Healthcare/Biosafety

ფოტოშოპით დამუშავებული კუდი და პანდემიამდელი სხვა ფოტოები ვაქცინაციის წინააღმდეგ

12 October, 2021

2021 წლის 7 ოქტომბერს ფეისბუქ ანგარიშმა ნინო ნინო თურქულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თურქი პოლიტიკოსი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ახალშობილი ბავშვების ფოტოებს აჩვენებს. ფოტოზე ერთ-ერთ ჩვილს კუდი აქვს, ერთის სხეული ხშირი თმითაა დაფარული, ხოლო მესამეს სამი ფეხი აქვს. თურქეთის “ახალი კეთილდღეობის პარტიის” (Yeniden Refah Partisi)  წევრი ფატიჰ ერბაკანი ამტკიცებს, რომ ბავშვებში ფოტოებზე ნაჩვენები ანომალიები მშობლების მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინების Pfizer-ისა და Moderna-ს გაკეთებამ გამოიწვია. ერბაკანის თქმით, რნმ ვაქცინები “გენური თერაპირაა”, რომელიც აღწევს ადამიანის უჯრედებში, ცვლის ადამიანის დნმ-ს და გენეტიკურ მასალას ანადგურებს, რაც შემდგომ თაობებში იშვიათ ანომალიებს იწვევს.

"

9 ოქტომბერს ფატიჰ ერკაბანის ვიდეოს სქრინშოთები ფეისბუქ მომხმარებლებმა Medea Adamia და სულიერო სამყარო კორონავირუსის ვაქცინების კონტექსტში გაავრცელეს. სქრინშოთებში ერბაკანის პრესკონფერენციის ის მონაკვეთები ჩანს, სადაც ის კუდიანი და სამი ფეხით დაბადებული ჩვილების ფოტოებს აჩვენებს. ფეისბუქ მომხმარებლების მტკიცებით, სურათებზე აცრილი მშობლების ბავშვები არიან ნაჩვენები. 

"
12 ოქტომბრის მონაცემებით, “ნინო ნინოს” პოსტს 382 გაზიარება აქვს, “სულიერი სამყაროს” პოსტი 359-ზე მეტმა ფეისბუქ მომხმარებელმა გადააზიარა, ხოლო მედეა ადამიას პოსტი სოციალურ ქსელში 445-ჯერ გააზიარეს.

მტკიცება, თითქოს ფატიჰ ერბაკანის მიერ ნაჩვენები ბავშვების ფოტოები კორონავირუსის ვაქცინით გამოწვეულ გენეტიკურ ანომალიებს ასახავს, სიმართლეს არ შეესაბამება. 1. ერთ-ერთი ახალშობილის ფოტოზე კუდი პროგრამული დამუშავების შედეგადაა ჩამატებული და სურათი გაყალბებულია. 2. ხშირი თმით და ზედმეტი კიდურებით დაბადებული ბავშვების სურათები რეალურია, თუმცა მათ კორონავირუსის ვაქცინებთან კავშირი არ აქვთ, რადგან ინდოეთში 2013 წელს ე.წ. “მაქციის სინდრომით” დაავადებულ ბავშვებს ასახვს. 3. სამი ქვედა კიდურის მქონე ბავშვის სურათი კი სინამდვილეში ინდოეთში 2016 წელს დაბადებულ სიამის ტყუპებს ასახავს. 

მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინები ადამიანის უჯრედში აღწევენ და დნმ-ს აზიანებენ, დეზინფორმაციაა, რომელიც სამეცნიერო საფუძველს მოკლებულია. 

ქართველი ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გაზიარებული თურქული ვიდეო პირველად 2021 წლის 16 სექტემბერს თურქული მედიის “Beyaz Haber”-ის Youtube არხმა გამოაქვეყნა და თურქულ ვებ-გვერდებზე აქტიურად ვრცელდებოდა. ვიდეოში მოსაუბრე თურქი პოლიტიკოსი ფატიჰ ერბაკანი “ახალი კეთილდღეობის პარტიის” (Yeniden Refah Partisi) პრეზიდენტია. სხვადასხვა დროს ერბაკანი ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის ვაქცინები ვირუსის მუტაციის წყაროა, ცვლის ადამიანის დნმ-ს, შეიცავს საეჭვო ნივთიერებებს და აცხადებდა, რომ ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგია. 

  1. ახალშობილის ფოტოზე კუდი პროგრამული დამუშავების შედეგადაა ჩამატებული და სურათი გაყალბებულია

ვიდეოში ფატიჰ ერბაკანის მიერ ნაჩვენები კუდიანი ახალშობილის სურათზე საავტორო უფლებები SCIENCE PHOTO LIBRARY-ის ფოტოგრაფს ლარი დასტინს ეკუთვნის. ვებ-გვერდზე სურათის აღწერაში მითითებულია, რომ ფოტო პროგრამული დამუშავების შედეგადაა შექმნილი. შესაბამისად, ის  ფატიჰ ერბაკანის მტკიცებულებად ვერ გამოდგება. 

"
ფატიჰ ერბაკანის მიერ ნაჩვენები სურათი

"
Science Photo Library-ის სურათი

ფოტოების გადამოწმების ხელსაწყოს TinEye-ის მონაცემებით Science Photo Library-ზე გამოქვეყნებული ყალბი სურათი ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა კონტექსტით 2014 წლიდან ვრცელდება.

"

აღსანიშნავია, რომ ბავშვის კუდით დაბადება სამედიცინო პრაქტიკაში რეალურად აღწერილი, თუმცა უკიდურესად იშვიათი მოვლენაა, რომელიც თაობებს გენეტიკურად გადაეცემათ და ის ხშირად ნაყოფის მუცლად ყოფნისას ხერხემლის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიანიშნებს. არ არსებობს მტკიცებულება, რომ მშობლების მიერ კორონავისუსის ვაქცინის მიღებამ შეიძლება ბავშვების კუდით დაბადება გამოიწვიოს. ღია წყაროებში ვაქცინირებული მშობლების ოჯახში “კუდიანი” ბავშვების დაბადების შემთხვევების შესახებ ცნობები არ გვხვდება. 

  1. თმით დაფარული სხეულის მქონე ბავშვის სურათი ინდოეთში 2013 წელსაა გადაღებული და ის იშვიათ დარღვევას ე.წ. “მაქციის სინდრომს” ასახავს. 

ერბაკანის მიერ ნაჩვენები კიდევ ერთი სურათი, რომელშიც ახალშობილს სხეული მუქი, არაბუნებრივად ხშირი თმით აქვს დაფარული, კორონავირუსის ვაქცინებთან ასევე არ არის კავშირში. სურათი ინტერნეტსივრცეში 2013 წლიდან ვრცელდება და იგი 2013 წლის ნოემბერში “Asia Press”-ისთვის ფოტოგრაფმა შარიქ ალაქაბანდმა ინდოეთში 22 დღის ახალშობილს გადაუღო. 

"

"
ფოტოზე გამოსახული “მაქციის სინდრომის” მქონე ინდოელი გოგონა იშვიათი გენეტიკური სინდრომის მქონე 26 წლის ქალმა სავიტა სამბჰავიმ გააჩინა. “მაქციის სინდრომი” ბავშვის დედასთან ერთად დეიდებსაც აქვთ და ახალშობილმა სინდრომის გამომწვევი გენები  სწორედ დედის ხაზით მიიღო. ჰიპერტრიქოზი იგივე “მაქციის სინდრომი” უკიდურესად იშვიათი, თუმცა მეცნიერებისთვის კარგად ცნობილი დარღვევაა. 2011 წელს მეცნიერებმა ადამიანის X ქრომოსომის ის მუტაცია აღმოაჩინეს, რომელიც სინდრომს იწვევს. არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ვაქცინას აღნიშნული მუტაციის გამოწვევა შეუძლია. 

  1. სამი ქვედა კიდურის მქონე ბავშვის სურათი არა კორონავირუსზე ვაქცინირებული მშობლების შვილს, არამედ 2016 წელს დაბადებულ სიამის ტყუპებს ასახავს.

რაც შეეხება ერბაკანის მიერ კონფერენციაზე ნაჩვენებ მესამე სურათს, რომელშიც ახალშობილს სამი ქვედა კიდური აქვს, ინტერნეტსივრცეში პირველად 2016 წლის 3 ივნისს ინდურმა მედიამ india.com-მა გაავრცელა. india.com-ის სტატიაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ინდოეთის პროვინციაში, ბიჰარში სიამის ტყუპები - გოგო და ბიჭი გაჩნდნენ, რომლებიც მუცლებით არიან შეერთებული და 6 კიდური აქვთ. 

"

"

ერბაკანი კონფერენციაზე india.com-ის მიერ გავრცელებული სურათის მხოლოდ ერთ ფრაგმენტს აჩვენებს, რომელშიც არ ჩანს ბავშვის მეორე თავი და მეორე ბავშვის მკლავი მესამე ფეხად აღიქმება. 2016 წელს india.com წერდა, რომ სიამის ტყუპები უცნაური ანომალიით, თუმცა სრულიად ჯანმრთელები დაიბადნენ. 

"
სხეულის რომელიმე ნაწილით ერთმანეთთან დაკავშირებული სიამის ტყუპების ფორმირება ნაყოფის ადრეულ ემბრიონულ ფაზაში ხდება. აღნიშნული ფენომენი იშვიათი, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ცნობილი მოვლენაა და მტკიცება, თითქოს მას კორონავირუსის ვაქცინები იწვევს, საფუძველს მოკლებულია.

დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ19-ის რნმ ვაქცინები ადამიანის ადამიანის გენეტიკას, მის დნმ-ს ცვლის, ჯერკიდევ ვაქცინების შექმნის პროცესში ვრცელდებოდა. რეალურად, რნმ ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინებში შემავალი ვირუსის რნმ-ს ფრაგმენტი ქიმიური განსხვავებების გამო, შეუძლებელია, ადამიანის უჯრედულ დნმ-ს შეერწყას, ვაქცინით ორგანიზმში შეყვანილი რნმ-ის მოლეკულა უჯრედში სწრაფად დეგრადირდება და ნადგურდება. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები: 


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.