Various

ანტივაქსერული აქცია ვენაში თუ ანტიკომუნისტური აქცია მოსკოვში - რას ასახავს ფოტო?

25 November, 2021

24 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Ana Caava გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც სხვადასხვა აქციების ფოტოკოლაჟს წარმოადგენს. პოსტის მიხედვით, ფოტოები ავსტრიაში, ხორვატიაში, იტალიაში, ბრიუსელში, ნიდერლანდებში, ესპანეთში, ბელგიაში და საფრანგეთში იძულებითი ვაქცინაციის წინააღმდეგ გამართულ აქციების ასახავს. ერთ-ერთი ფოტო, რომელიც აღწერის მიხედვით, ვენაში პოსტის გამოქვეყნების წინა დღით გამართულ აქციას ასახავს, Borislav Petkov-ის ანგარიშიდან არის აღებული.

""
პოსტში გამოყენებული ფოტოების ნაწილი მართლაც ხორვატიაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს ასახავს, თუმცა ფოტოზე, რომელიც თითქოს ვენაში 23 ნოემბერს გამართულ მასშტაბურ აქციას შეეხება, რეალურად მოსკოვში 1991 წელს გამართული ანტისამთავრობო პროტესტია აღბეჭდილი.

ფოტო, რომელიც Ana Caava-ს და Borislav Petkov-ის მტკიცებით ვენაში 23 ნოემბერს იძულებითი ვაქცინაციის წინააღმდეგ გამართულ აქციას ასახავს, რეალურად 1991 წლის 10 მარტს მოსკოვში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. 500 000-მდე ადამიანი მიხეილ გორბაჩოვის გადადგომას და კომუნიტური პარტიის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდა. ფოტოს ავტორი დომინიკ მოლარდია და მასზე საავტორო უფლებას Associated Press ფლობს.

ფოტო მცდარი აღწერით სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. მისი წარმოშობა Reuters-ის ფაქტების ანალიტიკის პლატფორმამაც გადაამოწმა და მცდარი აღწერის შეფასება მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეს ავსტრიის დედაქალაქში მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული მკაცრი შეზღუდვების გასაპროტესტებლად ქუჩაში 35 ათასამდე ადამიანი მართლაც გამოვიდა. აქციაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების და ნაცისტური სიმბოლიკის აკრძალვის დარღვევის გამო 10-მდე ადამიანი დააკავეს. ავსტრიის მთავრობამ აუცრელი მოქალაქეებისათვის გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა და გამოაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

23 ნოემბრის მდგომარეობით ავსტრიაში მოსახლეობის 65.7% სრულადაა აცრილი, 70.2%-ს სულ მცირე 1 დოზა აქვს მიღებული, 15.4%-ს კი ბუსტერული დოზაც აქვს გაკეთებული.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.