İdentlik

სასულიერო პირი მოძალადე მოპედის მძღოლს ამართლებს და ოპერატორს ადანაშაულებს

8 İyul, 2021

7 ივლისს სასულიერო პირმა ანდრია გეწაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, შემდეგი ტექსტით:

 

 

 

 

“როგორ ურტყამს წიხლს ოპერატორი აქციის მონაწილეს! ეს არის თქვენი უწყინარი მედია ცხვრის ტყავში გახვეული მგლები.. დეზინფორმატორი ანტი ქარტველები!ქვეყნის შიდა მტრები!” 

ვიდეოს ფრაგმენტი 13-წამიანია, მასში პოლიციელები, ოპერატორები და აქციაზე მყოფი სხვა მოქალაქეები ჩანან. კადრები 5 ივლისს თბილისი პრაიდის გამართვასთან დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირდება.

1
ვიდეო ფრაგმენტულად ვრცელდება და ისეა დარედაქტირებული, რომ მოვლენების განვითარების სრულ ვერსიას არ ასახავს. მამაკაცი, რომელიც მოპედს მართავს, 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეთაგან ერთ-ერთია და ის ჟურნალისტებს მოპედით მიზანმიმართულად დაეჯახა.

5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა ღირსების მარშთან დაკავშირებით კონტრაქცია გამართეს. On-ge-მ გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, როგორ ეჯახება მოპედი ჟურნალისტებს. რადიო თავისუფლების თანახმად, მოპედზე მჯდარი კაცი “რამდენჯერმე მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც ჟურნალისტები დგანან. რომ არა კოლეგის სისწრაფე, რომელმაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი თამარ თათარაშვილი მოძალადეს მოარიდა, თამარს მოპედი ზურგიდან შეეჯახებოდა”.

სასულიერო პირის მიერ გავრცელებული ვერსია, მცირე 13წმიანი ფრაგმენტია იმ კადრებისა, რომელიც On.ge-მ, ტელეკომპანია “მაესტრომ” გაავრცელეს.

ვიდეოს ვრცელ ვერსიაში მკაფიოდ ჩანს, რომ ოპერატორი კონტრაქციის მონაწილეს წიხლს მას შემდეგ ურტყამს, რაც ის მოპედით რამდენიმე ჟურნალისტს დაეჯახება. 

On.ge-ის მიერ გავრცელებულ უწყვეტ ვიდეო კადრში მოპედით დაჯახების მომენტი 00:17 წამზე ჩანს, ხოლო 00:22 წამზე ოპერატორი მოპედზე მჯდარ მამაკაცს წიხლს საპასუხოდ ურტყამს.

შსს-ის განცხადების თანახმად, ძალადობრივ აქციაში მონაწილე დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი სწორედ მინი მოპედის მძღოლია.

12365
კადრის წყარო: on.ge; ტელეკომპანია მაესტრო

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები 50-მდე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ასევე შეიჭრნენ თბილისი პრაიდისა და “სირცხვილიას” ოფისებში. ძალადობრივ კონტრაქციას წინ უძღოდა პრაიდის საწინააღმდეგო ერთთვიანი კამპანია, რომელშიც სასულიერო პირები, კრემლისტური მედია, ანტიდასავლური გამოცემები და სხვა აქტორები იყვნენ ჩართული.

ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე და მათთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე განცხადებები საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ), პრესის თავისუფლების გლობალურმა ქსელმა (IPI) და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RWB)  გააკეთეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.