Healthcare/Biosafety

ძველი დეზინფორმაცია კორონავირუსზე და ცრუ მკურნალობა “ხარისხის არხის” წამყვანისგან

24 October, 2020

22 ოქტომბერს “ხარისხის არხის” ტელეწამყვანმა დავით გიორგობიანმა ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით სიახლეა, კერძოდ, ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI) ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჩინეთის უნივერსიტეტსა და ვუჰანის კვლევის ლაბორატორიასთან კავშირის გამო დააპატიმრეს. ეს ფაქტი მისი აზრით, ამტკიცებს, რომ ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი ჩინეთის მთავრობის მიერ და ბიოლოგიური შეტევის ნაწილია, რაც ამერიკის გამოძიების მიერაც არის დადასტურებული. ამავე პოსტში, რომელიც სქრინის სახით არის გაზიარებული, აღნიშნულია, რომ დაკავებული პროფესორი აღიარებით ჩვენებაში აცხადებს, რომ კორონავირუსის განკურნება ინჰალაცითაა შესაძლებელი.

"

დავით გიორგობიანის პოსტს 22 ოქტომბრის მონაცემებით 522 გაზიარება აქვს.

გიორგობიანის პოსტი დეზინფორმაციაა. 1. FBI-მ არა ბოსტონის, არამედ ჩინეთის უნივერსიტეტის პროფესორი იანვარში დააპატიმრა და მის დაკავებას კავშირი არა აქვს კორონავირუსთან. პროფესორი ამერიკის მთავრობის თავდაცვის დეპარტამენტისთვის ჩინურ ლაბორატორიასთან მისი კავშირების დამალვის გამო დააპატიმრეს. 2. მტკიცება, რომ კორონავირუსს ინჰალაცია კურნავს მცდარი მკურნალობაა.

1. დეზინფორმაცია

ჰარვარდის უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორი ჩარლზ ლიბერის დაკავების შესახებ  ინფორმაცია 2020 წლის 28 იანვარს გახდა ცნობილი, რის შესახებაც დეზინფორმაციები აპრილში გავრცელდა და ამის შესახებ “მითების  დეტექტორიც” წერდა. ჰარვარდის პროფესორი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც აშშ-ის მთვრობამ შეიტყო, რომ ლიბერმა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს ჩინეთთან თავისი კავშირები დაუმალა. 

ლიბერი მართლაც მუშაობდა ვუჰანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ასევე აწარმოებდა კვლევით საქმიანობას ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით და სანაცვლოდ იღებდა მატერიალურ მხარდაჭერას, რაც აშშ-ის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნია და ლიბერი ოფიციალური პირების შეცდომაში შეყვანის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ განცხადება არაერთმა ამერიკულმა მედია საშუალებამ გაავრცელა, ასევე ოფიციალური განცხადება გააკეთა ჰარვარდის უნივერსიტეტმაც.

თუმცა ჩარლზ ლიბერის დაკავება არავითარ კავშირში არაა კორონავირუსის შექმნასთან. ლიბერს აშშ-ის გამოძიება ჩინეთისთვს დაზვერვით თანამშრომლობას და არა კორონავირუსის შექმნას ედავება. სამეცნიერო კვლევები ადასტურებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი არაა ლაბორატორიული და საინჟინრო მანიპულაციებით შექმნილი ორგანიზმი, არამედ იგი ბუნებრივი პროცესითაა გენერირებული.

იდენტურ დეზინფორმაციას აპრილში რუსულენოვანი საიტები ავრცელებდნენ, რომელთა შორის კლონირებული CNN, BBC და ABCnews იყო.

"

"

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ მასალა: ყალბი BBC, CNN, ABC-ის დეზინფორმაცია, თითქოს ჰარვარდის პროფესორი COVID-19-ის შექმნის გამო დააკავეს

2. მცდარი მკურნალობა

ცნობა იმის შესახებ, რომ ინჰალაცია კორონავირუსს კურნავს, მცდარი მკურნალობაა. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ცხელი წყლის ორთქლი კორონავირუსს ანადგურებს. მსგავსი დეზინფორმაცია არაერთ ქვეყანაში გავრცელდა და ის ინდოელმა, თურქმა და სხვა ქვეყნის ფაქტჩეკერებმაც გადაამოწმეს.

"

წყაროს შესახებ

დავით გიორგობიანი “ხარისხის არხის” წამყვანია, რომელიც ანტიდასავლური კონსპირაციებით არის ცნობილი. მედიაჩეკერის თანახმად, არხზე უდიდესი დრო ეთმობა, ID ბარათების კრიტიკას, „მხეცის ნიშნებსა და ჩიპებზე“ საუბარს.