Səhhət/biotəhlükəsizlik

შეწყვიტა თუ არა შვედეთმა PCR ტესტების გამოყენება?

25 May, 2021

21-22 მაისს ფეისბუქ-მომხმარებლებმა თინა თოფურიამ, შორე შანიძემ და დავით გიორგობიანმა პოსტები გამოაქვეყნეს, რომლებშიც წერენ, რომ შვედეთმა პისიარ ტესტების გამოყენება შეაჩერა, რადგან მას ცოცხალი და მკვდარი ვირუსების ერთმანეთისგან გარჩევა არ შეუძლია და შეცდომაში შემყვან შედეგებს იძლევა.


;

;

პოსტების ავტორებს ინფორმაციის წყაროდ ვებ-გვერდ williambowles.info-ზე გამოქვეყნებული სტატია აქვთ მოყვანილი, რომლის სათაურშიც წერია, რომ შვედეთი PCR ტესტების გამოყენებას აჩერებს. ვებ-გვერდის სტატიაში კი შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს 2020 წლის 21 ივლისის განცხადებაა მოყვანილი.

ცნობა, თითქოს შვედეთმა კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტების გამოყენება შეაჩერა, დეზინფორმაციაა. ფეისბუქ-მომხმარებლების მიერ წყაროდ მოყვანილ შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს განცხადებაში წერია, რომ PCR ტესტს არ შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა ადამიანი ვირუსის გამავრცელებელი, ტესტების გამოყენების შეწყვეტაზე კი არაფერია ნათქვამი. ამავე სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შვედეთში PCR, ანტიგენისა და ანტისხეულების ტესტების გამოყენება გრძელდება.

გამოქვეყნებული პოსტების ავტორები წყაროდ ბლოგ williambowles.info-ს მასალას იყენებენ, რომლის სათაურშიც წერია, რომ შვედეთი კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტების გამოყენებას წყვეტს. უშუალოდ სტატიაში შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს 2020 წლის 21 ივლისის განცხადება უცვლელად არის გადატანილი, სააგენტოს განცხადებაში კი არ წერია, რომ შვედეთი PCR ტესტების გამოყენებაზე უარს ამბობს. სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ PCR ტესტები დამაინფიცირებელ ვირუსებსა და იმუნური სისტემის მიერ განეიტრალებულ ვირუსებს ვერ განასხვავებს, სწორედ ამიტომ ამ ტექნოლოგიას ვერ გამოვიყენებთ იმის დასადგენად, არის თუ არა ვინმე ვირუსის გამავრცელებელი.

განცხადების ბოლო განახლებაში აღნიშნულია, რომ ეს საკითხი 2021 წლის 19 აპრილის შეხვედრაზე კორონავირუსის ახალ ვარიანტებთან მიმართებითაც განიხილეს, თუმცა მიიჩნიეს, რომ რეკომენდაციის განახლება საჭირო არ არის.

შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვებ-გვერდზე COVID-19-ზე ტესტირების კატეგორიაში, რომელიც 24 მაისს არის განახლებული, აღნიშნულია, რომ ტესტირების პროცესი ჩვეულ რეჟიმში, მათ შორის PCR ტესტების გამოყენებით მიმდინარეობს. ვებ-გვერდზე წერია, რომ დამოუკიდებლად გაკეთებული ტესტის დადებითი შედეგი PCR ტესტით უნდა გადამოწმდეს.

;
გარდა ამისა, 2020 წლის 24 სექტემბერს შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია COVID-19-ის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტების გამოყენების გზამკვლევი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ PCR ტესტის საიმედო შედეგების მიღებაში დიდი როლი მის მგრძნობელობას აქვს. გზამკვლევში სტატისტიკაც არის მოყვანილი - 10 000 ადამიანისთვის გაკეთებული PCR ტესტის მონაცემების მიხედვით, ტესტის ანალიტიკური მგრძნობელობა 99%-ია.

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რას ამბობს ჯანმო  PCR ტესტებზე?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.