Müxtəlif

რა მოვლენებს ასახავს ფოტო? - კანადელი აბორიგენი ბავშვების საფლავების აღმოჩენის ისტორია

12 İyul, 2021

30 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა Natia Colussi გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მოცემული აქვს კანადაში ეკლესიების დაწვის ამსახველი ფოტოები და ასევე სქრინი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ტიმ სტივენსის დაკავების შესახებ. მომხმარებელი წერს, რომ ეკლესიას კანადაშიც თავს ესხმიან და “ჩვენ მწვანე ლიბერალიზმს და ეკოლოგიურ ლიბერალიზმს თუ არ გავამარჯვებინებთ აქ კარგი იქნება”. პოსტს 12 ივლისისთვის 453 რეაქცია და 442 გაზიარება აქვს.

9 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა ანა ჭანკოტაძემ გაავრცელა ფოტო, რომელზეც ცეცხლმოკიდებული ეკლესიაა აღბეჭდილი. ფოტოს თან ერთვის ტექსტი: “ეს არის სრული კატასტროფა, რაც კანადაში ხდება. უკვე დაიწყეს ეკლესიების დაწვა, ნაწილი დახურეს, სასულიერო პირებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ღია ცის ქვეშ ჩაატარონ წირვა, იჭერენ. ამის მიღწევა უნდათ საქართველოში, მაგრამ ვერ ეღირსებიან!”. ანა ჭანკოტაძე წერს, რომ ეს ჩვენთან არ უნდა მოხდეს. ფოტო და თანდართული ტექსტი თბილისი პრაიდის ღირსების მარშის ჩაშლის შემდეგ გავრცელდა და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კანადაში ეკლესიების დაწვა და სასულიერო პირების დაკავება მსგავს ღონისძიებებს უკავშირდება. პოსტს 12 ივლისისათვის 138 რეაქცია და 237 გაზიარება აქვს.
;;

გავრცელებული ფოტო და თანდართული ტექსტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება და შეცდომაში შემყვანია. კანადაში რამდენიმე ეკლესია მართლაც დაწვეს, თუმცა ეს შემთხვევები მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ საუკუნეში კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ტერიტორიაზე, სადაც აბორიგენ მოსახლეობას იძულებით ათავსებდნენ, მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს. რაც შეეხება სასულიერო პირების დაკავებას, მიმდინარე წელს კანადაში რამდენიმე სასულიერი პირი მართლაც დააკავეს, რისი მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევა გახდა.

გავრცელებულ ფოტოზე კანადაში, ქალაქ 30 ივნისს მორინვილში მდებარე ეკლესიაში გაჩენილი ხანძარია ასახული. ხანძარმა ეკლესია მთლიანად გაანადგურა. ცეცხლის გაჩენის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. მორინვილის გარდა ხანძარმა კანადის აბორიგენი მაცხოვრებლების მიწებზე კიდევ რამდენიმე ეკლესია გაანადგურა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ივნისში კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ტერიტორიაზე, სადაც წარსულში კანადის აბორიგენი მოსახლეობის ბავშვებს იძულებით ათავსებდნენ, მასობრივი საფლავები იპოვეს. კამლუპსის ინდიელთა სკოლაში გასული თვის დასაწყისში მასობრივ საფლავში 200-ზე მეტი ბავშვის ნეშტი იპოვეს, თვის ბოლოს კი მარივალის ინდიელთა სკოლის ტერიტორიაზე სულ მცირე 750 მოუნიშნავი საფლავი აღმოაჩინეს. 182 მოუნიშნავი საფლავი აღმოაჩინეს კრანბრუკის ყოფილი სკოლის ტერიტორიაზეც.

ეკლესიების დაწვის ფაქტს გამოეხმაურა სიმილკამენის აბორიგენ კანადელთა ადგილობრივი მთავრობის საბჭო. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ესმით ამ აღმოჩენების გამო აბორიგენ კანადელთა რისხვის და მწუხარების, თუმცა შეშფოთებულები არიან ეკლესიების განადგურების გამო. ისინი მოუწოდებენ მთავრობას, გამოძიება ჩაატარონ ყველა ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე, სადაც აბორიგენ მოსახლეობას იძულებით ათავსებდნენ.

ალბერტას ინდიელთა გაერთიანების ლიდერმა კი განაცხადა, რომ აუცილებელია ეკლესიების დაცვა არა მხოლოდ შენობების განადგურებისგან დასაცავად, არამედ იმის გამოც, რომ მათ ტერიტორიაზე შესაძლოა სამხილები აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ ის ადგილობრივ ხელისუფლებას ეკლესიების დაცვაში დახმარებას სთავაზობს.

კანადაში პირველი სკოლა, სადაც აბორიგენ მოსახლეობას იძულებით ათავსებდნენ, 1828 წელს გაიხსნა, ბოლო მსგავსი დაწესებულება კი 1997 წელს დაიხურა. სულ ქვეყანაში 130-ზე მეტი მსგავსი დაწესებულება არსებობდა და მათ კათოლიკური ეკლესია ან ფედერალური მთავრობა მართავდა. უცნობია ზუსტად რამდენი აღსაზრდელი დაიღუპა მსგავს დაწესებულებებში. მსხვერპლის სავარაუდო რიცხვი 3,200-დან 30,000-მდე მერყეობს. 2008 წელს შექმნილი სიმართლისა და შერიგების კომისიის ანგარიშის მიხედვით, მსგავს სკოლებში, სადაც 150,000-მდე ბავშვი სწავლობდა, ხშირი იყო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემთხვევები. სკოლებში სწავლა აბორიგენი მოსახლეობისათვის სავალდებულო იყო. სკოლები ინდიელთა რეზერვაციებისაგან მოშორებით სპეციალურად იყო განლაგებული და ბავშვების კონტაქტს ოჯახებთან ზღუდავდა.

მასობრივი საფლავების აღმოჩენის შემდეგ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ აბორიგენ კანადელებს ბოდიში მოუხადა. მან ასევე თქვა, რომ ამ საკითხზე რომის პაპ ფრანცისკეს ესაუბრა და მიაჩნია, რომ კათოლიკური ეკლესიის სახელით პაპმა ბოდიში კანადის მიწაზე უნდა მოიხადოს. ამ საკითხზე კანადის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენცია პაპსა და აბორიგენ მოსახლეობას შორის შეხვედრის გამართვას გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის გამო შეხვედრა 2021 წლის ბოლომდე გადაიდო.

რაც შეეხება კანადაში სასულიერო პირების დაკავებას, მიმდინარე წელს ქვეყანაში მართლაც დააკავეს რამდენიმე სასულიერო პირი, რისი მიზეზიც მათ მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევა იყო. მიმდინარე წლის მაისში დააკავეს პასტორი ტიმ სტივენსი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მის მრევლს მოუწოდებდა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები დაერღვიათ და შეკრებილიყვნენ. შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო ის მანამდე დაჯარიმებულიც იყო. მსგავსი დარღვევის გამო თებერვალში დააკავეს პასტორი ჯეიმს ქოუთსიც. შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევის ბრალდებით კიდევ ერთი პასტორი, არტურ პავლოვსკი და მისი ძმა მაისში დააკავეს.

შესაბამისად, კანადაში ეკლესიის დაწვის ამსახველი ფოტოს და სასულიერო პირების დაკავების შესახებ ინფორმაციის საქართველოში ღირსების მარშის ჩატარების კონტექსტში გავრცელება ან “ეკოლოგიურ ლიბერალიზმთან და მწვანე ლიბერალიზმთან” დაკავშირება და მტკიცება, რომ საქართველოშიც ამის მიღწევა სურთ, მანიპულაციურია.

ერთ-ერთი ფოტო, რომელიც Natia Colussi-ს პოსტშია მოყვანილი 2014 წელს კანადაში მდებარე უკაინული ეკლესიის დაწვას ასახავს და ბოლოდროინდელ მოვლენებთან კავშირი არ აქვს. მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ ეკლესიაში ხანძარი შემთხვევით გაჩნდა.

;


მოამზადა ქეთი ხუციშვილმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.