენტო ”ახალი ამბების ფრონტი” ანუ News Front ინტერნეტში 2014 წლის ნოემბერში რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე დარეგისტრირდა. ვებ-გვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს. News Front-ი ამ დრომდე ინფორმაციას 8 ენაზე - რუსულად, გერმანულად, ინგლისურად, სერბულად, ესპანურად, ფრანგულად და უნგრულად - აქვეყნებდა. ოქტომბერში კი პლატფორმას ქართული ენაც დაემატა. News Front უკრაინის ტერიტორიების - დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის - დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია.
ქართულენოვანი „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი 2019 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა და კავშირები ღიად პრო-რუსულ აქტორებთან აქვს, როგორიცაა “საქართველო და მსოფლიო”, “ევრაზიული კავშირი”, “პატრიოტი TV”, ასევე ევგენი პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულ პლატფორმასთან “პოლიტიკანო”, რომელიც მეტწილად სოციალისტურ თემატიკაზე მანიპულირებს და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას ცდილობს. News Front-ის ქართულენოვან მასალებს ღიად პრორუსული ვებ-პორტალი “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი” და Facebook გვერდი “სტალინი” აქვეყნებენ. ეს გარემოება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს გვერდები ერთი ჯგუფიდან იმართება.
News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეა, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. 2019 წლის აპრილში კონსტანტინე ჩიკვილაძე “რუსული სამყაროს” პარტნიორ ორგანიზაციებთან და ულტრა-ნაციონალისტური გაერთიანებების წარმომადგენლებთან ერთად ასევე მონაწილეობდა ღონისძიებაში “ფაშისტური იდეოლოგიის რეანიმაცია”, რომლის ფარგლებშიც “უკვდავი პოლკის” მიერ 9 მაისის აღმნიშვნელი ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კონსტანტინე ჩიკვილაძე ასევე მართავს პატრიოტი ტვ-ს ღია ჯგუფს, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ირემაძეა. გიორგი ირემაძე კი თავის მხრივ პრორუსული ორგანიზაციის “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” პრეზიდენტია. 2017 წლის აგვისტოში ირემაძე სპუტნიკის ვიდეოხიდში იღებდა მონაწილეობას.
პარალელურად, „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი მართავს საჯარო ჯგუფს - “Россия и Грузия- дружба навеки!”. ჯგუფი 2014 წლის 11 სექტემბერს შეიქმნა და მას შემდეგ სახელი სამჯერ გამოიცვალა. 2019 წლის 4 თებერვალს ჯგუფმა სახელი ორჯერ შეიცვალა, ჯერ ერქვა Kidobani, ხოლო შემდეგ Kidobani News. სახელი Россия и Грузия- дружба навеки! ჯგუფმა 2019 წლის 4 აგვისტოს დაირქვა. ჯგუფს News-Front Georgia-ს გვერდის გარდა 6 ადმინისტრატორი ჰყავს, ასევე 6 ადმინისტრატორი ჰყავს თავად News-Front Georgia გვერდს.
ადმინისტრატორი Константин Чиквиладзе ჯგუფში აქვეყნებს ქართულენოვანი „News Front”-ის, “საქართველო და მსოფლიოს”, “პოლიტიკანოს”, “მარშალპრესის”, “ალტ-ინფოს”,yandex.ru-ს მასალებს. News-Front-ის ქართულენოვანი ფეისბუკ გვერდის შესახებ ინფორმაცია ჯგუფში მომხმარებელმა Giorgi Beria-მ გააზიარა, რომელიც აგრეთვე ამ ჯგუფის ადმინისტრატორია. იგივე ინფორმაცია იდენტური ტექსტით მკითხველებს ფესბუკით “საქართველო და მსოფლიომაც” გაუზიარა.