Müxtəlif

ბუნკერი არშემდგარი აპოკალიფსისთვის თუ პროდუქტების საწყობი - რა “იწინასწარმეტყველა” Gazprom Media-სTV3-მა?

8 Oktyabr, 2021

2021 წლის 28 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Ti-Nia Dia რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ამერიკის მთავრობა გლობალური კატასტროფისთვის მასშტაბურ სამხედრო ბუნკერს ამზადებს. ვიდეოში ტელეწამყვანი ამტკიცებს, რომ ამერიკელმა ჟურნალისტებმა საიდუმლო მიწისქვეშა დაწესებულების ამსახველი კადრები გადაიღეს, სადაც ვაშინგტონი მედიკამენტების, პროდუქტების და პირველადი მოხმარების ნივთების უზარმაზარ მარაგს ქმნის, რადგან მალე აპოკალიფსი დაიწყება, რომელიც 100 მილიონ ადამიანზე მეტს შეიწირავს. ვიდეოს მიხედვით, აღნიშნული ბუნკერი კოლორადოს შტატის მთებში, ქალაქ კოლორადო სპრინგსიდან 300 კილომეტრში მდებარეობს. რუსულ ვიდეოში, ავტორების მტკიცებით, ნაჩვენებია “საიდუმლო ბუნკერის” ექსკლუზიური კადრებიც, რომლებიც ღამითაა გადაღებული და გვირაბში სატვირთო მანქანების შესვლას ასახავს. გვირაბის თავზე ჩანს აბრა, რომელზეც იკითხება “North entrance” (“ჩრდილოეთ შესასვლელი”). როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, კოლორადოს მთებში მდებარე ბუნკერი ერთ-ერთია იმ მრავალი მიწისქვეშა თავშესაფრიდან, რომელსაც ამერიკის მთავრობა აპოკალიფსისთვის ამზადებს. 

7 ოქტომბრის მონაცემებით, Ti-Nia Dia-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს 265 გაზიარება აქვს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიდეო 4 სექტემბერს თავის ფეისბუქ გვერზე დავით გიორგობიანმაც გამოაქვეყნა. გიორგობიანის პოსტი 150-ზე მეტმა ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა. 

"

მტკიცება, თითქოს ამერიკის მთავრობა აპოკალიფსისთვის სამხედრო ბუნკერს ამზადებს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, რუსულენოვანი ვიდეო 2013 წელს შეთქმულების თეორიებითა და ფსევდომეცნიერული გზავნილებით გამორჩეული რუსული არხის TV3-ის ერთ-ერთი გადაცემის ნაწყვეტია, რომელიც რუსულ ინტერნეტსივრცეში წლებია ვრცელდება. მასში ნაჩვენები “სენსაციური კადრები” კი არა კოლორადოში მდებარე საომარ ბუნკერს, არამედ მისურის შტატში, სპრინგფილში არსებულ მიწისქვეშა საწარმო, სასაწყობე და სადისტრიბუციო კომპლექსს ასახავს, რომელიც ამერიკის მასშტაბით საკვები და სხვა სახის პროდუქტების სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს. 

  • რუსულენოვანი ვიდეო რუსული არხის 2013 წლის გადაცემის ნაწყვეტია, რომელიც აპოკალიფსის დადგომას 2013 წლის სექტემბერში წინასწარმეტყველებდა.

ქართველი ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გაზიარებული ვიდეო რუსული ტელეარხის TV-3-ის გადაცემის “Х-ВЕРСИИ. ДРУГИЕ НОВОСТИ”-ის ერთ-ერთი ეპიზოდის ნაწყვეტია, რომელიც რუსულ ინტერნეტსივრცეში 2013 წლიდან ვრცელდება. ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდზე Х-ВЕРСИИ-ის საარქივო ვიდეოები ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა აპოკალიფსის მოახლოებასთან დაკავშირებული სიუჟეტის სრული ჩანაწერი რუსულ იუთუბ არხზე Pravdammm იძებნება, სადაც ვიდეო 2013 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა. ვიდეოს სრული ვერსიაში ნათქვამია, რომ არხის ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით, ამერიკა აპოკალიფსის დადგომას სწორედ 2013 წლის სექტემბერში ელოდებოდა. 

"

სიუჟეტის სრულ ჩანაწერში ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ 2013 წლის შემოდგომაზე მზის ზედაპირზე გაჩნდება უზარმაზარი ნაპერწკლები, რომლებიც დედამიწამდე მოაღწევენ, კაცობრიობას გაანადგურებენ და აშშ-ს მთავრობა სწორედ ამ კატაკლიზმისთვის ემზადება.“Х-ВЕРСИИ”-ის აღნიშნული სიუჟეტი რუსულ სოციალურ ქსელებში 2013 წლის შემდეგ შემოკლებული ფორმით ვრცელდებოდა. შემცირებულ ვიდეოში გამოტოვებულია ის ნაწილი, სადაც ტელეწამყვანი ამბობს, რომ აპოკალიფსი 2013 წლის შემოდგომაზეა მოსალოდნელი.

“Х-ВЕРСИИ”-ის მიერ სიუჟეტში გამოყენებული კადრები, რომლებიც გადაცემის წამყვანის მტკიცებით,  ამერიკელმა ჟურნალისტებმა კოლორადოს მიწიქვეშა ბუნკერში მიმავალ სატვირთო მანქანებს საიდუმლო კამერებით გადაუღეს, ინტერნეტსივრცეში პირველად 2013 წლის მარტში გამოჩნდა და პირველად Youtube არხმა “ADGUKNEWS”-მა 2013 წლის 3 მარტს გამოაქვეყნა. ორიგინალ ვიდეოში, რომლის ხმაც რუსულ გადაცემაში ჟურნალისტის მონოლოგითაა გადაფარული, აპოკალიფსის მოახლოებაზე არაფერია ნათქვამი. ვიდეოში ავტორი აჩვენებს გვირაბის შესასვლელს და გვირაბში მიმავალი სატვირთო მანქანების კოლონას, ხოლო შემდეგ ამბობს, რომ აღნიშნული გვირაბი “მიწისქვეშა ქალაქის” შესასვლელია, რომელიც გვირაბების სისტემით უკავშრდება თეთრ სახლს, არეა 51-სა და კოლორადოს აეროპორტს. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, მიწისქვეშა ქალაქში, სადაც საკვები პროდუქტები და იარაღის დიდი მარაგები შეაქვთ, ილუმინატების ცენტრალური შტაბბინაა განთავსებული, რომლიდანაც მთელი მსოფლიო იმართება. 

ADGUKNEWS-ის გარდა აღნიშნულ ვიდეოს 2013 წელს კიდევ რამდენიმე ინგლისურენოვანი, კონსპირაციული Youtube არხი ავრცელებდა.

"

"

  • “მიწისქვეშა ქალაქის” კადრები არა კოლორადოს სამხედრო ბუნკერში, არამედ მისურის სასაწყობე და სადისტრიბუციო კომპლექსთანაა გადაღებული

“Х-ВЕРСИИ”-ის სიუჟეტისგან განსხვავებით “მიწისქვეშა ქალაქის” ამსახველი ვიდეოს ორიგინალში ნათქვამი არ არის, რომ ნაჩვენები ბუნკერი კოლორადოს მთებში მდებარეობს. რეალურად, ვიდეო არა კოლორადოს მთებში, არამედ მისურის შტატის ქალაქ სპრინგფილდთან ახლოსაა გადაღებული. ვიდეოში იდენტიფიცირებადია გვირაბის შესასვლელი, რომელიც  “სპრინგფილდის მიწისქვეშა კომპლექსს” ეკუთვნის. 

"
კადრი 2013 წლის ვიდეოდან

"
სპრინგფილდის მიწისქვეშა კომპლექსის ჩრდილოეთ შესასვლელი

"
სპრინგფილდის მიწისქვეშა კომპლექსის ჩრდილოეთ შესასვლელი, Google Maps-ის ხედი

სპრინგფილის მიწისქვეშა კომპლექსი არა სამხედრო ბუნკერი ან ილუმინატების სათავო ოფისი, არამედ მისურის შტატში მდებარე 200 000 კვადრატული მეტრის ფართობზე გაშლილი მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც ძირითადად ამერიკის მასშტაბით საკვებისა და მსგავსი სამომხმარებლო პროდუქციის სწრაფი დისტრიბუციისთვის გამოიყენება. სპრინგფილდის მიწისქვეშეთში განლაგებულია როგორც საწარმოო და სასაწყობე სივრცეები, ასევე სარკინიგზო და სამანქანო გზები, რომლითაც სამომხმარებლო საქონლის დისტრიბუცია ხდება. სპრინგფილდის მიწისქვეშეთში მაცივრებით აღჭურვილი უზარმაზარი სივრცეები ამერიკის ყველაზე დიდ საკვების საწყობად ითვლება. მიწისქვეშა საწყობებში სტაბილურად დაბალი ტემპერატურის წყალობით სპრინგფილდის მიწისქვეშეთში საკვები პროდუქციის შესანახად იდეალური პირობებია შექმნილი. სპრინგფილდის საწყობი კირქვის კანიონის ქვეშ 1946 წლიდან მოეწყო.

"
სპრინგფილდის მიწისქვეშა კომპლექსის შიდა სივრცე

აღსანიშნავია, რომ კოლორადოს მთებში “Х-ВЕРСИИ”-ის მიერ დასახელებულ ლოკაციაზე, მისურიდან 1300 კილომეტრის მანძილზე, ყოფილი სამხედრო ბუნკერი მართლაც არსებობს, თუმცა ის არა აპოკალიფსისთვის მოსამზადებლად, არამედ ცივი ომის პერიოდში ატომური აფეთქებისგან თავდასაცავად აშენდა, რომელსაც 1960-იან წლებში ამერიკის საჰაერო ძალები აკონტროლებდა, თუმცა დღეისათვის ბუნკერში სამხედრო ბაზა აღარ არსებობს. ბუნკერი ამჟამად უცხო პირებისთვის დახურულია.

"
“ჩეიენის მთის კომპლექსი”, სამხედრო ბუნკერის შესასვლელი, კოლორადო სპრინგსი.

TB-3-ისა და “Х-ВЕРСИИ”-ის შესახებ

“Gazprom Media”-ს საკუთრებაში არსებული ტელეარხი “TB-3” 1996 წელს დაარსდა და გასართობ პროგრამებზე ორიენტირებული ტელევიზიაა. არხის სატელევიზიო პროგრამაში ძირითადად მისტიკის, სამეცნიერო ფანტასტიკის და ფანტასტიკის ჟანრის სერიალები, შოუები და გადაცემები გვხვდება. არხს ცრურწმენების, ფსევდომეცნიერებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ხშირად ადანაშაულებენ. 2011 წელს რუსეთის ასტრონომიის ინსტიტუტის აკადემიურმა საბჭომ რუს მეცნიერებს ტელეკომპანიისთვის ინტერვიუს მიცემისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რადგან ტელეარხი მეცნიერების განცხადებების ფრაგმენტებს თავის პროგრამებსა და “დოკუმენტურ” ფილმებში საავტორო უფლებების დარღვევით, კონტექსტის გარეშე და მანიპულაციური ფორმით იყენებდა. 2015 წელს კი ტელეკომპანია რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ “ყველაზე საზიანო ფსევდომეცნიერული პროექტის შექმნის, მითების, სიცრუისა და ცრურწმენების გავრცელებისთვის” ანტიპრიზზე წარადგინა

"

რაც შეეხება გადაცემა ““Х-ВЕРСИИ. ДРУГИЕ НОВОСТИ”-ის, იგი ანოტაციის მიხედვით, არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავლის საინფორმაციო პროგრამა იყო, რომლის ფარგლებშიც 146 ეპიზოდი მოამზადა. გადაცემის ეპიზოდები ალტერნატიულ ახალ ამბებს, მისტიკურ და ანომალიურ მოვლენებს, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და მსგავს თემებზე ჩატარებულ “ჟურნალისტურ გამოძიებებს” ეთმობოდა. 


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.